ქუთაისის საკრებულო და „საუკუნის პროექტი“?!

ქუთაისის საკრებულომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს მწვანე შუქი კიდევ ერთხელ აუნთო. ქალაქის შემოგარენში, მუხნარის ტყე-პარკში, დაგეგმილი უმაღლესი სასწავლებლის მშენებლობა, ჯერ კიდევ, საპარლამეტო არჩევნებამდე დაანონსდა და სამშენებლო პოლიგონზე მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა, თუმცა საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ყველაფერი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, ხელისუფლების ეს განცხადება წინასაარჩევნოდ გაცემულ მორიგ ხუმრობად მიიჩნია და უკვე დამკვიდრებულ ტრადიცაიას, რაც დაპირებების უხვ გაცემაში გამოიხატება, გაგებით მოეკიდა.

„თქვენ რომ 7-პუნქტიან სადღეგრძელოს უწოდებთ სტრატეგიული განვითარების გეგმას, იმ გეგმის მთავარ პუნქტზე, განათლებაზე საუბარი იქნება საკრებულოს სხდომაზე. ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით“, _ განაცხადა ქუთაისის მერმა მერიის არქიტექტურისა და ეკონომიკის სამსახურების მიერ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე.

მერის მიერ დაანონსებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კი მხოლოდ ერთი საკითხის მისაღებად გაიმართა _ დეპუტატებმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ერთხმად დაამტკიცეს. დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მისი განხორციელების მცირე შანსები არსებობს.

„დღეს არის ისტორიული დღე!“, _ ასე აცხადებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები სიტყვით გამოსვლისას და ბედნიერები იყვნენ, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. ბევრი მათგანი იმდენად შევიდა როლში, რომ  გამოსვლები, ლამის, მართლაც სადღეგრძელოებში გადაეზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულოს უმრავლესობას არც რაიმე დამატებითი კითხვა გასჩენია პროექტთან დაკავშირებით.

პრეზენტაციაზე ქუთაისის მერმა ისაუბრა, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიას მოიცავს პროექტი, რა სამუშაოები განხორციელდება და რას მოუტანს იგი როგორც ქალაქს, ისე მთლიანად ქვეყანას. შოთა მურღულიას განცხადებით, პროექტის მშენებლობის პროცესში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება როგორც ქუთაისში, ისე მის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის. „დეტალურად შევისწავლეთ მუხნარის ტყე. ადგილის უპირატესობა ის არის, რომ კომუნიკაციებთან ახლოსაა. ავტობანიდან ტერიტორია, დაახლოებით, 1.5 კილომეტრითაა დაშორებული, რკინიგზის სადგურიდან _ 500-600 მეტრია, ქუთაისის ცენტრი კი 8 კილომეტრშია“, _ განაცხადა ქალაქის მერმა და დასძინა, რომ კომპლექსის არსებობა ქალაქის სხვა უბნების განვითარებაზეც დადებითად აისახება.  გარდა ამისა, მერმა ხაზი გაუსვა, უშუალოდ, ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, კერძოდ, ტერიტორიის დაჭაობებას და ხეების ხმობის პროცესს, რაც ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია. მისივე თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები  ტყის საფრის შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. მეტიც, მერი პირობას დებს, რომ ხეები არათუ მოიჭრება, არამედ დაირგვება. შოთა მურღულიას განცხადებით, „ფონდი ქართუ“ მშენებლობის დაწყებას გაზაფხულის მეორე ნახევარში გეგმავს.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, საკრებულოს სხდომას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და „ქართუ ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი უძილაურიც ესწრებოდნენ.

 

გიორგი უძილაური _ „ქართუ ფონდის“ წარმომადგენელი:

_ პროექტის განხორციელება პრეზენტაციის შემდეგვე დაიწყო, ანუ 2016 წელს. პროექტი გულისხმობს რამდენიმე კომპონენტს, რომელთაგან ნაწილი, შეიძლება, დასაწყისში იყოს და შემდგომ ერთობლივად ვითარდებოდეს. აქ არის აკადემიური და სამშენებლო ნაწილი, მენეჯმენტის საკითხი. ეს თვეები აქტიური მუშაობა მიდიოდა ევროპელებთან, ამერიკის წარმომადგენლებთან, იქაურ უნივერსიტეტებთან.

საქართველოში პროექტის განხორციელებას ეძახიან, როდესაც ტრაქტორი მუშაობს, ან რაღაც შენობა შენდება, მაგრამ როდესაც საუბარია ამ დონის პროექტზე, იგი მნიშვნელოვან სამუშაოებს მოიცავს და მისი დიდი ნაწილი მოლაპარაკებებისას ხორციელდება ქაღალდზე.

