უცნობი საქართველოს ქრონიკა: 1917 წლის თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #3

1917 წლის ზამთრის ბოლო თვე საქართველოში სუსხიანი გამოდგა. 10 თებერვლისთვის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცა. მოვიდა დიდი თოვლი, გართულდა გზებზე მოძრაობა. ჩაიკეტა საქართველოს სამხედრო გზის მლეთა-ჯვრის მონაკვეთი. განსაკუთრებით გაუჭირდა მაღალმთიან სოფლებს, სადაც დიდთოვლობის გამო, რამდენიმე სოფელი მთლიად მოწყდა გარე სამყაროს. ძლიერი ყინვების შედეგად, გაჩერდა ავჭალის წყალსადენი და თბილისი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. გაზეთი საქართველო. 15 თებერვალი: „თბილისის წყალსადენი 13 და 14 თებერვალს ძალიან ცოტა წყალს იძლეოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ ავჭალაში არხი გაუყინავს და ტურბინები ვეღარ მუშაობდა“.
ყინვასა და დიდთოვლობას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირა.
როგორც გაზეთი იუწყებოდა, 22 თებერვალს მაყვლარიანის სერზე ქარბუქის შედეგად ორი კაცი გარდაცვლილა, რომელთა კვალსაც ვეღარ მიაგნეს. ოთხი დღის შემდეგ სოფელ ბაჟანოს სიახლოვეს ცოლ-ქმრის: მათე და მარიამ ხერკელაძეების გაყინული ცხედრები იპოვეს. ისინი, თურმე, მგზავრობის დროს სიცვისგან გაიყინნენ.
8 თებერვალს საქართველოში მიწისძვრაც მოხდა. თუ რა სიმძლავრის იყო ის, უცნობია. დიდი ალბათობით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მსგავსი ცნობები გაზეთში არ ჩანს. მხოლოდ ის წერია, რომ ბიძგები მოქალაქეებმა ღამის 2 საათზე იგრძნეს და მიწის რყევამ 1 წუთს გასტანა.
საქართველოში სულ უფრო ძლიერდება თურქეთიდან გადმოხვეწილი სომხების რიცხვი. ისინი ოსმალთა ჯარს გაურბიან და თავშესაფარს ჩვენს ქვეყანაში ეძებენ. განსაკუთრებით დიდია ყარსისა და ვანის ვილაიეთებიდან გამოქცეულთა რაოდენობა, სადაც სომეხთა აჯანყების საპასუხოდ თურქებმა დაუნდობელი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც თან სდევდა სომეხთა მასობრივი მკვლელობები და დეპორტაცია. გაზეთ „საქართველოს“ ინფორმაციით, ამიერკავკასიაში შემოხიზნული სომხების რიცხვმა თებერვალში 300 ათასს მიაღწია.
1917 წლის თებერვალში საგრძნობლად გააქტიურდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა. 1-ლ თებერვალს თავად-აზნაურთა მარშლები თავადი კ. აფხაზი და თავადი დ. ნიჟარაძე საქართველოს რუს ეგზარქოს პალტონს შეხვდნენ და ამ თემაზე ხანგრძლივი საუბარი გამართეს. 26 თებერვალს ამავე საკითხთან დაკავშირებით, პლატონი უკვე გურია-ოდიშის სამღვდელოების დეპუტაციას უსმენდა, რომლის შემადგენლობაში დეკანოზი ევგენი შენგელაია, კეთილმოწესე მღვდელი კირილე ჯავახია და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე იყვნენ. დეპუტაციამ ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გურია-ოდიშის სამღვდელოების კრების დადგენილება ჩამოიტანა, რომელიც პლატონს გააცნეს.
