ფიქრია მეგრელაძე: „რაკეტები მოდის წვიმასავით, ასეთი რამ ისრაელს არ ახსოვს“

ტყვიების ზუზუნი, ჰაერში გასროლილი 2000-ზე მეტი რაკეტა, დანგრეული კორპუსები, მაღაზიაები და ასობით დაღუპული ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც _ ასეთია სიტუაცია დღეს ისრაელში.

ყველაფერი 7 მაისს დაიწყო… რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ისრაელის სასამართლომ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის გასახლების გადაწყვეტილება მიიღო. ამან პალესტინელების უკმაყოფილება გამოიწვია. კონფლიქტის ლოკალიზაციისთვის პოლიციამ მუსლიმებს ტაძრის მთაზე მისვლა აუკრძალა.

ისრაელის უშიშროების ძალებმა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. პოლიციამ შტურმით აიღო მუსლიმთა მნიშვნელობით მესამე წმინდა სალოცავის, ალ-აქსის მეჩეთის ეზო და ხალხი ძალით აიძულა, დაეტოვებინა ის. პალესტინელების გასახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიდო, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა. ამის შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ულტიმატუმი წაუყენა ისრაელის ხელისუფლებას, იერუსალიმიდან უსაფრთხოების ძალები გაეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა. ისრაელმა „ჰამასის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.


10 მაისის საღამოს „ჰამასმა“ ისრაელის დაბომბვა დაიწყო. პირველივე ღამეს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-მდე რაკეტა და ჭურვი გაუშვეს. რაკეტების უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილი კი დასახლებულ რაიონებში აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 10 მაისიდან დღემდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2000-ზე მეტი რაკეტა და ჭურვია გაშვებული. პასუხად, ისრაელის ავიაციამ დაიწყო ღაზის სექტორში რადიკალთა ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა. 600-ზე მეტი სამიზნე განადგურდა.

პალესტინური მხარის მტკიცებით, ავიადარტყმებს ემსხვერპლა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, მაღალსართულიანი კორპუსები. პარალელურად, ისრაელის ქალაქებში დაიწყო ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება.

არაბებმა ქალაქ ლოდში დაარბიეს ებრაელების მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები, თავს დაესხნენ პოლიციას. პასუხად, ებრაელებმაც დაიწყეს არაბებზე თავდასხმები, დაარბიეს მათი მაღაზიები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.

შიშმა მოიცვა მოსახლეობა, პანიკაშია ყველა, განსაკუთრებით კი _ ქართველი ემიგრანტები. უკვე დღეებია, რაც ხალხს ბუნკერში ცხოვრება უწევს.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა ისრაელში მოღვაწე ქართველ მომღერალ ფიქრია მეგრელაძეს, რომელიც ქალაქ აშდოთში, ღაზის სექტორიდან ზუსტად 40 კილომეტრში ცხოვრობს.

_ ფიქრია, პირველ რიგში, როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ?
_ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა აუნდა, დათრგუნული ვარ და შეშინებული. ვცდილობ, ცოტა ოპტიმისტურად ვიყო. დღევანდელ სიტუაციას ისრაელში დავარქმევდი ომს.

_ თავიდან მოგვიყევით ყველაფერი. როდესაც ისრაელში ეს არეულობა დაიწყო, სად იყავით მაგ დროს? რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

_ მეექვსე დღეა, რაც ეს არეულობა დაიწყო. ხუთი წელია, რაც ისრაელში ვიმყოფები და ყოველ წელს ამ სიტუაციის მოლოდინში ვართ. შეიძლება ითქვას, რომ შევეჩვიეთ კიდეც. ახლანდელი ეს შემოტევა ცოტა მოულოდნელიც იყო, რაღაც სხვა განწყობა მქონდა, საიუბილეო საღამოსთვის ვემზადებოდი, რომელიც მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო და უცებ, მოწმენდილ ცაზე რაკეტები დაუშვეს. ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი. იმ დროს, როცა ცაზე რაკეტები გამოჩნდა, სახლში ვიყავი, ჩაირთო განგაშის სირენა, შოკი მივიღე და მას შემდეგ ვცხოვრობთ ბუნკერში, ჯავშნიან ოთახში.

