„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩეჩნეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ ზაკაევთან

მიხეილ ხაჩიძე

გასული კვირის ბოლოს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, კომაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა, თავის ტელეგრამაში დაწერა. მან განმარტა, რომ კადიროვის დაავადება, სავარაუდოდ, გაუარესდა, რამაც მისი „ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება გამოიწვია“.

ამის შემდეგ უკვე რამდენიმე ჩეჩნურმა ოპოზიციურმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი კომაში იმყოფებოდა. კვირას ნაშუადღევს ჩეჩენმა ოპოზიციონერმა და უფლებადამცველმა, აბუბაკარ იანგულბაევმა, დაწერა ისიც, რომ პუტინის მარჯვენა ხელი გარდაიცვალა.
პარალელურად, კვირას კადიროვის მონაწილეობით ვიდეო გამოჩნდა „ტელეგრამის“ არხზე. კადრებში ჩეჩნეთის ლიდერი ხეივანში დადის და გვირჩევს: „ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოაწესრიგოს აზრები“. კადიროვი მის ჯანმრთელობაზე არაფერს ამბობს. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი გროზნოშია გაკეთებული, მაგრამ არც ეს და არც გადაღების თარიღი დაზუსტებით არ არის დადგენილი. ერთადერთი, რაც ყურადღებას იპყრობს, არის ის, რომ ჩეჩნეთის მეთაური წვიმაში დადის. მოსკოვში კვირას ამინდი მზიანი და ცხელი იყო.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან მედიაში პერიოდულად ჩნდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ 46 წლის რამზან კადიროვი მძიმედ არის დაავადებული. არაერთმა ჟურნალისტმა გაამახვილა ყურადღება ჩეჩნეთის ლიდერის სახეზე გადაჭარბებული შეშუპების გამოჩენაზე და ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კიბოს მკურნალობის შედეგი. თავად კადიროვმა რამდენჯერმე უარყო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
ჩეჩნეთის მეთაური უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერია და რამდენჯერმე მან საკუთარ თავს უფლება მისცა, გაეკრიტიკებინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. კადიროვი ადრე ასევე მხარს უჭერდა Wagner PMC-ის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს, რომელმაც ივნისში სცადა აჯანყების მოწყობა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და აგვისტოში გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა (მის კატასტროფას პუტინს მიაწერენ, _ რედ).
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, კადიროვის სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ჩეჩნეთში და სერიოზული დარტყმა მიაყენოს პუტინის რეჟიმს.

შეიძლება თუ არა, კადიროვის სიკვდილი მართლაც სერიოზული პრობლემა გახდეს კრემლისთვის? „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა დევნილობაში მყოფ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევთან:

