„ქოცების“ მარიფათი

„ნაცებმა“ „ქოცებს“ უუნაროები შეარქვეს, რატომღაც. არადა, მე თუ მკითხავთ, შნო და მარიფათი ამათ აქვთ, თუ აქვთ. აგერ უკვე მერამდენე „საუკეთესო“ წელიწადი მიიწურა, არაფერი გაუკეთებიათ და ძალაუფლებით ისევ ტკბებიან.

მათ სანიმუშოდ დაამხეცეს პოლიტიკური ბრძოლის უებარი მეთოდი. მოვლენებს ისე ხლართავენ, არათუ რიგითი ამომრჩეველი, ხშირად (თან ძალიან) ისეთი პირებიც იბნევიან, წესით რომ არ უნდა იბნეოდნენ. ხალხურად რომ ვთქვათ, წყალს ამღვრევენ და მღვრიე წყალში სანიმუშოდ თევზაობენ.

ადამიანი ეჩეხება რა ასეთ აზელილ, ჩახლართულ, მრავალსართულიან და გატოტვილ ამბავს, ჩაანალიზებისას შიშობს, შეთქმულების თეორიებში არ გადავარდეს და მოვლენის მარტივი ახსნისკენ იხრება, რომ ყველაფერი არა წინასწარგანზრახულად, არამედ სტიქიურად მოხდა. რომ დაემთხვა ერთმანეთს და ა. შ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს „ქოცების“ შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპიც, რომ „ამდენს ეგენი ვერ გათვლიდნენ“, რომ მათ ასეთი შორსმჭვრეტელი ხალხი არ ჰყავთ და ა. შ. ვინც ასე ფიქრობს, მათ ავიწყდებათ ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ აქ თუ არა, იქ, „ლუბიანკაზე“, ზის ასეთი შორსმჭვრეტელი ხალხი. ავიწყდებათ ისიც, რომ ამ „უუნარო“ „ქოცებმა“ მათ უკვე არაერთხელ მსუყედ „აჭამეს“.

მოკლედ, ადამიანი ცდილობს რა, მოვლენებში გარკვევას, კონსპიროლოგიაში დადანაშაულების შიშით, მოვლენაში არ ყვინთავს და ზედაპირზე ცდილობს ახსნის პოვნას და ამ პროცესში ეპარება მნიშვნელოვანი დეტალები.

საზოგადოების სხვა ნაწილს კი მოვლენებზე არასრული ინფორმაცია აქვს, არ ფლობს სრულ ინფორმაციას და ამ მწირი ინფორმაციით იყალიბებს პოზიციას და ყოველგვარი დაეჭვების გარეშე იწყებს ომს, თან დაუნდობლად, კატეგორიული ტონით. მოვლენების ჩასახლართად სწორედ ამ ხერხს იყენებენ „უნარიანად“ _ საზოგადოებას აწვდიან დაგლეჯილ სურათს, ოღონდ ნახევარს (თუ უფრო ნაკლებს არა), საზოგადოება ცდილობს სურათის გამთლიანებას და ამ გაწამაწიაში იღებს არასწორ, დამახინჯებულ სურათს. თან ამ ყველაფერს ემატება ჩვენი სხვა ნაკლოვანებებიც _ ფეთქებადობა, სულწასულობა, მოვლენაში უსწრაფესად გარკვევის სურვილი და ამბიციურობა, რომ ჩვენ ყველაფერს უცებ ვიგებთ და ვშიფრავთ და ამ ცამპა-ცუმპაში, ხშირად, ჩვენვე ვხდებით იმ უუნარო „ქოცების“ ინტერესების ცხოვრებაში გამტარებელნი.

გაიხსენეთ, რა მოხდა ბათუმში. თავად შექმნეს საპროტესტო ფონიც, თავად ააგორეს საპროტესტო ტალღაც, ცხადია, ამ საპროტესტო ტალღაში ჩაერთო ბევრი გულწრფელი ადამიანი, შემდეგ თავადვე გამოიყვანეს სულ სხვა, წინასწარ არეულობისთვის შემზადებული ხალხი და არეულობაზე პასუხისმგებლობა სხვებს შეაწმინდეს. ეს ყველაფერი იმდენად ოსტატურად ჩაატარეს, რომ იმ ღამესაც და მომდევნო დღეებშიც, აქციის ბევრ მონაწილეს ვერც დააჯერებდი, რომ აქცია მათი კი არ იყო, ისინი გამოიყენეს. თუ გაბედე და ხმა ამოიღე, ეგრევე შეთქმულების თეორიებში ამოგავლებენ ჩურჩხელასავით. არადა, გადახედონ ისტორიას, ელისაბედ ტიუდორი თავად უკეთებდა შეთქმულებებს პროვოცირებას, რომ გამოევლინა, გამოეჭირა და დაესაჯა თავისი მოწინააღმდეგეები.