_ სახლიდან საერთოდ არ გადიხართ?

_ სახლიდან არ გავდივარ, რადგან სახიფათოა. მე მაქვს იმის საშუალება, რომ სახლიდან არ გავიდე, მაგრამ ვინც სამსახურებშია, იმათმა რა ქნან? ძალიან ბევრი რაღაც დაიკეტა: სკოლები, ბაღები და ა. შ., მაგრამ არის ობიექტები, სამსახურები, რომლებიც არ იკეტება. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ამ ადამიანს. გარეთ გასვლა ახლა აბსოლუტურად საშიშია, რადგან ეს რაკეტები წვიმასავით მოდის, ასეთი რამ ისრაელს ჯერ არ ახსოვს. 40-50 წელია, აქ ადამიანები ცხოვრობენ და ისინიც კი ამბობენ, რომ მსგავსი რამ არასოდეს გვინახავსო. 1500 რაკეტა გამოუშვეს ერთდროულად მთელი ისრაელის მიმართულებით, ფაქტობრივად, მთელ ისრაელს ბომბავენ.

_ მარტო გიწევთ ცხოვრება? მომარაგებული თუ გაქვთ საკვები?

_ კი, როგორ არა. ჩემი მეუღლე გადის გარეთ და ყველანაირად ვმარაგდებით: საკვები, სასმელი, სიგარეტი და ა. შ.

_ მოსახლეობაში რამდენად იგრძნობა პანიკა, რა სიტუაციაა?

_ სამწუხაროდ, არის პანიკა და ეს ბუნებრივია. ძირითადად, უფრო ჩვენი ემიგრანტები ნერვიულობენ. ყველას ძალიან უჭირს ამ სიტუაციის აღქმა. სტრესის ქვეშ არიან ბავშვები. ემიგრანტებს გარეთ გასვლა უწევთ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ აქ, ძველ აშენებულ ზოგიერთ სახლში, ბუნკერი არ არის და სარდაფში უწევთ ღამის 2 და 3 სააათზე ჩასვლა. მთელი ღამე ვიბომბებით, ძილი არ გვაქვს და ხალხის უმრავლესობას, მას ვისაც ბუნკერი არ გააჩნია, ადგომა და კიბეებზე ყოფნა უწევს. აქაც მნიშვნელოვანია, რომ იცოდე, თუ სად და როგორ დადგე, სად არის უსაფრთხო, მეორე სართულზე უნდა ახვიდე თუ ჩახვიდე? მეორე სართულის კედელთან უნდა დადგე, თუ პირიქით?.. აი, ასე დარბიან წინ და უკან მთელი დღისა და ღამის მანძილზე.

_ როგორც ვიცი, თქვენ, ფაქტობრივად, ეპიცენტრში ხართ…

_ დიახ, მე ვცხოვრობ ქალაქ აშდოთში, ღაზის სექტორიდან 40 კილომეტრში. ეპიცენტრში ვარ, მაგრამ ახლა დეტალურ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რადგან მთელ ისრაელზე მოდის იერიში.

_ რა დახმარებას საჭიროებთ ამ ეტაპზე? მთავრობა, სავარაუდოდ, მოგაქცევთ ყურადღებას…

_ რა თქმა უნდა! არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში რეკავ. არიან ადამიანები, რომლებსაც სირენის ხმაზე ფსიქიკა ერყევათ. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მოსასმენია და გადასატანია ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ფანჯარაში რომ იხედებით და ხედავთ, თუ როგორ მოფრინავს რაკეტა და ჰაერში იფანტება ნამსხვრევები, რომელიც არ იცი, სად ან ვის დაეცემა. სწორედ, ამიტომაა გარეთ გასვლა საშიში, რადგან ყოველ წამს შეიძლება, რომ რაკეტის ნაფლეთი დაგეცეს. ვისაც ფსიქოლოგიურად უჭირს ამ ყველაფრის ატანა, მათთან რეკავენ ფსიქოლოგები, ესაუბრებიან, რჩევებს გასცემენ, რაც შემდგომ ძალიან დადებითად მოქმედებს ამ ადამიანებზე.


