ქართველი ემიგრანტის მიერ დადგმული და დანახული „ოთარაანთ ქვრივი“

გიორგი საკარული
„ჩვენ დავბრუნდებით!“ _ ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ლიტერატურულმა თეატრმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით „ოთარაანთ ქვრივი“ დადგა. სპექტაკლის რეჟისორი თბილისიდან მიწვეული გეგა ქურციკიძე გახლდათ.

თეატრის დამფუძნებლის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა. სპექტაკლში მთავარი როლი თავად მანანა ხორბალაძემ შეასრულა. ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ინსცენირებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან ჩასულმა მოყვარულმა მსახიობებმაც.
ეს არ იყო მხოლოდ „ოთარაანთ ქვრივი“, სპექტაკლის ტრაგიკული ფინალი არ არის მხოლოდ გიორგის დატირება. „ოთარაანთ ქვრივის“ სახით, ქართველი დედა და სამშობლო დასტირის დაკარგულ შვილებს. შვილებს, რომლებიც უცხო მიწაზე გადაიხვეწნენ სარჩო-საბადებლისთვის, თუმცა შინ ვეღარ დაბრუნდნენ.
„ეს არ იყო მხოლოდ „ოთარაანთ ქვრივი“, ეს იყო ჩემი გულიდან ამოძახილი. ღმერთის, სამშობლოს, მოყვასის სიყვარული, რომელიც ფურცელზე გადავიტანე და სცენაზე გავაცოცხლეთ. არ მინდოდა მხოლოდ დრამა და ტრაგიზმი ყოფილიყო, ამიტომ ნაწარმოებში ცოტა გადახვევა გავაკეთე და ფერები შევმატე. ვფიქრობ, ილია მართალი არ გამინაწყენდებოდა. იმ ეპოქაში მყოფი ჩვენი მრავალჭირვარამ გამოვლილი სამშობლოს ტკივილი დღევანდელობას მივუსადაგე. ხიდჩატეხილობას გავემიჯნე და ხიდების გადება გადავწყვიტე . აქ, ჩვენი პატარა საქართველოდან, ჩვენს სათაყვანებელ სამშობლომდე, რომელიც ხატად და სალოცავად გაგვიხდია და ღმერთთან გაგვიიგივებია. სწორედ ამ გადებული ხიდებით შემოვიკრიბეთ გარშემო უცხო მიწაზე მიმოფანტული ნიჭიერი ახალგაზრდები, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულები, რათა ერთად ვაშენოთ აქ ჩვენი პატარა საქართველო“, ამბობს თეატრ „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებელი, ემიგრანტი მანანა ხორბალაძე.
თეატრის დამფუძნებელმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან გააერთიანა ემიგრანტები. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქართულ ბრენდ „მარიგოლდის“ დამფუძნებელი, თამარ ნადირაძე, რომელიც თავადის ქალს თამაშობდა.
„დავიწყებ ცოტა შორიდან: ქალბატონი მანანა ხორბალაძე გავიცანი თბილისში, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა რუსთველის თეატრში. ამ დაჯილდოებაზე იყვნენ წარმატებული ემიგრანტები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან და მხვდა ბედნიერება წილად, ბევრი კარგი ადამიანი გამეცნო და დავმეგობრებულიყავი მათთან. სწორედ ქალბატონმა მანანა ხორბალაძემ მითხრა, რომ 29 ოქტომბერს ვდგამ სპექტაკლს და გამომდინარე იქიდან, რომ შენ კინოსა და თეატრის ასეთი დიდი მოყვარული და მეცენატი ხარ, მინდა მიიღოთ ამ სპექტაკლში მონაწილეობაო… მომიწევდა თავადი ქალის როლის შესრულება. მიმიწვია ანტვერპენში. სპექტაკლი მართლაც ძალიან საინტერესოა, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით, მაგრამ იმისთვის, რომ ცოტა მეტად წარმოედგინა იქაური ქართველობა, იქაური ბავშვების ნიჭიერება, თავისი ინტერპრეტაციაც მისცა ამ ყველაფერს და დიდი სული ჩადო, რომ გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა“, _ აღნიშნა თამარ ნადირაძემ.
რაც შეეხება მანანა ხორბალაძეს, ის უკვე წლებია, ემიგრაციაშია. იმისათვის, რომ ქართული სული და გენი არ დაკარგულიყო, გადაწყვიტა, თეატრი გაეხსნა, ესწავლებინა ბავშვებისთვის ქართული და მუდამ ქართული საქმე ეკეთებინა.
„მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი გარკვეული წლების წინათ იძულებული იყო, წასულიყო და დაეტოვებინა საქართველო, რადგან მან 43 ოპერაცია გაიკეთა. ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გახლდათ წასული და როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, პატრიარქთან მივიდა და უთხრა: „მე დავბრუნდი“, მაგრამ პატრიარქმა უთხრა, რომ ის ისევ უკან დაბრუნებულიყო, რადგან მის ჯანმრთელობას სჭირდება სწორედ ის ქვეყანა, თუმცა აქვე პატრიარქმა დასძინა, რომ როცა კარგად გახდები, გახსოვდეს, აუცილებლად გააკეთე რაღაც ქართული საქმეო და ქალბატონმა მანანამ გადაწყვიტა, დაეარსებინა თეატრი, ესწავლებინა ბავშვებისთვის ქართული ენა და ასეც ქნა. უკვე 9 წელია, რაც ეს თეატრი არსებობს და ამ დროის მანძილზე 10-მდე სპექტაკლი აქვს დადგმული“, _ გვითხრა თამარ ნადირაძემ.
სპექტაკლში რეჟისორი მაქსიმალურად ეცადა გადმოეცა ის დიდი ტკივილი, მონატრება და რეალობა, რაც დღეს აქვთ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს, თანაც ძალიან ბევრი საკუთარ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და უცხო მიწას მიაბარეს.
„ეს იყო სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით, თუმცა ცოტა გადახვევებით. როგორც ქალბატონი მანანა ამბობს: „ამ სპექტაკლის ტრაგიკული ფინალი არ არის მხოლოდ გიორგის დატირება, ოთარაანთ ქვრივის სახით ქართველი დედა და დედა სამშობლო დასტირის დაკარგულ შვილებს, რომლებიც უცხო მიწაზე გადაიხვეწნენ სარჩო-საბადებლისთვის და ისინი ვეღარ დაბრუნდნენ. ძალიან ბევრმა დედამ ვერ დაიტირა საკუთარი შვილი, აი, ამ საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი. გადმოსვენება, მოგეხსნებათ, სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული და საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უპატრონოდ არის დაკრძალული უცხო ქვეყნის მიწაზე _ აი, ეს ჩადო დედააზრად, აი, ეს იყო მისთვის მთავარი სათქმელი და სატკივარი. „შვილო, წამიხველ და აღარ მოხველ“, _ ამ სიტყვებით დაამთავრა მან ეს წარმოდგენა.
სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის ახალგაზრდები ჩამოიყვანა ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და თითქმის ევროპის ყველა ქალაქიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ეს ხალხი გააერთიანა და თითქოს ხიდი გადო ერთიანობის გაფანტულ ქართველებს შორის. ოთარაანთ ქვრივის როლი თავად ქალბატონმა მანანამ შეასრულა და იმდენად ემოციური იყო მისი შესრულებით ეს ყველაფერი, რომ სპექტაკლის ბოლოს მთელი დარბაზი ტიროდა, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ნიკოლოზ ხომასურიძემ აღნიშნა, რომ ვერიკო ნაჯაფარიძის შემდეგ, ალბათ, ერთ-ერთი უძლიერესი შესრულება იყო და იმავე წამს თქვა, რომ ჩემთვის დღეს ახალი ოთარაანთ ქვრივი დაიბადაო“, _ დასძინა „ქრონიკა+“-თან საუბრისას თამარმა.
ამასთან, ბავშვობის ოცნება აიხდინა თამარ ნადირაძემაც. როგორც ჩვენთან საუბრისას ჰყვება, ის მთელი ცხოვრება სცენაზე იდგა, თუმცა მსახიობის ამპლუაში მას ახლა მოუწია ყოფნა და თავს ბედნიერად გრძნობს.
„3 წლიდან სცენაზე ვდგავარ, ჩემი ოცნება იყო, სარეჟისორი-სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ მამა გახლდათ წინააღმდეგი. დღემდე მაქვს განცდა, რომ რაღაც დამრჩა ჩემში დაუხარჯავი ენერგია. შეიძლება ითქვას, ეს ოცნება ახლა ავიხდინე და სწორედ იმიტომ დავთანხმდი სიამოვნებით, რომ ამ სპექტაკლში მეთამაშა“, _ თქვა თამარმა.
თამარ ნადირაძეს გული წყდება, რომ მსგავსს საქმეს უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, კულტურა არის ის სფერო, რომელიც საქართველოს მთელ მსოფლიოში წარმოაჩენს საუკეთესოდ.
