ქართველი არქიტექტორ-დიზაინერი 5 პროფესიითა და პარიზული განათლებით

ქართველ ახალგაზრდას, რომელიც პარიზში მსოფლიოს 30 საუკეთესო არქიტექტორ სტუდენტთან ერთად სწავლობდა, დღეს საქართველოში ტატუ არტისტად იცნობენ. ცოტამ თუ იცის მისი წარმატებისა და ცხოვრების სტილის შესახებ, რომელიც ტატუს ხელოვნებასთან ერთად არქიტექტორ-დიზაინერობას, კომპოზიტორობას, მომღერლობას, მხატვრობასა და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ბარმენობასაც მოიცავს, ამ ყველაფერთან ერთად კი საკუთარი ბიზნესის მფლობელ ახალგაზრდას სამომავლოდ საკმაოდ მკაცრად გაწერილი და რეალური მიზნები აქვს, რომელსაც აუცილებლად მიაღწევს.

დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი ლაშა ჩხაიძეა, 29 წლის არქიტექტორ-დიზაინერი, რომელმაც საქართველოში ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ პარიზში ერთი წლის მანძილზე იმავე სპეციალობით სწავლობდა, ამას გარდა, საკუთარი სპეციალობით გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსი. ძალიან უნდოდა, ამ გეზს გაჰყოლოდა, მაგრამ, რატომღაც, ტატუს ხატვა ჩაუვარდა გულში, ხატვა ყოველთვის იზიდავდა და იმიტომ. ესეც პარიზში მოხდა. როგორც ამბობს, იქ ერთ-ერთ სალონში მოუწია შესვლა, სადაც ამ საქმემ დააინტერესა და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი შესწავლა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტატუს ხელოვნება მისი მეორე პროფესია გახდა, თუმცა ის მაინც ჰობის დონეზეა მისთვის.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, არის ბარმენი: 2 წლის წინათ ქვეყნის მასშტაბით ამ სფეროში კონკურსზე პირველ ადგილზე გავიდა. 6 წელია, არქიტექტორ-დიზაინერობას, აწ უკვე ტატუ არტისტი, ბარმენობასაც უთავსებდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაფერთან ერთად წერს მუსიკას, ოპერაში ჯანსუღ კახიძის კაპელაში მღეროდა; მონაწილეობდა სპექტაკლებშიც. იმის გამო, რომ აბსოლუტური სმენა აქვს, კარგ კომპოზიციებსაც ქმნის და ამ სფეროს მიტოვებას არ გეგმავს.
ეტაპობრივად რომ მივყვეთ მისი განვითარების პერიოდს, ბავშვობიდან ხატავდა, ქმნიდა ავტოდიზაინს. როგორც ამბობს, მასწავლებელმაც კი იცოდა, რომ ლაშას ხატვის პროცესი მის გაკვეთილზე უყურადღებობას არ ნიშნავდა, პირიქით. რადგან მას ასე კარგად ეხერხებოდა ხატვა და საკუთარი ხედვაც ჰქონდა, სწორედ ლაშა დაჰყავდათ მთელი სკოლის მასშტაბით დასახატად, ან ბანერების მოსართავად. დღეს უკვე ხატვის დროს ისეთ კომპოზიციებს ქმნის, რასაც ტატუს კეთების პროცესშიც იყენებს.
სკოლის შემდეგ, როცა უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, სამწუხაროდ, ვერ მონახა ფაკულტეტი, რომელიც ავტოდიზაინს შეეხებოდა, ამიტომ მასთან მიახლოებულ არქიტექტურა-დიზაინის ფაკულტეტზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოჰყო თავი. როგორც თავად ამბობს, პირველივე ლექციებიდან გამორჩეული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახლდათ.
