ქართული ენერგეტიკა დღეს

ენერგოსფერო საკმაოდ კომპლექსურია და ის რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, ენერგორესური კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელზედაც სახელმწიფოს სიძლიერე და მისი განვითარება მეტწილადაა დამოკიდებული. ეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომელიც ლოგიკურად ამტკიცებს, რომ აუცილებელია ენერგოსფეროს განვითარება და მისი გაძლიერება, რაც პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს სახელმწიფოს გაძლიერებასაც.

ენერგეტიკული პოტენციალის თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ მდიდარი სახელმწიფოა, თუმცა ყოველდღიურად მოქალაქეები ბევრ ყოფით პრობლემას აწყდებიან, რომელიც უშუალოდ ენერგოსფეროს უკავშირდება და იმ ხარვეზებს, რაც ამ სფეროში იჩენს თავს.

რა ძირითადი გამოწვევებია ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე? რამდენადაა დაცული მომხმარებელთა უფლებები? რა კონკრეტული მექანიზმები არსებობს ენერგო კომპანიების გასაკონტროლებლად?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ენერგოომბუდსმენს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს _ სალომე ვარდიაშვილს:

_ რას იტყვით ელექტროენერგიის საფეხუროვან ტარიფულ სისტემაზე და როგორ შეაფასებთ გადახდის ამ ფორმას?
_ ჩვენ ელექტროენერგეტიკაში სამსაფეხუროვანი ტარიფი გვაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოხმარებული კილოვატ საათების მიხედვით ტარიფი განსხვავებულია.
ყველა საფეხურს თავისი შესაბამისი ტარიფი აქვს და კომპანიას უფლება არ გააჩნია, თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს იგი.
თუმცა მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ტარიფის საფეხურის შეცვლა, რაც იწვევს უფრო მეტი თანხის დარიცხვას, ვიდრე გახარჯული ელექტროენერგიაა.
ეს დამოკიდებულია 30-დღიან პერიოდზე, რის განმავლობაშიც აღმრიცხველმა უნდა აიღოს ჩვენება. სწორედ ეს იწვევს ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობას და მოქალაქეების სრულიად სამართლიან გაღიზიანებას.
ჩვენ უარყოფითად ვუყურებთ ამ ფაქტებს და გვინდა, რომ სისტემურად მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა.
ამ დაანგარიშებას აღრიცხვიანობის მიხედვით აკეთებს სპეციალური პროგრამა, რომელიც განსაზღვრა კომპანიამ და პრობლემა სწორედ ამ დაანგარიშების ფორმულაშია, რომელიც ტარიფის საფეხურს ცვლის და შეუსაბამობას ქმნის დარიცხულ გადასახადებში.
ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიებს მოვუწოდებთ, არ დაარღვიოს მომხმარებლების უფლებები და არ გადაახდევინოს მათ იმაზე მეტი, ვიდრე ეს ეკუთვნით.
მოქალაქეებს შეუძლიათ, დარღვევების შემთხვევაში მოგვმართონ, ჩვენ განვიხილავთ ამ საქმეებს ინდივიდუალურად და კონკრეტულ დასკვნას გამოვიტანთ, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, საკუთარი უფლებები დაიცვას და ზედმეტად გადახდილი თანხა დაიბრუნოს.
_ რამდენად ხშირია ამ საკითხზე მომართვიანობა და როგორია დინამიკა, რამდენად შეიცვალა ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში?
_ მიმდინარე წლის მარტში, ფაქტობრივად, ამ საკითხზე ეს იყო რეკორდული მომართვიანობა. ჩვენ ყოველ წელს გვქონდა ეს თემები, თუმცა წელს განსაკუთრებით გაიზარდა ამ პრობლემით დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების რიცხვი.
ეს გამოიწვია იმანაც, რომ გაიზარდა ცნობიერების დონე და უკვე ბევრმა მომხმარებელმა იცის, რომ ჩვენ მათ უფლებებს ვიცავთ და სამართლიანობის აღდგენას ვუწყობთ ხელს.
მომართვიანობა, ძირითადად, დედაქალაქიდანაა, თუმცა რეგიონებიდან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან აქტიურობენ.
_ მრიცხველების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რა მდგომარეობაა ამ კუთხით და რა პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს ეს ტექნიკური ხარვეზი?
_ მრიცხველი თუ ტექნიკურად გაუმართავია, მან შეიძლება მისი მოქმედება შეანელოს და იმდენი ელექტროენერგია არ აისახოს მრიცხველზე, რაც დაიხარჯა ან შეიძლება სწრაფად მუშაობდეს და უფრო მეტს წერდეს, ვიდრე დაიხარჯა.
უფრო ხშირ შემთხვევაში, როცა მრიცხველი ფუჭდება, მისი ფუნქციონირება ფერხდება, ის ანელებს მუშაობას და ნაკლებ ჩვენებას იძლევა, ვიდრე ეს რეალურად გახარჯული ელექტროენერგიაა.
კომპანია ამის აღმოჩენის შემდეგ ამ თანხას აუცილებლად დააკისრებს მომხმარებელს შემდეგ თვეებში, იწერება კორექცია, აქტები და ესეც იწვევს მოქალაქეებში უკმაყოფილებას. ჩვენთან ესეც საჩივრდება.
სწორედ ასეთ საქმეებს განვიხილავთ ინდივიდუალურად, რაც საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა პრაქტიკაში, უმეტესად, ეს საჩივრები მოქალაქეების სასარგებლოდ სრულდება და დაზარალებული ზედმეტად დარიცხულ ან გადახდილ თანხას უკან იღებს.

ანა ურუშაძე