„ქართული ოცნება“ ევროპას შანტაჟის ენით ესაუბრება“

თამარ სანაძე

საქართველოს სტუმრობდა ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი. ის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ექსპერტთა შეფასებით, პრემიერისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ბრიფინგზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს იყო შანტაჟისა და რუსული კურსის პირდაპირი გამოვლინება. თუკი მსგავსს პათოსს „ქართული ოცნება“ მხოლოდ ქვეყნის შიგნით ავლენდა, ახლა პრემიერი გამოვიდა საკუთარი მოქალაქეებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინაშე და განაცხადა, რომ პოლარიზაცია არის ოპოზიციისა და, ფაქტობრივად, ევროკავშირის ბრალი, რომელმაც გასულ წელს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მისცა.

ღარიბაშვილის თქმით, თუკი საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, პოლარიზაცია კვლავ გაიზრდება:

„ჩვენ გაცილებით რთულ და სერიოზულ მოცემულობაში ვიმყოფებით, ბატონო ჯოზეფ. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. არავინ იცის, როგორ და როდის დასრულდება უკრაინაში ომი“, _ უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშრის უმაღლეს წარმომადგენელს.

ჯოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს 12-დან 9 რეკომენდაცია და არა ის, რასაც ამბობს საქართველოს ხელისუფლება. მანვე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსს სჭირდება დამსახურება:

„ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესებში. თქვენ განა გვემუდარებით. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!“ _ განაცხადა ბორელმა.

გაზეთ „ქრონიკა+“-თან პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა შეაფასა საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი, მისი გზავნილები, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები:

_ ბატონო გია, პირველ რიგში, ვისაუბროთ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა იმპიჩმენტის საკითხი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგიც კი გამართა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა ვერ მოგროვდება. როგორ ფიქრობთ, რატომ წამოიწყეს ამაზე საუბარი?

_ რა თქმა უნდა, ამაში არც პოლიტიკური და არც პროცედურული ლოგიკა არ არის, როგორც შიდა პოლიტიკური გაგებით, ასევე საგარეო პოლიტიკური კუთხით. ერთადერთი ლოგიკა ამ ქმედებაში არის ის, რომ ისინი, ფაქტობრივად, ამ იმპიჩმენტის წამოწყებით გარკვეულ ალიბის იქმნიან რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლება ამ იმპიჩმენტით დიალოგში შედის რუსეთის ხელისუფლებასთან და უშვებს გზავნილს, რომ ჩვენ ახლა ვატარებთ თქვენი არგაღიზიანების პოლიტიკას, ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კი არის სხვა პოლიტიკის გამტარებელი და ჩვენ აქ საერთოდ არაფერ შუაში ვართ, არანაირი კავშირი ჩვენ ამასთან არ გვაქვს. ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, _ რუსეთში შეიძლება იფიქრონ, რომ იგი ორმაგ თამაშს თამაშობს. ამიტომ რუსეთში უშვებენ გზავნილს, რომ აი, ხომ ხედავთ, იმპიჩმენტიც კი დავიწყეთ. სიმართლე გითხრათ, სხვა პოლიტიკურ ლოგიკას ამ ქმედებაში ვერ ვხედავ. ასე რომ, ძალიან სევდიანი სურათია, რომ ასეთი სერიოზული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, რაც აზიანებს შიდა პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის, აზიანებს თვითონ „ქართულ ოცნებას“, რაც აზიანებს ჩვენს ევროპულ ვექტორს, მიიღება ერთადერთი მიზნით, რომ რაღაცნაირად ასიამოვნონ რუსეთის ხელისუფლებას. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი.

_ საქართველოში იმყოფებოდა ჯოზეფ ბორელი. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა, განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ავანსად მიეცით სტატუსი, არ მოგვეცით ჩვენ და ამან ვითარება დაძაბაო. პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, თუკი არ მოგვცემთ სტატუსს. ვინ არის პრემიერის ამ გზავნილების აუდიტორია? ვინ არის მისი გზავნილების სამიზნე? ვის ესაუბრება ის ამ რიტორიკით?

