უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1918 წლის მაისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-22.

1918 წლის მაისი. რა თქმა უნდა, გაზეთ „საქართველოს“ ამ თვის მიმოხილვის უპირველესი თემა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გახლავთ. თუ „საქართველოს“ მაისის ნომრებს გადავხედავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მეტად მძიმე ვითარებაში მიიღო. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს თურქული არმიის სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა და ამიერკავკასია ოსმალთა სრული ოკუპაციის საშიშროების წინაშე იდგა.
სანამ უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების თემას შევეხებით, მოკლედ გავიხსენოთ, თუ რა მდგომარეობა შეიქმნა ამიერკავკასიაში 1918 წლის მაისის დამდეგს. 1918 წლის აპრილში ოსმალეთსა და ამიერკავკასიის ფედერაციას შორის ტრაპიზონში გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, რის შემდეგაც თურქულმა არმიამ ქვეყნის საზღვრები გადმოლახა და სწრაფად დაიწყო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობებით მისთვის მიკუთვნებული ტერიტორიების დაკავება.
ოსმალებმა, პრაქტიკულად, უბრძოლველად აიღეს ბათუმი, საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს მთელი აჭარა, ართვინი და არდაგანი; შევიდნენ ოზურგეთში, მესხეთ-ჯავახეთში და ბორჯომამდე მიაღწიეს. ასეთ ვითარებაში ამიერკავკასიის სეიმმა ოსმალებთან ახალი მოლაპარაკება წამოიწყო, რომელიც უკვე ოკუპირებულ ბათუმში დაინიშნა. ამ მოლაპარაკებას უნდა გადაეწყვიტა ახლად დაარსებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრები და მისი მომავალი ბედი.
გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 6 მაისი: „მაისის 5-ს, ღამით თბილისიდან ბათუმისკენ საგანგებო მატარებლით გაემგზავრა ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია. დელეგაციას თავმჯდომარეობს აკაკი ჩხენკელი. დელეგაციის წევრები არიან: ნიკო იაკობის-ძე ნიკოლაძე, მამედ-ჰასან გაჯინსკი, მამედ ემინ-რასულ-ზადე, რ.ი. კაჩაზნუნი და ა.ი. ხატისოვი. დელეგაციაში შედიან აგრედვე გენერალი ი.ზ. ოდიშელიძე, პოლკოვნიკი გ.გ. ყორღანოვი, პროფესორები: ი.ს. ღამბაროვი და ზ.ნ. ავალიშვილი, ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროდან გიორგი ჟურული და ქიქოძე. ოსმალეთის დელეგაციას ვეხიბ-ფაშის მეთაურობით ბათომში მაისის 6-ს მოელოდნენ“.
საგულისხმოა, თუ რა მდგომარეობა იყო თურქების მიერ ოკუპირებულ ბათუმში. ამის თაობაზე გაზეთი „საქართველო“ მაისის ნომრებში პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ძირითადად თვითმხილველთა მონაყოლს ეყრდნობა. გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით ჩანს, რომ ოკუპაციის შემდეგ თურქები ქალაქში წესრიგის დაცვას ცდილობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენას ერიდებოდნენ.
ერთ-ერთ ასეთ ინფორმაციას გაზეთი 1918 წლის 18 მაისს აქვეყნებს სათაურით, „მდგომარეობა ბათუმში“: „ქალაქში ცხოვრება მიმქრალია. მაღაზიები და დაწესებულებები დაკეტილია. ოსმალები კარგად ექცევიან მოსახლეობას, ალბათ ჰსურთ ხალხის თვალებში თავისი პრესტიჟი ასწიონ. ქალაქის ძველი მმართველობა ისევ არსებობს; ემსახურება ქალაქის სამეურნეო ინტერესებს და სრულიად არ ერევა პოლიტიკაში. გაქცეულ მოქალაქეთა ქონება დაბეჭდილია და ოსმალები იცავენ. ქალაქში წესრიგს იცავს ოსმალთა ჟანდარმერია და ასასები (გოროდოვები). სისუფთავეს კარგად იცავენ. ჯარისკაცები აბანოში კვირაში ერთხელ დადიან… მოსახლეობა დამშვიდდა. ჩოლოყისა და ოზურგეთისკენ 8-10 ათასი ოსმალოს რეგულიარული ჯარისკაცია. მზვერავთა თანამდებობას და საგზაო ინსტრუქტორების საქმეს აჭარლები ასრულებენ. სურსათს ჯარი ტრაპიზონიდან ეზიდება. ბოლო ხანებში ოსმალები ქალაქიდან აღარავის არ უშვებენ. ალბათ ეს საზავო მოლაპარაკებიდან არის გამოწვეული…
ქალაქში სურსათის ნიხრი ასეთია: ოსმალთა მოსვლამდე 1 გირვანქა ხორცი ღირდა 4,5 მანეთი, ეხლა 3 მანეთი. 1 გირ. თევზი 3 მანეთი ეხლა 1 მანეთი. 1 გირ. ყველი 6 მანეთი, ეხლა 4 მან. მწვანილიც 20-25 პროცენტით გაიაფდა. ჩვენი ყოველნაირი ფული ხმარებაშია.
ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციისგან განსხვავებით, ბათუმის შეხვედრისთვის ამირკავკასიის ფედერაციის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. თუ ტრაპიზონში თურქეთი ძირითადად ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების შესრულებას მოითხოვდა, ამჟამად ოსმალთა მადა გაიზარდა და სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ისინი ახალ პირობას აყენებდნენ: თურქეთი კავკასიაში იმ პოზიციის დაბრუნებას ცდილობდა, რომელიც მან 1828-1829 წლებში რუსეთთან ომის შედეგად დაკარგა. საქართველოს შემთხვევაში ეს ოსმალთა მფლობელობაში მთელი მესხეთ-ჯავახეთის გადაცემას ნიშნავდა.
14 მაისს თურქეთმა ულტიმატუმი წამოაყენა, რომელიც ამიერკავკასიის ფედერაციას დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების ალექსანდროპოლის-ჯულფას ხაზის იქით გაყვანას ითვალისწინებდა. თურქები ბაქოსკენ გასასვლელის მოპოვებას ცდილობდნენ. ამ ულტიმატუმზე ამიერკავკასიის მთავრობის პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.
ულტიმატუმის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, 15 მაისს, თურქები სომხეთში შეიჭრნენ და ალექსანდროპოლი, დღევანდელი გიუმრი დაიკავეს. საქართველოს დედაქალაქამდე თურქები სულ რამდენიმე დღის სავალში იმყოფებოდნენ.
23 მაისს გაზეთი „საქართველო“ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალურ სამთავრობო ცნობას აქვეყნებს, რომელიც სომეხ გენერალ ნაზარბეკოვის ინფორმაციას ეყრდნობა: „მიუხედავად იმისა, რომ დროებით ზავია გამოცხადებული, ოსმალები სამხედრო მოქმედებას განაგრძობენ და კარაკლისის ფრონტისკენ მოიწევენ. დღეს სოფელ ავდიბელიდიდან ჩვენები გამოდევნეს. ცნობები მივიღეთ, რომ ოსმალებს თბილისის გზატკეცილით დიდი ძალები გამოუგზავნიათ ლორის რაიონისკენ. გვაქვს აგრეთვე ცნობები, რომ მათ განზრახული აქვთ კარაკილისზე და შემდეგ თბილისზე წამოსვლა“.
მთავრობას, ჯერჯერობით, არავითარი ნამდვილი ცნობები არ მოეპოვება ოსმალთა მოახლოვების შესახებ. თუ ნაზარბეგოვის ცნობა გამართლდა, თბილისის რაიონს საფრთხე ელის. მთავრობამ გენერალ ნაზარბეგოვის ცნობა აცნობა ბათომში მყოფ ჩვენს საზავო დელეგაციას და მოსთხოვა, რომ დაუყოვნებლივ შეჩერებულ იქნას ოსმალთა ჯარების წინ წამოწევა, თუ ისინი მართლა მოიწევენ წინ. პასუხი თავის დროზე იქმნება გამოქვეყნებული.
მაგრამ როგორც უნდა დატრიალდეს საქმე, მთავრობა ყოველივე ზომებს მიიღებს, მოქალაქეთა ქონების და სიცოცხლის დასაცავად და მოუწოდებს მცხოვრებლებს, რომ უშფოთველად დარჩნენ“.