მუშაობა დაიწყება შუა გაზაფხულზე და გაგრძელდება 2019 წლამდე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპლექსი დიდია და ვფიქრობთ, რომ პერსპექტივაში იგი კიდევ უნდა განვითარდეს. ეს არ იქნება სწრაფი სამუშაოები, რომელიც 2 წელიწადში დამთავრდება. იგი გაგრძელდება და უამრავი კომპონენტი კიდევ დაემატება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა.

_ 2019 წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს, თუ მხოლოდ მშენებლობა დასრულდება?

_ როგორც ითქვა, პირველ ნაკადს მიიღებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მიმართულება ჩაერთვება, მაგრამ ძირითადი ნაწილი გაიხსნება და სტუდენტების მისაღებად მზად იქნება. ვიმეორებ: ეს უზარმაზარი პროექტია და საბოლოო, სრულ ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდება.

_ რა ოდენობის თანხა დაიხარჯება პროექტის განხორციელებისთვის?

_ პროექტი კერძო ინიციატივაა და არა _ სახელმწიფო. თანხა შეადგენს, დაახლოებით, მილიარდს, თუმცა, შეიძლება, შეიცვალოს. ამ დეტალებზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის და მეორეც, ნაადრევია.

 

გენადი მარგველაშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრი:

_ მოსახლეობის ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ პროექტი არ განხორციელდება…

_ ძალიან ცუდია, რომ ეჭვებიდან ვიწყებთ. ვფიქრობ, რომ არც ერთი ეჭვი აღარ არსებობს. რაგბის სტადიონები, „ბლექ სი არენა“, სწორედ ამ ადამიანის კეთილი ნების დამსახურება იყო. ჩვენ უნდა გვიხაროდეს და ვამაყობდეთ, რომ არსებობს კაცი, რომელიც სპორტისა და განათლების მიმართულებით ინვესტიციებს დებს.

_ გაკეთდა განცხადება, რომ უნივერსიტეტი 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. ეს ციფრი რეალურად მიგაჩნიათ?

_ საქმე ის არის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები საქართველოში არ ჩერდებოდნენ. შემიძლია ჩამოგითვალოთ, თუ რამდენი ჩემი მოსწავლე ცხოვრობს და სწავლობს საზღვარგარეთ. მაგალითად, ელენე მაჩაიძე წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ციურიხის, კალიფორნიისა და ძალიან ბევრ უნივერსიტეტში ყველა მიმართულებით არიან ჩვენი მოსწავლეები ჩართულები. ესენი სამომავლოდ 6-ციფრიანი ხელფასის  მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ისე ნუ ვიზამთ, რომ ასეთი ხალხისთვის მთელი სამყარო იყოს სამშობლო და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი დავუკარგოთ. არსებობს განათლების ალტერნატივა?

_ ამაზე არც ვდაობთ, ბატონო გენადი.

_ ეჭვი რომც ეპარებოდეს ვინმეს, მაინც არ უნდა ეპარებოდეს. არსებობს კომნიტური დისონანსის თეორია, რომ ხანდახან შენს თავს შეუძახო და შენს მტერსაც კი გვერდში დაუდგე, რომ ეს კარგი საქმეა, კარგი საქმე კი ბოლომდე უნდა გაკეთდეს.

თქვენ იცით, რამდენი სტუდენტი ჩამოდის საქართველოში ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან? _ 10 ათასზე მეტი. განსაკუთრებით მედიცინისა და ბიზნესის მიმართულებით, ჯერ კიდევ, არიან ბრწყინვალე პედაგოგები. ესეც არ უნდა დავკარგოთ და კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ ამ მიმართულებით.

_ ეს პროექტი პარლამენტის სანაცვლოდ ხომ არ კეთდება?

_ ძალიან მარტივად გიპასუხებთ: ჯერ ერთი, მე არასდროს დავეთანხმები ამას. ერთი წელია, ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ თუკი ქუთაისის მოსახლეობის უმეტესობა გადაწყვეტს, რომ ქალაქში პარლამენტი არ უნდა იყოს, თქვენ მაშინ რას იტყვით, როგორც ჟურნალისტი?

_ ეს არ არის მხოლოდ მოსახლეობის გადასაწყვეტი საქმე. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა უკეთესია  რეგიონის განვითარებისთვის და დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის.

_ გეთანხმებით. ამ მიმართულებით დაწვრილებითი ანალიზია ჩასატარებელი. ამ დროისთვის სადაც ვყოფილვარ შეხვედრებზე, ყოველთვის გვერდიდან შემოსული თეზებია. არ მინდა ვთქვა, ერთ-ერთმა პარლამენტარმა რა მითხრა ამასთან დაკავშირებით და ანეკდოტურ სიტუაციამდე არ დავიყვან ამ თემას. გავიმეორებ იმას, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა: ამ ეტაპზე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ იგეგმება.

