ქართული ბოდიბილდინგი _ საკუთარი სხეულის მართვის ნება

ეპოქა _ განვითარების, ეპოქა _ სიახლეების, ეპოქა _ წინსვლის. XXI საუკუნე მრავალფეროვნების ეპოქაა, რაც სპორტის სახეობების სიმრავლეშიც გამოიხატება. მიზეზთა გამო სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა სპორტის სამშობლო თუ არა, აქტიური მიმდევარი მაინცაა. ბოდიბილდინგი იმ სპორტის სახეობათა რიცხვს განეკუთვნება, რომლის მიმართაც ინტერესი საქართველოში მცირე არ არის.
თუმცა ინტერესის მეტად დასაკმაყოფილებლად ამ სფეროს პროფესიონალების ისტორიებისა და ამბების გაცნობა ნამდვილად იქნება საღი აზრის განვითარება.
განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ პროფესიისა ჩვენს ქვეყანას არაერთი ბოდიბილდერი ჰყავს.

გიორგი ოქროპირიძე მოქმედი ბოდიბილდერია.
ზოგადად, ვარჯიში მან 26 წლის ასაკში დაიწყო:
„ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა და ვარჯიში სირთულეების გადალახვაში ძალიან დამეხმარა. ყველას უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს და, მამაკაცების შემთხვევაში, ფიზიკური ძალის ქონა დიდ როლს თამაშობს, რისთვისაც ვარჯიში აუცილებელია. ჩემს შემთხვევაში უფრო მარტივი იყო: ერთხელაც ავდექი, სარკეში ჩავიხედე და ძალიან არ მომეწონა, რაც დავინახე. იმ წამიდან გადავწყვიტე საკუთარ თავზე მუშაობა და მონაცემების გაუმჯობესება. ჩემი პირველივე ნაბიჯი ძალიან მიზანდასახული აღმოჩნდა. უახლოეს დარბაზში მივედი და მაშინვე შევუდექი საქმეს. თავიდან რას ვაკეთებდი, მეც არ ვიცოდი, რის შედეგადაც არაერთი კურიოზი გადამხდა. ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სახიფათო შემთხვევებიც კი მქონდა საკმაო რაოდენობით.
2016 წელს საქართველოს ჩემპიონატზე კლასიკურ ბოდიბილდინგში, აბსოლუტურ ჩათვლაზე, მეორე ადგილი ავიღე; 2017 წელს, ისევ საქართველოს ჩემპიონატზე, ორ კატეგორიაში კლასიკურ ბოდიბილდინგში გავედი და, ასევე, ორივე კატეგორიაში მეორე ადგილი ავიღე; ამავე წლის ოქტომბერში ქუვეითში, WFF Kuwait cupსაერთაშორისო ჩემპიონატზე ბოდიბილდინგში, კერძოდ, performance კლასში მესამე ადგილი ავიღე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო.
ბოდიბილდინგი სპორტის ყველაზე რთული სახეობაა და რაც უნდა ნიჭიერი და გენეტიკურად პრივილეგირებული იყოს ადამიანი, უზომოდ დიდი შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ზოგადად, დარბაზში ვარჯიში მინიმალურია, რაც შეიძლება, ბოდიბილდერმა გააკეთოს. აუცილებელია საკვების ყოველდღიური რაციონის გამოთვლა, რაც ძალიან ბევრ სირთულეს უკავშირდება, მაგალითად: ჯერ წონასთან, სიმაღლესთან და ასაკთან შეფარდებით კალორიების გამოთვლა; ამის შემდეგ ამ კალორიების სათანადო ოდენობის ნახშირწყლებით, ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით შევსება; შემდეგ საკვები დანამატის ვიტამინების სათანადო დოზირების გამოთვლა; შემდგომ ამ ყველაფრის დროულად მიღება. მე, მაგალითად, არაერთხელ მომსვლია ჭამის დრო მეტროში. ამომიღია ჩემი ქათმის ფილე, ბრინჯი, ბოსტნეული და დამიწყია ჭამა. ხალხის რეაქცია, ალბათ, წარმოგიდგენიათ. მოკლედ რომ ვთქვა, წარმატებული ბოდიბილდერი მედიცინაში, ადამიანის ანატომიაში, დიეტოლოგიასა და სხვა ბევრ საჭირო ცოდნაში არავის ჩამოუვარდება.
ზოგადად, ფიტნესი და ბოდიბილდინგი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში. ეს იმიტომ, რომ მისთვის ასაკი სრულიად უმნიშვნელოა მაშინ, როცა სპორტის სხვა სახეობებში ასაკი დიდ როლს თამაშობს. ბოდიბილდინგში შეგიძლია, 50 წლის ასაკშიც დაიწყო მზადება. ასე რომ, ამ სპორტში მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ვარჯიშობს და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მას საქართველოშიც დიდი მომავალი აქვს“.