პარიზში 2010 წელს სწავლობდა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოხვდა. სწორედ აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო კონკურსი, სადაც შემთხვევით მიიღო მონაწილეობა და მისმა პროექტმა გაიმარჯვა, ამის შემდეგ მიიწვიეს საფრანგეთში, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 30 საუკეთესო სტუდენტი იყო ჩასული, სწავლობდა Cergy-Pontoise-ს სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტში. როგორც ლაშა ამბობს, იქ სწავლების პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ მისთვის:
„ძალიან სასარგებლო იყო სწავლის პერიოდი და იქ მიღებული ცოდნა. მთელი პარიზის ურბანული განვითარების სქემები შევისწავლეთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორებთან ერთად, გარდა ამისა, ლექტორები იყვნენ Ferarri-ის კომპანიის საწევროდან და სწორედ მათთან ერთად ტარდებოდა ლექციები. სრულიად სავსე დავბრუნდი საქართველოში და რადგან მაშინ არქიტექტურა #1 იყო ჩემთვის, ვცდილობდი, ფესვები ამ მიმართულებით გამედგა, მაგრამ, რატომღაც, ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ტატუსკენ გადავედი. თუმცა გაკეთებული მაქვს საკმაოდ ბევრი ინტერიერის დიზაინი როგორც თბილისში, ისე საირმეში“.
5 წლის წინათ პირველი საკუთარი ტატუ სტუდია გახსნა, რომელიც საკმაოდ პატარა სივრცეს მოიცავდა, თუმცა ბევრმა ადამიანმა გაიცნო. შემდეგ უფრო დიდი ფართი აიღო ფილარმონიის შენობაში, ინტერიერი საკუთარი დიზაინით მოაწყო და დაარქვა Art Gate. ეს გახლავთ სივრცე, სადაც კომპლექსურად არის მოთავსებული არქიტექტურა, მუსიკა, ბარი, ტატუ სალონი და კლუბიც კი. სალონის ამჟამინდელი ვერსია საბოლოო არაა, თუმცა მალე დასრულდება. ამ სივრცის მოწყობის შემდეგ გეგმავს, რომ არქიტექტურას მეტი ყურადღება დაუთმოს, საკუთარი ავეჯის დიზაინი შექმნას, რომელიც ბრენდირებული სახელით იქნება. განსაკუთრებულად უყვარს კომპიუტერული დიზაინი, ამიტომ ყველაზე დიდი სიამოვნებით მანქანების, საათების, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს აგებს.
ცხოვრებაში სირთულე თითქმის ყველა ადამიანს შეხვედრია და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლაშასაც. როგორც ამბობს, მისთვის სირთულეები ყოველთვის ფიანანსურ მხარესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც საკუთარი თავის იმედი ჰქონდა. ოჯახსა და მშობლებსაც შეძლებისდაგვარად ეხმარება როგორც მატერიალური, ისე სხვა კუთხით, სწორედ მათთვის არ ენანება არაფერი. ამჟამად თბილისში ძმასთან და ბებოსთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ისეთ ლობიოს ამზადებს, რომ ლაშას განსაკუთრებულად და შეიძლება, ყველაზე მეტადაც უყვარს.
როგორც ამბობს, ნდობის ფაქტორი თითქმის დაკარგული აქვს, რადგან ყველა ისეთ დროს გიღალატებს, როცა არ ელოდები. ადამიანში ერთგულებას აფასებს და პირფერობა აღიზიანებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს გმირს საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს: უკვე კარგა ხანია, საქართველოში ავტოდიზაინის სკოლის დაარსება გადაწყვიტა, რასაც აუცილებლად შეასრულებს, მანამდე კი სურს, რომ ამერიკაში წავიდეს ცოდნის გასაღრმავებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაინც ვერ ელევა საქართველოს. სურს, რომ მის განვითარებაში მცირე წვლილი შეიტანოს, ამ ყველაფერთან ერთად კი კარგი ოჯახის შექმნასაც გეგმავს.
ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არ ცხოვრობს წარსულით და ყველაზე დიდ დროს მომავლის განვითარებას უთმობს, ნანობს იმას, რომ, გარკვეულწილად, უყურადღებოა მეგობრების მიმართ, რასაც საკუთარ საქმეში მისი ჩაკეტილობა იწვევს, ამან კი, როგორც თავად ამბობს, შეიძლება, რამდენიმე წლის მერე ცუდი შედეგი გამოიღოს.
ინტერვიუს მსვლელობისას ლაშა საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემასაც შეეხო ახალგაზრდებისთვის, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და იდეების რეალიზების საშუალება არ გააჩნიათ, ან აქვთ და ისიც _ მწირე. ლაშა ამბობს, რომ საკუთარ სფეროში, დიზაინში, ყველაზე დიდი პრობლემა იდეების არქონა კი არა, მწირი ფინანსებია: „საქართველოში ბევრს აქვს იდეები, მაგრამ სპონსორებს, დამფინანსებლებს ვერ ნახულობს, რომლებმაც შეიძლება ამ იდეების განახორციელებაში მიიღონ მონაწილეობა. ბევრი ჩემთან მოსულა და ერთად გაგვიკეთებია რაღაც, მაგრამ ფინანსურად არ ვარ ისე ძლიერად, რომ მათ გვერდით დავუდგე. საზღვარგარეთ კი ოღონდ დაგინახონ, რომ რაღაცას აკეთებ და ნამდვილად დაგიდგებიან გვერდით. საქართველოში ძალიან რთულია ამ სფეროში წარმატების მიღწევა“.