„ქალბატონი მანანა ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული კულტურა უჩვენოს მსოფლიოს, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება, მეტი მხარდაჭერა, მნეტი მეცენატი და ბევრი კარგი რამ აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ყველაფერი მაინც მიდის ბიუჯეტამდე. გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი კარგი, ნიჭიერი ქართველი დავკარგეთ. როდესაც გახლდით ამერიკაში, მილენიუმის თეატრში გაიმართა ძალიან დიდი ღონისძიება. ეს იყო ქართული გენის, ტრადიციის, კულტურისა და ისტორიის ზეიმი. დღეს ცხოვრება ისე შეიცვალა, საათ-ნახევრის შემდეგ ღონისძიების ჩატარება ყველას უჭირს, დარბაზს ტოვებენ და ცარიელი რჩება, თუმცა ჩვენი ღონისძიება მიმდინარეობდა 4 საათ-ნახევარი.
ემიგრანტები 27 წელია, უკვე იქ ცხოვრობენ. ყველა შტატში ქართული სკოლაა გახსნილი. არ ვიცოდი, რომ ამდენი ქართველი ცხოვრობდა, ბევრი რამ გავიგე მათ შესახებ. მარტო 350 ქართველი ექიმია შეერთებულ შტატებში. უნიჭიერესი თაობაა, შეიძლება დაბრუნდნენ მათი მშობლები, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ საქართველოში. საქართველოსთვის ეს უნიჭიერესი ახალგაზრდები დაკარგულია და ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. მე პირადად ძალიან მწყდება გული.
ჩვენ იმაზე დიდი განძი, როგორიცაა ქართული კულტურა, ტრადიცია და ისტორია, არ გაგვაჩნია. უძველესი და უძლიერესი ერი ვართ ამ მხირვ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ნიშა. ამას წინათ უცხოელ პოლიტოლოგს ვუსმენდი და მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ და პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ კულტურასა და ტრადიციებს, ეს არის ძალიან დიდი ისტორიის, კულტურისა და ტარადიციების მქონე ერი და აი, ამით შეუძლიათ მათ მსოფლიოში იყვნენ პირველები, ეს არის მათი დიდი საგანძური და ეს თემატიკა უნდა წამოწიონ ყოველთვის პირველ პლანზე.
„მარი გოლდის“ გათანამედროვებული ქართული თემა წარმოვადგინეთ, სკამაოდ დიდი კოლექცია იყო სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაახლოებით 20-მდე კოსტიუმი იყო, რომელიც მოირგეს ერთ-ერთი ქართული კულტურის ცენტრ „ფესვების“ ბვშვებმა. შემდგომში მანჰეტენზე კლიპიც გადაიღეს ამ ფორმებით და როცა თაიმს სქვერზე ასე გავიდნენ, არ იცით, რა ხდებოდა: ყველა, თუკი ვინმე ქუჩის ოპერატორი, ფოტოგრაფი თუ უბრალოდ უცხოელი იყო, ფოტოს უღებდა და ყველა დაინტერესებული უყურებდა ჩვენს ქართველობას.
ერთ-ერთმა მითხრა, _ ეს რომელი ჯორჯია არისო, ამერიკულიო? _ არ იცით, რა მოხდა, შინაგანად ცეცხლი წამეკიდა და, ალბათ, ეს იყო იმის საფუძველი, რომ შემდეგ გამეკეთებინა „ბრენდ ბუქი“, სადაც არის ანოტაციები საქართველოს ყველა კუთხეზე და ჩვენივე გათამედროვებული სამოსია წარმოდგენილი. შვეიცარიაში, სტრასბურგში, გერმანიაში, იტალიასა და ყველგან წარმოვადგენდით, განსაკუთრებით, დიდ შეხვედრებზე. როდესაც ფოიეში იყო შესვენება, გამოდიოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეცნობოდნენ, ყველას ვუხსნიდით და მიჰქონდათ ინტერესით და ეცნობოდნენ ჩვენი ქყევნის ისტორიას, კულტურას. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემი პატარა აგური დავდე საქართველოს კულუტურისა და ისტორიის სადიდებლად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ იქ მყოფი ქართველებიც, თუნდაც ანტვერპენშიც, ვინც ახლოს არის ამ სფეროსთან, კულტურასთან, მაქსიმუმი გავაკეთოთ საქართველოს სადიდებლად. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეიძლება ჩვენი კულტურისა და ისტორიის წარმოსაჩენად“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს თამარ ნადირაძემ.