 

დიმიტრი მხეიძე _ საქართველოს პარლამენტის წევრი:

_ სამუშაოები დაწყებულია. პირადად ჩავედი და ვნახე. ნიადაგი მომზადებულია, გზები მოხრეშილია და მძიმე ტექნიკა ივლის. ყველაფერია მომზადებული, რომ როგორც კი ამინდები გამოვა, პროექტზე მუშაობა დაიწყოს.

_ საკრებულოს სხდომაზე მოგვიწოდეთ, რომ პროცესებს ეჭვით არ უნდა შევხედოთ. როგორ ფიქრობთ, საიდან ჩნდება ეს ეჭვები?

_ არ მინდა, რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაზე თუ პოლიტიკოსებზე უარყოფითად ვისაუბრო. აქ არის ბოღმა, მეტი არაფერი. რეალურად კი, რაც დავაანონსეთ, ყველაფერს ვაკეთებთ. განათლების მხრივ ძალიან დიდი ძვრებია არა მარტო მეგაპროექტთან, არამედ რამდენიმე ფაკულტეტთან დაკავშირებით. კონკრეტულად იმ სფეროებშია უფასო ფაკულტეტები, სადაც დღეს საქართველოს რეალურად სჭირდება სწრაფი განვითარებას. ბიზნესი განთავისუფლებულია ყველანაირი მარწუხისგან. თუ მოქალაქეს შეუძლია, საქონელს რეალიზაცია გაუკეთოს, არანაირი შეზღუდვა არ არის.

_ ცოტა თვითკრიტიკულიც რომ იყოთ, იქნებ, გვითხრათ, არის ისეთი რამ, რაც მოსახლეობას შეჰპირდით და არ გააკეთეთ?

_ არაფერი. ჩვენ გეგმაზომიერად ვახორციელებთ ყველა დაპირებას. დრო გვაქვს და ნელ-ნელა ყველაფერი შესრულდება.

_ რას ეტყოდით მათ, ვინც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს პარლამენტის ჩასანაცვლებელ პროექტად განიხილავს?

_ ასეთი თემა ჩვენთან არ განიხილება. თუ ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო იქნება, ყველა სტრუქტურა ერთ ქალაქში იყოს, მაშინ საკითხმა მოსახლეობასთან უნდა გაიაროს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება პარლამენტის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში. თუ ამას რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიის აზრი და გადაწყვეტილებაა. ეს მისი აზრია. მართლაც, დიდი დისკომფორტია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში სიარული კვირაში ორჯერ-სამჯერ. მაგრამ ჩვენი მთავრობა შეღავათს უწევს ჩვენს ქალაქს და არ ართმევს იმას, რაც მისთვის, დღესდღეობით, მთავარია. ეს ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქუთაისელი იფიქრებს, რომ მისთვის პარლამენტი აუცილებელია. მიმიხვდით?

_ ბატონო დიმიტრი, ხომ არ ფიქრობთ, რომ რიგითმა ქუთაისელმა კი არა, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ქალაქის მომავალი და დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია  მისი განვითარებისთვის პარლამენტის არსებობა?

_ ეს სულ ასე იყო და ასე იქნება, ოღონდ ჩვენს ხალხთან შეთანხმდება. ყველა კანონპროექტი გამჭვირვალეა.

 

მართალია, ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევის იდეა მომხიბვლელად მიაჩნიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხრიდან  პროექტის განხორციელებას ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვით უყურებენ. მეტიც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ისინი მმართველ გუნდს ქუთაისელთა მოტყუების მცდელობაში ადანაშაულებენ

 

სამსონ გუგავა _ ლეიბორისტული პარტია:

_ როცა ერთ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ქვეყანაში განათლების უფლება დაუცველია და, ამავე დროს, ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფო ახალი საგანმანათლებლო კერების შექმნაზე ზრუნავს, ვფიქრობ, ეს ცრუ დაპირებაა, რაშიც ჩვენი ხელისუფლება შემჩნეულია. ეს მორიგი წინასაარჩევნო სვლაა. რამდენიმე წლის შემდეგ დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს, თუკი ეს პროექტი წარმატებით დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მის რეალიზებაში ეჭვი მეპარება. ჯერ უამრავ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს მისცენ განათლების უფლება და ამის შემდეგ ისაუბრონ ახალ სასწავლო კერებზე.

