“ქართველობას გვართმევენ” ლოზუნგით საქართველოს გვართმევენ…

თითქოს ჩაიარა თემამ და თითქოს ჩაცხრა ვნებები, მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს, რადგან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას ირგვლივ აგორებული სკანდალი თითიდან გამოწოვილია და მას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რომ „ქართველობას გვართმევენ“.

„ქართველობას გვართმევენ“ არის პოლიტიკა და ამ პოლიტიკის გამტარებლები და მიმდევრები იმდენად ცდილობენ სენსიტიურ თემებზე თამაშს, რომ ვერც კი ხვდებიან _ მათი თამაში გაშიფრულია.
„ქართველობას გვართმევენ“ ჩამოსულები, „ქართველობას გვართმევენ“ უმცირესობები, „ქართველობას გვართმევენ“ ლიბერალები, „ქართველობას გვართმევენ“ მთავრობები და, რა თქმა უნდა, „ქართველობას გვართმევენ“ სოროსელები, ანუ ვრცლად რომ ვთქვათ, დასავლეთი გვართმევს ყველაფერს, რაც, თურმე, ჩვენთვის ფასეულია.
ნარატივი იმდენად რუსული, ანუ მტრულია, იმდენად მერკანტილური, ანუ პერსონამდე გშიფრული და დადასტურებული, რომ სასაცილოც კი არის, სატირალი რომ არ იყოს.
„ქართველობას გვართმევენ“ არ არის იდეოლოგია და ვერ იქცევა ამად, რადგან მის „სადარაჯოზე“ მორალურად გადაგვარებული ადამიანები დგანან, რომლებიც არად დაგიდევენ არათუ სხვისი შვილების გინებასა და ლანძღვას, არამედ საკუთარ შვილებსაც აგინებენ დათქმით, თუ მათი დეგრადირებული და ანტისახელმწიფოებრივი სურვილებისა და ქმედებების გამზიარებლები არ იქნებიან.
საქართველოში მოდად იქცა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობების კურთხევა _ პატრიარქთან გაქცევა და დალოცვის მოთხოვნა. მავანთ ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ღმერთისა და ეკლესიის სახელით გააძლიერონ საკუთარი ზრახვები _ ვინ კეთილი და უწყინარი, აღმშენებლობითი, ვინ _ უკეთური, ბოროტი და დამანგრეველი. ჩემთვის უცნობია, დალოცა თუ არა „ქართული მარში“ პატრიარქმა, ან რომელიმე მღვდელმთავარმა, მაგრამ ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან მარშიანელების რიგებში საეკლესიო პირიც იყო.
და აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომელსაც ასე ჯიუტად არ პასუხობს არც ერთი საეკლესიო პირი, ყოველ შემთხვევაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ვიდრე ამ კითხვაზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას, აუცილებელიც კია, ერთი ტერმინი განვმარტო, _ პროპაგანდა.
პროპაგანდა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ფაქტების, არგუმენტებისა და სხვა ცნობათა სისტემატურ გავრცელებას. პროპაგანდა ემსახურება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. პროპაგანდისას ხშირად გამოიყენება როგორც რეალური, ასევე განგებ ცრუ ფაქტები.
კაშიას კონტექსტში სწორედაც რომ განგებ ცრუ ფაქტები გავრცელდა და ინტერპრეტირდა.
დიახ, კაშიას ქმედება პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და ეს პროპაგანდა პირდაპირ გვეუბნება, _ არა ძალადობას! დიახ, არა ძალადობას და მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიმართ არის ეს ძალადობა _ უმცირესობის თუ უმრავლესობის, განსხვავებული ეთნოსისა თუ რელიგიური მრწამსის წარმომადგენლის მიმართ. დავუბრუნდეთ ეკლესიას: როგორც კვლევები გვეუბნებიან, ერთ-ერთ მძლავ ინსტიტუციას, რომლის იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობასაც თითქოს ფეხს უწყობს „ქართული მარში“. სხვადასხვა დისკუსიის დროს არგუმენტებად ეკლესიის შეხედულება გამოიყენეს ლგბტ თემის წარმომადგენელთა წინააღმდეგ.
და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაშიას „აქცია“ ამ თემის წარმომადგენელთა დასაცავად იყო მიმართული, ეს იმას ხომ არ ნიშნავს და ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ეკლესია ვერ ახერხებს საკუთარი, ან უფრო ხატოვნად რომ ვთქვა, ღვთის შვილების დაცვას?
ეკლესიის მსახურნი ხომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ეკლესიიდან განდევნას მოითხოვენ და მათ საკუთარ მრევლად არ მიიჩნევენ?
ეკლესიის მსახურთ ხომ, საჯარო გამოსვლებისას, სიძულვილის გარდა არაფერი ახასიათებთ იმ ადამიანების მიმართ, რომელნიც ღმერთმა თავის ხატად შექმნა და განა, ვინმე იტყვის ან შეუძლია დაასაბუთოს ბიბლიის, წმინდა წერილების მოხმობით, რომ რომელიმე ადამიანის გაჩენაში შესაძლოა, ღმერთი არ ერიოს? განა, თეოლოგიაში არის ასეთი პოსტულატი?
ვის აქვს მახვილის აღმართვის უფლება? კონსტიტუციით გარანტირებული უმთავრესი _ სიცოცხლის უფლება, ხომ იმთავითვე გულისხმობს ბედნიერების უფლებას და ვინ არის ადამიანი, რა ტიტულიც, საზოგადოებრივი წონა თუ მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს, ვინმეს ცალსახად დაუსახოს ბედნიერებისკენ მიმავალი გზა?
ვის და რატომ აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც აღსარებაში ამბობენ, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ტაძრებიდან დევნიდნენ, ან სულაც ვერ ამბობდნენ ამას იმის გამო, რომ შესაძლოა, განკვეთონ?
მით უფრო მაშინ, როცა „ცოდვისადმი“ დამოკიდებულება ეკლესიაში აბსოლუტურად არათანმიმდევრულია.
რატომ? როდესაც ეკლესიის მსახურნი არ პატიობენ სექსუალურ უმცირესობებს, მათ ასევე არ უნდა მიუტევონ სხვა ცოდვის ჩამდენებსაც: თითოეულ ჩვენგანს არ უნდა მიუტევონ ჭორიკნობის, ანუ განკითხვის გამო; ყოველ მეორეს არ უნდა მიუტევონ ბილწსიტყვაობის გამო; ყოველ მესამეს _ ცუდი ზრახვებისა და ფიქრის გამო; ყოველ მეოთხეს _ ქურდობის გამო; ყოველ მეხუთეს _ მშობლებისადმი, ასევე მეუღლისა და შვილებისადმი არასათანადო მოპყრობის გამო; არ უნდა მიუტევონ მკლელობისთვის და ა. შ. ახლა ამას დავამატოთ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური, სასოწარკვეთილება.
და მაშინ მითხარით, აღმოჩნდება კი თუნდაც ერთი უცოდველი ადამიანი ეკლესიის მრევლში და რატომ არ დევნიან ყველას და არ ყრიან ტაძრებიდან?
მაგრამ ეკლესია და მისი მსახურნი ასე რომ მოიქცნენ, მაშინ მართლმადიდებლურ ტაძარში მიმსვლელი ადამიანიც არ იარსებებს, გარდა ბავშვებისა. ეკლესია კი ამ პრინციპულ ნაბიჯზე არასოდეს წავა.
რატომ? პასუხი აქაც მარტივია: ეკლესია სწორედ ამ ცოდვილების შემოწირულობებით არსებობს. თუმცა კითხვა, _ რატომ უხშობს „ცის კარს“ ეკლესიის მსახური მხოლოდ სექსუმცირესობებს და არა სხვა ცოდვილებს, კვლავაც პასუხგაუცემელია.
მხოლოდ იმ ცნობილი „17 მაისის“ შემდეგ ეკლესიაში მრევლის რაოდენობა ხომ მნიშვნელოვნად შემცირდა და ამაზე ეკლესიის მსახურნიც საუბრობენ, მართალია ჩუმად, მაგრამ, რეალურად, მათივე წახალისებული თუ დაგეგმილი ძალადობის შედეგს ათვითცნობიერებენ. მაგრამ ასეთები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერაც ცოტანი არიან. სხვები კი სხვა ინტერესებისთვის (მეტწილად _ პირადისთვის) იბრძვიან.
უცოდველი ხომ არც არავინ არსებობს და რის საფუძველზე შეგვიძლია დავუშვათ, რომ სექსუმცირესობების წარმომადგენლებში არ არის ღვთის სიყვარული, რწმენის არსებობის მოთხოვნილება და, საერთოდ, რა შუაშია ორიენტაცია, როდესაც ადამიანს სწამს? მეტყვით, _ თუ სწამს, მაშინ ასე ნუ ცხოვრობსო. გპასუხობთ, _ თქვენ რომ გწამთ, რატომ კლავთ, რატომ მრუშობთ, რატომ განიკითხავთ, რატომ მრისხანებთ, რატომ ამპარტავნებთ? თუ ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდია, მაშინ ვის აქვს უფლება, სხვისი ცოდვა წონოს?