საკუთარ ნამუშევრებს ყველაზე ობიექტურად მაინც თვითონ აფასებს, რადგან საუკეთესოდ თავად ერკვევა ამ საქმეში, რომელშიც, როგორც ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი მხედველობა და მოტივაციაა.
ლაშას რომ არ ეთქვა, ისედაც ნათელია, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი მაქსიმალისტია. გარდა ამისა, მისი თქმით, იდეალისტი და მეწვრილმანეც ყოფილა.
როგორც ზემოთ მუსიკის შექმნაზე აღვნიშნეთ, იგი წერს ელექტრონულ მუსიკას, თუმცა უსმენს თითქმის ყველა ჟანრს, ძირითადად, ელექტროჰაუსს.
ზუსტად იმიტომ, რომ ერთდროულად რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს, ფიქრობს, რომ საკუთარი თავი ჯერ ნაპოვნი არ აქვს, ძიების პროცესშია და მაშინ იპოვის, როცა ჩამოყალიბდება:
„ბევრ რამეს იმიტომ ვედები, რომ არ ვიცი, რას ვეძებ. მინდა, რომ სტაბილურ პროფესიაში პროფესიონალი ვიყო, მყავდეს კარგი ოჯახი და ვიქნები კმაყოფილი, რომ რაღაც კვალს დავტოვებ ამ ცხოვრებაში. რაღაც ისეთს შევქმნი, რომ მნიშვნელოვანი იყოს არა მხოლოდ მეგობრებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის. ძილის წინ ზუსტად ამაზე ვფიქრობ ხოლმე. ხშირად ვუღრმავდები ადამიანური არსის იდეას, რა გვინდა, რისთვის მოვევლინეთ ამქვეყნად, მაგრამ, ალბათ, ყველას გვაქვს ჩვენი მისია. მგონია, რომ მომავალს რაღაც უნდა დაუტოვო, ამისთვის კი გააჩნია, როგორ წარმართავ საკუთარ ცხოვრებას.
ყველაფერი ბალანსდება და რამდენადაც კარგად იცხოვრებ, მით მეტი შანსი გაქვს, რომ ხელახლა უკეთეს გარემოში მოევლინო ქვეყანას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ განსხვავებული ვარ ხედვით, ქცევებით, იდეებით, მისწრაფებებით. დროც ძალიან ცოტაა, ყოველი დაკარგული წამი მენანება და გართობასაც იშვიათად ვუთმობ დროს“.
ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლები და ის 6 წლის ძმისშვილი არიან, რომელიც გურიაშია და ძალიან ენატრება: „ბავშვობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა მამამ მოახდინა, როცა ძალიან დიპლომატიურად და ჩემთვის გასაგებად ამიხსნა, თუ რატომ არ უნდა მომეწია სიგარეტი. ახლა უკვე 29 წლის ვარ და მოწევის სურვილიც კი არ მაქვს“.
ამბობს, რომ ლაშა ჩხაიძე არის ადამიანი განსხვავებული შეხედულებებითა და საკუთარი სამყაროთი, სადაც იდეების დონეზე განხორციელებული მატერიები ყოველდღიურ ყოფაში გადმოაქვს და რომ არა ის, ვინც არის, იქნებოდა განძის, სიახლის მაძიებელი. დარწმუნებულია, რომ ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს წარმატებისთვის, თავისუფლებისთვის, რაც საკუთარ თავში მშვიდად ყოფნას, ყველნაირი ვალდებულებისგან განთავისუფლებას მოიაზრებს.
მისი გზავნილი საზოგადოებისთვის კი შემდეგია, _ მეტად გაიღიმეთ და სიყვარულს დაუთმეთ დრო. არასდროს დანებდეთ და პიროვნული განვითარება არ შეწყვიტოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ გულით მოინდომებთ, აუცილებლად მიაღწევთ!

ნინო ტაბაღუა