_ ბატონო აჰმედ, არსებული მონაცემებით, კადიროვი კომაშია. რა ინფორმაცია გაქვთ მის ჯანმრთელობაზე?
_ თავიდანვე ვიტყვი იმას, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, ზუსტად ამ მიდგომით ვითარდებოდა რუსული პროპაგანდა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კადიროვს და მის ფაქტორებს. ახლა კი დავუბრუნდები კითხვას: დიახ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კადიროვი კომაში იყო. ახლა არის ცნობები, რომ გამოვიდა კომიდან, მაგრამ ის მძიმე მდგომარეობაშია.
_ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, კადიროვის სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს ჩეჩნეთის დესტაბილიზაცია და სერიოზული დარტყმა მიაყენოს პუტინის რეჟიმს. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში?
_ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კადიროვის სიკვდილი რესპუბლიკაში ზოგად პოლიტიკურ ვითარებაში არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს. კადიროვი არის კრემლის დანიშნული მარიონეტი. ეს ის საოკუპაციო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთმა ააშენა ბოლო ოცი წლის განმავლობაში და, შესაბამისად, კადიროვის სხვით ჩანაცვლება საერთოდ ვერაფერს შეცვლის, რადგან თუ სიტუაცია, ასე გაგრძელდა, ე. ი. თუ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება, სანამ თავად რუსეთის რეჟიმი არ შეიცვლება, პოზიტივი ვერ იქნება.
_ შეიძლება, კადიროვის სიკვდილი მართლაც სერიოზული პრობლემა გახდეს კრემლისთვის?
_ კადიროვის სიკვდილი ან კადიროვის როლი არის ზოგადი სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა КГБ-მ. კადიროვი რეალურად საერთოდ არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ, ასრულებს ზედამხედველის ფუნქციებს და არის ხელქვეითი. მას მიეცა ჩეჩნების განადგურებისა და მოკვლის დავალება _ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, რომ ჩეჩნური საზოგადოება შიგნიდან გაენადგურებინა, რაც მან წარმატებით გააკეთა მთელი ამ წლების განმავლობაში. ასე რომ, ეს პირადად პუტინისთვის, გარკვეულწილად, დისკომფორტი იქნება, რადგან მან, ბოლოს და ბოლოს, ინვესტიცია ჩადო კადიროვში. რასაკვირველია, იმოქმედებს პუტინზე. მისთვის ძალიან რთული იქნება კატებზე უფრო ერთგული ძაღლების პოვნა, მას თავად არ აქვს დრო ასეთი ძაღლის აღსაზრდელად, უკვე დახარჯა 20 წელი კოდირების შექმნის ფორმირებაზე.
_ როგორც ვიცით, კადიროვმა თავისი მემკვიდრე აირჩია. ჩეჩნეთში ოჯახური ტრადიციები ძალიან ძლიერია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოჩნდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც არ დაეთანხმებიან კადიროვის გადაწყვეტილებას და შეეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. რას იტყვით ამაზე?
_ რა თქმა უნდა, ძალიან მცირე ალბათობა არსებობს იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები არ დაეთანხმონ მის გადაწყვეტილებას და უარი თქვან ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩეჩნურ საზოგადოებაში ოჯახური და ადამიანებს შორის კავშირები ნამდვილად ძალიან მყარია. ზუსტად ეს იყო კადიროვის მიზანი, რომ მოეშალა საზოგადოებაში არსებული წესი, ურთიერთობა ადამიანებს შორის, შეერყია და შეებღალა ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ის ყველანაირად ცდილობდა, დაემცირებინა და დაეკნინებინა ოჯახური კავშირები. ის აიძულებდა, თავიანთი გვარისა და ნათესავების მიმართ გამოეჩინათ უპატივცემულობა და უარი ეთქვათ თავიანთ ოჯახსა და გვარზე. ის მათ აიძულებდა, პოლიტიკური მოსაზრებების გამო უარი ეთქვათ ოჯახზე, თუ არადა, ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი ხდებოდა. უმეტესობა ჩეჩნებისა, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯზე მიდიოდა და ვერაფერს ამბობდა. ზუსტად ეს არის მთელი ტრაგედია.
_ დავუშვათ, თუ კრემლი კადიროვის შემცვლელად სულ სხვა პიროვნებას დანიშნავს?
_ რაც შეეხება არჩევნებსა და ხელმძღვანელების არჩევას, მანამდე ვერ ვისაუბრებთ ამ თემაზე, სანამ არ ვიქნებით დეოკუპირებული და შემდეგ უკვე თავისუფალ ჩეჩნეთში შეგვეძლება საუბარი ხელმძღვანელობის არჩევასა და დემოკრატიული გზით სიარულის თაობაზე. ემიგრაციაში მყოფ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას ერთადერთი საფიქრალი აქვს ამ ეტაპზე, _ ჩეჩნეთის დეოკუპაცია! შემდეგ შეიძლება არჩევნებზე საუბარი. ალაჰის ნებით, გვინდა, რომ ეს შესრულდეს. კადიროვის ბედი ახლა, მაინცდამაინც რომ გითხრათ, არ გვაწუხებს.
_ კადიროვის სიკვდილი, ალბათ, დიდი დანაკლისი იქნება თავად პუტინისთვის, რადგან ჩეჩნური როლი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საპროტესტო განწყობების შეკავებაში. იყო ერთგვარი დაშინების ფაქტორი, _ რამზან კადიროვი მოვა და წესრიგს აღადგენს.
_ დანგრევისა და დაშინების პოლიტიკას ატარებდა რუსეთი, კერძოდ, პუტინი, თუმცა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა კადიროვს, რომელიც ჩეჩნურად მოლაპარაკე არაჩეჩენი იყო. ის არ არის ჩეჩენი, არის სხვა ქვეყნიდან ჩამოსახლებული. ის და მისი ოჯახი გადმოასახლეს ყაზახეთიდან, ჩეჩნეთში შეიფარეს, მისცეს სახლი, თავშესაფარი. შიგნიდან ჩეჩნეთის დანგრევის პოლიტიკას ეწეოდნენ უცხოეთიდან ჩეჩნეთში ჩამოსახლებული კადიროვი და კადიროვისნაირები. კადიროვი დიდი სიამოვნებით ანგრევდა ჩეჩნურ ტრადიციებსა და მრავალსაუკუნოვან კულტურას.