ქალაქი სმოგში ანუ დაბინძურებული ჰაერი და თბილისი

ქალაქი, რომელიც ერთ დროს თავისი სუფთა ჰაერითა და ბუნებრივი საფრით იწონებდა თავს, დღეს იმ ქალაქთა სიაშია, სადაც დაბინძურებული ჰაერი არათუ ნორმას უტოლდება, არამედ 300%-ით აჭარბებს მას.

სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელზედაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და სამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა, დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს _ სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომისა თუ ძალადობის სხვა ფორმების ერთობლიობა. ეს მონაცემი დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის, საშუალოდ, 16%-ს შეადგენს.
დაავადებები, რომელსაც ჰაერის დაბინძურება იწვევს, რა თქმა უნდა, არაპროპორციულადაა განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის. დაღუპულთა 92% (ანუ ყოველი ათიდან ცხრა) დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებსა და მარგინალურ ჯგუფებში.
გლობალურად რომ ვისაუბროთ, მსოფლიოში დაბინძურებულია არა მარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა კი დღითი დღე, წლიდან წლამდე იზრდება!
ზოგადად, ცნობილია, რომ დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ ინდუსტრიული გამონაბოლქვი, მანქანის გამონაბოლქვი და ტოქსიკური ნივთიერებები სახელდება.
ცოტახნის წინ სოციალური ქსელი მოიცვა ფოტომ, სადაც ნაჩვენებია სმოგში გახვეული თბილისი წარწერით: „თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს!“
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016
წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცალსახად ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ჰაერის დაბინძურება იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის სიმსივნეს, ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს. იგი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ტვინის იშემიური დაავადებისა… ეს სია ძალიან ბევრ კლინიკურ და არაკლინიკურ დაავადებას მოიცავს, თუმცა აქ შევჩერდეთ…

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით დღეს თბილისში და, ზოგადად, საქართველოში? რა ღონისძიებები ტარდება ფატალური შედეგების თავიდან ასარიდებლად და რა არის დაგეგმილი?

ჩვენდა გასაკვირად, ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ თბილისსა და ზოგადად საქართველოში არც თუ ისე სავალალო მდგომარეობაა, ამიტომ თემის დრამატიზება საჭირო არ არის.