გეგა ნადარაია, ამჟამად, მოქმედი ბოდიბილდერი არ არის. ორი წელია, რაც მას არ უასპარეზია:
_ ნებისმიერ დროს შემიძლია, აქტიურ სპორტში ჩავება. სურვილი მაქვს. უბრალოდ, ამისთვის ფინანსებია საჭირო. ქართველ სპორტსმენებს, ასე ვთქვათ, სპონსორი, არ ჰყავთ. ეს იშვიათობაა. ძირითადად, საკუთარ ძალისხმევასა და ფინანსებზე ვართ დაყრდნობილნი. ბავშვობიდან დავკავდი ამ სპორტით, თუ შეიძლება, ამას პორტი დავარქვათ. უფრო, ალბათ, სპორტი, ხელოვნება, ცხოვრების სტილი და წესი, _ ერთად აღებული. მართალია, ამჟამად მოქმედი ბოდიბილდერი არ ვარ, თუმცა ეს მარტო სცენისა და შეჯიბრის არქონით გამოიხატება, დანარჩენი კი ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც ამ სპორტის მიმდევარი ვარჯიშობს _ ვიკვებები სწორად, ყოველთვის ფორმაში ვარ, ვცდილობ, მას პოპულარიზაცია გავუწიო და სცენაზე ვოცნებობ.
_ რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
_ ეს, ალბათ, თავისით მოვიდა, ნელ-ნელა, ბავშვობიდან. ძლიერი მამაკაცის კულტი, ფილმები, გმირები… ჩვენ ხომ გმირების ქვეყანაში ვცხოვრობთ! ყველა მოზარდ ბიჭს, ყველა მამაკაცს უნდა, რომ ძლიერი იყოს და გოგონებს თავი მოაწონოს.
_ როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
_ ადვილი არ იყო: ინფორმაციის ნაკლებობა, ფინანსების არქონა, თუმცა ოცნება, სურვილი, მიაღწიო შედეგს, დიდი მქონდა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, მივიწევდი წინ. მივაღწიე იმას, რაც დღეს ვარ. იმედი მაქვს, კიდევ განვვითარდები და ახალ თაობას დავეხმარები, სასურველს შედარებით იოლი გზებითა და ხერხებით მიაღწიოს. ახალი თაობა ისეთი სულსწრაფია, ყველაფერი სასწრაფოდ უნდა, დღესვე. ალბათ, დროც ამის შესაბამისია. ამ დროისთვის რამდენიმე გზის საქართველოს პრიზიორი ვარ. ამავე დროს, რამდენიმე პრიზიორის მწვრთნელი.
ბოდიბილდინგის პოპულარობა ძალიან დაბალია, თუმცა ახლა მეტად იცნობენ ამ სპორტს. ასე ვთქვათ, ფიტნესი და ფიტნესდარბაზების მომხმარებელთა რიცხვი იმატებს. წელს გაცილებით მოიმატა. აქედან გამომდინარე, მეტი ინფორმაციაა მის შესახებ მომხმარებლისთვის გავრცელებული. ხალხი ვარჯიშობს. უნდა, მავნე ჩვევებს თავი დააღწიოს; ზრუნავს, რომ იყოს ფორმაში, მოიკლოს წონაში და გალამაზდეს. ზოგი წლობით შემორჩება ხოლმე დარბაზს, ძალიან უყვარდებათ ვარჯიში. ბოდიბილდერებს საქართველოში ძალიან უჭირთ. ძირითადი პრობლემა ფინანსებია. პოპულარიზაცია, უფრო მეტად, მოასპარეზეებისა და მათი ახლობლების გარშემო ხდება. ქვეყანაში ცხოვრების დონე, ჯერ კიდევ, დაბალია. ეს სპორტი მხოლოდ იმ ქვეყნებშია კარგად განვითარებული, სადაც ცხოვრების მაღალ დონეა, სადაც მას ყურადღება ექცევა და პროპაგანდა ეწევა.
უკვე ორ წელიწადზე მეტია, ტრენერად ვმუშაობ, თუმცა მანამდეც ვსაქმიანობდი ამ პროფესიით _ ვეხმარებოდი ათლეტებს შეჯიბრისთვის მომზადებაში და, ზოგადად, მოყვარულებს სწორ ვარჯიშსა და კვებაში. ახლა კი ნებისმიერ მსურველს ვეხმარები, ოღონდ მწვრთნელის სტატუსით. ვისურვებდი, რომ ბოდიბილდინგი განვითარდეს და სასურველ სიმაღლეს მიაღწიოს. ამ დროისთვის ეს ოცნებაა. იგი ვითარდება, ოღონდ ძალიან ნელი ტემპით. ისევ იმ ენთუზიასტების წყალობითა და ძალისხმევით, ვინც ამ სპორტში ვარჯიშობს. რაც უფრო მეტი სპორტსმენი და ამ სპორტის გულშემატკივარი გვეყოლება, მით უფრო განვითარდება საქმე, პოპულარიზაცია გაეწევა ლამაზი სხეულის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის, ჯანმრთელი პროდუქტების, სუფთა გარემოს, ბედნიერი ადამიანების არსებობას, ამიტომ ხელშეწყობაა საჭირო სპორტის იმ სახეობისთვის, სადაც ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, სადაც ადამიანი საოცრად ტრანსფორმირდება როგორც ფიზიკურად, ასევე _ გონებრივად! ხელშეწყობა ნებისმიერი ინსტანციიდან!