გაზეთი იუწყება, რომ ეგზარქოსმა დელეგაციის წევრებს ყურადღებით მოუსმინა და მათ მეფისნაცვალთან აუდიენციაც გაუხერხა. რა შედეგით დასრულდა შემდეგ შეხვედრა, უცნობია, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ კავკასიის რუს მმართველს ქართველი სასულიერო პირების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. რუსეთი საქართველოს ეკლესიას საკუთარ ნაწილად თვლიდა და მის დამოუკიდებლობას ვერ შეეგუებოდა. პირიქით, იგი ყველა მეთოდით ებრძოდა ეროვნული ხასიათის გამოვლენას. მაგალითისთვის, ხაშურში ნინოობაზე მომხდარი ამბავი გამოდგება, რომელიც გაზეთმა „საქართველომ“ დღესასწაულიდან ორი კვირის შემდეგ, 2 თებერვალს გამოაქვეყნა: „ნინოობას რკინის გზის მღვდელს იოსებ კვალიაშვილს ქართულად უნდა ეწირნა რკინის გზის ეკლესიაში ხაშურის ქართველობისათვის. მაგრამ ეკლესიის გასაღები სადღაც მიეჩქმალა მეორე მღვდელს (ის რუსია), სწორედ იმ დღეს მოუნდა თბილისში წასვლა, ხოლო მნათემ (ისიც რუსია) განაცხადა, დამეკარგაო. მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს ეკლესიის გასაღები, ასე, რომ რკინის გზის მოსამსახურე ქართველობას, ამ მთელ ქართველობისათვის ძვირფას დღეს, საშუალება წაერთვა, სამშობლოს ენაზე მოესმინა წირვა…“
ეგზარქოსების ძალისხმევით ქართულ ეკლესიას ეროვნული სახე ეკარგებოდა. მრევლი ვერ იგებდა რუსულ ღვთისმსახურებას, მათთვის უცხო იყო რუსული წესები. ხალხი აღარ დადიოდა ტაძრებში, ნაკლებად ამბობდა აღსარებას, არ ეზიარებოდა. ქართულ ეკლესიაში რუსეთისთვის ჩვეული ვაჭრობა გაჩაღდა. ოფიციალური გადასახადი დაწესდა ნათლობაზე, ჯვრის წერაზე, აღსარებაზე.
გაზეთი „საქართველო“. 18 თებერვალი: „კვირას, 5 თებერვალს ვინმე ვ. ლ-ძე ჯვარს იწერდა იგოეთელ ქალზე. როდესაც მღვდელ პ-ძეს შეეკითხნენ ჯვრის საწერის გადასახადის შესახებ, მან არც აცივა, არც აცხელა და კატეგორიულად განაცხადა: 30 თუმანს თუ მომცემთ, ჯვარს დავსწერ, თუ არა და გზა დიდიაო. როგორც იყო, ხვეწნითა და მუდარით მღვდელმა შვიდ თუმნად ინება ჯვრის დაწერა. მღვდელის ამისთანა საქციელი გვაკვირვებს, მეტი რომ არა ვსთქვათ. ნუ თუ მღვდელ გ. პ-ძისთვის სავალდებულო არ არის იცოდეს ის დებულება, რომელიც ამ რამოდენისამე წლის წინად სინოდის კანტორამ გამოაცხადა, სახელდობ: მღვდელს არა აქვს უფლება აიღოს ჯვრის წერისათვის 10 მანეთი და დასაფლავებისათვის კიდევ 3 მანეთზე მეტიო“.
იანვართან შედარებით კიდევ უფრო გაძვირდა ცხოვრება. გაჭიანურებული ომის შედეგად რუსეთში სასურსათო კრიზისი დაიწყო. ნათელი გახდა, რომ იმპერია ხანგრძლივ სამხედრო დაპირისპირებას ეკონომიკურად ვეღარ უძლებდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კრებაზე სიტყვით გამოსვლისას დუმის თავმჯდომარე როძიანკომ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ კრიზისის გამო ქვეყანაში საშიში მდგომარეობა შეიქმნა. 25 თებერვალი: „როძიანკომ შემდეგი განაცხადა: ნაკაზის 130 მუხლის ძალით, საჭიროდ ვრაცხ შემდეგი რიგს გარეშე განცხადება მოგახსენოთ: პეტროგრადსა, სხვა ცენტრებსა და ქალაქებში სურსათ–სანოვაგის უქონლობის და სიძვირის გამო, თავი იჩინა ხალხის მღელვარებამ. ამ მღელვარებამ შეიძლება ამ ომიანობის დროს არასასურველი ხასიათი მიიღოსო“.
