„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბერლინიდან ცნობილ გერმანელ პოლიტიკოსთან, ევროკომისიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ გიუნტერ ფერჰოიგენთან

მიხეილ ხაჩიძე

გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველო მიზანს მიაღწევს და ევროპის კარი მისთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის, მომდევნო წლებში აუცილებლად გაიღება. თუმცა ინტერვიუმდე მოკლე რაკურსი იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ საქართველოსთვის, რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა გველოდება წინ? როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკაზე? უპირველეს ყოვლისა, შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყნის შეჩერებას ოკუპანტ რუსეთთან რომანტიკული ურთიერთობისგან?

ვაქცინაცია პროპაგანდის წინააღმდეგ

„ეს (რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, _ რედ.) არ მოხდებოდა, ბიძინა ივანიშვილს რომ არ განეხორციელებინა ეს ისტორიული შემობრუნება თავის გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელიც აგრძელებს ამ დიდ ქართულ ეროვნულ საქმეს“, _ გამოეხმაურა ბრიუსელის გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან ტრადიციულად ივანიშვილის როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. მადლობა, ბატონო ბიძინა!
მათთვის, ვინც ქართულ პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალს, ეს განცხადება უფრო მეტია, ვიდრე წინააღმდეგობრივი. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა (რომელიც დე ფაქტო რჩება ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანად) გასული წლის განმავლობაში პირიქით, ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ თბილისს არ მიეღო ეს სტატუსი.

გავიხსენოთ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე ღიად ანტიდასავლური გადაწყვეტილებები:
რუსულის მსგავსი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და ოკუპირებულ ყირიმში მფრინავი რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვის მიცემა; დასავლეთის სანქციების განხორციელებაზე უარის თქმა; აქციების დროს კარვებისა და სხვა „სტაციონარული ნაგებობების“ გამოყენების აკრძალვა; მასმედიის სასჯელი „უხამსობისთვის“.
შემთხვევითი არ არის ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადებოდა საპირისპირო სცენარისთვისაც. ჯერ კიდევ სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მომზადებას გეგმავდა „მაიდნის სცენარით“, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის შემთხვევაში უნდა დაწყებულიყო. ასეთ სცენარს კი შეიძლება გამოეწვია საქართველოს სრული და საბოლოო მოწყვეტა დასავლეთისგან. და ეს ყოველივე გაითვალისწინეს ბრიუსელში.

ახალი და ძველი მოთხოვნები

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 რეფორმიდან 10 მაინც განახორციელა. თუმცა ევროკომისიის შეფასება სრულიად განსხვავებულია _ იქ მხოლოდ სამი რეფორმა იქნა აღიარებული დასრულებულად: გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება, ასევე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. დანარჩენი რეფორმა კი კვლავ შესასრულებლად მიიჩნევა.
ასე რომ, დარჩენილი მოთხოვნები გადავიდა ახალ სიაში.
სხვა საკითხებთან ერთად საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციის მანიპულაციის წინააღმდეგ _ და ეს პირდაპირ აცდენილია ოფიციალური თბილისის ბოლო წლების საინფორმაციო პოლიტიკას.
საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა დაიცვას ევროკავშირის საერთო ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, _ ანუ შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს (რასაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ასახელებდა, როგორც ნაბიჯს, რომელსაც შეეძლო ომი გამოეწვია).
კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც ძალიან რთული იქნება, არის პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ყველა პრობლემა ოპოზიციის არაკონსტრუქციულ ქმედებებშია, რომლებიც არ აღიარებენ მათ დესტრუქციულ ქმედებებს.
ევროპა ასევე ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაზრდას (და ბოლო თვეების სკანდალების გათვალისწინებით, არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არამედ ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის); სასამართლო რეფორმას; კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას და ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მასმედიისა და საზოგადოებრივი აქტივისტების უფლებების დაცვას.
კიდევ ერთი მოთხოვნა, სადაც წარმატების მიღწევის იმედი, ფაქტობრივად, არ არის, გახლავთ დეოლიგარქიზაცია. „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად განხილვაზე და ცდილობს, დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესებით შემოიფარგლოს, რადგან „ოცნებას“ ევროპის მიერ ოლიგარქად აღიარებული ივანიშვილი მეცენატად მიაჩნია.
ბრიუსელი განსაკუთრებით არ მალავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ეს მოთხოვნა, ფაქტობრივად, საკვანძოა: „ერთ-ერთი ახალი ნაბიჯი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის დემოკრატიის საფუძველი. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი არჩევნების პერიოდს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მოედანი იქნება სუფთა. ყველა შეძლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და, პირველ რიგში, რომ არ იყოს ძალადობა“, _ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე.

