ქართული სურსათი ევროკავშირის ბაზარზე

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა და 2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმება (DCFTA).
ეს არის ერთგვარად ევროკავშირთან ინტეგრაციის მექანიზმი, რომელიც ქართულ პროდუქციას საშუალებას აძლევს, მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე და შესაბამისად ისარგებლოს გარკვეული პრივილეგიებით. სწორედ ამიტომაც უკვე მეოთხე წელია, რაც ქართული სახელმწიფოსთვის ამ ხელშეკრულების პუნქტებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება პრიორიტეტია.

სხვა ხელშეკრულებებისგან განსხვავებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება გულისხმობს ლიბერალიზაციას როგორც საქონელზე, ასევე მომსახურებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აქვს საშუალება და შანსი იმისა, რომ მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე და შესაბამისად ისარგებლოს იმ პრივილეგიებით, რასაც სავაჭრო სივრცის შესახებ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს.
DCFTAმოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვ.) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
მიზანი სწორედ ის არის, რომ ქართული პროდუქცია და ის ბაზარი, რომელშიც ის იწარმოება და იყიდება დაუახლოვდეს მაღალ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს იმ ნორმებს, რაც ევროპაში მოქმედებს.
ხელშეკრულება 15-მდე თავს მოიცას, მათ შორის არის საქონლით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლება, დავების მოგვარება და სხვ.
ზუსტად მეოთხე წელია, რაც ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე დგას. სხვადასხვა სამინისტროს აკისრია ბევრი ვალდებულება, რომლის დაცვაც და ხარისხიანად შესრულებაც სასურველი და აუცილებელიც კია. ერთ-ერთი თავი, რომელსაც სავაჭრო სივცრის შესახებ ევროკავშირის ხელშეკრულება მოიაზრებს, სურსათის უვნებლობას ეხება. დოკუმენტში მას მეოთხე მნიშვნელოვანი თავი ეძღვნება, რომელშიც სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნორმებია განსაზღვრული და ის კონკრეტული პროცედურები, რაც განსაზღვრულ ვადაში უნდა შესრულდეს.
ევროკავშირის ბაზარზე შესატანად ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები) სურსათი.
გადამუშავებული და მაღალი რისკის სურსათის გასატანად საქართველომ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:
• პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;
• ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;
• საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა. შ.) მსგავსი სისტემა.
იმისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და ნაკისრი ვალდებულებებიც შესრულდეს, აუცილებელია ტექნიკური ბაზის გამართვა და ქართული კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სამართალთან.
ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც დიდ დროს, რესურსსა და საკმაოდ ბევრ ყურადღებასაც მოითხოვს.
სურსათის უვნებლობის საკითხი საკმაოდ აქტუალურია და, შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

– რა მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოში?
– როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები DCFTA-ის მიხედვით?
– როგორია ცვლილებების მეოთხე წელი ამ სფეროში?

„ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს:

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია დაასრულოს საქართველოში არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიისა და დაახლოების პროგრამის იმპლემენტაცია. რა მდგომარეობაა ამ კუთხით და რა ეტაპზეა პროგრამა და სტრატეგიები?
_ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება ევროკავშირის 272 სამართლებრივ აქტთან დაახლოებას ითვალისწინებს.
სურსათის უვნებლობის კუთხით სულ 2015-17 წლებში მიღებულია 38 ნორმატიული აქტი.
სურსათის უვნებლობის კუთხით 2015 წელს ევროკავშირის 16 სამართლებრივ აქტს დავუახლოვდით, მათგან მოქმედებს 15 ნორმატიული აქტი, ხოლო 1 2018 წელს ამოქმედდება.
2016 წელს მიღებული 13 ნორმატიული აქტიდან მოქმედებს 6, ხოლო 7 ამოქმედდება 2018-2020 წლებში.
2017 წელს მიღებული 9 ნორმატიული აქტიდან 2 ევროკავშირთან შეთანხმებით საქართველოსთვის არარელევანტურად ჩაითვალა. ამ დროისთვის მოქმედებს 7 ნორმატიული აქტი.
2018 წელს მუშაობა მიმდინარეობს 6 ნორმატიული აქტზე.
_ ხელშეკრულების ვალდებულებების მიხედვით ჩამოწერილია სხვადასხვა პუნქტი, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეასრულოს. თუ დასრულდა რომელიმე ამ ვალდებულების შესრულება ან რა ეტაპზეა 9 სამართლებრივი აქტის დამტკიცების საქმე, რომელიც მოიცავს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ასევე ფრინველის გრიპის კონტროლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სხვას?
_ ვეტერინარიის მიმართულებით 2015-17 წლებში სულ მიღებულია 26 ნორმატიული აქტი.
2015 წელს მიღებული 10 ნორმატიული აქტიდან ამ დროისთვის მოქმედებს 9, ხოლო 1 ამოქმედდება 2018 წლიდან.
2016 წელს მიღებული 9 ნორმატიული აქტიდან მოქმედებს 6, ხოლო 3 ამოქმედდება 2018-27 წლებში.
2017 წელს მიღებული 7 ნორმატიული აქტიდან მოქმედებს 1 ნორმატიული აქტი, ხოლო დანარჩენი ამოქმედდება 2020 წლიდან.
2018 წელს მუშაობა მიმდინარეობს 9 ნორმატიულ აქტზე.
„ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის #548 დადგენილება _ ევროსაბჭოს 2008 წლის 15 ივლისის 2008/71/EC დირექტივა ღორების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ სრულად უნდა ამოქმედდეს 2022 წელს.
„ტექნიკური რეგლამენტის _ ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის #637 დადგენილება _ ევრკომისიის 2006 წლის 4 აგვისტოს 2006/437/EC გადაწყვეტილება ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე ევროსაბჭოს 2005/94/EC დირექტივის თანახმად ამოქმედდა 2017 წელს.
ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სურსათის უვნებლობის სფეროსთვის და რატომ?
_ სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
DCFTA-ის ამოქმედებით საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც, ამ ეტაპზე, 28 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ეს განმარტება კარგად წარმოაჩენს ევროკავშირთან გაფორმებული ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას და შესაბამისად იმ აუცილებლობებსა და გამოწვევებს, რაც ქვეყნის ნაკისრი ვალდებულებებია სხვადასხვა სფეროში ხარისხიანი მუშაობისა.
დრო არც ისე ბევრია, სამაგიეროდ ვრცელია იმ პუნქტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შესრულდეს და იმ მიზნების სია, რომელსაც საქართველომ უნდა მიაღწიოს ევროკავშირის ბაზარზე კუთვნილი ადგილის დასაკავებლად.

ანა ურუშაძე