ნოე მეგრელიშვილი _ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი:
„ხშირად გამიგონია, რომ ადამიანები ამბობენ, ქალაქში ისეთი ჰაერია, ვერ ვსუნთქავთო! ზუსტად იმის გამო, რომ მხოლოდ შეგრძნებებისა და ცხვირის დონეზე არ შეგვეფასებინა გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თემა, განვავითარეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა. ქვეყანაში ეტაპობრივად შევქმენით ავტომატური სადგურები, მათი ინსტალაცია კი წლების განმავლობაში ხდებოდა. თბილისს დღეს ოთხი ავტომატური მონიტორინგის სადგური აქვს, რომელიც ევროდირექტივებს აკმაყოფილებს რაოდენობისა და იმ კომპონენტების მიხედვით, რომლითაც უნდა იზომებოდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი. ანუ იზომება ძირითადი დამაბინძურებლები. ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია: უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები, PM10 და PM2.5, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი და მიწისპირა ოზონი. მათი შემცველობა ჰაერში იზომება ავტომატურ, უწყვეტ რეჟიმში. ყოველწუთიერად ახლდება ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მათ შესახებ.
ამ ავტომატური სადგურის მონაცემებს რომ შევხედოთ, თბილისის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი დამაბინძურებლიდან პრობლემურებია PM10 და აზოტის ჟანგეულები. ეს ორი დამაბინძურებელია, რომელიც ევროპულ, თანამედროვე ნორმებს აჭარბებს. PM10 აჭარბებს დღიურ ნორმას, თუ შევადარებთ უფრო მსხვილი ზომის ნაწილაკებს, რომლის წყაროც უფრო მეტად სამშენებლო სექტორი და ღია გრუნტია, ანუ ბუნებრივი წყარო და აზოტის ჟანგეულები (ეს არის წვის პროდუქტი, ანუ ავტომობილიდან გამონაბოლქვის შედეგი). ამ ნივთიერებების კონცენტრაციები ნორმაში რომ არ არის, ამის ბრალია.
რაც შეეხება სხვა დამაბინძურებლებს, გოგირდის დიოქსიდსა და ნახშირჟანგის კონცენტრაციებს, იგი თბილისში ევროპულ დონეზე გაცილებით უფრო დაბალია და ეს სრულიად ლოგიკურიცაა, რადგან 2012-დან 2017 წლამდე ჩვენ 25-ჯერ შევამცირეთ გოგირდის შემცველობა ბენზინში და დიზელშიც, ეტაპობრივად, ევროპულ ნორმას ვუახლოვდებით. ყველწლიურად ვამცირებთ მასში გოგირდის მოცულობას. მიწისპირა ოზონის კონცენტრაციაც ევროპული ნორმის ფარგლებშია. ძირითადად ეს ორი დამაბინძურებელია, რომელიც აღვნიშნე: მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი.
სხვა ქალაქებს რაც შეეხება, მაგალითად, ქუთაისშიც იგივე ვითარებაა, რადგან იქაც მთავარი დამაბინძურებელი იგივე ავტოტრანსპორტია, ბათუმშიც მსგავსი სიტუაციაა, უბრალოდ, იქ ბენზინის ინდიკატორული გაზომვები ხდება (ანუ ყოველკვარტალურად და მთელი ქვეყნის მასშტაბით) და სხვა ქალაქებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ნავთობტერმინალების გამო ბენზოლი ზოგ შემთხვევაში აჭარბებს წლიურ ნორმას. იგი სხვა ქალაქებთან
შედარებით უფრო მაღალია.
რუსთავში კი მიმდინარე წელს იგეგმება ავტომატური სადგურის დამოტაჟება. როგორც ვიცი, ტენდერია გამოცხადებული, რომელიმე სააგენტო მოიგებს, შეიძენს და წლის ბოლომდე იგი რუსთავში უნდა დაამონტაჟოს. ეტაპობრივად, ნებიჯ-ნაბიჯ ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას. წელს პირველი სადგური შევიძინეთ, რომელიც ცხელი წერტილების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც შეეხება სეზონს, როდის იჩენს თავს ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტად, ეს, რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდშია. დაბინძურება იმ დროს ფიქსირდება, როდესაც მყარი ნაწილაკების პირობებში, სიცივის გამო, ატმოსფერო იკუმშება და შეკუმშულ ჰაერში მათი კონცენტრაცია მატულობს, იზრდება.
ამის გარდა, მყარი ნაწილაკები ასევე შეშის მოხმარებისას გამოიყოფა. მართალია, დედაქალაქში აქტიურად არ მოიხმარება შეშა, მაგრამ ჰაერის დაბინძურებას საზღვრები არ აქვს და გარშემო მოხმარებული შეშის ნაწილაკები, რა თქმა უნდა, თბილისშიც შემოდის და აზოტის ჟანგეულების კუთხითაც ზამთარში კონცენტრაცია იმატებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავტოტრანსპორტს ემატება გათბობისთვის მოხმარებული ბუნებრივი აირის წვის შედეგად გამოყოფილი აზოტის ჟანგეულები. მიწისპირა ოზონი კი ზამთარში უფრო ნაკლებია, რადგან მის წარმოქმნას სჭირდება მზის ენერგია და რადგან ზამთარში მზის ენერგია გაცილებით ნაკლებია, მისი კონცენტრაცია კიდევ უფრო იკლებს.
გასული წლის WHO (World health organisation)-ს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლებოდა და მისი მონაცემის მიხედვით, აქ დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატებოდა. თუმცა წელს ამავე ორგანიზაციის მონაცემებით იგი 2.4-ჯერ აჭარბებს ნორმას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მონაცემები თავად შედარებულია WHO-ს ნორმასთან, რომელიც 2.5 ჯერ უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპული ნორმები. ხოლო თუ ევროპულ ნორმას თბილისის მონაცემებს შევადარებთ, მაშინ ვიტყვით, რომ იგი რელევანტურია. ევროპული ნორმა არის 25 მკგ მ3-ში (მიკროგრამი მ3), თბილისისთვის კი ის არის 24 მკგ მ3-ში.
ისევ WHO-ს მონაცემებს რომ დავუბრუნდეთ, მასში 3000 ქალაქის მონაცემია შეტანილი და თბილისი არის 576-ე ადგილზე, ანუ გლობალური მასშტაბით თუ შევხედავთ, ნამდვილად არ არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერი! მეტიც, ევროკავშირის ქალაქებიც კი: მილანი, ტურინი, ვენეცია, კრაკოვი, კატოვიცა, სოფია, ამავე მონაცემების მიხედვით, მეტად დაბინძურებულია, ვიდრე თბილისი.
საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ დამაბინძურებლებთან მიმართებით ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს და შესაბამისი ღონისძიებებია გასატარებელი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვქონდეს დაბინძურების იდენტიფიცირებული წყარო, ამას კი ავტომატური მონიტორინგის სადგურების წყალობითა და უწყვეტი დაკვირვების შედეგად მოვახერხებთ. როგორც აღვნიშნე, გარკვეული ღონისძიებები უკვე გატარდა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, მასში გოგირდი 25-ჯერ შევამცირეთ და ეს პროცესი ჯერაც მიმდინარეობს. ბენზინის ხარისხი დღეს ევრო-5 სტანდარტს შეესაბამება, დიზელის კუთხით გაუმჯობესება დაგეგმილია და მომავლი წლიდან ისიც უკვე ძალიან დაუახლოვდება ევრო-5-ის სტანდარტს.
2016 წლიდან ჩვენმა ინსპექციამ, ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი დაიწყო: სინჯების აღება და ლაბორატორიაში გადასინჯვა, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ ნორმას რეალიზებული საწვავი.
შეიქმნა თბილისის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გასული წლის ივნისში დაამტკიცა მთავრობამ. იგი 40-მდე ღონისძიებას მოიცავს, ტექდათვალიერებიდან დაწყებული, დამთავრებული პარკის გაახალგაზრდავებითა და განახლებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით, სამშენებლო სექტორის უკეთ დარეგულირებით…
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სამშენებლო სექტორი ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელია და ზედამხედველობა სამშენებლო სექტორზე უნდა გამკაცრდეს, რასაც აგრეთვე მოიცავს ეს პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, რომ აპოკალიპსური და არარეალური სურათი არ შეიქმნას. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად კი უნდა მივაღწიოთ უკეთესი ხარისხის ჰაერს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ ქვეყანაში“.

