„ქართული ოცნების“ ჩაშლა, ანუ „უბრალო ბიჭის“ _ ბიძინას ხვედრი

რადგან სათაურიდანაც ცხადია, რაზე ვისაუბრებთ სტატიაში, ალბათ, უმჯობესი იქნება, პირველ რიგში, ის გავიხსენოთ, ვისგან შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“.

ზოგი იმთავითვე დარწმუნებული იყო, ზოგსაც დიდი ხანი არ სჯეროდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ თავი მოიყარეს: სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მტრებმა; კომფორტდარღვეულმა კონფორმისტებმა; კორუმპირებულმა რევანშისტებმა; „დელეცებმა“; არარეალიზებულმა პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა; გავლენის აგენტებმა… რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სოციალურ აჯაფსანდალში იყვნენ და დღესაც არიან იდეალისტები, რომელთაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ იბრძოდნენ უკეთესი საქართველოსთვის და იღვწიან სახელმწიფოს წარმატებისთვის. მაგრამ ამ ადამიანების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა _ ზოგმა ხელი ჩაიქნია და განერიდა პოლიტიკურ პროცესებს, ზოგმა კი თავშესაფარი რომელიღაც ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში იპოვა. ამ უკანასკნელთ პოლიტ-ფსიქოლოგიური სტაბილურობა არც არასოდეს ჰქონიათ, როგორც მამლის ბოლოს ქარიან ამინდში. არაფერს ვამბობ შემდგომი პროცესისას პორტირებულ პერსონებზე, რომელთა ფსიქოლოგიური ვიზუალიზაციისთვის მხოლოდ ორი გვარის მოხმობაა საკმარისი: კრებითი „შიხიაშვილი“, კრებითი „ზარდიაშვილი“. რეალურად, ეს იყო და არის „ოცნების“ სახე, რომელსაც პოლიტიკური გაერთიანების სტატუსი აქვს და რომელიც მეექვსე წელია, ქვეყანას მართავს.
ალბათ, ისიც ეხსომება მკითხველს, რომ ჩამოთვლილ ჯგუფებში ცალკეული პერსონები თუ განშტოებები წლების განმავლობაში მამასისხლად იყვენ ერთმანეთს გადაკიდებულნი, მაგრამ 2012 წლის სპეცოპერაციისას, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, _ ჩავიგდოთ ქვეყანა ხელში და ხახაში _ ეს ჯგუფები გაერთიანდნენ პრინციპით, _ ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარია.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მათი თანაარსებობა კონიუნქტურულ- მერკანტილურ პრინციპებსა და შიშს ეფუძნებოდა.
სწორედ კონიუნქტურა და მერკანტილიზმი აიძულებდა მათ თანაარსებობას, მით უფრო, რომ სწორედ ამ თვისებებისა თუ ქმედებების გამოვლინებით იყო შესაძლებელი ხელების გავსებაც და ხახის ამოვსებაც. და წამოვიდა სალაფავი _ თანამდებობების, ტენდერების, პრემიების, დანამატებისა თუ სხვა კეთილდღეობის სახით. მეორე ფაქტორი _ შიში კი მათ მოდუნების უფლებას არ აძლევს, რათა უფრო მეტი იშოვონ, უფრო მეტი მოიხვეჭონ _ თუ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა, ან გაქცევის საშუალება ჰქონდეთ, ან ინდულგენციის შეძენის. სულ ეს არის „ქართული ოცნების“ არსი იმის მიუხედავად, რომ ის _ ძირძველი იდეალისტები ჯერაც ფიქრობენ, _ ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს მოევლება. უბრალოდ, ერთი ქართული ანდაზა ავიწყდებათ, _ დარი დილიდან შეიმჩნევაო. „ქართულ ოცნებას“ კი შუადღეც გადასული აქვს და ქვეყანაში კვლავაც ავდარია. ეს იმის მიუხედავად, რომ „მეოცნებეები“ ასწლოვანი ხეების ჩეროში დგანან, დიდი ქოლგები უკავიათ და ლაბადებიც აქვთ მოსხმული. ხალხი? ხალხი ვის ახსოვს, თუ ჩემი ძმა (და) ხარ…
ერთი წამით დავუშვათ, რომ „ქართული ოცნების“ შექმნისას თავად მისი უპირველესი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც, იდეალისტი იყო და ქვეყნისთვის წარმატება სურდა. დავუშვათ, რომ სწორედ ამის გამო შემოიკრიბა ირგვლივ ათასი ჩათლახი და გოთვერანი. მაგრამ თუ პროცესებს დღევანდელობიდან შევხედავთ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგი „განრიდებულის“ როლს თამაშობს, კვლავაც და კვლავაც მისი მდგომარეობის ტრაგიკულობაზე ვფიქრობ.