საქართველოს სომხეთიდან დევნილთა უზარმაზარი ნაკადი მოაწყდა. თურქთა შიშით დედაწულიანად აყრილი სომხები ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ, პირველ მაისს გამოჩნდნენ, როდესაც ოსმალთა არმიამ ყარსი აიღო. გაზეთის ცნობით, დევნილთა რიცხვი რამდენიმე ასეულ ათასს აჭარბებდა. საგაზეთო პუბლიკაციებში მრავლად არის მოწოდება უბედური დევნილების დახმარებისა და გულმოწყალების შესახებ, მაგრამ ამასთანავე გაზეთი „საქართველო“ იმ მოსალოდნელ საფრთხეებზეც მიუთითებს, რომელიც სომეხი ლტოლვილებისგან შეიძლებოდა შექმნოდა ჩვენს ქვეყანას.
გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 16 მაისი: „კალიასავით მოედო ჩვენს ქვეყანას სომეხ ლტოლვილთა ტალღა. ათასობით, ასიათასობით სახლდება ჩვენში უცხო ელემენტი, უცხო ტომისა და კულტურის ხალხი… ბრბო გაუნათლებელი, გაბოროტებული, უაღრესად შოვინისტურ აზრებით გამსჭვალული… მოდის და ედება ჩვენს ქვეყანას, მკვიდრად სახლდება აქ, ჩვენის შორსგამჭვრეტ და ლმობიერ მთავრობის ყოველგვარის დახმარებით და ხელის შეწყობით…
სხვადასხვა აგიტატორები დაძვრებიან ამ ბრბოში. ათასს პროვოკაციას ავრცელებენ: თქვენი უბედურობა ქართველების ბრალია, ქართველებმა გიღალატეს, თქვენი მიწა-წყალი სხვას მისცეს, ახლა თქვენ იმათსას დაეპატრონეთო. სომხეთა ეროვნული საბჭო, როგორც ჩვენს გაზეთშიაც იყო უკვე აღნიშნული, უკრძალავს გადმოხვეწილებს საქართველოდან გასვლას, საქართველოს საზღვრების გაცილებას…
დღეს, როდესაც სომხობის გამამაგრებელი რუსეთის თვითმპყრობელობა აღარ არის, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა რუსეთის იმპერიალიზმი და იფხვრება რუსეთის ორიენტაცია, როცა გაჰქრა ის რეალი გარეშე ძალა, რომელსაც ეყრდნობოდა მუდამ სომხეთი და რომელზეც აშენებდა თავისს პოლიტიკურ ზრახვათ, როცა დღის წესრიგში დასმულია ამიერკავკასიის ერთა საბოლოო ტერიტორიალური გადამიჯვნა, _ სომეხთა მეთაურთ ისეთს რადიკალურს საშუალებას მიჰმართეს, როგორიც არის მშვიდობიანი დაპყრობა ჩვენი ქვეყნისა, ლტოლვილთა მოწყობის სახით სომეხთა საქართველოში გადმოსახლების წარმოება, საქართველოს მიწა-წყალზე სომხობის აბსოლუტურ უმრავლესობის შექმნა…
ჩვენ დიდად გვებრალება სომხის ერი, რომ ის თავის მეთაურთა უნიჭობით, მათის ბეცის პოლიტიკის წყალობით, საშინელს განსაცდელში ჩავარდა, მაგრამ თუ სომხობასა სურს თავისი უბედურობა ჩვენის უარესის უბედურობით გამოასწოროს, თავისი მომავალი ბედი ჩვენს უბედობაზე ააშენოს _ ნურას უკაცრავად, თუ მოკრძალებით მოვახსენებთ, რომ შინ რომ ბავშვები სტიროდენ, გარედ ტაბლად რა უნდა, ჯერ თავოდა თავო. ჯერ საქართველო და შემდეგ ჰაესტანის იდუმალი ზრახვანი…“
წერილი საკმაოდ რადიკალურ ტონშია დაწერილი და ავტორი, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებს იცავდა. ამ სტატიიდან ისე გამოდიოდა, რომ უმძიმესი საშიშროების წინაშე მდგარი უამრავი სომეხი ეროვნების ადამიანისთვის საქართველოს ხელისუფლებას საზღვარი უნდა ჩაეკეტა და ისინი სასიკვდილოდ გაეწირა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 19 მაისის ნომერში გაზეთი სულ სხვა სულისკვეთების განცხადებასაც აქვეყნებს, რომელიც მოსახლეობას დევნილთა დახმარებისკენ მოუწოდებს: „მოქალაქენო! ის მოქალაქენი, რასაც განიცდიან გამოქცეულნი, ყველა ეროვნებისანი, შეუძლებელია აიწეროს: ავადმყოფნი, ჩაჭლექიანებულნი, შიმშილ-ტიტველნი მორბიან დანგრეულ-გაცამტვერებულ საკუთარ ოჯახს მოწყვეტილნი.
არა თუ თვითეულ მოქალაქის მოვალეობა გვაიძულებს ამ საცოდავთა დასახმარებლად გაუწოდონ ხელი, არამედ იმისი შეგნებაც, რომ ამ გამოქცეულთა შორის ვრცელდება ათასგვარი ავადმყოფობა, რის გავრცელებაც შეუძლიანთ ჩვენში, თუ დროზე არ მივეპატრონეთ.
აუცილებლივ საჭიროა: 1) საცვლები მამაკაცისა, დედაკაცისა და ბავშვებისა; 2) ტანთსამოსი, თუნდაც ძველი.
საცვლების შოვნა ფულითაც კი გაძნელებულია. საჭიროა საკუთარი საცვლის ნაწილი გაიღოთ.
საცვლებისა და ტანისამოსის მიღება შეიძლება ქალთა პირველ გიმნაზიაში (ლორის მელიქოვის ქუჩა), გამოქცეულთა განყოფილებაში, დილის ათ საათიდან სამამდე, ყოველდღე კვირა-უქმითაც კი“.
თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ძირითად თემას და ოსმალთა ოკუპაციის საფრთხეს. 24 მაისს გაზეთში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საბოლოო ზავის შეკვრამდე, ოსმალები სამხედრო საჭიროებისთვის, ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთელი ამიერკავკასიის ოკუპაციით იმუქრებოდნენ. თუმცა ოსმალთა მფლობელობაში ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის გადაცემა, რეალურად, ისედაც ოკუპაციას ნიშნავდა.
მოახლოებული საფრთხის პირობებში თბილისის გამგეობამ ქალაქის თავდაცვისთვის მზადება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ქალაქის საბჭომ შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო, რომელსაც გაზეთი „საქართველო“ 24 მაისს აქვეყნებს: „ქალაქის საბჭოს არა ჩვეულებრივ სხდომაზე 5 საათი იმსჯელეს ქალაქის დაცვის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ქალაქს ოსმალები მოუახლოვდებიან. ღამის 3 საათზე გამოიტანეს შემდეგი რეზოლიუცია: საბჭო ესალმება ცენტრალურ ორგანოს, რომელიც კისრულობს ქალაქის დაცვას, როგორც ანარქიისგან, ისე მოახლოვებულ მტრისგან. ცენტრალურ ორგანოში შედიან მთავრობის, წითელგვარდიის, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოსი, ქალაქის დამცველ შტაბისა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები: საბჭომ დაავალა გამგეობას, რომ მან მოწოდებით მიმართოს მცხოვრებთადმი და დაადგინა, რომ საბჭოს ხმოსნები რაც უნდა მოხდეს, ქალაქიდან არ წავიდნენ“.
ამავე ნომერში მოცემულია მთავრობის სპეციალური განცხადება ოსმალთა საფრთხის შესახებაც. ხელისუფლება აცხადებდა, რომ საზავო მოლაპარაკებისა და ოსმალთა ჯარის გადაადგილების შესახებ მიღებულ ცნობებს მთავრობა დაუყოვნებლივ აქვეყნებდა და მათ მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით შიშისა და პანიკის მიზეზი არ არსებობდა. ხელისუფლება მოუწოდებდა მოსახლეობას, არ აჰყოლოდა მტრის მიერ გავრცელებულ სხვადასხვა ჭორს და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. თუმცა მთავრობის განცხადების მიუხედავად ქალაქში პანიკის ნიშნები გამოჩნდა.
გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 25 მაისი: „ოსმალთა შემოსვლის შიშით ქალაქში დიდი მოძრაობაა. რიჟრაჟიდან დაწყობილი გოლოვინის პროსპექტი, ოლღას ქუჩა და კავკავისკენ მიმავალი გზა სავსეა ურმებით, ეტლებით, ფურგუნებით, „ტაჩკებით“ ავტომობილებით და სხვა. მრავალიც ქვეითად მიდის. ბარგი რაც ვერ მიაქვთ, ჩალის ფასად იყიდება. ფარდაგები, რომელიც წინედ 500-600 მანეთი ღირდა, დღეს 50-60 მანეთად იყიდება. გამყიდველები კერენსკის და ნიკოლოზის ფულებს თხოულობენ. დიდძალ ფულს იძლევიან გზისთვის. ავტომობილში თითო სული კავკავამდე იხდის 500-600 მანეთს, ფურგუნს 6 ათას მანეთად ჰქირაობენ. ქალაქიდან განსაკუთრებით სომხობა იხვეწება“.
ცხადი გახდა, რომ საქართველო ოსმალთა სრული ოკუპაციის თავიდან აცილებას მხოლოდ საგარეო ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერის შემთხვევაში შეძლებდა. 1918 წლის მაისში ასეთი ქვეყანა გერმანიის იმპერია გახდა. მართალია, პირველ მსოფლიო ომში გერმანია ოსმალეთის მოკავშირე იყო, მაგრამ ამიერკავკასიაში კაიზერის მთავრობას საკუთარი ინტერესები ჰქონდა და ჩვენს რეგიონში თურქეთის სრული გაბატონება სულაც არ სურდა. იდეალურ შემთხვევაში გერმანია კავკასიაში ერთგვარი პროტექტორატის,შექმნას გეგმავდა, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის ბუფერის როლს შეასრულებდა და ამ რეგიონში გერმანული პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფდა.
გერმანიას კავკასიაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური მიზნები ამოძრავებდა, რომელიც შესაბამისად მის პოლიტიკასაც განსაზღვრავდა. ძირითადი ინტერესი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რეგიონის სრულფასოვანი ათვისება იყო. ჭიათურის მანგანუმი, ბაქოს ნავთობი, ქვანახშირი, სპილენძი, ხე-ტყე – ყველაფერი ეს გერმანული კაპიტალისთვის საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა. ამ ნედლეულის ტრასპორტირებისთვის კი აუცილებელ პირობას კავკასიის სარკინიგზო ხაზსა და შავი ზღვის ნავსადგურებზე კონტროლის დაწესება წარმოადგენდა.
ჯერ კიდევ ბათუმის საზავო მოლაპარაკებამდე, 27 აპრილს კონსტანტინოპოლში, გერმანიის ზეწოლით, ოსმალეთი იძულებული გახდა, კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას დასთანხმებოდა. თურქებს უკვე ოკუპირებული ქართული ტერიტორიები და სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩებოდათ. დანარჩენი კავკასია კი გერმანიის ინტერესის საგნად ცხადდებოდა. საქართველოსა და გერმანიას შორის ინტენსიური მოლაპარაკება დაიწყო. 14 მაისს ტფილისმა გერმანიის მფარველობა ითხოვა, რაზეც კაიზერის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა. გერმანიის წარმომადგენელმა, გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა, კერძო საუბარში აკაკი ჩხენკელს აცნობა, რომ მისი მთავრობა მზად იყო დახმარებისთვის, თუ საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდნენ გერმანელები თურქების წინსვლის შეჩერებას.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება კი, თავის მხრივ, ავტომატურად გამოიწვევდა 1918 წლის 22 აპრილს შექმნილი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლას. ფედერაციაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს სომხებთან და აზერბაიჯანელებთან საერთო პოზიცია უნდა შეემუშავებინა, მაგრამ თურქული აგრესიის გათვალისწინებით ამის არც დრო იყო და არც პოლიტიკური ნება არსებობდა.
შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 24 მაისს ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ალტერნატივა არ გააჩნია: „ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მდგომარეობა თავიდანვე არ იყო მტკიცე, მაგრამ დღეს ის განსაკუთრებულს ხიფათს განიცდის. ოსმალეთის ლაშქარი უკეთესს შემთხვევაში შუაზე გაჰყოფს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკას და მისი ლაშქარი გაივლის მუსლიმანთა მიწებს და ბოლშევიკებისგან ბაქოს განთავისუფლებას შეუდგება. ბევრს იმის შიშიც აქვს, რომ ოსმალთა ჯარები ტფილისისკენაც გამოეშურებიან და საქართველოს დედაქალაქში შემოვლენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იმდენად მნიშვნელოვანი აქტია, რომ არ შეიძლება მას დიდი ცვლილება არ მოჰყვეს ოსმალეთის სამხედრო და დიპლომატიურ ოპერაციებში. ყოველს შემთხვევაში, ეს ოსმალეთის აქტიურ მოქმედებას დროებით მაინც შეაფერხებს. უფრო მოსალოდნელი კი არის, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ოსმალეთი აღარ შეეხება და მასთან მეგობრულ განწყობილებას დაიჭერს“.
1918 წლის 25 მაისს ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა) მდებარეობდა, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომა ერთადერთ საკითხს _ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას იხილავდა. ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ მეორე დღეს _ 1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის სეიმის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის გამზირზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა.
იმავე დარბაზში, დაახლოებით, ნაშუადღევის 4 საათზე და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. სხდომას უამრავი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. გაზეთი „საქართველო“, 1918 წლის 26 მაისი: „საათი თუ საათ-ნახევრით წინ დასრულდა ამიერ კავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა. წავიდ-წამოვიდნენ ისინი, ვინც დიდის სიხარულით არ შეგებებიან საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. იწმინდება ჰაერი. ყვითელ დარბაზში გაისმის დამოუკიდებელ საქართველოს შვილთა წყნარი საუბარი. მათი მხიარული თვალები ხან თუ დარბაზში მოდღესასწაულე საქართველოს ეროვნულ დროშას აჩერდებიან, ხან ფიქრში წასულნი უმზერენ დღესასწაულზე შემსწრე უცხოელ სტუმრესბს. გარედ: _ ჟრიამული… ტაში… დუდუკი… მალე პრეზიდიუმის მაგიდასთან წარმომდგარ ნოე ჟორდანიას ფეხზე ამდგარი ხალხი მქუხარე ტაშით ეგებება. ისმის მხიარული: გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს! გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას! ნოე ჟორდანია. საქართველოს ეროვნულ საბჭოს სხდომას ვაცხადებ გახსნილად…
…მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმენი იყავით ერთ ისტორიულ ამბისა: ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში უნდა იშვას მეორე სახელმწიფო. ამ ორ სახელმწიფოთა შორის არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო რაიმე ინტერესთა სხვა და სხვაობა და თუ მოკვდა პირველი სახელმწიფო, ამ სიკვდილის მიზეზი არის არა ის სახელმწიფო, რომელიც დღეს დგება, არამედ ის, რომელიც დღეს არ დგება (ტაში). დღეს აქ ახლად დაარსებული საქართველოს სახელმწიფო არ იქნება მიმართული არც ერთის ერის, არც ერთის ხალხის და არც ერთ სახელმწიფოს წინააღმდეგ (ხანგრძლივი ტაში).
მისი მიზანია, რომ დღევანდელ ქარტეხილში დაიფაროს თავისი თავი და ამით ის დაეხმარება სხვებს, რომელნიც არიან ჩვენზე უფრო დიდ განსაცდელში ჩავარდნილნი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის ჩვეული თავის არსებობისთვის ბრძოლას (ტაში)…“
შესავალი სიტყვის შემდეგ ჟორდანიამ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ წაიკითხა, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა:
„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ითვალისწინებს რა ზემოჩამოთვლილ პირობებს, საქართველოს ეროვნული საბჭო, ამორჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ. დღეს საყოველთაოდ აცხადებს:
1) ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა;
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
7) დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.
ამავე სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაც: ნოე რამიშვილი _ მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მონისტრი; აკაკი ჩხენკელი _ საგარეო საქმეთა მინისტრი; გრიგოლ გიორგაძე _ სამხედრო მინისტრი; გიორგი ჟურული _ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი; გიორგი ლასხიშვილი _ სახალხო განათლების მინისტრი; ნოე ხომერიკი _ მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი; შალვა მესხიშვილი _ იუსტიციის მინისტრი; ივანე ლორთქიფანიძე _ გზათა მინისტრი.

მიხეილ ბასილაძე