ქვანახშირის სიმცირის შედეგად მოსკოვში საღამოს 7 საათიდან შეწყდა ტრამვაის მოძრაობა, შეიზღუდა მატარებლების გადაადგილებაც. რუსეთიდან კავკასიის მიმართულებით დღეში ერთი მატარებელი დადიოდა, რომელსაც მხოლოდ სტრატეგიული ტვირთი გადაჰქონდა და ჯარისკაცები გადაჰყავდა.
125 პროცენტით გაძვირდა ფასები ქსოვილებზე და ტანისამოსზე. ინფლაციის გამო სამჯერ გაიზარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება, მოიმატა წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადმა.
გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 16 თებერვალი: „ქალაქის საელექტრონო სადგურის გამგემ ინჟინერმა ნალბანდიანმა მოხსენება წარუდგინა ქალაქის გამგეობას, რომ რადგან მასალა გაძვირდა, ელექტრონის სინათლეს ფასი უნდა მიემატოსო. ბ–ნ ნალბანდიანის ანგარიშით კილოუატი ელექტრონის ძალისა გაძვირდება 9-10 კაპიკით“.
ქალაქის სასურსათო დუქნებიდან გაქრა შაქარი და ხორცი. ყოველდღიურად იზრდებოდა ფასები ბაზარში. თუმცა ყველაზე საგანგაშო მაინც ხორბლის დეფიციტი გახლდათ. საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი ჩრდილოეთ კავკასია იყო. იანვარში რუსეთში ფასების საყოველთაო ზრდა დაიწყო, რომელმაც ჩვენთან თებერვალში ჩამოაღწია. ისედაც მძიმე კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა.
17 თებერვალი: „გუშინ ქალაქის მეპურეები შეგროვილნი იყვნენ ქალაქის გამგეობაში ფქვილის წასაღებად, მაგრამ აწეულ ფასებში ფქვილის წაღებას არ აპირობდნენ. ჯერ გამომცხვარ პურზედ ნიხრი ასწიეთ და შემდეგ წავიღებთ ფქვილსაო, – ამბობდნენ მეპურეები. მეხორბლეებს ასეთი გარემოება ხელს არ აძლევსთ და არცა ყიდულობენ სათადარიგო საქონელს და ამიტომ პური ბაზარზედ გაჰქრა. ამ რიგად, პურის საკითხი გართულდა: ჯერ ერთი, რომ გამომცხვარი პურის ფასი უნდა გადიდდეს, მეორეც ის, რომ ნიხრის გადიდება დროს თხოულობს, მაშინ, როდესაც პური ყოველ წუთშია საჭირო“.
ვითარების გამოსწორებას არც მთავრობის მიერ სურსათზე დაწესებული ზღვრული ფასები შველოდა. დუქნები უარს აცხადებდნენ ოფიციალური ნიხრით ვაჭრობაზე და ყველანაირად ცდილობდნენ საქონლის დამალვას. 16 თებერვალს, მეფისნაცვლის განკარგულებით, თბილისის საპოლიციო უბნებში საგანგებო მზრუნველთა განყოფილება შეიქმნა, რომელსაც ბაზრებსა და დუქნებში არსებული მდგომარეობა უნდა გაეკონტროლებინა.