რა მოხდა ბოლო კვირაში? ორი მოვლენა ავიღოთ: „რუსთავი 2“-ის ამბები და რეპერების დაჭერა. ქოცხელისუფლება შესაშური ოსტატობით იყენებს იმ ფაქტს, რომ არც ყარამანიშვილები და არც გვარამია ბოლომდე არ ხსნიან ფრჩხილებს და ღიად არ (ან ვერ) საუბრობენ ყველაფერზე. ბევრისთვის გვარამია გმირია და თუ ყარამანიშვილებს მისი გაშვება სურთ, ე. ი. ბიძინას შეეკრნენ _ ასეთია მათი გამოტანილი ვერდიქტი და მიდის ლანძღვის კორიანტელი. ამ ტალღამ ერთხელ უკვე გადაიარა და ლამის გადალეკა ყველაფერი _ ეს ჯერ კიდევ მაშინ, წილების გადაცემა-არგადაცემაზე რომ იყო ერთი ამბავი ატეხილი. ახლა მორიგი ტალღაა. სხვა ნაწილს სხვა დასკვნა გამოაქვს _ საპირისპირო. შემდეგ ჩნდებიან გარკვეული პირები, რომლებიც ამ პროცესებში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მიშა ანგრევს „რუსთავი 2“-ს. რატომღაც, არ აკონკრეტებენ, მიშა „რუსთავი 2“-ს ცხინვალივით მძინარეს ბომბავს, თუ მღვიძარეს? რა შედეგს აღწევს ხელისუფლება ამ ყველაფრით? მწვავდება კონფრონტაცია და ხდება პოლარიზაცია, ხალხი აქეთ-იქით, მოწინაღმდეგე ბანაკებში ლაგდება ისე, რომ ამ დაპირისპირებულთა 95%-მა არც იცის რეალური სინამდვილე. იმ 5%-დან, ვინც სრულ ინფორმაციას ფლობს, დიდი ნაწილი ვერ ახმაურებს ამ ინფორმაციას რიგი მიზეზების გამო, მცირე ნაწილს კი არც აწყობს ამ ინფორმაციის გახმაურება… რეალურად, რა ხდება? „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებს სიბნელეში აჟუჟინებენ  ერთმანეთს… ახლა მე თქვენ გეკითხებით, _ ვის აწყობს ეს ყველაფერი, თუ არა იმ „ბრძენ კაცს“?

რაც შეეხება რეპერების დაჭერას: დაიჭირეს რეპერები _ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის. როგორც აცხადებენ, მათ ეს ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან მათ არ აიღეს კლიპი, რომელიც მიუღებელი იყო ძალოვნებისთვის. ანუ: რეპერებმა გარეპეს. კლიპი ატვირთეს. პოლიციამ კლიპის აღება მოითხოვა, არ აიღეს და ისინი დაიჭირეს, _ ნარკოტიკი ჩაუდეს. ერთმანეთს გადაეჯაჭვა გამოხატვის თავისუფლება, ნარკოტიკების ჩადება, ნარკოპოლიტიკა.

ხელისუფლებამ თავად აჭრა კარტი _ ერთი მხრივ, ამტკიცებდა, რომ კლიპი არაფერ შუაში იყო და მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდათ, მეორე მხრივ კი ღიად საუბრობდნენ კლიპის ანტისახელმწიფოებრივ „ხასიათზე“.

მნიშვნელობა არ აქვს, ემხრობი თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, არც იმას, თავად ბოლდები თუ არა, მთავარი ისაა, რომ ადამიანისთვის ნარკოტიკის ჩადება და ამ გზით გაფუჭება მიუღებელია _ ცალსახად!

მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონს თუ არა რეპი, ზოგადად, არც იმას, მოგწონს თუ არა ეს კლიპი კონკრეტულად და არც იმას, გულს გფხანს თუ გულს გირევს ამ კლიპის შინაარსი. ყველა ვარიანტში მიუღებელია, როდესაც ადამიანს იჭერენ აზრის გამოხატვისთვის. ეს ძალიან კარგად იცოდნენ იქ, სოლოლაკში, იცოდნენ ისიც, რომ ამას პროტესტი მოჰყვებოდა. აბა, რატომ გააჯეჯილეს ჯეჯელავა? რატომ ვერ მოაკეტინეს მომენტალურად?

