ქუთაისელებმა პრეზიდენტი ქალაქში პარლამენტის დატოვების აუცილებლობაში დაარწმუნეს

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმინეს, თუმცა მანამდე ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრების მთელი სერია ქუთაისის სხვადასხვა ლოკაციაში გამართა და მის მიერ ინიცირებული კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრით დაიწყო. „სულისკვეთება კონსტიტუციის მდგომარეობს შემდგომში, რომ თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და თავისუფლება, ერთმანეთს ვუთანხმებთ, რა ცხოვრების წესით ვიცხოვროთ“, _ განაცხადა ქვეყნის მთავარსარდალმა და ამჟამინდელ რეალობასთან ერთად, მოკლედ საბჭოთა კავშირის დროს კონსტიტუციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, _ იმ ეპოქაზე, როცა, მისი თქმით, ადამიანები ერთიანი მექანიზმის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდნენ. მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა: დღეს განსხვავება იმ სისტემისგან არის ის, რომ საქართველო თავისუფალია, სადაც ასევე თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ.

სტუდენტები კონსტიტუციაში მოსალოდნელი ჩასწორების, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაანონსებული ცვლილებების შესახებ დაინტერესდნენ. მარგველაშვილის განმარტებით, არჩევითობის წესში შესაძლო ცვლილებები მისთვის, უბრალოდ, გაუგებარია: „ჯერ მე დასაბუთებული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტი, არ მომისმენია. მე საზოგადოების სრული მხარდაჭერა მესმის იმ საკითხისადმი, რომ საქართველოში პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა. სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, აირჩვეს თუ არა მას“, _ დასძინა მან.

სახელმწიფო უნივერსიტეტში ხალხმრავალი შეხვედრის შემდეგ „ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გიორგი მარგველაშვილს ელოდნენ: არასამთავრობო სექტორის წევრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. შეხვედრას მოდერატორობას უწევდა „პატრიოტთა ალიანსის წევრი“, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. შეხვედრისადმი ინტერესზე მეტყველებდა ის, რომ დარბაზი ამ შემთხვევაშიც გადაჭედილი იყო და ბევრ მონაწილეს ფეხზე დგომაც კი მოუწია.

„ხელისუფლებას ერთ მშვენიერ დღეს გაეღვიძა და გადაწყვიტა, საპარლამენტო მოდელზე გადასულიყო“, _ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა შეხვედრის მოდერატორმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას და საზოგადოებას განხილვებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ირმა ინაშვილის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი სამოქალაქო აქტივიზმის პროცესის წარმოჩენა იყო, რასაც, როგორც თავად მიიჩნევს, მიაღწია კიდეც. „მინდოდა, პროცესი წარმართულიყო საზოგადოების სრული ჩართულობით“, _ დასძინა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ საკონსტიტუციო კომისიიდან ისე იგზავნება მოსაზრებები, რომ ხშირად თავად კომისიის წევრებიც კი არ ფლობენ ინფორმაციას, რაზეა საუბარი.

„კითხვაზე, თუ რატომ დავიწყე ეს კამპანია, პასუხი გაცემულია. საზოგადოება დაინტერესებულია, ჩართულია ამ საკითხებში და არაფერი მოხდება მის გარეშე. დაიწყეს კონსტიტუციის გადასინჯვა. მე არ მინდოდა, საკონსტიტუციო კომისია ოთახში ჩაკეტილი ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ ჩემი ფუნქცია შესრულებულია, რადგან საკითხი საზოგადოების განხილვის თემა გავხადე“, _ განაცხადა ქვეყნის მთავარსარდალმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე არგუმენტირებული შენიშვნვა მმართველი გუნდის მისამართით ითქვა, თუმცა მათი მოსმენა მხოლოდ დარბაზში მსხდომ აუდიტორიას მოუწია, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ან მისი მხარდამჭერები, გასაგები მიზეზების გამო, იქ არ იმყოფებოდნენ: „ჩვენ ვართ უმრავლესობა და არ გვაინტერესებს სხვათა აზრი“, _ ასე განმარტა პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მიდგომა რიგი საკითხებისადმი, რაც, მისი აზრით, დიდი შეცდომაა: „იგივეა ვეტოს დაძლევის დროს. ჩვენ ვართ უმრავლესობა და დავძლევთ მას. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი“, _ დასძინა მარგველაშვილმა.