26 თებერვალი: „თანახმად ახალ კანონისა, სასამართლოს ბრალმდებელი ვალდებულია თვალყური ადევნოს სურსათ-სანოვაგის ვაჭრობას და თუ ვინმემ, პატივსადებ მიზეზის გარეშე, სანოვაგეს ფასი მოუმატოს თავის ნებით, ან დამალოს, 10 ათასი მანეთით დააჯარიმოს და ამასთანავე ციხეში ჩასვას 1 წლითა და 4 თვით. ამ კანონით ისარგებლა თბილისის ოლქის სასამართლოს ბრალმდებლის ამხანაგმა ბ-ნმა ნაზაროვმა და დილით, ქალაქის პოლიციის და ქალაქის გამგეობის აგენტების თანხლებით, დაათვალიერა, ეგრედ წოდებული რუსის იარმუკა, სალდათის ბაზარი და სახორცე დუქნები. ბლომად აღმოჩნდა დამალული ხორცი, ხახვი, კომბოსტო და სხვ. შედგენილ იქმნა 30-მდე ოქმი. ნამალევი ხორცი პატრონებს ჩამოართვეს და ნიხრზე გაჰყიდეს“.
1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში ფრონტზე მორიგი გაწვევა დაიწყო. გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მათ, ვისაც 19 წელი უსრულდებოდა, თბილისის სამხედრო უფროსთან უნდა გამოცხადებულიყო. რუსეთის იმპერია ომში უდიდეს დანაკარგს განიცდიდა და ფრონტზე ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნიდა. ამის გამო, გამოიცა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახურში საჯარო მოხელეებიც მიჰყავდათ.
7 თებერვალი: „ამიერკავკასიის მხედრობათა უავგუსტოეს მთავარსარდლის განკარგულების თანახმად, ქალაქთა კავშირის მოსამსახურენი, რა თანამდებობაც უნდა ეჭიროთ მათ, რომელნიც დაბადებული არიან 1871 წლის აქეთ და სამხედრო ბეგრის მოხდა უწევთ, გადარიცხულ უნდა იქმნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, მაგრამ დატოვებული იქმნებიან ეხლანდელ თანამდებობაზე, ხოლო ჯამაგირად კი მიეცემათ იმდენი, რამდენიც ჯარის კაცს ეძლევა“.
პოლიციამ დეზერტირების აღმოჩენისა და სამხედრო ვალდებული მოქალაქის მობილიზების დავალება მიიღო. აღმასრულებლებს მოქმედების სრული თავისუფლება მიეცათ. ამან შედეგად ის გამოიღო, რომ სოფლებს „სტრაჟნიკები“ შეესიენ და მოსახლეობას სისხლს უშრობდნენ.
5 თებერვალი: „შემზარავი წერილი მოვიდა სოფელ ბაკურციხიდან: „სიღნაღის მაზრის სამმართველოს ურიადნიკი 12-15 სტრაჟნიკით და ტყის დარაჯის თანხლებით სწვევია სოფელს და თარეშობა დაუწყვიათ. ამ ოფიციალ საპოლიციო მცველთ, ყაჩაღთა შესაფერისი საქციელი ჩაუდენიათ. შუაღამისას დასხმიან სოფელს, ბევრი გაუბაწრავთ, ვითომც როგორც გამოქცეული ჯარისკაცები. უფრო კი იმიტომ, რომ ქრთამები აეღოთ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ამ მოთარეშეებს გლეხისთვის განთავისუფლების ბილეთები გადაუხევიათ, თუ ამ უკანასკნელთ არ მიუციათ ქრთამი, შესაფერისი ჯილდო. წინა დღით სწორედ ასევე დაურბევიათ სოფ. ჩალაუბანიც“.
ქვეყანა თანდათან ქაოსში ეფლობოდა. მამაკაცებისგან დაცლილ სოფლებს ფრონტიდან გამოქცეული დეზერტირები, ყაჩაღები და ქურდები არ ასვენებდნენ. მოსახლეობას დაუნდობლად ძარცვავდნენ კანონს ამოფარებული სახელმწიფო მოხელეებიც.