მაგრამ არა, ასე ექსპოზიციაში გამოჩენა არ იქნებოდა მომგებიანი და ამიტომაც გამოჩნდა ბერა იგი _ თავისი პოსტით კულმინაციის ჟამს, როდესაც რუსთაველზე მოეწყო ახალგაზრდობის მასშტაბური აქცია.

თვითონ აქციის ასეთმა მასშტაბურმა ხასიათმაც გააჩინა კითხვები და მინდა გითხრათ, ეს კითხვებიც, რაც არ უნდა ლეგიტიმური იყოს, ისევ ამ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

საზოგადოების ერთ ნაწილს აეჭვებს _ როგორ მოხერხდა ასე უცებ ამხელა აქციის დაორგანიზება, თუ ვინმეს მხრიდან არ იყო პროვოცირებული?

საზოგადოების სხვა ნაწილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ეს ახალგაზრდები არ გამოდიან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ არ აღელვებთ არც გაზპრომი, არც მცოცავი ოკუპაცია, არც ტრაილერს მისრესილი მათი თანატოლი, აღარაფერს ვამბობ პოლიტპატიმრებზე და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. და რაც მთავარია, მათ არც იგივე ჩადება გაუპროტესტებიათ _ როდესაც ნარკოტიკები ჩაუდეს დათო ხარშილაძეს! ამ გაღიზიანებამ ამ ნაწილსაც გარკვეული ეჭვებისკენ უბიძგა, რომ ეს აქცია მართული იყო.

მე პირადად, ამ აქციის შემყურემ, ჩემთვის ვიფიქრე, რომ ნეტავ, რომა შამათავასთვისაც ნარკოტიკი ჩაედოთ, ეგებ, მაშინ მაინც გამოსულიყო-მეთქი ვინმე მის დასაცავად, მაგრამ გაფიქრებისთანავე მივხვდი, რომ არც მაშინ გამოვიდოდა ვინმე… არა, რა ხდება? უნდა რეპავდე, რომ დაგიცვან? მე არ მინდა ქვეყანა, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მილიონებად შეფასებული ქართველი პატრიოტი რომა შამათავა ჰკიდიათ. არც რეპერებს ვერჩი, არც ჯაზმენებს, არც ჩადებას „ვაპრავებ“ და არც გამოხატვის დევნას, მაგრამ როდესაც არავინ და, მათ შორის, არც ისინი, რომლებიც რეპერების მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ, არ აპროტესტებენ რომა შამათავას უნამუსოდ გამომწყვდევას ციხეში, ბოდიში მომითხოვია და ჩემთვის ყოველგვარი ქუჩაში გამოსვლა ფიზკულტურას ჩამოჰგავს.

თუმცა ისევ მავანის მიერ საგანგებოდ ახლართულ, აბურდულში რომ არ გავინასკვოთ სადმე, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა გავმიჯნოთ აქციის წამომწყებები და აქციის მონაწილეები. როდესაც ახალგაზრდობისთვის ასეთ სენსიტიურ თემაზე იწყება საპროტესტო აქცია, ამ აქციას უერთდებიან გულწრფელი ადამიანები _ ყოველგვარი ქვენაგრძნობების გარეშე. უარეს შემთხვევაში მათზე მანიპულირებენ. ისინი მხარს უჭერენ დეკლარირებულ საპროტესო მოთხოვნებს და არ უნდა დადგეს ყველას გულწრფელობა ერთად ეჭვქვეშ. მე პირადად ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, ვინც იქ გულწრფელად მივიდა, თავისი გულწრფელი პროტესტით! მათ არაფერი აქვთ საერთო იმ კლოუნადასთან, რაც შემდეგ მოაწყო ბერა&კალაძემ.

მოკლედ, ჯერ აქციამდე იყო ახლართული მოვლენების წყება _ მართლა კლიპის გამო დაიჭირეს თუ არა? მართლა ჰქონდათ ნარკოტიკი თუ მართლა ჩაუდეს და ა. შ.?

