ქართველი კემბრიჯელი და საქართველოში დაბრუნებული ფიზიკოსი

საამაყო და წარმატებული ქართველების აღმოჩენით დაინტერესებულ „ქრონიკა+“-ს დღეს მორიგი უნიჭიერესი ახალგაზრდა ეწვია…
უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც წარმოშობით ზუგდიდის რაიონიდანაა, ბავშვობიდან მათემატიკისა და ფიზიკის სიყვარულმა ჯერ კომაროვის სკოლამდე, შემდეგ უტრეხტის უნივერსიტეტამდე, მას მერე კემბრიჯამდე, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტამდე მიიყვანა. ამჟამად ის კვლავ საქართველოშია და 25 წლის ახალგაზრდა ამჯერად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტი გახლავთ.

დღეს ფიზიკოს მიშა გელენავაზე გიყვებით _ ადამიანზე, რომელიც სულაც არ ფიქრობს, რომ მისი ისტორია გამორჩეულია, კემბრიჯში ხომ 20 ათასი სტუდენტი სწავლობს. იმაზე კი არ ამახვილებს ყურადღებას, რომ სამეგრელოდან იქ წასული და ფიზიკაზე შეყვარებული ადამიანები ბევრნი არ არიან და მისი თავგადასავალიც ცალსახად საინტერესოა…
ისტორია, რომელიც როკისა და ფიზიკის სიყვარულმა გააერთიანა, წლების წინათ, ჯერ კიდევ, სტატიის მთავარი გმირის სკოლაში ყოფნის პერიოდში დაიწყო:
„ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა. მამაჩემი სოფლის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელია და ადრეულ ასაკში მქონდა წვდომა მათემატიკის წიგნებთან, რათა ცოდნა გამეღრმავებინა. შემდეგ მონაწილეობა მივიღე მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში და წარმატებით გადავლახე, თუმცა დასკვნით ტურში მივხვდი, რომ იმ დონეს ვერ ვაკმაყოფილებდი. გადავწყვიტე, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავსულიყავი. კომაროვში ისევ გავაგრძელე მათემატიკის ოლიმპიადებში მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც ეროვნულ ოლიმპიადაში თანატოლებს შორის, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შერჩეულ ექვსკაციან ნაკრებში ვერ მოვხვდი საკუთარი დასანანი შეცდომის გამო და ძალიან დამწყდა გული. ამის პარალელურად უფრო და უფრო ვინტერესდებოდი ფიზიკით და მათემატიკაში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ გადავწყვიტე, ფიზიკის ოლიმპიადებისთვის მეტი ყურადღება დამეთმო. შედეგად ორჯერ მივიღე მონაწილეობა ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ამის შემდეგ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია…
ჩავაბარე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო თეორიული ფიზიკის საზაფხულო სკოლაში, რომელიც ჰოლანდიაში, უტრეხტის უნივერსიტეტში იმართებოდა. დაფინანსება ქართული უნივერსიტეტისგან მივიღე და ჰოლანდიაში გავემგზავრე. იქ მალევე მივხვდი, რომ ჩემი განათლება არ ჩამოუვარდებოდა საკმაოდ დიდი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტებისას. იქ გაცნობილი ორი მეგობარი კი კემბრიჯის უნივერსიტეტში აპირებდა სამაგისტრო პროგრამაში აპლიკაციის გაგზავნას. მათი და დანარჩენის რჩევით გადავწყვიტე, მეც ბედი მეცადა. მართლაც, საქართველოში დაბრუნებისთანავე ოფიციალური აპლიკაცია გავამზადე და 2014 წლის იანვრის ბოლოს შოკისმომგვრელი წერილი მომივიდა, _ კემბრიჯის უნივერსიტეტში მიმიღეს! თუმცა სწავლა ძვირი იყო და ჩემს ოჯახს მისი საფასურის დაფარვა არ შეეძლო. ამ დროს განათლების სამინისტრომ უცხოეთში სწავლის მსურველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის შესახებ გამოაცხადა, მეც შევიტანე განაცხადი და მივიღე კიდეც დაფინანსება. 2014 წლის აგვისტოში კემბრიჯში გავემგზავრე, სადაც ერთი წელი დავყავი და საბოლოოდ საქართველოში მაგისტრის ხარისხით დავბრუნდი, რომელსაც თან ახლდა დიდი გამოცდილება და ახალი ცოდნა. 2016 წლის გაზაფხულიდან დავიწყე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლა, თუმცა ერთი წელი გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში გავატარე, სადაც ვიზიტორი სტუდენტის სტატუსით ვიყავი და ერთწლიანი კვლევითი პროექტი განვახორციელე, რომელმაც საბოლოოდ სტატიის სახე მიიღო და Physics Journal-ში გამოქვეყნდა“, _ ამბობს მიშა.
როგორც იხსენებს, ცხოვრებაში სირთულეები 13 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა მშობლებისგან მოშორებით ცხოვრება მოუწია, თუმცა საქმე იმან გაუადვილა, რომ საკუთარ, ერთი წლით უფროს ძმასთან უწევდა ცხოვრება. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და მარტო ცხოვრებას შეეჩვია, მაინც ენატრება მშობლები, რომლებიც კვლავ სამეგრელოში არიან… ამ ეტაპზე ოფიციალურად მათემატიკის მაგისტრის ხარისხს ფლობს, მაგრამ თავმდაბლობით ამბობს, რომ რეალურად საკუთარ თავს მათემატიკოსს ვერ დაარქმევს. გვიმხელს იმასაც, რომ მეცნიერება ისეთი რამაა, ყველა კოლეგა შენი კრიტიკოსი გამოდის. ამ ეტაპზე კი მის სამეცნიერო ხელმძღვანელს მოიაზრებს მთავარ კრიტიკოსად.
ყველაზე დიდ სიამოვნებას ფიზიკის გამოთვლები და ფეხბურთის ყურება ანიჭებს. ხუმრობით იმასაც აღნიშნავს, რომ ისინი ზოგჯერ ერთმანეთს ხელს უშლიან კიდეც, განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატია, მიშას კი საქმე თავზე საყრელად აქვს.
არაფერი ენანება საყვარელი ადამიანებისთვის, _ მათთვის, ვინც მიშასთვის განსაკუთრებულად ღირებულია!
ამბობს, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მისდამი ინტერესი და შრომაა. უნდა გიყვარდეს და გაინტერესებდეს რასაც აკეთებ, მაგრამ როგორც არ უნდა გიყვარდეს, ყველა საქმეს მოსდევს რუტინული ნაწილი, რომელიც გეზარება და საჭიროა, მაინც აკეთო, ამიტომ მთავარია, ინტერესი არ დაკარგო და სვლა განაგრძო, _ გვარიგებს ახალგაზრდა მეცნიერი!
აფასებს ადამიანის ღირსებას და განსაკუთრებულად _ პასუხისმგებლობის გრძნობას. ამ უკანასკნელს კი ყველა საქმისთვის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს!
იხსენებს, რომ ჰქონია რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც უნანია, თუმცა გვიხსნის, რომ თუ ასეთ რაღაცას შეცვლი, მერე ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვლება:
„მაგალითად, ჩემმა დასანანმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ის, რომ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ნაკრებში ვერ მოვხვდი სკოლაში სწავლის დროს, თუმცა მაშინ რომ ეგ შეცდომა არ დამეშვა, შეიძლება ახლა ფიზიკოსი არ ვყოფილიყავი“.
აღიზიანებს, როცა ადამიანები ხშირ შემთხვევაში სხვას ასწავლიან რაიმეს ან ჭკუას არიგებენ და ამ დროს თვითონ არ ესმით ის კონკრეტული რამ.
ყოველთვის რაც ენანება, ეს დროა _ მისი ყველა ინტერესი 24 საათში არ ეტევა: „ზოგჯერ კარგი შეგრძნებაა, როცა იღვიძებ და იცი, რომ არანაირი მოვალეობა არ გაქვს. თუმცა ეს იშვიათობაა და ასეც უნდა იყოს, მერე მომაბეზრებელი ხდება და თვითონ ავალებ თავს რაღაცას“.
თავისუფალ დროს ძირითადად სპორტს უყურებს. თამაშობს ინტელექტუალურ თამაშსაც „რა? სად? როდის?“ იგი ძირითადად იმ სკოლაში ტარდება ხოლმე, რომელსაც მათემატიკის მომძლავრებული სიყვარულის გამო მიაკითხა.
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მაქსიმუმის კეთებისკენ ისწრაფის, მაინც ამბობს, რომ რეალისტია. ესმის, რომ კონკურენცია ძალიან დიდია და პირველობაზე ფიქრი მომგებიანი არაა ხოლმე. გვიხსნის, რომ უფრო საკუთარი მაქსიმუმის გამოყენებაზე უნდა იფიქროს ადამიანმა და ამით უკეთეს შედეგს მიიღებს.
როგორც აღვნიშნეთ, ახალგაზრდა ფიზიკოსს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მუსიკასთან… უყვარს და უსმენს როკს, ძირითადად კი 70-იანი წლების შემოქმედებას, ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა Led Zeppelin, Genesis, Jethro Tull და ბევრი სხვა.
ყოველი ახალი გათენებული დღე მისთვის ახალ 18 საათს უდრის დაძინებამდე და ეს ის დროა, როდესაც შეიძლება ერთ დღესაც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გააკეთოს ოდესმე!
ოცნებობს მაქსიმალური წარმატების მიღწევაზე საკუთარ პროფესიაში, სწორედ ამიტომ მისაბაძად მიიჩნევს ყველა ადამიანს, ვინც საკუთარ პროფესიაში ბევრს შრომობს და წარმატებას აღწევს. მის სფეროში ამ მხრივ ბევრი გამორჩეული ადამიანი ჰყავს, ისტორიული პიროვნებაც და მოქმედი მეცნიერიც.
გულწრფელად გვიტყდება, რომ მისი აზრით დღეს ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო სფეროს პრობლემა დაკავშირებულია ქვეყნის პრობლემასთან. ამბობს, საპასუხისმგებლო პოზიციები არაკომპეტენტურ ადამიანებს უჭირავთ და ამის მოსაგვარებლად კომპეტენტურ ადამიანებს უნდა მიეცეთ საკუთარი ცოდნის გამოყენების საშუალება.
მიშა ამბობს, რომ ის საქმე, რასაც აკეთებს, მისთვის ცხოვრების ინტერესია, რომლის დაკმაყოფილებაც განსაკუთრებულად დიდი მონდომების, ბევრი მუშაობისა და დაუღალავი შრომის წყალობით უწევს.
როდესაც კითხვა თავისუფლებაზე მიდგა, სტატიის მთავარმა გმირმა გვითხრა: იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლება ძალიან რთული თემაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს მისი სხვადასხვა ხარისხი, ამიტომ საკუთარ თავზე ამბობს, რომ მეტწილად თავისუფალია.
კითხვაზე კი რას მოიაზრებს ეს ცნება მისთვის, პასუხობს:
„როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან რთული საკითხია. ფიზიკაში როცა სხეულების მოძრაობას ვსწავლობთ, ვწერთ ე. წ. ბმის განტოლებებს, ანუ ვწერთ განტოლებებს, რომელიც აღწერს ყველანაირ შეზღუდვას, ისინი განსაზღვრავენ ამ სხეულის მოძრაობის ტრაექტორიას. იგივე მეთოდით თუ მივუდგებით ადამიანებს და იმ ფაქტორებს შევხედავთ, რომელიც განსაზღვრავს მათ მოქმედებებს, ვნახავთ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი არავინაა. თუნდაც ის, რომ საკუთარი სირცხვილის გრძნობა გიზღუდავს ქუჩაში შიშვლად გავლის საშუალებას ან მორალი არ გაძლევს უფლებას, ადამიანი მოკლა. არიან ბმები, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის თავისუფლებას. თუმცა როცა თავისუფლებაზეა საუბარი, როგორც წესი, შემოიფარგლებიან მხოლოდ გარეშე ფაქტორებით, ანუ თუ არავის მონა არ ხარ, ე. ი. თავისუფალი ხარ, რაც შეზღუდული შეხედულება მგონია“.
ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა ბავშვი აღარაა, თუმცა, მისი თქმით, ზოგჯერ ჯერ კიდევ გრძნობს ხოლმე თავს ბავშვად, ამიტომაც იმ ადამიანებისთვის გულდასაწყვეტად, რომელთაც ასე სურთ მიშას დაოჯახება, ამის პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მთავარი ინტერესიც და საკუთარი თავიც უკვე ნაპოვნი აქვს!
რაც შეეხება ადამიანების მისიას, არ ფიქრობს, რომ ადამიანი ვინმესგან დავალებული მისიით იბადება, თუმცა ფიქრობს, რომ როგორც წესი, ადამიანები იღებენ ხოლმე მას საკუთარ თავზე, მაგალითად თუ შვილს გააჩენ, მისი სწორად გაზრდის მისიას ავტომატურად იღებ.
იბრძვის ბედნიერებისთვის! ცხოვრების აზრსაც ბედნიერების პოვნაში ხედავს… ამბობს, რომ ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე სინანული არ უნდა გქონდეს იმის, რაც ახალგაზრდობაში გააკეთე ან არ გაგიკეთებია.
კითხვაზე, აქვს თუ არა მაქსიმალური წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში, პასუხობს:
„ჩემს სფეროში ძნელია სტატიკურობა. ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი და მოწინივე ქვეყნებიდან ხალხი სხვა ქვეყნებში მოძრაობს, რათა წარმატებას მიაღწიოს. მუდმივად საქართველოში გაჩერებით პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა სასურველია საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება და მომავალი თაობის აღზრდაში მონაწილეობის მიღება“.
პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებს, ღირსება და პატიოსნებაა, ამიტომ გვიხსნის, რომ რაღაცას პატიოსნად და შენით უნდა მიაღწიო, თორემ დაუმსახურებლად მიღწეული წარმატება კმაყოფილების გრძნობას არ ტოვებს.
არ ფიქრობს, რომ რამე გამორჩეული ან განსაკუთრებული თვისება აქვს, რასაც სხვა არავინ ფლობს. მიშაც თავისი ყველა თვისების ერთობლიობაშია უნიკალური, როგორც ყველა სხვა ადამიანი.
რომ არა ფიზიკოსი, იქნებოდა მათემატიკოსი. ამბობს, რომ ნამდვილი მიშა გელენავა ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია და ყველაფერი აინტერესებს.
დოქტორანტურის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ წასვლას გეგმავს პოსტდოკად (რაც დოქტორის ხარისხის მქონე პირს გულისხმობს, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე ახორციელებს კვლევას და ემზადება აკადემიური პოზიციის დასაკავებლად). რა თქმა უნდა, მეცნიერებაში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას.
ადამიანები, რომელთა იმედიც მუდმივად აქვს, არიან ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. ისინი მუდმივად გვერდით უდგანან.
ახალგაზრდა ფიზიკოსის ყველაზე დიდი სიმშვიდე სახლში ყოფნაა.
კითხვაზე, შანსი რომ ჰქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდა, პასუხობს:
„არ მიყვარს სხვა ეპოქების რომანტიზება. მჯერა, რომ ადამიანების ცხოვრების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე და ადრე რომ მეცხოვრა, ბევრ ისეთ რამეზე მომიწევდა უარის თქმა, რაც ახლა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ქვეყანას რაც შეეხება, საქართველო ნამდვილად არაა იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად, მაგრამ სხვა ქვეყნიდან რომ ვყოფილიყავი, სხვა ადამიანი ვიქნებოდი, ასე რომ, იყოს მაინც საქართველო“.
საუბრისას არ იყენებს ვინმეს „ბრძნულ“ გამონათქვამს, რადგან არ უყვარს სხვისი სიტყვებით ლაპარაკი, ამიტომ გზავნილიც საზოგადოებისთვის მარტივი და ნამდვილად საჭირო რამ აქვს _ მოვუსმინოთ ერთმანეთს!

ნინო ტაბაღუა