ჭიჭიკო ჯანელიძე _ ეკოლოგი:
„თბილისში ჰაერის დაბინძურება ძალიან მაღალ დონეზეა! ქალაქი შედარებით ვიწრო ხეობაშია განლაგებული და, ამავდროულად, ინტენსიურად არის განვითარებული სატრანსპორტო მეურნეობა. იგი გაჭიმულია მტკვრის ხეობის გასწვრივ 40 კმ სიგრძეზე, ხოლო ამ ხეობის სიგანე არ აღემატება 8-10 კმ-ს _ ამ ვიწრო დერეფანში მოძრაობს დიდი რაოდენობით ტრანსპორტი. როცა მზიანი და წყნარი ამინდია, არ ხდება ჰაერის ვენტილაცია, ქალაქში მაღალ დონეს აღწევს დაბინძურება გამონაბოლქვის გამო და ერთადერთი საშუალება, რაც ამ მაღალ ნიშნულის წევს, არის ქარიანი ამინდი, რაც მაინცდამაინც ხშირი მოვლენა არ არის თბილისში. ტრანსპორტის დიდი რაოდენობა და ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებები _ სწორედ ეს არის ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი.
როცა თბილისში ძლიერი ქარია, ამ დროს დაბინძურება მინიმალურ მაჩვენებლამდე დადის, როცა წყნარი ამინდია, პირიქით. ამიტომ ამის მონიტორინგია საჭირო.
რაც შეეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, აქ არ გვაქვს სანდო მონაცემები, რადგან იშვიათად და საკამათოდ განისაზღვრება ჰაერის დაბინძურების ხარისხი“.

გიორგი დარსაველიძე _ მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი:
„ჰაერის დაბინძურების დონე რომ დროდადრო იმატებს, ეს აშკარაა. თუნდაც ტყვიის შემცველობა რომ ავიღოთ, ის წინა წელთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს კი, პირველ რიგში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მერე ქარხანა- ფაბრიკების „დამსახურებაა“. გვქონდა ღია ნაგავსაყრელები და კიდევ კარგი, მივაღწიეთ, რომ თბილისში აღარ არის. ის ძალიან დიდი პრობლემა იყო და ატმოსფეროში დიდი ოდენობით მავნე აირს უშვებდა.
თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ზოგადად კლიმატი შეიცვალა, ტემპერატურული ზრდა 2-2,5 გრადუსია თბილისში. შეიძლება ზოგს ეგონოს, თითქოს ეს 2-გრადუსიანი ცვლილება არაფერია, მაგრამ კლიმატისთვის საკმად საგანგაშოა. კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ისიც, რომ მდინარეები შრება, ზოგი ხევი, სადაც მდინარე იყო, უკვე მშრალი ხევი გახდა.
რაც შეეხება WHO-ს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც თბილისში ჰაერის დაბინძურების ნორმა 2.4-ჯერ მეტია, გეტყვით, რომ ეს ძალიან საგანგაშოა. თავის მოტყუება იქნება, რომ ვთქვათ, არაფერია განსაკუთრებული ამაშიო! მოქმედებები რომ საჭიროა, ორი აზრი არ არსებობს. კლიმატს შეიძლება ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია შევარბილოთ მისი გავლენა, წვა, შევამციროთ ემისიები. ამის ვალდებულება როგორც ინდივიდუალურად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზეც გვაქვს აღებული. სიტყვაზე, ავიღოთ, თუნდაც, საწვავის კონტროლი, რომელსაც მოსახლეობის 90% მოიხმარს. დღეს, რეალურად, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე აღარ არსებობს, თუ ორგანო აღარ გვყავს, ვინ უნდა გაგვიკონტროლოს იგი?! ვიცი, რომ სინჯებს იღებენ, თუმცა ვინ და სად შეამოწმებს მას, ეს უკვე მეორე საკითხია. სახელმწიფოს რომ ორგანო და რესურსი არ აქვს, ძალიან რთულია, მას რაიმე მოსთხოვო. შეიძლება ბენზინგასამართ სადგურამდე მიიტანონ შემოწმებული საწვავი, მაგრამ როგორი ხარისხისას მიაწოდებს კონკრეტული სადგური მომხმარებელს, ეს მეორე საკითხია, ამას ვერავინ შეამოწმებს.
ჩვენ რომ ნაკისრი ვალდებულებები, რეგულაციები და რეკომენდაციები შევასრულოთ, გაცილებით უკეთ გვექნება საქმე ამ მიმართულებით, ამიტომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი და სასწრაფოა!“

ნინო ტაბაღუა