აქციის შემდეგ ამას დაემატა ის, რომ აქცია მართული იყო თუ არა? შემდეგ ეს მრავალგზის ჩახლართული უარესად ახლართა სალომე ზურაბიშვილმა _ აქციის დაორგანიზებაც „ნაცებს“ დააბრალა და რეპერების ჩადება-დაჭერაც _ შსს-ში ისევ შემორჩენილ „ნაცებს“. ჩაანაცსაბოტაჟა ხელად. უბრალოდ, ისე აბდაუბდად ჩახლართა, რომ უნებლიეთ საზოგადოებას ხელში ის ძაფი შეაჩეჩა, რომელსაც თუ მიჰყვები, ჭეშმარიტებამდე მიგიყვანს:

თუ აქცია „ნაცების“ დაორგანიზებული იყო, უკაცრავად, ბერამ თქვენთან ვარო და ვისთანაა? „ნაცებთან“? უი, ბერაც „ნაციონალია“? კალაძეც? ზურაბიშვილმა სიუჟეტი ისე გააზღაპრულა, ჯეჯელავას საკომენტარო კომპეტენციაში გადახტა რწყილივით.

არანაირი შეთქმულების თეორია არაა ის, რომ ამ ხელისუფლებამ თავად დაიჭირა, თავად უბიძგა საპროტესტო ტალღას და შემდეგ თვითონ მოგვევლინა სიტუაციის განმმუხტველად. შედეგი? ბერა გამოვიდა ჯიგარი, კალაძე გამოვიდა ჯიგარი, რომელიც, თურმე, გმობს ჩადებას და რომელიც გმობს არსებულ ნარკოპოლიტიკას. პრემიერიც გვპირდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. ამ მთელ ამბავში მიიკარგა კითხვა, _ კი მაგრამ, ამ ბიჭებს მოხმარებას კი არა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ამასთან რა კავშირი აქვს? ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია შეიძლება შეეხოს მოხმარებას და არა იმას, რასაც ამ ბიჭებს ედავებიან.

ბევრს ეს შეთქმულების თეორიად ეჩვენება, არ სჯერა. სამაგიეროდ, სჯერა ის, რომ ბიძინა რუსთაველზე გამოსულმა ხალხმა შეაშინა და „ზადნი“ მისცა.

კარგი, ბატონო, მეც ვირწმუნებდი, რომ ბიძინა დაფრთხა და უკან დაიხია, მაგრამ… ბერას გარეშე ვერ დაიხევდნენ უკან? გეკითხებით, ვინ იხეირა ამ „უკანდახევით“?

გამოჩდა, რომ ბერა ჯიგარია, კალაძე ჯიგარია, ბიძინაც ჯიგარია _ ხალხის აზრს ანგარიშს უწევს… უკაცრავად, ხალხის აზრს უწევს ანგარიშს, თუ მარკებს და რეიტინგს უწევს ბერასა და კალაძეს? აბა, ოდნავ ჩააანალიზეთ და მიხვდით, ეს ყველაფერი ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, ვისი არჩევნები მოდის და ვინ მოიგებს პირველსავე ტურში?

ახლა ამ ამბების „თეატრალურ“ მხარეს შეხედეთ. აბა, გაიხსენეთ, რა მოხდა რუსთაველზე? ჩააბნელეს. თეატრში სრულ ჩაბნელებას „ვირუბკა“ ჰქვია. რუსთაველზე ვის შეეძლო მოეწყო „ვირუბკა“? მგონი, კალაძეს მიუწვდებოდა ხელი „რუბილნიკზე“, არა?! თუ რუსთაველზე ხალხის გამოჩენამ დააფრთხო ისინი, ამდენი ათასობით ახალგაზრდა შუქის ჩაქრობით გაქრებოდა იქიდან? თუ ეს „ვირუბკა“ იმისთვის იყო საჭირო, რომ უფრო რელიეფური და შთამბეჭდავი ყოფილიყო „გმირის“ _ ბერას გამოჩენა „სცენაზე“?

ან თუ უკან დახევა იყო, რას ამბობთ, ჯეჯელავას ვერ „დააზადნინებდა“ ის „ბრძენი კაცი“? გაუფრთხილდებოდა მის იმიჯს და გადაფურთხებულს არ აალოკინებდა?..

დაალაგეთ სცენები: დაჭერა, გამწვავება, პროტესტის ტალღა რუსთველზე, „ვირუბკა“, ბერას პოსტი, კალაძის მიმართვა, ტაში, სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას.

მეორე განყოფილება კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაა. ეძახეთ უუნაროები… და ეძახეთ უკან დახევა…

 

 

რეზო შატაკიშვილი