_ პრემიერ-მინისტრი ამ ტონით, ამ რიტორიკით ესაუბრება იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებამ ტვინები გამოურეცხა და ვითომ რაღაცა სუვერენული პოლიტიკის გატარების იმიტაცია ვინც დაიჯერა. რეალურად, ეს არ არის არანაირი სუვერენული პოლიტიკა, ეს არის ავანტიურისტული, პოპულისტური გზავნილები, რომლის უკანაც რეალური შინაარსი არ დგას და რაღაც ქართულ ხასიათზე მოქმედებს, ქართველების ამბიციებით მანიპულირების სახე აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, ფსევდო, ყალბ პატრიოტულ და ვითომ ვაჟკაცურ გრძნობებზე ითამაშოს. ირაკლი ღარიბაშვილს შეიძლება არ ესმის, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც აზეპირებინებს ამ ტექსტებს და კარნახობს სუფლიორის სახით, მას მშვენივრად ესმის, რომ ამ ყველაფერს კარგი არაფერი მოჰყვება. თუმცა მიდიან ამ თამაშზე, ფაქტობრივად, შანტაჟის ენაზე ესაუბრებიან ევროპას, რაც სრული აბსურდია. დიდი ბოდიში, მაგრამ შენ სთხოვ ევროპას და კონსტიტუციაშიც გიწერია, რომ მიმიღე შენთან, შენს ოჯახში, ის კი გეუბნება, რომ ჩემს ოჯახში არის გარკვეული თამაშის წესები, მაგალითად, სიგარეტს არ ეწევიან. შენ ეუბნები, რომ მერე რა, რომ ვეწევი, შენ მაინც უნდა მიმიღო, იმიტომ, რომ ის ვიღაცაც ეწეოდა. ჯერ ერთი, ეს რა წესია, სხვების მაგალითების მოყვენა. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ევროპა ჩვენგან მარტო ამ პირობების შესრულებას კი არ ითხოვს, კონტექსტში სხვა რამეც იგულისხმება. პირობების შესრულება ეს არის ერთი, მაგრამ გარდა ამისა არის სინქრონიზაცია ჩვენი პოლიტიკისა იმ პოლიტიკასთან, რასაც ატარებს ევროპა. წარმოიდგინეთ, არის სამეგობრო, რომელიც ჩართულია გარკვეულ ბრძოლაში და შენ ეუბნები, სამეგობროში მიმიღე, მაგრამ შენი სამეგობრო რომ ვიღაცასთან დაპირისპირებულია, მე იმასთან ბიზნესი უნდა ვაკეთო, მაგრამ მერე რა, მიმიღე შენს სამეგობროში. მიიღებთ თქვენ ასეთ მეგობარს? მიიღებთ იმას, ვინც გეუბნებათ, რომ კი ვიძმაკაცოთ, მაგრამ შენ ვიღაცასთან კონფლიქტი რომ გაქვს, მე იმასთან საერთო ბიზნესი მაქვს, მაგრამ შენთან მეგობრობა მაინც მსურსო. კითხვები გაგიჩნდებათ, ხომ?