ცხელი 2024 წელი

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. საპრეზიდენტო არჩევნები კი თითქმის მაშინვე. 2024 წლიდანვე უნდა ამოქმედდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს არ ირჩევენ ეროვნულ არჩევნებზე, არამედ ირჩევს სპეციალური საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარიც პარლამენტის წევრია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთი თვისება ექნება: დეპუტატებს პირველად არა შერეული სისტემით, არამედ მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ.
ერთი რამ ცხადია, ევროკომისიამ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის განსაკუთრებული გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს კი ხალხის, ქართველი ერის დამსახურებაა.

ამ ფონზე, „ქრონიკა+“-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მედიასემინარის ფარგლებში ბერლინში ცნობილ გერმანელ პოლიტიკოსთან, ევროკომისიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, გიუნტერ ფერჰოიგენთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველო მიზანს მიაღწევს და ევროპის კარი მისთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის, მომდევნო წლებში აუცილებლად გაიღება.

ინტერვიუმდე მცირე შესავალი გიუნტერ ფერჰოიგენის შესახებ: გერმანელი პოლიტიკოსი SPD-ის (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, _ რედ.) გენერალური მდივანი იყო 1982 წლამდე. 1999 წლიდან იყო ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში რომანო პროდის დროს, შემდეგ კი 2004 წლიდან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი უფლებამოსილების პერიოდში 2004 წელს გაიმართა გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ევროკავშირის აღმოსავლეთის გაფართოების რაუნდის ქვეყნებთან. მან ასევე აწარმოა კამპანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ფერჰოიგენი ამჟამად არის გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის სამეურვეო საბჭოს წევრი და აქტიურადაა ჩართული ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

_ ბატონო გიუნტერ, როგორია საქართველოს შანსები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე? როგორია თქვენი პროგნოზი და შეფასება? თქვენ ერთ დროს ევროკავშირის კარი 6 ქვეყნისთვის გახსენით, თუ სწორად მახსოვს და აღმოსავლეთის გაფართოებას შეუწყვეთ ხელი.
_ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპისკენ მიილტვის, ეს დადგენილია გამოკითხვებით. საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, განძი, მიყვარს ეს ქვეყანა ძალიან. აქ გვაქვს ორი პრობლემა _ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი. ეს არის გაყინული კონფლიქტები, როგორც უწოდებენ მას. ეს რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ამ პრობლემების მოგვარების მშვიდობიანი გადაწყვეტა ჯერ ვერ გამოინახა. თუმცა ცალსახად ვიტყვი, _ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შანსები ძალიან კარგია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუ იტყვიან, რომ იმ პირობებით გავაკეთებთ, რომ ტერიტორიული პრობლემები მოგვარდეს, ეს საქართველოს ხელთ არ ეწიფება და რთულია. უფრო მარტივი იქნება, ეს პირობა არ დადგეს. მაგრამ მჯერა და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა დრო დასჭირდება.
_ აქვს ევროპას საქართველოს მიმართ რეალური ინტერესი? ამ საკითხის შესახებ როგორია თქვენი აზრი, უნდა გვქონდეს თუ არა ევროპის იმედი?
_ ევროპას საქართველოსადმი ძალიან პოზიტიური ინტერესი აქვს, როგორც მე ვხედავ და ვიცი. მოგეხსენებათ, ევროკომისიაში აღარ ვარ და აქტუალური პროცესების მონაწილეც არ გახლავართ, თუმცა გარეშე შეფასებებით, ცალსახად, დიახ, ევროპას აქვს კარგი ინტერესები საქართველოსადმი.
საქართველოს არა მარტო ევროკავშირში, არამედ ნატოშიც უნდა, ისევე როგორც უკრაინას. ეს ორი ქვეყანა ერთნაირად იბრძვის ამ მიზნისკენ და ეს გზაც გაიხსნება.
_ ვადებზე უფრო დაკონკრეტება ხომ არ შეგიძლიათ? როდის უნდა ველოდოთ პოზიტივებს ევროკავშირისგან?
_ პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ წლის ბოლოს შეფასებას, საიდანაც მეტი გვეცოდინება. მაგრამ ვიტყვი, რომ თუ საქართველო შეასრულებს ყველა პირობასა და ვალდებულებას, ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ მხოლოდ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და არა ქვეყნის მთავრობა, ეს უნდა იყოს დეფინირებული. მთავრობები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება.
_ რაც შეეხება უკრაინას, მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ: ომს და უკრაინის შანსებს ევროკავშირის გზაზე?
_ უკრაინამ ომი არ უნდა წააგოს, უკრაინამ უნდა მოიგოს. პუტინთან არ უნდა იქნას წარმოებული მოლაპარაკებები, უკრაინამ უნდა აღიდგინოს თავისი ტერიტორია და საზღვრები. დღეს ეს არის საერთო ევროპული ხედვა და პოლიტიკა, რომელზედაც ყველა თანხმდება. ამ კონტექსტშივე ვახსენებ: ჩემი მუშაობის პერიოდში, 2004-2006 წლებში, რუსეთთან ჩვენ არ გვქონდა პრობლემა გაფართოების კუთხით. აღმოსავლეთის გაფართოების პერიოდში მოსკოვისგან არანაირი რეაქცია არ ყოფილა.