„ქვეყანაში სამართლიანობის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება“

მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თელავის ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი:

_ ბატონო ნიკოლოზ, ყველაზე ხმაურიანი მერობის კანდიდატი ხართ თელავში. რეალურად მოგვიყევით, რა მოხდა თქვენსა და თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის?!

_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ვხმაურობ მაშინ, როდესაც უსამართლობას ვხედავ, ახალი ხელისუფლების პირობებში კი უსამართლობას უგუნურობაც დაემატა. იმ ფაქტს, რომ მერობის კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან ოლქის მოქმედი კომისიის თავმჯდომარე სასამართლოში უჩივლებს, ეს არა მარტო ხელისუფლების უსამართლობაზე, არამედ სიჩლუნგეზეც მეტყველებს. რაც შეეხება ჩემი და ამ ბატონის ურთიერთობას, ეს ცოტა ადრიდან დაიწყო, როდესაც იგი ჩემი თანამშრომელი იყო. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ევალებოდა სხდომების ვიდეოების გადაღება და ვებგვერდზე მასალების ატვირთვა. აი, ამ ელემენტარულ პროცედურას ვერ ახერხებდა, რის გამოც ყოველთვის ვაძლევდი შენიშვნას. მას შემდეგ, რაც იგი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახადეს, ჩემ მიმართ დაუფარავ აგრესიას ავლენს, რისი მოწმენიც გახდნენ დაახლოებით 2 თვის წინ სოფელ იყალთოში, სასტუმრო სავანეთში სემინარზე მყოფი ადამიანები. მათ თავად იხილეს მისი აგრესიული დამოკიდებულება ჩემ მიმართ, რის გამოც გადავწყვიტე, აღარ დავსწრებოდი ზემოთ ნახსენებ ტრენინგს.

მოგეხსენებათ, კენჭს ვიყრი ლეიბორისტული პარტიიდან  თელავის მერად, რასაც სჭირდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჩემთვის ეს  გახლავთ მე-4 ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ვმონაწილეობ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყოველ არჩევნებზე გვიწევს ახალ-ახალი საარჩევნო კოდექსით ხელმძღვანელობა. ამიტომ საჭიროა ხოლმე საოლქო საარჩევნო კომისიაში გარკვეული კონსულტაციის გავლა, რათა საბუთების შეტანის პროცედურა გამარტივდეს და უხარვეზო იყოს.

წელს თელავს კალმახელიძის უფროსებმა, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“,თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაგვაკარგვინეს, რის შედეგადაც 2 მუნიციპალიტეტი შეერწყა ერთმანეთს, ანუ თვითმმართველი ქალაქი და თემი. სწორედ ამ კითხვაზე მინდოდა პასუხი, რა ჩამეწერა სააღრიცხვო ბარათში. რა აქვს დასახელება დღეს არსებულ მუნიციპალიტეტს, რაზეც არაერთი ვიზიტის დროს კალმახელიძისგან პასუხი ვერ მივიღე, ის შეგნებულად მიშლიდა ხელს, რათა არ დავრეგისტრირებულიყავი კანონით გათვალისწინებულ ვადებში მერობის კანდიდატად. იძულებული გავხდი, მედიის წარმომადგენლები მიმეყვანა, რათა საზოგადოებისთვის დამენახვებინა ის დამოკიდებულება, რაც კალმახელიძეს ჰქონდა ჩემ მიმართ. აი, ამის შემდეგ დანარჩენი უკვე თქვენც იცით. მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სასამართლოში მიჩივლა და რეჟიმის მსახურმა, მონა-მოსამართლე მარინე ცერცვაძემ 500 ლარით დამაჯარიმა. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ეს ის მარინე ცერცვაძეა, რომელსაც სასამართლო პროცესზე მკვდარი გაუცოცხლდა.

_ რას ნიშნავს, მკვდარი გაუცოცხლდა?

_ კი, მიცვალებული აღდგა! ნუ ეს ის მოსამართლეა, რომელთანაც თვით მიქელ-გაბრიელიც კი უძლურია.

_ უფრო ზუსტად რომ გვითხრათ ქვეტექსტების გარეშე?

_ კი ბატონო: საზოგადოებას კარგად ახსოვს 2007 წლის ის ცნობილი პროცესი, სადაც ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობისთვის ვინმე ბახუტოვი გაასამართლეს და მასთან ერთად, ზემოთ ხსენებული ჩოფიკაშვილის მკვლელობისათვის, სასჯელის სახით საპროცესო გარიგება გაუფორმეს სამ პირს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მოკლული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალია. მაშინდელი ხელისუფლება შეეცადა, ეს ფაქტი მიეჩქმალა და მოსამართლე მარინე ცერცვაძისთვის ხელი დაეფარებინა, რაც არ გამოუვიდა და ხსენებული საქმე ზემოთ გახმაურდა. ცერცვაძეები, მურუსიძეები და ნაზღაიძეები, უბრალოდ, სხვადასხვა გვარის მატარებლები არიან, თორემ ყველა ერთ სისტემას წარმოადგენს და 2012 წელს ხელისუფლებას ესენი საერთოდ უნდა ჩამოეცილებინა სასამართლო სისტემისგან. შედეგი კი სულ სხვა მივიღეთ. დღეს მიცვალებულის გამცოცხლებელი მოსამართლე ცერცვაძე, არამც თუ ჩამოცილებულია სასამართლო სისტემიდან, არამედ იგი თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და მე, ლეიბორისტული პარტიიდან მერობის კანდიდატს, მაჯარიმებს 500 ლარით მხოლოდ იმის გამო, რომ ვაკადრე და მედია მივიყვანე საოლქო საარჩევნო კომისიაში და ფართო საზოგადოებას ვაჩვენე, როგორ სვამდა ყავას ოლქის თავმჯდომარე.

ეს, სხვათა შორის, მოსამართლე ცერცვაძესაც არ დაუმალავს, მან გადაწყვეტილების წაკითხვის შემდეგ გამიკეთა მოკლე განმარტება, რომ სამართლებრივი გზით უნდა წავსულიყავი და არ უნდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის თანამედროვე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანკიერი მხარეები, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მოსამართლეს ეს არ გახსენებია.

_ რას გეგმავთ?

_ ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, თუ არ იქნება ქვეყანაში სამართლიანობა, ვერ იქნება მშვიდობა, აი, მოსამართლე ცერცვაძეს კი ისე გამოსდის სამართლიანობა, როგორც მე ვერდის სამმოქმედებიანი ოპერა „რიგოლეტოს“ შესრულება გამომივა სცენაზე.

 

გიორგი კალმახელიძის განმარტებით, მის სამუშაო ოთახში ვარდოშვილისა და მისი თანმხლები პირების „შეჭრისას“ ის, ოლქის იურისტი და მდივანი საარჩევნო საკითხებზე თათბირობდნენ: „ის საარჩევნო კომისიაში, ჩემს კაბინეტში ისე შემოიჭრა, რომ არანაირი თანხმობა და შეთანხმება არ ყოფილა. უნდა ეკითხა, გვქონდა თუ არა დრო. თათბირის რეჟიმში ვიყავით, რაც გულისხმობს კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას, წესრიგის დარღვევას. არაერთი შემთხვევა იყო, როცა ნიკოლოზ ვარდოშვილი მიზანმიმართულად ახდენდა ჩემს დისკრედიტაციას, რაც გულისხმობს ჩემზე სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელებას და პროცესის იმ მიმართულებით წაყვანას, რომ თითქოს მე მას გარკვეულ ინფორმაციას არ ვაძლევ, კონსულტაციებს არ ვეწევი. მეტსაც გეტყვით, რომ აღნიშნული მოქალაქე აქ ყოფნის დროს შეეცადა შანტაჟს, დამუქრებას და გარკვეულ ცილისწამებას, რომ აქ ყოფნის შემთხვევაში, თუ მისთვის სასურველი ფორმით არ წარიმართებოდა დიალოგი, ჩაატარებდა ბრიფინგს, რაღაც შეხვედრებს და უზრუნველყოფდა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო“.

მაკა მოსიაშვილი