ვინ მისცა ეკლესიის მსახურს იმის უფლება, განიკითხოს და მეტიც, _ განსაჯოს, თუ ვინ არის ღირსი, დახმარებისთვის უფალს მიმართოს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ან არ ეშინოდეს, ან არ ეზიზღებოდეს რაიმე, რაც ჩვენ ირგვლივაა. ვიღაცას ეშინია ცეცხლის, მაგრამ ცეცხლი ათბობს, ეშინია წყლის, მაგრამ იგი მაცოცხლებელია, ეშინია გველის, მაგრამ მისი შხამისგან დამზადებულ წამალს იღებს, ეშინია წურბელის, მაგრამ სამკურნალოდ იყენებს, ვერ იტანს და ეზიზღება ჭია-მატლი, ცალკეული მწერი, ცხოველი და ათასი რამ… მაგრამ, განა, ისინიც ღმერთმა არ შექმნა?
თუ უფალმა იცის, რისთვის მისცა არსებობის უფლება დედამიწის ყველა ბინადარს, მაშინ მანვე იცის, რატომ არსებობენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. _ სოდომიო! _ იტყვის ვიღაც. სოდომში, სავარაუდოდ, სიყვარული ვერ ნახა ღმერთმა, დიახ, მის ბინადრებში საკუთარი თავი ვერ იპოვა და იმიტომაც აღგავა პირისგან მიწისა.
მაგ ლოგიკით, ქარვასლად ქცეულ ტაძარს რა დამართა იესომ, თუ ახსოვს ვინმეს? შესაბამისად, რა არის „კანონიერი“ და რა _ „უკანონო“, ამას უფალი განსჯის.
ღმერთი თავად წყვეტს, ვისი სანთელი უფრო გულწრფელად იწვის. მით უფრო, რომ იმ გეის თუ ლესბოსელის გვერდით ტაძარში ასევე ცოდვილები: მკვლელები, ქურდები, მრუშები, ამპარტავნები, შურიანები, ანგარებით აღსავსენიც და ა.შ. დგანან.
თუ ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ვართ საზოგადოება, გვაქვს იმის ამბიცია, რომ გვსურს უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც ჩვენი ასაშენებელია, უმთავრეს რამეს უნდა მივხვდეთ, _ ვინ არის მტერი?
მტერი ვერაფრით იქნება კაშია, ნანუკა, ნინო ზაუტაშვილი (და ა.შ.) და არაერთი ქართველი, რომელიც ამბობს, _ არა ძალადობას! მტერი ვერ იქნება თუნდაც უმცირესობის ის წარმომადგენელი, რომელიც თავისი ნიჭის, შესაძლებლობების, გონიერების, სიბეჯითისა და შრომისმოყვარეობის ფარგლებში: წერს, ხატავს, ქმნის, მუშაობს მუშად თუ მიმტანად, აშენებს, ძერწავს, მღერის, მსახიობობს, თამაშობს, იბრძვის, იცავს სამშობლოს, ემსახურება ხალხსა და ქვეყანას. მტერია ის, ვინც დედას, მამას, დას-ძმას მოსვენებას უფრთხობს, აშინებს, მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს, ლანძღავს იმის გამო, რომ მისი შვილი თუ ოჯახის წევრი „განსხვავებულია“; მტერია ის, ვინც ღიად თუ ფარულად აბულინგებს ამ ადამიანებს, ძალადობს მათზე და კლავს კიდეც; მტერია ის, რომლისთვისაც „გეი“ უმთავრესი პრობლემაა და არა მშიერი ბავშვი, ცოლზე მოძალადე ქმარი, ოჯახებიდან გამოყრილი ათასობით ჩვენი თანამემამულე, ქუჩაში ხელგაწვდილი ადამიანები და სულაც _ თბილისიდან ორმოციოდე კილომეტრში მდგომი ოკუპანტი.
მტერია ის, ვინც აცხადებს: „ქართველობას გვართმევენ“ და სულაც არ ანაღვლებს, რომ საქართველოს გვართმევენ!
დიახ, თითქოს ჩაიარა თემამ და თითქოს ჩაცხრა ვნებები, მაგრამ ცხადია, რომ ნამდვილად გვართმევენ საქართველოს, „ქართველობას გვართმევენ“ ლოზუნგითა და ქმედებებით. ამათზე დიდ მოკავშირეს ვერც ერთი მომხდური ინატრებდა.

კოკა წერეთელი