თორმეტი პირობის შესრულება ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რა პოლიტიკას ატარებს ჩვენი ქვეყანა დასავლეთისთვის უკვე მტრად აღიარებულ რუსეთთან და როდესაც შენი პოლიტიკა კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გადის, როდესაც შენ ამაყობ იმით, რომ დასავლური გაგებით მტრულ ქვეყანასთან ჩახუტებული ხარ ბოლომდე, ეკონომიკაში, კულტურულად, საინფორმაციო რესურსი როგორც აქვს ათვისებული რუსეთს ეს ვიცით. როდესაც კარი გაქვს მორღვეული დასავლეთის მტერთან, რა თქმა უნდა, ესეც ფაქტორია მათი დამოკიდებულების. თან გაბრაზებული ლაპარაკი, _ ისინი მიიღე და მე არ მიმიღე! _ რა წესია?! აბა, შევხედოთ, უკრაინა პირდაპირ ხელჩართულ ომშია რუსეთთან, იცავს თავის ინტერესებს, უკრაინამ და მოლდოვამ 60 დიპლომატი გააძევა თავისი ქვეყნიდან. რა, რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნა მოლდოვაში? _ არ გაუხსნია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია უდგას მოლდოვის ტერიტორიაზე. მოლდოვა ატარებს იმ პოლიტიკას, რაც არის მისაღები. შეიძლება, ამ ქვეყანას ყველა პირობა შესრულებული ჯერ არ აქვს, მაგრამ მოლდოვაში ხედავენ საკუთარ მეგობარს და საქართველოში მეგობარს ვერ ხედავენ. ვისი მეგობარია საქართველო, ვეღარ გაუგიათ, იმიტომ, რომ აქეთ რუსეთს ვეპრანჭებით და ეს არ არის მისაღები ევროპული გაგებით. ისინი გეუბნებიან, რომ მე შემიძლია, რაღაცებზე თვალი დაგიხუჭო, მაგრამ რაღაც მაინც გააკეთე, ამათ კი არაფრის გაკეთება არ უნდათ. თითს იშვერენ სხვისკენ, ელაპარაკებიან შანტაჟის ენაზე. ნახეთ, რას ეუბნება ჩვენი ხელისუფლება ევროპას, რომ თითქოს იმათ მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპაში შესვლა. სწორედ ამიტომ მიიღეს ბორელისგან პასუხი, რომ ეს სტატუსის ამბავი ბრიუსელში ვიღაცის გასაბედნიერებლად კი არ არის, თქვენ გჭირდებათ, თქვენ კეთილდღეობას სჭირდება, თქვენს ბედნიერებას სჭირდებაო, თქვენ დემოკრატიულ განვითარებას სჭირდებაო. ამათ არ უნდათ ამ პირობების შესრულება. გასაგებია ეს ყველაფერი და ისევ შანტაჟი, რომ აი, მიგვიღეთ, თორემ ეგერ არის რუსეთი და რუსეთში წავალთო. ასეთ რამეს ეუბნებიან. ბუნებრივია, ევროპა არის დაინტერესებული საქართველოს ინტეგრაციით ერთიან ევროპულ ოჯახში, მაგრამ ამ ინტერესს და სურვილსაც თავისი ზღვარი აქვს. შესაბამისადაც იქცევიან. მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარება არაკორექტულია. უკრაინასთან იმიტომ, რომ ქვეყანა ომშია, გაუგებარია, რატომ აჩვენებ თითით, ეს უღირსი საქციელია. მოლდოვას კიდევ შეხედონ, ვის ედრებიან, უნდა იცოდნენ.

_ ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „არავინ იცის, უკრაინაში ომი როგორ დასრულდება“, რომ საქართველო რუსეთთან დაკავშირებით მიღებულ სანქციებს თავისი ინტერესების გამო არ შეუერთდაო. სავარაუდოდ, როგორ აღიქვამენ პრემიერის ამ განცხადებებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ან თუნდაც ევროკომისია, რომელმაც უნდა მიიღოს წლის ბოლოს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება?