22 თებერვალი. აღწერილია კახეთის სოფლებში არსებული რეალური მდგომარეობა: „უპატრონოდ დარჩენილ სოფლებს ბავშვებმა, დედაკაცებმა, მოხუც კაცებმა და ომისთვის გამოუსადეგარ ავადმყოფთ როგორ უნდა უშველონ? ეხლა ამათ მეტი ხომ არავინ არიან აქ! მაგრამ რათა, კინაღამ დამავიწყდა: კიდევ არიან ჯანღონით აღსავსე ვაჟკაცნი, ზოგი რაღაც განგებით გადარჩენილნი სამხედრო ბეგარას და ზოგნი ბრძოლის ველიდან გამოქცეულნი; ამათგან არც წინათ ჰქონდა სოფელს მოსვენება, არც ეხლა ასვენებენ… ნავარდობენ ეს სოფლის ნაძირალნი; იპარავენ ყველაფერს, იტაცებენ რაც მოხვდებათ, გააწერენ ხოლმე ფულებს და ვაი იმას, ვინც არ მისცემს; ბევრი ურცხვად იმასაც კი სწერავს: „ჩვენ გამოქცეული სალდათები ვართ, გამოგზავნე ამდენი, შენ იოლათ წახვალო“. ვთქვათ, გაიჩინა როგორმე ქვრივ-ოხერმა წვრილშვილმა დედაკაცმა სახლში გოჭი ან ბატკანი, ზრდის, თავს ევლება. ბავშვებიც სიხარულით ეთამაშებიან… ამ დროს მიდის ყაჩაღების მოციქული და უცხადებს: ის ღორი ყაჩაღებთან უნდა წავიყვანოვო. ეხვეწება საბრალო დედაკაცი, შეიბრალე შვილები და ნუ წაიყვანო, მაგრამ სად არის სიბრალული! ამის საპაუხოდ ემუქრება და თან აფრთხილებს, არაფერი სთქვა, თუ თავისთვის კარგი გინდაო… ერთი სიტყვით, დღეს რაც კი გააჩნია გლეხს, შინაურ ფრინველიდგან დაწყებულ მსხვილფეხა საქონლამდე, ქურდ-ყაჩაღებს უნდება და თუ იმათ გადარჩებათ რამე, სოფლის გაუმაძღარ მოხელეების წილია“.
თელავის მაზრის სოფელ კისისხევში 20 თებერვალს ღამით, ფირუზა ხვადაგიშვილის ოჯახს ჯარისკაცის ტანისამოსში გამოწყობილი 4 შეიარაღებული უცნობი დაესხა. წაართვეს 25 მანეთი, საოჯახო ოქრო-ვერცხლის ნივთები, 1 ჩაფი ღვინო, 1 ფუთი ლორი, შემდეგ მოხვეტეს თუ რამე ტანისამოსი იყო ქალისა თუ კაცისა და არხეინად გაუდგნენ თავიანთ გზას.
სოფლის მსგავსად ათასი ჯურის ავაზაკით აივსო ქალაქიც. გახშირდა წვრილმანი ქურდობისა და მკვლელობის შემთხვევები. თბილისში შემოხიზნულმა დევნილმა, ვინმე ლევიცკიმ, შეშის ნაპობით მოკლა ცოლი და შემდეგ დაახრჩო თავისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ყვიროდა, თურმე: „რათა ჰკლავ დედასო“. რკინიგზის სადგურზე ჯიბგირებმა ერევნის მატარებელში მოქალაქე საშა ფავლენიშვილს ამოაცალეს 2250 მანეთი და საბუთები. იქვე გაძარცვეს ქუთაისის ნაფიცი ვექილი ანტონ ჰელეზარაშვილიც.
კომიკური ელფერი დაჰკრავს 28 თებერვალს გამოქვეყნებულ კრიმინალურ შემთხვევას: „მასწავლებელს შ. ქარუმიძეს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ კრებაზე უბიდან ამოაცალეს 30 მანეთი. ბ-ნი ქარუმიძე სთხოვს პატიოსან ჯიბგირს ფული თვითომ დაიტოვოს და საჭირო დოკუმენტები ფოშტით გამოაგზავნოს „საქართველოს“ რედაქციის სახელზე“. გაუგზავნა თუ არა „პატიოსანმა“ ჯიბგირმა მოპარული დოკუმენტები ქარუმიძეს, გაზეთი ამის შესახებ არაფერს იუწყება.
სულ უფრო ფეხს იკიდებს შავი სახადი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ფრონტიდან შემოაღწია. 21 თებერვალს თბილისის ლაზარეთებში ამ სენით დაავადებული 900 ადამიანი იმყოფებოდა. ქალაქის საექიმო-სანიტარიულმა განყოფილებამ შავი სახადის შესახებ სპეციალური საინფორმაციო წიგნაკიც კი გამოსცა, სადაც ავადმყოფობისგან თავის დაცვის წესები იყო განმარტებული.
22 თებერვალი: „თბილისის გამგეობის წევრმა არღუთინსკიმ კრებას მოახსენა, რომ შავი სახადი ძალზე იკიდებს ფეხს თბილისშიო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სენის ბუდედ უნდა ჩაითვალოს რკინის გზის სადგური, საცა არც დეზინფექცია კეთდება და არც სხვა რაიმე სანიტარული ღონისძიებაა მიღებული. კრებაზე აგრეთვე განაცხადეს, რომ სენის გავრცელებას განმანაწილებელი პუნქტიც უწყობს ხელს, რადგან ქალაქთა კავშირის კომიტეტს ფული აკლია საქმის რიგიანად დასაყენებლადო“.
როგორც საგაზეთო მასალებიდან ჩანს, იმ პერიოდში შავი სახადის გარდა, ქალაქში ვენერიული დაავადებაც ფართოდ იყო გავრცელებული. გაზეთ „საქართველოს“ ყოველ ნომერში უამრავ განცხადებას წააწყდებით, სადაც მოქალაქეებს სიფილისისგან და ჰონორეისგან განკურნებას სთავაზობენ. მაგალითად, 7 თებერვლის ნომერში სარეკლამო განცხადება სუსუნატით, იგივე ჰონორეით დასნეულებულ პირებს უახლესი მედიკამენტით „ურიტალით“ მკურნალობას სთავაზობს: „სუსუნატით (ჰონორეა) ავადმყოფებს, რომელთაც მრავალხნის განმავლობაში დიდძალი ფული დაუხარჯნიათ, მაგრამ თავის ავადმყოფობისათვის ვერა უშველიათ-რა, ეხლა საშუალება აქვთ საბოლოოდ განთავისუფლდნენ მისგან, თუ შეიძენენ ცნობილ საშუალებას „ურიტალს“, რომელიც სულ ცოტა ხანში არჩენს გაარჯლებულ და ქრონიკულ სუსუნატს საშარდე ბუშტისას, ჭაჭებისას და სხვ. ურიტალი ნამდვილად არჩენს სუსუნატს. თითო ფლაკონი ღირს 3 მან. 50 კაპ. მთელი კურსი ეღირება 25 მან.“
ომის, სიდუხჭირის, მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, საქართველოში კულტურული ცხოვრება მაინც ჩვეული რითმით მიმდინარეობდა. თბილისში უამრავი კლუბი მოქმედებდა, სადაც ყოველდღე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართებოდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „ხარფუხის“ კლუბს ეკავა. 5 თებერვალს აქ დამსახურებული მსახიობის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30 წლის სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო საღამო გაიმართა. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „ხანუმა“ და „დედის ერთა“, რომელშიც ვასო აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა. 10 თებერვალს ქართულმა საოპერო დასმა იმ დროის ცნობილი ოპერეტა – „არშინ მალ-ალანი“ დადგა. თბილისის საიმპერატორო სამუსიკო სკოლის დარბაზში „ცისფერყანწელების“ საღამო ჩატარდა, რომელსაც უამრავი მოქალაქე დაესწრო.
გოლოვინის პროსპექტზე, მილოვის მაღაზიაში სომეხ მხატვართა კავშირის გამოფენა გაიხსნა. როგორც გაზეთი იუწყებოდა: „…გამოფენა მრავალფერადი და საინტერესოა. ყველაზე მეტს ყურადღებას იპყრობს ედგარ შაინის ოფორტები, ტატევოსიანის სურათები და ოჰანეზოვის კარანდაშით ნახატი ეტიუდები. ქართველ მხატვართაგან მონაწილეობას იღებენ მამა-შვილი თოიძეები (მოსე და ერეკლე) და გულიაშვილი. პატარა ერეკლე თოიძის მხატვრობა საერთო აღტაცებას იწვევს“.
19 თებერვალს დაიხურა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული საეკლესიო ფრესკების გამოფენა, რომელიც „დიდების ტაძარში“ ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. გახსნის დღიდან გამოფენა 7000-მა მოქალაქემ დაათვალიერა. იმავე დღეს თბილისში ახალი კინოთეატრი „მინიონი“ გაიხსნა, რომელიც არამიანცის სახლში, გოლოვინის პროსპექტისა და ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში მდებარეობდა. სარეკლამო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კინოთეატრი „მინიონი“ ტექნიკის უკანასკნელ სიტყვის თანახმად იყო მოწყობილი: „თეატრის დირექცია პირობით შეეკრა კავკასიის ერთ დიდ გამქირავებელ კანტორას, რომელიც გამოუგზავნის სურათებს მსოფლიო გამოჩენილ არტისტთა მონაწილეობით დადგმულებს“.
კინოთეატრი „პალასი“ მაყურებელს 2-სერიან კინო-რომანს სთავაზობს, რომელსაც „ქალის ხარჯით მცხოვრები“ ჰქვია. აქვე მსურველს შეეძლო პოლკოვნიკ ესაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ქრონიკის ხილვა, სადაც ქართველ დრაგუნთა პოლკისთვის წმ. გიორგის დროშის გადაცემაა აღბეჭდილი.
გაზეთ „საქართველოს“ 24 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია საკმაოდ საყურადღებო ფელეტონი კინემატოგრაფის თემაზე, რომელსაც ვინმე ქართლელი აწერს ხელს. ავტორის სტატია საზოგადოებაზე კინემატოგრაფის გავლენას ეხება: „რა გნებავთ, რომ აქ არა ნახოთ: ჰაერში ბრძოლა, წყალქვეშათა თარეში, მთვარეული, არეული, გარეული, მაგრამ ყველას კი სჭარბობს დანა, სიველურე, ყაჩაღობა. ხშირად პროცესი ავაზაკობისა ისეთის მომხიბვლელ და მიმზიდველ ფერადებითაა გადმოცემული, რომ შერცხვეს მასთან ყოველგვარი ფანტაზია! დანას და სისხლს უნებურად ეშხზე მოჰყევხართ, გსურთ, უთუოდ იგემოთ სისხლის დანთხევის ერთგვარი მშვენიერება.
დანასა და სისხლს მოსდევს ვნება. ვისაც ჰსურს ამ აკრძალულ ხეხილის სიამე იგემოს, წავიდეს ამ ნებადართულ ვნებათა ამშლელს თავშესაფარში და იხილავს სალიზმის უკუღმართ წარმართობას. აი, ამითი აიხსნება, რომ არა თუ დიდ ქალაქებში, არამედ მიყრუებულს პროვინციებშიც კი სინემას ელექტრო-თეატრებს გაცილებით მეტი აწყდება ხალხი, ვიდრე გონებრივ განვითარებისა თუ სხვა რამ საკულტურო დაწესებულებათ“.
შემდეგ სტატიის ავტორი კინოთეატრ „აპოლოში“ ნაჩვენებ ფილმს – „ტანჯვის ფიალას“ მიმოიხილავს. ამ წერილზე საერთოდ არ შევჩერდებოდით, თუ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ავტორი რუსი რეჟისორ გარინის მიერ ქართველის სტერეოტიპულმა წარმოსახვამ აღაშფოთა. ფილმის მთავარი გმირი ვალიკოა, რომელიც თავის სატრფოს ღალატისთვის ხანჯლით კლავს, შემდეგ კი დანაშაულის გამოსასყიდად წმინდა რუსეთისთვის საბრძოლველად ომში ცხენზე ამხედრებული და ჩოხაში გამოწყობილი მიდის: „ავტორს უსარგებლნია იმ შაბლონი აზრით, რაიც დიდი ხანია, შემუშავებულია ქართველთა შესახებ: ქართველი და უხანჯლო განა შეიძლება? ქართველი და ლეკური არ იყოს, განა შეიძლება?.. და ამ წარმოდგენაშიც ვხედავთ ვითომდა ლეკურს, ნამდვილად კი მეცირკეებს, „კაზაჩკას“ მოთამაშეებს… სამსჯავროს წინაშე თუ ვალიკოს გაამართლებენ, არა იმიტომ, რომ სამართალი მის მხარეზეა, არამედ იმიტომ, რომ ველური ქვეყნის შვილია, სადაც მთანი მაღალნი, არწივები, ნიაღვრები ქმნიან განსაკუთრებულს პსიხიკას, ტემპერამენტს, ცეცხლს. ერთი სიტყვით, ყველა იმას რაიც ასე რიგად საჭიროა ველურობის ჩასადენად. მაგრამ რაა აქ საკვირველი, ასე გვიცნობს რუსეთის ფართო საზოგადოება“.
თებერვლის მიმოხილვა 11 თებერვლის ნომერში მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი წერილი დავასრულოთ, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ეხება. საოცარია, თუ რამდენად ჰგავს საუკუნის წინათ არსებული ვითარება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას: „ტრაღიკულად გადაცვალებული ილია ჭავჭავაძის დევნა ყველას ახსოვს. ვინც სდევნიდა იგი ხომ ულმობელი იყო, მაგრამ სად ბრძანდებოდნენ ისინი, რომელნიც შემდეგში თავზე ნაცარს იყრიდნენ და ქვეყანას აჩვენებდნენ თავს, თითქოს მათაც არ შეეტანოთ მიუტევებელ სიჩუმით ილიას მკვლელობაში თვისი წვლილი…
ისე აუხირდით ნ. ნიკოლაძეს, ისე მოვწამლეთ ჰაერი მის გარშემო, ისე დავამცირეთ, რომ ქუთაისის ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრათაც კი გავაშავეთ. როგორ ადვილად მოვიშორეთ გულიდან თ. ჟორდანია, ილ. ხონელი, ღვ. კეზელი, ლ. ყიფიანი. რა ერთი ჩამოვთვალო? მწერლობა ჩვენში უბრალო მოწინააღმდეგეთ სასიკვდილოთ სდევნის… და საზოგადოებრივი აზრის ამ არასასურველ მოვლენას ყურადღებასაც არ აქცევს. ამავე დროს იმ პირებს ულოლიავებს, რომელთა არსებობა საზოგადოებაში შესაძლებელია, მაგრამ ყოველ საზოგადოებაში ზურგს უჩვენებენ მათ და საპატიო წევრად არ რიცხავენ.
მიმოიხედეთ ჩვენს საზოგადოებაში… ფაქიზს, უმწიკვლო ადამიანთა შორის თქვენ დაინახავთ შანტაჟისტს, მექრთამეს, ქურდსა და კაცის მკვლელს, რომელსაც ისეთივე პატივისცემით, სიყვარულით და მოწიწებით ეპყრობიან, როგორც სხვა დანარჩენებს. ჩვენ არ გვეზიზღება ის პური, რომელიც ნაქურდალით არის ნაყიდი; ჩვენ გვერდს არ ავუქცევთ ავაზაკს, რომლის ხელები ყოვლად პატიოსანი კაცის სისხლითაა გასვრილი; ჩვენ არ გვეთაკილება მოვიპატიჟოთ და სტუმრად ვეწვიოთ ქალს, რომელსაც არა ერთხელ ფულათ გაუყიდია სხეული და მთელი ოჯახის ბედნიერება შეუწირავს წუთიერ სიამოვნებისათვის. საზოგადოებრივ აზრს შეუძლია ბოროტების დათრგუნვა, მავნე პირთა გასწორება და კეთილ მოვლენათა წაქეზება. დღევანდელი განურჩევლობა კი უფრო მეტს ზიანს აყენებს საზოგადოებას, ვიდრე უკეთური პოლიტიკა და ეკონომიკური ჩამორჩენილობა“.

მიხეილ ბასილაძე