25 წლის წლის კატო მელაძეც ამავე სპორტის წარმომადგენელია, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ის ბოდიბილდინგში არ ვარჯიშობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სპორტისთვის კატო თავის დანებებას აპირებს. მისთვის ბოდიბილდინგში ვარჯიშის იდეა წინასწარ განსაზღვრულ გეგმას არ მოჰყოლია. იმ დროისთვის ის 20-21 წლის იყო და მისი ბოდიბილდინგური კარიერაც სრულიად შემთხვევით დაიწყო. ვარჯიშის პერიოდში ამ მიმართულებით მომზადება შესთავაზეს და ისიც დასთანხმდა: „ვვარჯიშობდი ჩემთვის, უაზროდ. რასაც მასწავლიდნენ, ზოგადად, იმას ვაკეთებდი. როდესაც ბოდიბილდერობა შემომთავაზეს, იმ პერიოდში რაღაც სიახლე მინდოდა ცხოვრებაში, ჩემი თავის გამოცდა, ამიტომაც ვცადე.
სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კვება და სწორი ვარჯიშია. ეს იყო ის მოცემულობები, რაც, პირველ ყოვლისა, შევცვალე. პირველად 2014 წლის მაისში გამოვედი და საჩვენებელი ჩავატარე, 2015 წლის მაისში კი საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ავიღე.
ბოდიბილდინგი დღევანდელ საქართველოში სპორტის პოპულარული სახეობა არ არის. გარკვეულ ეტაპზე ხალხი მისით დაინტერესდა, თუმცა, უფრო მეტად, ვარჯიშით და არა ბოდიბილდინგით. უმეტესობას დღემდე ჰგონია, რომ თუ ვარჯიშობს, ე. ი. ბოდიბილდინგითაა დაკავებული. ყველაფერს თავისი განრიგი აქვს _ კვებას, ვარჯიშს, დანამატების მიღებას… ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს. მე, მაგალითად, ბოლო თვეს მეგობრებსაც ჩამოვშორდი და ოჯახის წევრებიც მერიდებოდნენ. ძალიან დიდი სტრესია ეს ყველაფერი“.
კატოს ტრენერობის სამწლიანი გამოცდილებაც აქვს. როგორც ის ამბობს, ამ დროისთვის, ქართული ბოდიბილდინგის სამომავლო განვითარებას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ამ სპორტს დიდი დრო დასჭირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ დაიმკვიდროს ადგილი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით: საქართველოში ბოდიბილდინგის ისტორია 1958 წლიდან იწყება, როდესაც რამდენიმე ენთუზიასტმა ვარჯიში დაიწყო. 1993 წელს საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფერედაციის წევრი გახდა, თუმცა, უსახსრობის გამო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ვერ მონაწილეობს. ხსენებულ ფედერაციას რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანაში ის 1987 წლიდან არსებობს, ანუ იმ წლიდან, რაც საბჭოთა კავშირში სპორტის ეს სახეობა დაუშვეს.
დღეისთვის, მსოფლიო მასშტაბით, ნებისმიერ სივრცეში ულევი რაოდენობის დიეტას, რეჟიმსა თუ ვარჯიშის წესს შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოდიბილდინი დიდ მოთმინებასა და ნებისმიერი სახის სიძლიერეს მოითხოვს, უფრო მეტად კი ფსიქოლოგიურ ძალას, რათა პროცესი შედგეს. სიმშვიდით, მოთმინებით, მობილიზებით, ნებისყოფით, ყურადღებითა და დროის სწორი გამოყენებით გიწევს, შექმნა შენი საკუთარი სხეული. ბოდიბილდინგი, პირდაპირი თარგმანით, „სხეულის შენებას“ ნიშნავს.

მარიამ ტიელიძე