_ ძალიან მძიმედ, ძალიან მძიმედ. გასაგებია, შენ აკეთებ პროგნოზს, რომ არავინ იცის, ომი როგორ დასრულდება, ანუ ჩვენ რას ვამბობთ? _ ომის დასრულებას დაველოდებით და მერე გადავწყვეტთ, ვინ მეგობარია და ვინ მტერი? ამას ვეუბნებით ევროპას? წარმოიდგინეთ, საყოფაცხოვრებო მაგალითს მოგიყვანთ: არსებობს სამეგობრო. ერთ-ერთ თქვენ მეგობარს სახლში შეუვარდა მტერი და უწიოკებს ცოლ-შვილს. ეს ადამიანი სთხოვს თავის მეგობრებს, დამეხმარეთ რითაც შეგიძლიათ, ერთ-ერთი მეგობარი კი მას უთვლის, რომ იცი, რა? მე არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი, ის დაგჩაგრავს თუ არა და მე იმასთან რაღაც ჩემი საქმეები მაქვს, ცოტა მეშინია კიდეც, ასე რომ, შენ თავად მიხედე შენს პრობლემებს, თუ დაამარცხებ მერე ვიმეგობროთ, მანამდე ცოტა ხანი დამაცადე, ჩემი საქმე მაქვს საკეთებელი. ამ ენაზე ველაპარაკებით ევროპას და ეს როგორ შეიძლება ნორმალურად იყოს აღქმული?! თქვენ იმეგობრებდით ასეთ ადამიანთან? ასეა სახელმწიფოებრივ ურთიერთობებშიც. ღარიბაშვილი ამბობს, რუსეთმა რომ მოიგოს, მერე სად წავიდე, მე კი მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ სანამ შენ პრობლემები გაქვს, მე ჩემი საქმეები მაქვს მისახედი, თუ მოაგვარე პრობლემები, კი ბატონო, მერე გავაგრძელოთ მეგობრობა, მაგრამ დღეს დისტანციაზე უნდა ვიყო. როდესაც ასეთ ენაზე საუბრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ გაქვს სახელმწიფოებრივი ღირსების განცდა. უღირსი კი არავის არაფერში სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ შესალოა ძალიან უყვარხარ, უნდა შენთან მეგობრობა, მაგრამ როდესაც ასე ექცევი მას, დამოკიდებულებასა და პასუხსაც შესაბამისს მიიღებ. შენ რომ იგივეს ითხოვ, რაც სხვას აქვს, ეს წარმოუდგენელია. თითქოს განსხვავება არ იყოს შენს დამოკიდებულებასა და იგივე მოლდოვას დამოკიდებულებას შორის. მოლდოვა გაზსაც ყიდულობს რუსეთისგან, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს, ყველგან გადადგა პრინციპული ნაბიჯები. დიპლომატებთან დაკავშრებით მათი განცხადებები ნათელია, ყველა რეზოლუციას უერთდება მოლდოვა, ყველგან ეპატიჟებიან მათ და ევროპა ამ ქვეყანას მიიჩნევს მეგობრად იმის მიუხედავად, რომ პრობლემები აქვს, ყველაფერში დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ამ პუნქტებსაც ბოლომდე ვერ ასრულებს, მაგრამ მეგობრად მიიჩნევენ, იმიტომ რომ მათი დამოკიდებულება ყველაფერ იმასთან, რაც დღეს სამყაროში ხდება, გასაგებია და მისაღებია ევროპისთვის. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ვერ გაუგიათ ევროპაში, ჩვენც ვერ გავიგეთ, არც ჩვენ გვესმის მათი. გაიძახიან, ევროპაში გვინდაო და პარალელურად რუსეთს ეხუტებიან. მიგრაციული და ეკონომიკური ექსპანსია მიმდინარეობს რუსეთიდან. საქართველოში მედიის დიდი ნაწილი უკვე რუსული პროპაგანდისტული მატრიცით მუშაობს, შეთქმულებების თეორია ვითარდება ხელისუფლების მხრიდან, რომ ევროპასა და ამერიკას ჩვენი ომში ჩათრევა სურთ. მტერი ხარ თუ მეგობარი, ვეღარ გაარკვიეს დასავლელმა პარტნიორებმაც. ჩამოყალიბდი, ვისთან ხარ, ფრონტის ხაზი გატარებულია, აქ მესამე მხარე არ არსებობს, ჩვენ ვართ ან დასავლეთთან, ან _ რუსეთთან. სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს და შენ როდესაც დასავლეთს აბრლებ ომის ინიცირებას, როცა ერთი კაცის ტრანზაქციების პრობლემები თურმე იმიტომ არის, რომ აქ ევროპას უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ამას რომ ლაპარაკობ, რანაირად უნდა დაგიჯერონ ან რანაირად უნდა მოგცენ ავანსად რაღაცები, რატომ უნდა მოგცენ?!