ვფიქრობ იმაზე, რომ მან _ ბიძინამ, ერთმა ჩვეულებრივმა, არაფრით გამორჩეულმა, უბრალო ბიჭმა, წლების წინათ როგორ დააღწია თავი იმჟამინდელ მდგომარეობას. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ დაიჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომით, დიდი ნებისყოფით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. ვფიქრობ იმაზე, რომ შემდგომ ირწმუნა _ ისევე როგორც იჯერებენ ხოლმე ქართველი მილიონერები _ დიდი ფულის ძალა და ამ ფულით ყოვლისშემძლეობა. იმ სამყაროს მოდელირება, რომელშიც ცხოვრობდა და… ახლა? ახლა ის ისევ იძულებულია, გაიხსენოს, რომ ის „უბრალო ბიჭი“ არსად წასულა, ისევ „აქ“ არის, მასთან და ყველანი გამუდმებით ახსენებენ, რომ „ხიხოა“… ყველანი _ შინ და გარეთ… ყველანი _ თავისიანებიც და მოწინააღმდეგეებიც. ნამდვილად ტრაგიკული იქნებოდა მისი ისტორია, ამ გარემოებას ერთი პერსონის კონტექსტში რომ განვიხილავდეთ. ალბათ, კინოშედევრი ან ბესტსელერიც შეიძლება შეიქმნას პერსონის ბედსა თუ უბედობაზე. ონორე დე ბალზაკის „კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკეც“ კი შეიძლება ერთგვარ შთაგონებად გამოიყენონ ამგვარად _ „მილიარდერის სიღატაკე და ბრწყინვალება“. მხოლოდ აქ „ბრწყინვალება“ _ სიმდიდრე, სიღატაკე კი საკუთარი ვნებების ტყვეობა უნდა იყოს. ჰო, ეს მომავალში, მაგრამ ისევ „ახლას“ დავუბრუნდეთ: ახლა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია გაბლანდული ათასი ძაფით და რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ განერიდა, ცხადია, თავის დაღწევა არ შეუძლია, მეტიც, ახლა პოლიტიკა დევნის მას _ ეს ადრეც დავწერე ამ ფურცლებზე.
ივანიშვილის უმთავრესი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ თავად მოვიდა პოლიტიკაში, რომ პარტია შექმნა, რომ ავანსცენაზე გამოჩნდა. რატომ ვემსახურო პოლიტიკოსებს? პოლიტიკოსები მემსახურონ მე! _ ეს აზრი იყო მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, როდესაც ხედავდა, რომ პოლიტიკოსები თავნებები არიან და წესებს არ იცავენ. როდესაც ხედავდა, რომ ცალ-ცალ კალოშა ტიპები მას აიძულებდნენ, რაღაც ეშენებინა, რაღაც ეკეთებინა, რომელზედაც საერთოდ არ უფიქრია. ივანიშვილისთვის გაურკვეველია პოლიტიკის არსი _ პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა. ბიზნესის არსი კი მოხვეჭა და გადაგდებაა. სწორედ ამ მეთოდის _ გნებავთ, ფორმულის კულტივირება მოახდინა მან პოლიტიკაში და რადგან ვერ მოახერხა თავისი მოდელირებული სამყაროს შექმნა, ახლა რამზესივით საკუთარ პირამიდას იშენებს, კირითხურო კი სრულიად საქართველოა.
და სწორედ ამ ჟამს იწყება ჩაშლა. ის, რომ ქართველი პოლიტიკოსების უტიფრობას საზღვარი არ აქვს, ყველასთვის ცნობილია. მათთვის ადვილია შავისთვის თეთრის დარქმევა, ან პირიქით, მაგრამ ეს „ჩაშლა“ საერთოდ ახალი რამ არის პოლიტიკურ ლექსიკონში, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს უნდა ვუმადლოდეთ. ნეტავ, თავის დროზე, ადეიშვილს კარზე მიღებულ ადვოკატ მდინარაძეს შეეძლო იმის წარმოდგენა, როგორ გაამდიდრებდა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონს? მისი პერსონის შემატებით „ქართული ოცნების“ გამდიდრებაზე რომ არაფერი ვთქვათ. და შეეძლო გაეაზრებინა, რომ პოლიტიკური ლიგვისტიკის გამორჩეული სახე გახდებოდა? ალბათ, _ არა! ამიტომ მის პერსონაზე ნუ გავჩერდებით, ეს მაინც ენათმეცნიერების სფეროა, ხოლო პოლიტიკურ კონტექსტში უნიჭო დაბოლების კატეგორიას განეკუთვნება. რატომ დაბოლების? იმიტომ, რომ ეს „ჩაშლა“ რეალურად დაშლას გულისხმობს. უბრალოდ, ახალი პატრონის მოძიებამდე „ჩაშლილები“ შეეცდებიან არსებული სიკეთეების მაქსიმალურ გამოყენებას და უფრო მეტიც, ამ სიკეთეების ჯეროვან მატერიალიზებას.
კვირიკაშვილ-გაჩეჩილაძის ძმაკაცობის საჯარო დასასრული, რეალურად, პარტიის შიგნით კლანებს შორს ბრძოლაა. ეს ორივე პერსონა მათი მხარდამჭერებით ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი: სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მტრები; კომფორტდარღვეული კონფორმისტები; კორუმპირებული რევანშისტები; „დელეცები“. რა ვერ გაიყვეს? კვირიკაშვილის გადასახედიდან, გასაყოფი არც არაფერი ჰქონიათ. არც შესახიდებელი, რადგან როდესაც „უცნობი“ #5 საკანში იჯდა, კვირიკაშვილი და ძმანი მისნი „ქართუს“ სავარძლებსა და საკუთარ ოფისებში ჭრიდნენ და ითვლიდნენ ფულს. თუმცა ეს პრემიერის ენაზე „ერთად ვიბრძოდით“ ნიშნავს.
მაშინ იმ საკანში მჯდომი „უცნობი“, რომელიც, რეალურად, კარგად ნაცნობი იყო, ლამის, ერის მამად და ილიად შერაცხეს მეხოტბეებმა. კიდევ ის, რომ გაჩეჩილაძეების აღშფოთებები მუდამ ფულსა და წილებს უკავშირდებოდა. ისე, იქნებ, ძნელად ახსოვს ვინმეს, მაგრამ როცა მიხეილ სააკაშვილი ვაკეში იყრიდა კენჭს, ვინ იყო მისი შტაბის ხელმძღვანელი და რომელი პარტიიდან მივიდა მასთან ლევან გაჩეჩილაძე? შემდეგ რატომ გაუბრაზდნენ გაჩეჩილაძეები სააკაშვილს? რა ვერ გამოსძალეს „ვაკელებმა“ „ნაციონალებს“? ჰო, ამის გახსენებაც შეიძლება _ მერე რა, რომ ვაგონი ახლა არ მიქროს და „ოცნების“ დეპოში დგას…
ბიძინაზე წყენა კი ამ ოჯახს ასევე დიდი ხანია, აქვს. როგორც ავი ხმები ამბობენ, მათ ვერ შეძლეს რკინიგზის „დაიღლიავება“, ისევე, როგორც ვერ მოახერხეს ნავთობისა თუ სხვა ენერგეტიკულ პროექტებში წილის გაჭრა, ჩაუვარდათ სხვა ბიზნესიდეები, _ და დარჩა ხალხი მშიერი. ამ დროს კი კვირიკაშვილი, ხეჩიკაშვილი, თოფაძე თუ სხვანი, „გულაობენ, ძმაო…“
მოითმენდა ამას „ნაცნობი“ ოჯახი?
ნათქვამია, ერთი კაცისთვის და ერთიც ღმერთისთვისო. ტენდერებსა და შესყიდვებში რომ ყველაფერი კარგად არ არის, ვინ არ იცის? ამის შესახებ, ლამის, მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი. გაჩეჩილაძე რომ აბობოქრდა, კარგია? თემისთვის _ კი! მაგრამ ხომ ცხადია, რომ იგი მხოლოდ იმიტომ გამწარდა, რომ „მე შემეხენ, ძმაო“… აბა, ერთი, უკმაყოფილება დასცდენია აქამდე რამეზე? არა! იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, იმედი ჰქონდა, ერთხელ თავადაც მოხსნიდა დიდ კუშს.
პრინციპში, ასეა თუ ისეა, ყველაფერი რიგზე ვერ არის _ „ჩაშლა“ დაიწყო. პროცესი თუ გაჩერდა, ცხადი იქნება, რომ ნაცნობ უცნობებს მსუყე ლუკმა გადაუგდეს. ასეც რომ მოხდეს, „ჩაშლა“ გაგრძელდება, მერე სხვები დადებენ საჯაროდ ესემესებს და სხვები დააშანტაჟებენ საკუთარ ძმაკაცებს. ეს არასასურველი პერსპექტივაა, სად არის ბღუჯა-ბღუჯად სარიგებელი ტენდერები. ამიტომ პროცესი გაგრძელდება და ყველა ჯგუფი ნელ-ნელა დაიწყებს ჯანყს, _ ზოგი ჩუმად, ზოგი _ საჯაროდ, იმის მიხედვით, ვის როგორ გაუვა. საბოლოოდ, ეს დროის საკითხია, „ოცნებიდან“ ყველა გაიქცევა და პარტია იდეალისტებს შერჩებათ, რომელთაც ისევე მოუწევთ პასუხისგება ზემოთ აღნიშნული ჯგუფების უგვანობებზე, როგორც ახლა „ნაციონალებს“ იმ „ყავარჯნიანი არაკაცის“ გამო.
თუმცა საინტერესოა საბოლოო დაშლამდე გასავლელი გზაც. დარწმუნებული ვარ, რომ განრიდებული ივანიშვილი სწორედ აქ გამოავლენს თავის თვისებებს და ამ კონიუნქტურულ-მერკანტილური ზრახვებისგან შიშდაკარგულ კლანებს ერთმანეთს დააჭმევინებს. მათ ლუსტრირებას მოახდენს და საზოგადოების სამსჯავროზე _ შარაგზაზე დააგდებს. ეს მართლაც არ იქნება ურიგო და იქნებ, ღირდეს კიდეც ასეთი ქმედებისთვის, მას ამთავითვე შეჰპირდეს საქართველო ინდულგენციას, რომლის მოპოვება ისედაც არ გაუჭირდება ჩვენი (მისი) პოლიტიკოსების გადამკიდეს.
ისე, მაგარი რამეა წამოცდენა _ „ჩაშლა“ „ქართულ ოცნებაში“, ან „ქართული ოცნების“ „ჩაშლა“… შესაკრებთა (სიტყვათა) გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. არსი?
როგორც ვატყობ, ის „უბრალო ბიჭი“, საბოლოდ, თავს მიხედავს, თქვენ რა გეშველებათ, ჩაშლილ-დაშლილებო?

არმაზ მეტრეველი