ფრაქციებისთვის დახარჯული ნახევარი მილიონი და არც ერთი ინიცირებული საკითხი?!

ცნობილი ანეკდოტისა არ იყოს, _ შენ თუ ინტრიგანი არ, ხარ ჩემს კატლეტში ხორცს რა უნდაო? აი, ასე დამემართა… აგერ, ეწურებათ საკრებულოს წევრებს სადეპუტატო მანდატების ვადა და მეც ერთი მარტივი განცხადებით მივმართე ორი მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციაზე გამცემ პირებს.

სულ სამი ძირითადი კითხვა მქონდა:

  1. რამდენი ფრაქცია არსებობდა და არსებობს თქვენს მუნიციპალიტეტში. 2. გთხოვთ, მომცეთ საკრებულოს ფრაქციების მიერ წერილობით დადასტურებული ინიცირებული საკითხები; 3. რა რაოდენობის თანამდებობის სარგო მიიღეს 2014 წლიდან დღემდე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებმა?

მიპასუხეს, მაგრამ პასუხის მოლოდინში კიდევ ერთი რამ გაირკვა:

 

უცნაური ამბის დასაწყისი

 

პასუხის გასატანად თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს რომ ვეწვიე, აპარატის უფროსი სოსო მეგუთნიშვილი ვერსად ვნახე, ამიტომ მას ტელეფონზე დავურეკე.

ასეთი დიალოგი შედგა:

_ გამარჯობა, ბატონო სოსო, მაკა გაწუხებთ, მოსიაშვილი, როგორ ბრძანდებით?

_ დაღლილი, რა, თავად როგორ ბრძანდებით?

_ გმადლობთ, კარგად, მე საჯარო ინფორმაციას ველოდები თქვენგან, არ მომდის მეილზე და როდის მივიღებ?

_ ორშაბათს რომ იყოს?

_ და დღეს რომ იყოს 5 საათისთვის?

_ აბა, მაშინ დავურეკავ, გამზადებულია ინფორმაცია და ხომ იცი, ჯერ გუბერნიაში მიდის შესამოწმებლად და მოდით, მზიასთან დარეკეთ.

_ დღეს 5 საათზე მივალ და ჩამაბაროს.

_ კარგით, მიდით 5 საათზე და ჩაგაბარებენ.

ხუთ საათზე მივდივარ და მეუბნებიან, რომ ჯერ მზად არ არის, სოსო მეგუთნიშვილის მოსვლას ელოდებიან და მერე მომცემენ.

მე კვლავ ვურეკავ სოსოს და ვეუბნები:

_ არ მომცეს!

_ უხ, ეტყობა, არ უნახავთ გუბერნიაში.

_ ვის უნდა ენახა გუბერნიაში ჩემთვის გამზადებული პასუხი?

_ ისა, აიი, ის რომ არის, მოადგილე, ძველი, არსენიშვილი, ის გადახედავს და მოგცემენ, მოიცა, მე დავურეკავ ახლა აპარატში და ვეტყვი, რომ მოგცენ.

მე უკვე დაჟინებით ვეუბნები:

_ ვისთან მივიდე გუბერნიაში, მითხარით და მივალ, რომ ნებართვა ავიღო ჩემი წერილის გატანაზე.

სოსო მეგუთნიშვილი იბნევა და ახლა ზუსტად იცის, რომ გულწრფელობა ხანდახან არ არის სასარგებლო და მპასუხობს:

_ მე ვეტყვი, მეე, შენ სად მიხვალ, მე ვიცი, მიდი აპარატში და მოგცემენ.