 

ამირან ძოწენიძე _ „ევროპული საქართველო“:

_ მე არათუ გამიქარწყლდა, არამედ ჩვენი თანაქალაქელი მაჟორიტარი დეპუტატების გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა ეჭვი, რომ ეს პროექტი სხვა არაფერია, თუ არა გადაფარვა იმისა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის წაღებას აპირებენ. განსაკუთრებით ბატონი მხეიძის, როგორც გამოუცდელი პოლიტიკოსის გამოსვლის შემდეგ, რომელსაც იმის ტაქტი არ ეყო, რომ ეს დაემალა და თქვა, _ პროექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარლამენტი. მთელი ამ წლების განმავლობაში მუსირებს აზრი, რომ ქუთაისს პარლამენტის მაგიერ რაღაც სხვა სჭირდება.

როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარმა, მინდა, ვთქვა და, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თბილისი, რომლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს და ძალიან მიყვარს, ნთქავს მთელ ქართულ რესურსს. ყველა ცდილობს, იქ წავიდეს და თავი დაიმკვიდროს.

2012 წელს, როცა 2 იდეა ერთმანეთს გადაეჯაჭვა და „ქართულმა ოცნებამ“ და ბატონმა ივანიშვილმა გააჟღერეს, იყო ის, რომ ბათუმს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ სჭირდება და ქუთაისს _ პარლამენტი. ბათუმს უკვე შემდგარი პროექტი წაართვეს, რომელსაც ჰქონდა შენობა, ინტელექტუალური და ფინასური მხარდაჭერა და ქუთაისელებს ვაჭრობა დაგვიწყეს.

60 ათას სტუდენტზე საუბრობენ, რაც საქართველოსთვის ფანტასტიკაა. დღეს, უცხოელების ჩათვლით, 132 ათასი სტუდენტი სწავლობს საქართველოში 78 აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. ახლა ამის ნახევარ კონტინგენტზე გათვალო ერთი უნივერსიტეტის კონტინგენტი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულის პატრონია და მას ციფრების ენა ესმის. საკრებულოს სხდომაზე ვნახეთ, რომ ტყუილების ბუღი დაგვიყენეს. დეპუტატები ამბობდნენ, რომ კარგი იქნება, 2019-ში, ან 2020-ში დავამთავროთო. კერძო ინვესტორი, როგორც წესი, არ ამბობს, ან 2017-ში მოვრჩები, ან 2019-შიო.

საკრებულოს კომისიის სხდომაზე, საერთოდ, საოცრება ითქვა: ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, ეს პროექტი ჯერ მომგებიანი გახდება და მერე გადავცემ სახელმწიფოსო. ეს პროექტი ამ ციფრებით, რასაც გვეუბნებიან, მომგებიანი ვერ გახდება, როგორც ავტოქარხანა არ იყო მომგებიანი მისი აშენების დღიდან. თუმცა მხოლოდ გამიხარდება, თუკი ეს ცუდი არ მოხდება. აპელირებენ, რომ მთავარია, პერსონალთან მოლაპარაკება და ნიჩაბი და ტრაქტორი ეს სხვა თემააო. მერე კი იტყვიან, ვერ მოველაპარაკეთო და ამით დასრულდება.

 

მალე დათბება და სამუშაოთა წარმოებისთვის შესაფერისი ამინდებიც დადგება. სწორედ გამოდარებას ელოდება ხელისუფლება, რათა მუხნარის ტყე-პარკში მძიმე ტექნიკა ააგუგუნოს. თუმცა, იმედია, მანამდე უნივერსიტეტის საწავლო, საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მაკეტებსაც ვიხილავთ. საკრებულოში პრეზენტაციაზე მხოლოდ ზოგადი, სავარაუდო მონახაზი გაკეთდა იმისა, თუ რა ტერიტორიას მოიცავს კომპლექსი და, დაახლოებით, როგორი განაშენიანება იქნება იქ.

ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევის შესახებ საუბარი, ჯერ კიდევ, იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის დროს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლება ამ იდეას არც მხარს უჭერდა და არც მის განხორციელებაზე ამბობდა უარს. ამჯერად გაჟღერებულ ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება, მაგრამ სურს მოისმინოს, რომ ეს არ გულისმობს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაკარგვას. ამაში ქუთაისელები კი მხოლოდ კონსტიტუციიდან 48-ე მუხლის ამოღებაზე უარის თქმის შემთხვევაში დარწმუნდებიან, რომელიც  პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ამასთანავე, მოსახლეობა არა 100%-ით, მაგრამ მაინც იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პირობას შეასრულებს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაპირებული, მაგრამ არაშენებული ობიექტების (ახალი სპორტის სასახლე, რაგბის მოედანი და 250-მილიონიანი ახალი უბანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვ.) ბედს არ გაიზიარებს.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე