ქვათა ღაღადი

თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობისაა. იგი დაარსდა 1927 წელს როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი დამაარსებლები იყვნენ: გ. მელითაური, კ. გეგელიძე და დ. ჩხეიძე (თურდოსპირელი). მუზეუმი განთავსდა XIX ს-ის ხაზინის შენობაში და 8 წლის განმავლობაში საზოგადოების საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს მუზეუმმა გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია, 1943 წელს ეწოდა თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო 1985 წელს მიენიჭა გ. ჩუბინაშვილის სახელი, 2008 წლიდან მუზეუმის იურიდიული სტატუსია: სსიპ; ექვემდებარება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. მუზეუმი განთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში.

სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის „კახთ მეფეთა სასახლე“, რომელიც აგებულია 1884-86 წწ.-ებში, მეფის კარის ეკლესიები (X-XVIII სს.), ერეკლეს მიერ XVIII ს-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო (XVII ს.) და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი საიდუმლო გვირაბი (XVIII ს.), აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარის უნიკალური კარიბჭეები; 2012 წლამდე არსებობდა წმინდა ნინოს სახ. სასწავლებლის შენობა, სადაც ქ. იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეა იყო განთავსებული (XIX ს.) და ადმინისტრაციული კორპუსები.

მუზეუმის შენობას მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მუზეუმში ფუნქციონირებდა 9 განყოფილება: ძველი ისტორიის, უახლესი ისტორიის, ეთნოგრაფიის, აღრიცხვა-დაცვის, სამეცნიერო-მეთოდური, საექსკურსიო-საგანმანათლებლო, მეფე ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალი, საექსპოზიციო განყოფილება, ქ. იაშვილის სახ. თელავის სურათების გალერეა, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა მრავალი უნიკალური წიგნი და ძველი პერიოდიკა (5000-ზე მეტი წიგნადი ფონდით). მუზეუმის ფართობია 2927 კვ.მ. აქედან მუდმივი ექსპოზიციის _ 1836 კვ.მ. საცავების _ 460 კვ.მ. ფონდში 67 367 ექსპონატია. მუზეუმში მეფე ერეკლე II-ისა და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელთა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცული იყო ნუმიზმატიკის, ადრეფეოდალური და გვიანდელი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, XVII-XIX სს. სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, სამოსელის, ხალიჩებისა და ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები, მათ შორის: XIX ს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და „პერედვიჟნიკების“ პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები), მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ე. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები. ფონდის არქეოლოგიური მასალა ასახავს საზოგადოების განვითარების ყველა საფეხურს _ კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის პირველი ნაკვალევიდან, გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით. მასალა (საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა იარაღი) მოპოვებულია იყალთოში, გურჯაანში, თელავში ზულუმბოს გორაზე, ვანთაში და სხვა ადგილებზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით. მუზეუმში დაცული იყო კახეთის მნიშვნელოვანი ძეგლების ფოტოსურათები, ძვ. რუკები, ნახაზები; ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, ქვის ფრაგმენტი რელიეფით იყალთოს წმ. სტეფანეს ეკლესიიდან (X-XI სს.), კრამიტები ასომთავრული წარწერებით, კანკელის ფილა, იყალთოს ფერისცვალების კანკელის სვეტი დავით გარეჯიდან (VII ს.), ქტიტორთა პორტრეტები იყალთოდან (VI ს.), ალავერდის ტაძრის კანკელის სვეტი (XII ს.), კუნტუხის ტაძრის (შუამთისა და თეთრწყლებს შორის მდებარე) ბალავრის ქვა ქართული ასომთავრული წარწერით (X–XIII სს.), კახთა მეფის ალექსანდრე II-ის განძი სოფელ მაღრაანიდან; ძვ. ქართული ხელნაწერები: „ჟამნი“, „სადღესასწაულო გასაკეთებელი“, ვახტანგ VI-ისა და მეფე ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები: „სახარება“ (1709), „კონდაკი“ (1709), „საქმე მოციქულთა“ (1709), „პარაკლიტონი“ (1786), „სახარება“ (1786), „მცირე ზატიკი“ (1788), „მარხვანი“ (1793); ხატები: ღვთისმშობელი ყრმით, ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, წმინდა გიორგი, იოანე ნათლისმცემელი; ასევე საერო, საეკლესიო და საოჯახო ნივთები; ნუმიზმატიკური კოლექციები: ქართული (თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, დედოფალ რუსუდანის, ლაშა-გიორგისა და ერეკლე II-ის დროს მოჭრილი) მონეტები, არაბული, მონღოლური და რუსული ფული; ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს უნიკალური ნივთები; ოქრომკედით ნაქარგი შავი ხავერდის ქულაჯა, რომელიც საჩუქრად გადმოსცა მუზეუმს ბაგრატიონთა შთამომავალმა, აშშ-ში მცხოვრებმა ქ. ნაკაშიძემ (მისი დიდი ბებია იყო ერეკლე II-ის ქალიშვილი ქეთევანი), მეფე ერეკლე II-ის ხმალი წარწერით: „მეფემან ერეკლე დადიანს უძღვნი“ (1770); ბარძიმი, ირგვლივ ძვირფასად შემკული სლავური წარწერით (1794), ერეკლე II-ის საგვარეულო თასი, მისივე ნაქონი ფაიფურის თეფში, კედლის საათი (რომაული ციფრებით, ციფერბლატზე ყვავილოვანი ორნამენტებით), ერეკლე II-ის ახლობლების პორტრეტები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალა; ქართული ტანსაცმელი: თავადის, გლეხის, ქალაქური, თუშური და ხევსურული; სხვადასხვა სახის ხელსაქმის ნიმუშები: ნაქარგები, ნოხები, ფარდაგები, თავად გ. ანდრონიკაშვილის ოჯახიდან ჩუქურთმიანი კარი, ჩუქურთმიანი კარადა და კომოდი; ყურძნის მტევნებით შემკული სპილენძის თასი თავად ყორჩიბაშვილის ოჯახიდან; ქართული აკვანი, კიდობანი, კერამიკული ნაწარმი, თიხის დოქები, ხის ხონჩები და სხვადასხვა საოჯახო ნივთი და სხვ. მუზეუმის ფოტოფონდი წარმოდგენილია ქ. თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფა-ცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით (ა. როინაშვილი, ვ. როინაშვილი დ. ერმაკოვი, ვ. ბარკანოვი, ბარკალაია, სოსნოვი, ტორი, სიმონოვი და სხვ. ფოტოხელოვანთა ნამუშევრები). მუზეუმში გაშლილია სამეცნნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, საძიებო-სააღრიცხვო, სამეცნიერო-მეთოდური მუშაობა.

რატომ მოვყევით ამდენი?!

დღეს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ანუ ერეკლეს მუზეუმი, იავარქმნილია _ წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ე. წ. სახიზარი და გალერეის შენობა „ნაციონალებმა“, რეაბილიტაციის საბაბით, 2012 წლის წინ დაანგრიეს! დანგრეული სახიზარის ადგილზე დაწყებული მშენებლობა მას მერე გრძელდება და გრძელდება… მუზეუმის უნიკალური 65 ათასი ექსპონატი ხუთი წელიწადია, თელავის პირველი სკოლის სარდაფშია. 2012 წელს „ოცნების“ სახეები ამბობდნენ, _ „ნაციონალები“ ერეკლეს მუზეუმის ეზოში მეჩეთის ტიპის ნაგებობის აშენებას გეგმავდნენ, სადაც ყაჯართა დინასტიის ნივთები უნდა გამოეფინათო!.. შესაბამისად, მაშინ ნიკა რურუას, ნიკა ვაჩეიშვილისა და სხვა „ნაციონალი“ მაღალჩინოსნების დაჭერით იმუქრებოდნენ.

მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი თელაველებზე ამბობდა: „მიიყვანეთ ყურით ის თელაველები და აჩვენეთ, ერთი, დღე არ გაჩერებულა სამუშაოები ბატონის ციხეზე… ბატონის ციხის რეაბილიტაცია 2016 წლის არჩევნებისთვის „დასრულდაო“. მაგრამ მთავარი, _ მისი კარი დაკეტილია, რადგან რეაბილიტაცია, სინამდვილეში, არ დასრულებულა: არ აშენებულა არც მუზეუმი, არც გალერეა და ასე გალიაში გამოკეტილი მეფის სასახლეს დამსვენებელი ტურისტები ჭოგრით უყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს, სესიაშვილის გამარჯვებამდე ერთი კვირით ადრე, გვამცნეს, რომ თელავში, ბატონის ციხის არქიტექტურულ კომპლექსში, ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულდა და მას პირვანდელი სახე დაუბრუნდა, ხოლო მთლიანად კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება და პირველი ვიზიტორი, სასახლესთან ერთად, კარის ეკლესიის, ციხის გალავნის, აბანოსა და ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბის ნახვას ზაფხულში შეძლებსო, _ ტყუილი აღმოჩნდა.

რადგან მუზეუმის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს და იმალება, თანამშრომელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მუზეუმი 2 წელიწადი ისევ არ გაიხსნებაო. გალერეის შენობა კი ეზოს ჭიშკრით დაკეტილია.

ასე ღაღადებენ ქვები და ქვათა ღაღადი ოცნებობს, ნეტა ეშველოს შენობას რამე. ასე ტირიან გამოკეტილი და დამალული ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხატვრული შედევრები.

თელაველები კი ითხოვენ, ნოდარ ჯავახიშვილი ყურით ჩამოათრიონ და გაუბედურებული ნამუზეუმარი აჩვენონ, რადგან პასუხი არ აქვთ, არავინ კომენტარს არ აკეთებს…

აქვე კი უნდა ითქვას, რომ გალერეას და მუზეუმს 20-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მათ უკვე 5 წელია, საკუთარი სამსახურის ეზოს კარიც არ შეუღიათ, მაგრამ სახლში ჯდომისა და დუმილისთვის ხელფასს ანგარიშზე ურიცხავენ.

 

მაკა მოსიაშვილი