_ ჯოზეფ ბორელის ერთ-ერთი გზავნილი ეხებოდა რეკომენდაციებს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანას 12 რეკომენდაციიდან კიდევ შესასრულებელი აქვს 9 რეკომენდაცია.

მან ასევე თქვა: „არ მოუსმინოთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ დასავლეთს აქ მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ეს ნარატივი რუსული დეზინფორმაციაა“.

მან პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც გამოთქვა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამოც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. რაზე მიუთითებს ევროკომისრის მიერ თბილისში ბრიუსელიდან ჩამოტანილი გზავნილები?

_ ეს არის პრობლემები და კითხვები, რომლებიც ევროპაში ჩნდება ჩვენს რეალურ არჩევანთან დაკავშირებით. ხელისუფლება რიტორიკულად ადასტურებს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მაგრამ თავის ქმედებებით მიდის დინების საწინააღმდეგოდ. რუსეთთან ეკონომიკაში ინტეგრაციაული პროცესების გაძლიერებაზეა აქცენტები გაკეთებული. ჩვენ ხომ გვესმის, რომ იმპერიები რბილი ძალით მოქმედებენ. ეკონომიკური ინტეგრაციაული პროცესის გაძლიერება ერთიან რუსულ სივრცეში, ბუნებრივია, ზრდის რუსეთის გავლენას საქართველოზე. რატომ მივდივართ, რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯებს? _ ეს კითხვები აწუხებთ ევროპაში. მაშინ როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ლობირებს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, შენ კი პრეზიდენტს ყოველგვარი ლოგიკის მიღმა, იმპიჩმენტის პროცედურას უწყებ, როცა ფრენების აღდგენას იწყებ და ამით მიგრაციულ ექსპანსიას კიდევ უფრო აძლიერებ, რითაც რისკებსა და საფრთხეებს ზრდი ქვეყანაში, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება და ამ კითხვებზე ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს პასუხები, ის პასუხები, რაც გააქარწყლებს ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს რუსეთთან. რუსეთი დასავლეთის გაგებით დღეს არის მტერი, რომელიც დასამარცხებელია, შესაბამისად, დასვამენ ევროპელები კითხვებს. აქედან პასუხად იღებენ, რომ თურმე ჩვენთან ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ამას ემსახურება რუსეთთან ინტეგრაცია. საქართველოს ხელისუფლება დასავლეთსა და ევროპას ეუბნება, რომ შენს მტერს ვეხუტები, მაგრამ შენთან მინდა. ასეთი უცნაური ვითარებაა, შესაბამისად, ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ სხვამს ამ კითხვებს და მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, ფოკუსი გაასწორონ, თუ ევროპაში უნდათ და თუ არ სურთ ევროპაში, მაშინ ეს გადაჭრით თქვან. ჩამოყალიბდეს ჩვენი ხელისუფლება, სად უნდათ ჩვენი სახელმწიფოს ხილვა. ასეთი ორმაგი თამაშები რომ არის ევროპა მინდა, რუსეთს კი თვალი უპაჭუნო, შეუძლებელია მსგავსი რაღაც გაგივიდეს დღევანდელ სამყაროში. ბალანსების თეორია დღეს აბსურდია, არანაირი ბალანსი არ არსებობს, არსებობს ფრონტის ხაზი, რომლის ერთ მხარეს არის დასავლეთი, მეორე მხარეს კი _ რუსეთი. ან რუსეთთან ხარ, ან ისწრაფვი დასავლეთისკენ.