_ ზემოთ ახსენეთ, რომ საიუბილეო თარიღისთვის ემზადებოდით. ალბათ, ბევრი გეგმა ჩაგეშალათ…
_ დიახ, 15 მაისს დაგეგმილი იყო გრანდიოზული კონცერტი, რომელსაც აშდოთის ვიცემერი, ბ-ნი მოშე ბოთრაშვილი მართავდა. 29 მაისს კი ვაპირებდი საიუბილეო კონცერტის ჩატარებას. ცოტა უხერხულია ახლა ამ ყველაფერზე საუბარი, როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს მარაზმი ძალიან მალე დასრულდება, რადგან ისრაელი უძლიერესი სახელმწიფოა, გვყავს ასევე უძლიერესი პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ბენიამინ ნათანიაჰუ და პრეზიდნეტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ისრაელის მოქალაქეებს ისევ დაუბრუნონ სიმშვიდე.

_ ფიქრია, როდესაც ისრაელში არეულობა და საომარი ვითარება შეიქმნა, არ გიფიქრიათ, რომ დროებით საქართველოში ჩამოსულიყავით?

_ გიორგი, ისრაელი ჩემთვის მეორე სამშობლოა. მიუხედავად ასეთი მძიმე და რთული მდგომარეობისა, თუ საჭირო გახდება, ავტომატს ავიღებ ხელში და დავდგები ისრაელის სადარაჯოზე, სადაც დგანან ახალგაზრდა, 20-22 წლის გოგო-ბიჭები, ადამიანები, რომლებიც იცავენ ისრაელს. საჭირო თუ იქნება, მეც მათთან ერთად წავალ და დავიცავ ჩემს ისრაელს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ დღეს ისრაელში უნდა ვიყო.

_ ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და იმედია, ამის საჭიროება არ დადგება დღის წესრიგში. როგორც უკვე აღნიშნეთ, ისრაელი თქვენთვის მეორე სამშობლოა. ეს არის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მოღვაწეობთ და აკეთებთ თქვენს საყვარელ საქმეს _ მღერით. რამდენად გაგიჭირდათ თავიდან ფეხის მოკიდება?

_ გამიჭირდა მხოლოდ ერთი რამ, ჩემი საქართველოსგან შორს ყოფნა, ოჯახის, შვილების, ნათესავების, მეგობრების, თქვენ გარეშე ყოფნა. სხვა მხრივ ამ ქალაქში არაფერი გამჭირვებია. ისრაელმა გულში ჩამიკრა, _ შემიყვარეს არა მარტო ქართველმა ებრაელებმა, არამედ აქ მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა. აქ მყავს უამრავი მეგობარი: კავკასიელები, რუსები, უკრაინელები. უზარმაზარ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ მათგან. სწორედ მათმა ასეთმა სითბომ და სიყვარულმა გადამალახინა ეს ყველაფერი.

_ ეს სითბო და სიყვარული იმ საკონცერტო ლაივ-ჩართვებშიც იგრძნობა, რომელიც თქვენ გაქვთ ხოლმე. როგორც ჩანს, ებრაელებს, ქართული სიმღერა ძალიან უყვართ, რადგან თქვენი ყველა კონცერტი ანშალგით მიმდინარეობს.

_ თქვენ იცით, რომ რომანსების შემსრულებელი ვარ და უფრო აკადემიურ სიმღერებს ვმღერი, მაგრამ ისრაელში რომ წამოვედი, რეპერტუარის შეცვლა მომიწია. აქ უფრო პოზიტიური, სამხიარულო სიმღერები უყვართ და იცით, რატომ? ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ, დღე და ღამე მუშაობენ. დილის 4 საათზე იწყება ისრაელში ცხოვრება, 4 საათზე ერთმანეთს ეუბნებიან: „ბოკერტო“, ანუ დილამშვიდობისაო. აბსოლუტურად სხვა სისტემაა, სხვა რეჟიმში მუშაობენ, მშრომელი ხალხია და ამიტომაცაა ისრაელი ძლიერი სახელმწიფო; იმიტომ შეიქმნა 70 წელიწადში ასეთი ძლიერი ქვეყანა და იმიტომ დგას ასე მყარად ფეხზე იგი. შესაბამისად, პარასკევი-შაბათი აქვთ განტვირთვისა და დასვენების დღეები. სხვათა შორის, ძალიან უყვართ 70-იანი წლების დროინდელი ქართული სიმღერები, რა თქმა უნდა, ახალი ჟღერადობით. ძველი სიმღერების ნოსტალგია აქვთ.


