ფსიქიატრიული „ჯოჯოხეთი“ _ ფანჯრიდან გადმომხტარი პაციენტები, გადამალული ჯოხები და დამწვარი ლეიბები

 

ფსიქიკური შეზღუდვების მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ეროვნული სტრატეგიის გეგმა დაამტკიცა 2015-2020 წლებისთვის. ამ გეგმის მიხედვით ფსიქიატრიული დაწესებულება, პირველ რიგში, უნდა იყოს (ციტირება): „უსაფრთხო ადგილი პაციენტებისთვის. ფსიქიატრიულ პაციენტებს უნდა მკურნალობდნენ პატივისცემითა და ღირსების დაცვით, ჰუმანურ გარემოში, მათი არჩევანისა და თვითგამორკვევის გათვალისწინებით“.

რა მოხდა ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ და შეიცვალა თუ არა ვითარება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში? რატომ სცემენ ფსიქიკურად დაავადებულ პირებს სანიტრები ჯოხებით? რატომ ხტებიან ავადმყოფები საავადმყოფოს ფანჯრიდან და ლეიბებს ცეცხლს უკიდებენ? რას ნიშნავს „ელიტარული გიჟები“ და რით განსხვავდება პალატები ციხის საკნებისგან?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე _ ნანა სანაია:

_ ქალბატონო ნანა, დაფინანსებით დავიწყოთ: რამდენი ლარია გამოყოფილი ერთ პაციენტზე?

_ საქართველოში ფსიქიატრიულ სეგმენტში მწვავე შემთხვევის დაფინანსება შეადგენს 840 ლარს ცალკეულ შემთხვევებზე, ხოლო გრძელვადიანი შემთხვევის ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვრება 450 ლარით. იმდენად, რამდენადაც არაერთხელ დაფიქსირებულა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციამ გადაწყვიტა, 2017 წელს თავად შეადგინოს მონიტორინგის ჯგუფი და 7 დაწესებულებაში მდგომარეობა შეისწავლოს. მანამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არსებული ანგარიშები შევისწავლეთ, რომელიც სახალხო დამცველის, ეუთოსა და  საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს ეყრდნობა.

_ თქვენ პაციენტთა მიმართ განხორციელებული ძალადობა ახსენეთ და რას გულისხმობთ, ცემის ფაქტებს?

_ თანმიმდევრობით მივყვეთ: ზემოთ ჩამოვთვალე ორგანიზაციები, რომელთა მონიტორინგის ჯგუფმა კონკრეტული დასკვნა წარმოადგინა. ძალადობაში, პირველ რიგში, იგულისხმება ფსიქიკურად დაავადებული პირების ,,დაბმა“ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რა პერიოდშიც მათზე არანაირი ზედამხედველობა არ ხორციელდება. პაციენტებთან გასაუბრებისა და დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საიზოლაციო პალატაში პაციენტებს რამდენიმე დღით ათავსებენ. ევროკომისიის შეფასებით, გისოსებიანი კარისა და ფანჯრის არსებობა ციხესთან და სადამსჯელო საკანთან ასოცირდება.

_ კონკრეტულად რომელ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხდება აღნიშნული ფაქტები?

_ საერთო მდგომარეობით დავიწყებ, რა პირობებშიც იმყოფებიან ფსიქიკური აშლილობის მქონე ავადმყოფები. მაგალითად, სენაკში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ბოლო (ისიც კოსმეტიკური) რემონტი 2002 წელს გაუკეთდა. შედეგად, დღეისთვის, გარდა იმისა, რომ მთლიანი ინფრასტრუქტურა მოშლილია, კედლები, როგორც გარედან, ისე შიგნით ნესტისგან დაზიანებულია. მედიკამენტების ძირითადი მარაგი ინახება დაწესებულების პირველ სართულზე, სადაც მონიტორინგის ჯგუფმა ვადაგასული წამლები აღმოაჩინა. მეტიც, ანალიზების ჩასატარებელ ლაბორატორიაში (სისხლის საერთო, შაქრისა და სიფილისის), არ იყო სტერილიზატორი.

მძიმე მდგომარეობაა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომლის  შენობაც ასევე ძველია და ამორიტიზებული. ბოლო კაპიტალური რემონტი დაწესებულებას ოცი წლის წინათ ჩაუტარდა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ საავადმყოფოს გასათბობად ქვანახშირს იყენებენ. ოღონდ, რას ათბობენ, გაუგებარია, ვინაიდან პალატებში უზრუნველყოფილი არ არის არც გათბობა და არც ხელოვნური განათება. ზოგადად, მთლიან შენობაში საშინელი ანტისანიტარიაა. სურამში პაციენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ან არ იცის, რაზე მოაწერა ხელი, ან ამბობს, რომ ექიმმა გააფრთხილა, რომ თუ ხელს არ მოაწერდა, სასამართლო მას ექვსთვიან მკურნალობას დაუნიშნავდა და ამას ხელმოწერა ამჯობინა. ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც 2015 წლის ივლისიდან სტაციონარში ნებაყოფლობით მკურნალობაზე იმყოფება, ამბობს, რომ სახლში უნდა წასვლა და არ იცის, რატომ არ უშვებენ. ასევე არ იცის, „რას მკურნალობს, რა წამლებს სვამს“, არც საკუთარი უფლებები იცის. არადა, ეს პაციენტია, რომელიც ნებით მოვიდა ფსიქიატრიულში სამკურნალოდ და, შესაბამისად, საკუთარი ნებითვე შეუძლია წასვლა. ხელვაჩაურის ფსიქონევროლოგიურ საავამყოფოში ყველა სამედიცინო ბარათში მოიპოვება პაციენტის თანხმობა. ამ დროს, სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ, ან საპატრულო პოლიციამ მოიყვანა. გაუგებარია, თუ პაციენტი სტაციონირებაზე თანახმა იყო, რატომ დასჭირდათ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა?.. ამაზე ექიმებმა მონიტორინგის ჯგუფს განუმარტეს, რომ ისინი „იყოლიებენ ამ პაციენტებს მკურნალობაზე“. რას ნიშნავს „დაყოლიება“? _ ეს გაურკვეველი დარჩა. თვალში საცემია, ასევე, ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიულში არანებაყოფლობით მკურნალობაზე არც ერთი პაციენტი არ ჰყავდათ.

_ რას გულისხმობთ, რომ პაციენტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ძალით ჰყავთ გამოკეტილი?

_ იქ იყვნენ პაციენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აღარ სურდათ სტაციონარში ყოფნა და გაწერას ითხოვდნენ, მაგრამ მათ იქიდან არავინ წერდა. ამაზე ადმინისტრაცია ასე განმარტავდა: „პაციენტს მარტო ვერ გაუშვებენ“, „პაციენტს არსად აქვს წასასვლელი“ და ა. შ. გაუსაძლისი მდგომარეობა იყო ანანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. აქ ისეთი სივიწროვეა, რომ თოთოეულ ადამიანზე 3-4 კვ.მ. მოდის, რაც ციხეებშიც კი არ არის. პალატების უმრავლესობაში რკინის საწოლები დგას და ამ საწოლებზე, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს ლეიბის გარეშე წოლა უწევთ. წვიმის დროს პალატების უმრავლესობაში წყალი ჩამოდის. პალატებისა და დერეფნების კედლების დიდი ნაწილი ნესტისგან გაფუჭებულია. დაწესებულებაში არ არსებობს ცენტრალური გათბობა, არ მუშაობს ცენტრალური ვენტილაცია. კედლებზე გავრცელებულია ობის სოკო და ანტისანიტარიის პირობებში დგას მძაფრი სუნი. ერთადერთი „ამოსასუნთქი“ ადგილი დაწესებულების ეზოში შესაფერისი გამწვანებაა, მაგრამ პაციენტების მხოლოდ იმ ნაწილს უშვებენ, რომლებიც მას ასუფთავებენ და ალაგებენ. დანარჩენი პაციენტების  ძირითადი ნაწილი კი განყოფილებების შენობებში და მის წინ მეტალის ბადით შემოღობილ მცირე ტერიტორიაზე გამოდის გარეთ.

_ ბავშვთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

_ თბილისის #5 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილება განკუთვნილია 10 პაციენტის მოსათავსებლად, სადაც ბავშვები, ძირითადად, ბავშვთა სახლებიდან გადმოჰყავთ. უმეტესობა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელია. ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ის არის, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ბავშვები სრულად არიან მოწყვეტილი საგანმანათლებლო პროცესს იმიტომ, რომ არ ჰყავთ მოწვეული მასწავლებლები. ექიმი გადაწყვეტილებას იღებს, თუ როდის დარეკოს ბავშვმა მშობელთან. ეს სერიოზული დარღვევაა, ვინაიდან ბავშვებს საშუალება არ ეძლევათ, მათი სურვილის სიხშირით დაუკავშირდნენ მშობლებს.

_ ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტები თუ ფიქსირდება?

_ ერთ-ერთი პაციენტის, 16 წლის გოგონას დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს მისი აზრი არ გაითვალისწინეს. ამ გოგონამ უარი განაცხადა საავადმყოფოში დაწოლაზე. ამის შემდეგ, გოგონას მაგივრად, ინფორმირებულ თანხმობაზე ხელი მოაწერა სოციალურმა მუშაკმა, რის შემდეგაც მოზარდი სტაციონარიდან გაიპარა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და გოგონა კლინიკაში ძალით დააბრუნეს, გაქცევისთვის დასაჯეს _ გარე სამყაროსთან სრული კომუნიკაცია აუკრძალეს და მობილურიც ჩამოართვეს. დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულება, როგორც წესი, უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი, როგორც პაციენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის. ფსიქიატრიულ პაციენტებს უნდა მკურნალობდნენ პატივისცემითა და ღირსების დაცვით, ჰუმანურ გარემოში, მათი არჩევანისა და თვითგამორკვევის პატივისცემით. არსებული ვითარების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებობს პაციენტთა შორის ძალადობა. მაგალითად: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ხშირია პაციენტთა შორის კონფლიქტი. აქ შეინიშნება გარკვეული ტიპის იერარქია. ერთ-ერთი პაციენტის განცხადებით, არსებობენ „ელიტარული პაციენტები“. მაგალითად, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტთა შორის ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს. მამაკაც პაციენტთა გარკვეულ ნაწილს სახეზე სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები აღენიშნებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათზე ძალადობენ სანიტრების მიერ ,,პრივილეგირებული“ მამაკაცთა განყოფილების პაციენტები და ქალთა განყოფილების ,,უბორშჩიცები“. ამათ ეძახიან სწორედ „ელიტარულ პაციენტებს“, რომელთაც საავადმყოფოს ადმინისტრაცია გარკვეულ უფლებებს აძლევს. ყველა დაწესებულებაში ჩხუბი, ძირითადად, რატომღაც, სასადილოში ხდება ხოლმე. ამ დროს კონფლიქტის მიზეზი ერთმანეთისთვის საკვების წართმევაა. ამის გამო არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი პაციენტი საკვების გარეშე რჩება. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ფიზიკური შეზღუდვის ჟურნალსა და ექთნების დღიურში აღნიშნულია პაციენტთა შორის ძალადობისა და თვითდაზიანების შემთხვევები.

ერთ-ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა, თუმცა, საბედნიეროდ, შემთხვევა ფატალურად არ დასრულდა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც შებოჭილმა პაციენტმა მოახერხა შებოჭვის საშუალებების ახსნა და ლეიბს ცეცხლი წაუკიდა.

_ ვენის კონვენციის მიხედვით, ავადმყოფის დაბმა 2014 წელს აიკრძალა. მათ აღარ აბამენ _ იგი სედატიურმა მედიკამენტებმა ჩაანაცვლა. ჩვენთან ისევ აბამენ?

_ სამწუხაროდ. დაწესებულებებში ფიზიკური შეზღუდვა ხდება საწოლზე ტილოს, ან ზეწრის ფართო სახვევებით დაფიქსირებით, რომელიც, ჩვეულებრივ, გრძელდება, საშუალოდ, 20-დან 60 წუთამდე, სანამ სედატიური ნივთიერება ორგანიზმში დაიწყებს მოქმედებას. აქ მთავარი არის სხვა რამე: თუ პაციენტს „აბამ“, ამისთვის სპეციალური ღვედები უნდა გამოიყენო. თითქმის ყველა დაწესებულებას გამოუყენებელი ჰქონდა სპეციალური ღვედები. პერსონალის განმარტებით, ეს ღვედები „უხეშია და კანს ხეხავს“. მაგალითად, ფსიქიატრიული დაწესებულება „უნიმედი კახეთის“ ერთ-ერთი პაციენტის განცხადებით, მის მიმართ ფიზიკური შებოჭვის მეთოდის გამოყენების პროცესში მედპერსონალი, კერძოდ, ექთნის თანაშემწეები, მას სახეში ურტყამდნენ. პაციენტებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილა მათი ფიზიკური შებოჭვის შემთხვევები 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში. მეორე პაციენტის თქმით, იგი მთელი ღამე იმყოფებოდა დაბმული, რა დროსაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება უწევდა საწოლში, რადგან პერსონალი მას ყურადღებას არ აქცევდა. ერთ-ერთი პაციენტის სამედიცინო ბარათში მისი ფიზიკური შებოჭვის მიზეზი დაფიქსირებულია შემდეგნაირად: „ხტუნაობდა ფანჯრის რაფებზე და თვალებს ქაჩავდა“. ეს არ არის სამედიცინო განმარტება და ასე არ უნდა წერდეს არც ერთი იქ მომსახურე პერსონალი.

_ თქვენ საიზოლაციო პალატები ახსენეთ, ეს რას ნიშნავს?

_ ხელვაჩაურის ფსიქონევროლიგიურ საავამყოფოში არის სამი საიზოლაციო პალატა რკინის კარითა და გისოსით, რომელიც ბოქლომით იკეტება. ეს საიზოლაციო ოთახი, პერსონალის განმარტებით, გამოიყენება „მღელვარე პაციენტთა დასაწყნარებლად  თერაპიული მიზნებისთვის“, თუმცა ამ ოთახებში მოთავსებას პაციენტები აღიქვამენ, როგორც დასჯის გარკვეულ ფორმას. ერთ-ერთი პაციენტი აცხადებს, რომ „პალატაში ადამიანები გადაჰყავთ დასაშინებლად, უკეთებენ ნემსს, კეტავენ ბოქლომით“. საიზოლაციო ოთახი („იზოლატორი“) ასევე გამოიყენება თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ამ დროს, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მოთხოვნით, ბევრ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა აღარ გამოიყენება. იქ, სადაც პაციენტთა იზოლაცია კვლავ გამოიყენება, უნდა არსებობდეს ამ საკითხისადმი მიდგომის მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, რაც ჩვენთან არ არსებობს. მაგრამ, ზოგადად, მას ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომისია კრძალავს.

_ მედპერსონალი პაციენტებს ხომ არ სცემს?

_ ამას არც ერთი კლინიკა თავის ჟურნალში არ ჩაწერს. ასე რომ, ინფორმაციის ამოღება ისევ პაციენტებიდან შეიძლება. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რვა პაციენტმა მიუთითა, რომ სანიტრები სცემენ. გამოკითხული პაციენტები განმარტავენ, რომ სანიტრების მხრიდან ძალადობა გამოიხატა ხელებით და ჯოხებით ცემაში. რა თქმა უნდა, ისინი შემოწმდნენ და გამოკითხული პაციენტებიდან სამს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, კერძოდ, სილურჯეები და სისხლჩაქცევები ზედა კიდურებისა და თვალბუდის არეში. გაიგზავნა სპეციალური ჯგუფი და ქალთა განყოფილების ერთსართულიან კორპუსში, ექთნების ოთახში, კარადასა და კედელს შორის აღმოჩნდა პაციენტების მიერ ნახსენები ჯოხები, რომლითაც, სავარაუდოდ, პაციენტებს სცემდნენ.

_ პრევენციის რა საშუალება არსებობს ამ შემთხვევაში?

_ ევროკავშირის დირექტივებთან სრული შესაბამისობა. ამისთვის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და სახელმწიფოს  მხრიდან მეტი ყურადღება.

 

თამარ როსტიაშვილი