გაბრაზებული მივდივარ გუბერნიაში და გუბერნატორს ვკითხულობ, გუბერნატორი გასულია, გასულია თვითმმართველობის სამსახურის უფროსიც, თუმცა ბატონი არსენიშვილი ოთახშია მშვიდად. ბატონი პირველი მოადგილე, თურმე, დაკავებულია და არ მიღებს. მე უკან ვბრუნდები, მაძლევენ არსენიშვილის გადაკითხულ და ნებადართულ საჯარო ინფორმაციას და ვთვლი, რამდენი დაუხარჯავს ბიუჯეტს ფრაქციებისთვის…

  1. შ. სოსო მეგუთნიშვილი კარგი კაცია, გულწრფელი, ალალი და უსაყვედურო. ჩემთან ნათქვამი გულწრფელი სიტყვებისთვის მას პასუხი არ მოსთხოვოთ. მან, უბრალოდ, გულწრფელად მითხრა სათქმელი.

 

აღნიშნულ ფაქტს ქადაგიშვილი რეაგირების გარეშე რომ არ დატოვებს, მაგაში ღრმად ვარ დარწმუნებული. პასუხი ვის უნდა მოსთხოვოს, ეს მან უკეთ იცის, მაგრამ ფაქტის შეფასებისთვის მაინც ვიკითხე:

 

ნოკოლოზ შარვაშიძე:

_ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს, საჯარო ინფორმაციის გაცემას ხელი არ უნდა შეუშალოს. თუმცა გააჩნია საჯარო ინფორმაციას: თუ ისეთ კითხვაზე ითხოვენ პასუხს, რომ ის გუბერნიის კომპეტენციაშიც შედის, შესაძლებელია, ერთობლივად იმუშაონ პასუხის გაცემაზე. თუმცა თუ მხოლოდ მუნიციპალიტეტს ეხება, მან უნდა გასცეს.

 

გიორგი ბოტკოველი:

_ ეს ხომ ბუნებრივია, ქვეყნაში გვყავს არაფორმალური მმართველი და მის მსგავსად რეგიონებშიც შექმნეს არაფორმალური მმართველები. აბა, რა შუაშია გუბერნია თვითმმართველობის ორგანოების მიერ გასაცემ საჯარო ინფორმაციებთან? გუბერნიას თავისი კომპეტენცია აქვს და თვითმმართველობები არიან თავისი კომპეტენციის ფარგლებში. რეგიონებში ვიღებთ იმ სურათს, რაც ზოგადად არის სახელმწიფოში. სად თვითმმართველობა და სად გუბერნია? ე. ი. ვიღაც გუბერნატორი ერთი ჩვეულებრივი არაფორმალია, რომელიც ზის და მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემ საჯარო ინფორმაციებს ამოწმებს.

 

ქალაქ თელავის საკრებულოში სულ ორი ფრაქციაა: „ქართული ოცნება“ და ძლიერი თელავი.

2014 წლიდან დღემდე საკრებულოს აპარატის პასუხით ვიგებთ, რომ

„ფრაქციებს წერილობითი ინიციატივებით საკრებულოში წარდგენილი არც ერთი პროექტი არ აქვთ“. თუმცა ფრაქციის შექმნიდან დღმდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიღებული აქვს 42455 ლარი თანამდებობრივი სარგო, ხოლო პრემია _ 7500 ლარი.

ფრაქცია „ძლიერ თელავის თავმჯდომარეს“ კი მიღებული აქვს 26 775 ლარი, აქედან პრემია შეადგენს 4500 ლარს.

რაც შეეხება თელავის თემის მუნიციპალიტეტს, მუნიციპლიტეტის საკრებულოს აპარატის განმარტებით: თვითმმართველი თემი _ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის აგვისტოდან დღემდე შექმნილია 11 ფრაქცია. აქედან 2014 წელს დაიშალა 2 ფრაქცია, 2016 წელს 1 ფრაქცია, ხოლო 2017 წლის ივლისის მდგომარეობით ფუნქციონირებს 6 ფრაქცია. თვითმმართველი თემი _ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს აუნაზღაურდათ თანამდებობრივი სარგო 2014 წელს _ 32 130 ლარი, 2015 წელს _ 103 984 ლარი, 2016 წელს _ 124 629 ლარი, 2017 წელს _ 49660 ლარი. სულ, ჯამურად, აუნაზღაურდათ 310 404 ლარი. თვითმმართველი თემი _ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების მიერ ინიცირებული საკითხების რაოდენობა ასე გამოიყურება: ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნოდარ ჯანდიერის ინიცირებით, პასუხიდან ირკვევა, რომ მან საკრებულოს 8 პროექტი წარუდგინა. თუმცა „ქრონიკა+“-ის კითხვაზე, _ ხომ არ გახსოვთ, თუნდაც, ერთი თქვენი ფრაქციის მიერ ინიცირებული საკითხი 2014 წლიდან დღემდე, ჯანდიერი გვპასუხობს:

_ არ მცალია, ახლა ვერ ვიხსენებ და მერე მნახეთ და გეტყვით.

მაგალითად, ფრაქცია „ძლიერი სოფლის“ თავმჯდომარე გელა სეხნიაშვილს მის მიერ წარდგენილი ყველა ინიცირებული პროექტი ზეპირად ახსოვდა.

ასევე ყველა პროექტი ახსოვდა ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე მერაბ თუშიშვილს და ფრაქცია „ძლიერი მუნიციპალიტეტის“ თავმჯდომარე დავით თუშიშვილს.

ხოლო ორი, უკვე დაშლილი ფრაქციის მიერ ინიცირებულ პროექტებზე ყოფილი  თავმჯდომარეებისგან ზაზა რაიბულისგან და ვანო გალახვარიძისგან, პასუხი ვერ მივიღეთ, ისინი უკვე საქართველოში აღარ იმყოფებიან.

ე. ი. მოქმედი 6 ფრაქციიდან თელავის თემში მხოლოდ 4 ფრაქციას აქვს წარდგენილი ინიცირებული პროექტები, რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნოდარ ჯანდიერს, მას მისი გატანილი არც ერთი პროექტი არ ახსოვს და, სამწუხაროდ, ჩვენი ზარის შემდეგ ჯერ ტელეფონი გაგვითიშა, ხოლო ბოლოს, _ გამორთო.

არითმეტიკა კახურად, ანუ მადა ჭამაში მოდის

 

საქართველოში საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისთვის 60 (სამოცი) ლარია; ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. საშუალოდ კი ასე გამოდის:

ფრაქციის თავმჯდომარეების ჯამაგირი 25-ჯერ აღემატება რიგითი სოციალურად დაუცველის შემწეობას. ფრაქცია კი, მინიმუმ, ვალდებულია, იზრუნოს და რაიმე ახალი ინიცირებული პროექტები წარადგინოს საკრებულოებში, რათა მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს. ზოგი ცდილობს პროექტის ინიცირებას, ზოგი _ არა… ჯამურად კი ეს ყველაფერი ბიუჯეტზე აისახება. წესით, თუ შემწეობის ამარა დარჩენილი მოქალაქე ცდილობს ეყოს თავის საარსებო მინმუმს და 48 ლარით ირჩინოს თავი, ასევე ცდილობს კანონშემომქმედი ფრაქციის ხელმძღვანელიც, იმყოფინოს 1200 ლარი _ უკვე დაბეგრილი ხელფასი.

 

  1. შ. ნაწყვეტი „დათა თუთაშხიადან“:

„_ ხაზინა მათხოვრულ ჯამაგირს რომ გიხდით, შეიძლება? ჯამაგირი გყოფნით? _ გამგემ ჩაახველა და ზარანდიას პასუხს დაელოდა.

_ ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა“.

ჰოდა, მადას ცოტა გატოკება რომ უნდოდა, ეს საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს არ ახსოვდათ….

იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე: მე თუ ინტრიგანი არ ვარ, რა უნდა საკრებულოში ფრაქციების ინიცირებულ საკითხებს? ამ წერილის მერე ყველა ასე იტყვის წარმომადგენლობით ორგანოში. ბოლო სამი წლის მანძილზე ქალაქ თელავისა და თელავის თემის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფრაქციებისთვის თითქმის ნახევარი მილიონი დაიხარჯა!

 

მაკა მოსიაშვილი