_ თქვენ რისი ნოსტალგია გაქვთ?
_ საქართველოს ნოსტალგია მაქვს. პანდემიის გამო წელიწად-ნახევარი ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე დალაგდება და სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოვალ ჩემს საყვარელ საქართველოში.

_ პანდემია ახსენეთ და ამ მხრივ ისრაელში რა მდგომარეობაა?
_ როცა ეს საშინელი პანდემია თავს დაგვატყდა, აქაც გავიარეთ ის უმძიმესი შეზღუდვები, რასაც ახლა თქვენ დღეს საქართველოში გადიხართ. იყო კომენდანტის საათი, დაკეტილი მაღაზიები, დახურული კაფე-ბარები და ყველაფერი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აცრის გარდა ამ პანდემიას ვერაფერი შეაჩერებდა. როდესაც ახალგაზრდებში სიკვდილიანობა დაიწყო, გადაიჭედა საავადმყოფოები და საშინელი სიტუაცია დადგა, ვაქცინაცია დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გადაგვარჩინა აცრამ! აბსოლუტურად ყველა აცრილია ისრაელში, 99%-ი. ამ ყველაფრის შემდეგ გაიხსნა ობიექტები, აღარაა საჭირო პირბადეების ტარება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით.

_ როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი სურვილიც იყო, რომ აცრილიყო და ამან შეუწყო ხელი პროცესის წარმატებით დასრულებას.

_ აქაც იყო მითქმა-მოთქმა, ათასი სისულელე ითქვა, არ გაიკეთოთო და მიდიოდა ანტირეკლამა, მაგრამ ხალხი გონს მოეგო _ მიხვდა, რომ კოვიდი კლავს, დაუნდობელი, ვერაგი ვირუსია და ამიტომ საჭირო იყო ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი დაინფიცირდა საქართველოში და ძალიან რთულად გადაიტანა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა აუცილებლად აიცრებიან და მიმაჩნია, რომ საქართველოში ხალხი გონს უნდა მოეგოს და აიცრას. მხოლოდ ამით თუ დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს.


_ ფიქრია, აშდოთში მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა? როგორ არიან, თავს როგორ გრძნობენ?
_ რა თქმა უნდა, სულ მწერენ და ვწერ. გუშინ თელავივთან ახლოს მოხდა შეტაკება და ერთი ქართველი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ფაქტობრივად, სამოქალაქო ომია აქ. ამ არეულობაში მოყვა ეს ქართველი, სადაც ბევრი არაბი ცხოვრობს. მოგეხსენებათ, არაბებსა და ებრაელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო, რა დროსაც ჩემი ახლობელი მიდიოდა სამსახურში. 8 არაბი დახვდა ხელკეტით და მისი ჩაქოლვა უნდოდა, თუმცა მადლობა ღმერთს, თავი დააღწია მათ და გაასწრო. უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ადამიანები, დაარბიეს კაფეები და რესტორნები, დანგრეულია შენობები, გადამწვარია მანქანები და მოკლედ, საშინელი სიტუაციაა. ვწუხვარ, რომ ამხელა მსხვერპლია. 1500 რაკეტას რომ ერთად გამოუშვებ, როგორია მათი მოგერიება? დაახლოებით, 14 რაკეტა ჩამოვარდა, დანარჩენი ყველა მოიგერიეს და ააფეთქეს.

ვწუხვარ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. მოვუწოდებ ისრაელის მოსახლეობას და განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დავემორჩილოთ წესებს და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

ისრაელი სიმშვიდეს მოიპოვებს. ვიმედოვნებ, ეს კოშმარი მალე დასრულდება და ამ ომში აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ!

გიორგი საკარული