შესავალი სიტყვის შემდეგ ირმა ინაშვილმა დარბაზს კითხვა-პასუხის რეჟიმში გადასვლა შესთავაზა. ქვეყნის პირველ პირს, ალბათ, უნდა სცოდნოდა, რომ ქუთაისში საზოგადოებასთან შეხვედრა ქალაქის სტატუსის შესახებ მოსაზრებების განხილვის გარეშე ვერანაირად შედგებოდა, შესაბამისად, ჟურნალისტ ქეთევან ბერძენიშვილის მიერ დასმული პირველი კითხვაც ამ საკითხს ეხებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე პროცესში ქუთაისელთა განსაკუთრებულ ყურადღებას პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე დაწყებული დისკუსია წარმოადგენს. კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის უმაღლესი კანონიდან მალე გაქრეს, ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის თბილისში გადატანას ეწინააღმდეგებიან, დარწმუნებულნი არიან, რომ კონსტიტუციიდან ჩანაწერის გაქრობას მმართველი გუნდის მხრიდან შემდგომი ნაბიჯის გადადგმა მოჰყვება, ანუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ქალაქის შემდგომი განვითარების ერთადერთი გარანტია, დედაქალაქში გადავა. საქართველოს პირველმა პირმა შეხვედრაზე განმარტა, რომ არ შეიძლება, ადამიანი აიძულო იმუშაოს იქ, სადაც მას არ სურს. მან დარბაზში მყოფ ადამიანებს ურჩია,   დეპუტატებს ჰკითხონ, თუ სად ურჩევნიათ მუშაობა. თუმცა აქვე დასძინა, რომ, სამაგიეროდ, ქალაქს სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზონ: „თუ დეპუტატებს არ უნდათ მუშაობა ქუთაისში, კარგად უნდა ავუხსნათ, რატომ უნდა იმუშაონ აქ“, _ გიორგი მარგველაშვილის ასეთ განმარტებას დარბაზში მყოფი საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და, შესაბამისად, მიკროფონის ხელში ჩასაგდებად რიგიც დადგა.

პრეზიდენტის განცხადებას ყოფილი პარლამენტარისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის, გია თევდორაძის რეპლიკა მოჰყვა. მან პრეზიდენტის არგუმენტს არარელევანტური უწოდა. თევდორაძე დაინტერესდა, თუ რატომ უნდა ვკითხოთ თბილისელ დეპუტატებს, თუ სად სურთ მათ მუშაობა და რატომ არ უნდა ვკითხოთ სხვა ქალაქების, მათ შორის, ქუთაისელი მოსახლეობის რჩეულებს, სად ისურვებდნენ ისინი საქმიანობას?

უფლებამოსილების განხორციელების დროს პარლამენტის ადგილმდებარეობის დეპუტატების სურვილისამებრ განსაზღვრა, უბრალოდ, სასაცილოდ მიაჩნია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი წულაიას: „თურმე, ქუთაისში მუშაობა ესაა სასჯელი. შენთვის სასჯელი თუა და არ მოგწონს, მაშინ დაანებე პარლამენტს თავი, მე მომწონს და მე შევალ“, _ განუმარტა წულაიამ მარგველაშვილს.

ცნობისთვის: „თავისუფალი საქართველოს“ მიერ მომზადებულია პეტიცია პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით, რომელზეც სათანადო რაოდენობით ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ იგი ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტს გადაეგზავნება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისის საკრებულოს წევრი, დავით გოგისვანიძე, დაინტერესდა, _ შეიცვლიან თუ არა დეპუტატები პოზიციას, თუკი შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით? იგი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოფილი პრემიერის სურვილებს მუდამ ბრმად და გაუაზრებლად უჭერს მხარს და იგივე ხდება პარლამენტის თემასთან დაკავშირებით, რომლის გამოც ქუთაისს, შესაძლებელია, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. გოგისვანიძე დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციიდან 48-ე მუხლის ამოღების მთავარი მიზანი პარლამენტის გადატანაა და დაპირება, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში იმუშავებს, უბრალოდ, მორიგი ტყუილია.

იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრისთვის საპარლამენტო სტატუსის მომხრეთა განმატებით, საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში გადატანა ქუთაისში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. საზოგადოების ამ ნაწილის განცხადებით, ქალაქიდან მოსახლეობის გადინება, ბიზნესის დაინტერესების შენელება და სხვა თანმდევი პროცესები გადაწყვეტილების მიღებისთანავე თვალში საცემი გახდება. მათთვის ასევე მიუღებელია განმარტება, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა ქვეყნის ბიუჯეტს ძვირი უჯდება. ქუთაისელები ხელისუფლებას ურჩევენ, დაინტერესდნენ და დათვალონ, რა დაუჯდება ქვეყანას დაცლილი ქალაქი და რამდენად დიდი იქნება ამ კუთხით გამოწვეული ზარალი? რეგიონებისთვის ფუნქციური დატვირთვა ოპონენტთა მოსაზრებით ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი ხსნაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავკომბალად გადაქცეული თბილისი საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან დაძრული ადამიანების კიდევ უფრო გაზრდილი ნაკადის გამო არაადეკვატურად გაიზრდება, რითაც დედაქალაქიც სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება.

შეხვედრაზე მყოფი „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძეც, იმ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტის ადგილმდებარეობას კონსტიტუციაში გაკეთებული განმარტების შესაბამისად. მისივე თქმით, მოსახლეობამ დეპუტატები აირჩია და მათ უნდა იმუშაონ იქ, სადაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ამჟამად ფუნქციონირებს. კაციტაძე მხარს უჭერს ქუთაისელების მოთხოვნას და მმართველ გუნდს მათი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ისტორიულ თეთრ ხიდზე გადაინაცვლა, სადაც სახელდახელოდ მოწყობილი ტრიბუნიდან მოსახლეობას მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მთელი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრები შეაჯამა:

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ის ემოცია, მომავლის იმედი, ის განსაკუთრებული კოლორიტი, ესთეტიკა, იუმორი, ხედვა, რომელსაც აქ ვხვდები, ძალიან დიდი ხნით ამავსებს იმედებით და პერსპექტივის განცდით“, _ განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა იმ სითბოსა და ურთიერთობებს, რომელიც ყოველთვის ხვდება ქუთაისში.

თეთრ ხიდზე გამოსვლისას პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, პარლამენტის შესახებაც გააკეთა განცხადება. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მან ძალიან ბევრი საინტერესო არგუმენტი მოისმინა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დატოვებასთან დაკავშირებით:

„მოვისმინე ის იდეები, რომლებიც მომავალში, შესაძლებელია, ქუთაისში განხორციელდეს. მიხარია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა ახალი სარკინიგზო პროექტი ქუთაისის აეროპორტთან მიმართებით. არის იმედები და პერსპექტივები იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ქალაქი გახდეს იგი. ამასთან ერთად, მე დავინახე ქუთაისელების ძალიან მტკიცე ნება, რომ საქართველოს პარლამენტი აქ იყოს განლაგებული.

ძალიან ცხარე კამათი იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რადგან ასეთი სურვილია, ბუნებრივია, მე ამ სურვილს, როგორც ვთქვი, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხს, რომელსაც ხალხი სვამს, ყველა განხილვის რეჟიმში დავაყენებ. ამ დებატების ფონზე ვამბობ, რომ ვიღებ იმ არგუმენტებს, რომლებიც ქუთაისელებისგან მოვისმინე“, _ ამ განცხადების შემდეგ ქუთაისელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრამ შედეგიანად ჩაიარა და ქვეყნის მთავარსარდალი ქალაქის გადარჩენისთვის პარლამენტის არსებობის აუცილებლობაში დარწმუნდა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ აღიქვამენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს მხოლოდ დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე ხედავენ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში,  მთავრობასთან გამართულ კომუნიკაციაზე და საკანონმდებლო საქმიანობის ეფექტიანობაზე ერთხმად საუბრობენ. მმართველ გუნდს ან არ სმენია იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც დღეს, 21-ე საუკუნეში კომუნიკაციას აადვილებს და ამ მხრივ არსებულ ბარიერებს ხსნის, ან, უბრალოდ, მათ არ სურთ იცოდნენ ამის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იგი აქტიურად ჩაერთვება ქალაქის განვითარების კონცეფციის განხილვაში. ქუთაისელებს იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნებაც“ იგივე პრინციპით იმოქმედებს და ქალაქის აღმშენებლობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ფარგლებში გააგრძელებს.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე