„უღირს სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია!“

ჩვენი რეალობა ასეთია, ხშირად ადამიანებს უსამართლობასთან საბრძოლველად წლები სჭირდებათ და მიზანს საბოლოოდ მაინც ვერ აღწევენ. უთანასწორო ბრძოლაში ცდილობენ, მაქსიმალურად მოიკრიბონ ძალები და თავიანთი უფლებები დაიცვან. ამჯერად მოგიყვებით ნინო ზანდუკელის შესახებ, რომელიც თითქმის 10 წელია ცდილობს, თავის მიწის ნაკვეთზე სახლი აიშენოს, თუმცა მუდმივად წინააღმდეგობას ხვდება.
მიწის ნაკვეთის მდებარეობიდან გამომდინარე გავლენიანი პირებისა და მათთან დაახლოებული ადამიანების ინტერესები იკვეთება.

დეტალურად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ნინო ზანდუკელი ესაუბრა:
_ როდის შეიძინეთ მიწის ნაკვეთი და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?
_ მე და ჩემი ოჯახი რუსეთში ვხოვრობდით. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდა, სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტეთ. იქ ცხოვრების პერიოდში ჩემს მშობლებსა და ახლობლებს ვეხმარებოდით. 2004 წელს მიწის საყიდლად ჩამოვედი, სახლის აშენებას ვგეგმავდი. როცა ის ადგილი ვნახე, კორპუსის მშენებლობა დაწყებული იყო, 3 სართული აშენებული და შემდეგ შეჩერებული. დავიწყეთ გარკვევა, არქიტექტურის სამსახურში პასუხები მოგვცეს, რომ განაშენიანება არის 0.8, ანუ კერძო სახლის ასაშენებლი და ის კორპუსი, რომელიც შენდებოდა, გაჩერებულია. ყველანაირი საბუთები შევამოწმეთ და შემდეგ ვიყიდეთ, ჩვენ არც ისე მდიდრები ვიყავით, რომ მაშინვე დაგვეწყო მშენებლობა, ჯერ რუსეთში უნდა გაგვეყიდა რაღაცები, რომ შემდეგ დაგვეწყო სახლის აშენება.
ძალიან დიდ ზარალში ჩავვარდი, 2008 წელს ბინა გავყიდე, რომელიც შარტავაზე მქონდა, ამ ფულით ვაპირებდი სახლის აშენებას. 2008-ში ჯერ კიდევ არ იყო კორექტირება შეტანილი ქალაქის გენგეგმაში. ჩემი კუთვნილი ბინა 190 000 დოლარად გავყიდე. ეს თანხა გავამზადე, ორ სახლზე რა დაგვიჯდებოდა კარკასის აშენება ხარჯთაღრიცხვაც ვიცოდით. 2009 წელს, როცა უკვე ჩემმა მაზლმაც ჩამოიტანა თანხა, ყველაფერი გათვლილი და გამზადებული გვქონდა. საბუთების ასაღებად შევედით, რომ „აპეზე“ გაგვეკეთებინა და განმეორებით განგვეახლებინა საბუთები, რა დროსაც აღმოვაჩინეთ, რომ მიწის ნაკვეთი რეკრეაციულ ზონაში იყო. ანუ გამოვიდა, რომ ბინაც გაყიდული გვქონდა, რეკრეაციულ ზონაში იყო ნაკვეთი და სახლსაც ვერ ვიშენდებდით.
_ სასამართლოს გზით სცადეთ სიმართლის დადგენა?
_ ყველანაირად ვეცადე, რომ რამე გამერკვია. სასამართლოში საჩივრის შეტანას აზრი არ ჰქონდა, რადგან 2009 წელს უკვე „ნაციონალები“ ისე იყვნენ ყველგან გათამამებულები, რომ თუ სადმე ვინმე არ გყავდა, ვერაფერს გახდებოდი, რომც გყოლოდა, მაინც ვერ დაადგენდი სიმართლეს. აღვნიშნავ ერთ გარემოებასაც: მე თბილისში მუდმივი მცხოვრები არ ვყოფილვარ, მიწის ნაკვეთის ყიდვის შემდეგ კი პერიოდულად ჩამოვდიოდი. როდესაც 2009 წელს ჩამოვედი, ის კორპუსი, რომლის მშენებლობაც შეჩერებული იყო, უკვე აშენებული დამხვდა, ჩემი მიწის ნაკვეთი კი რეკრეაციულ ზონაში აღმოჩნდა, ამან ძალიან აღმაშფოთა და ყველა გზას ვეძებდი, რომ რამე გამერკვია. საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ მიშას ბრძანებით აშენდა შეჩერებული კორპუსი, რადგან სანდრას ნათესავებს საცხოვრებლად მოეწონათ. მათივე მოთხოვნა იყო, რომ ირგვლივ არაფერი აშენებულიყო, რადგან ხედები და სივრცე უნდოდათ. ჩემი ნაკვეთი ამ კორპუსის გვერდითაა, ზუსტად შუშაბანდები გადმოსულია ჩემს ეზოზე, თან ამ კორპუსს სამივე მხრიდან აქვს ხედი. გასაგებია, რომ უცხოელები ყიდულობენ კერძო საკუთრებას, თუმცა ეს ჩემი შევიწროების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: მიწის ნაკვეთი ზუსტად იმიტომ ვიყიდე, რომ მითხრეს, დაწყებული კორპუსი აღარ აშენდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ ვიყიდიდი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სანდრა რულოვსის ნათესავებს მოეწონათ ადგილი საცოვრებლად და ამიტომ მისცეს კორპუსის დასრულების უფლება ინვესტორებს. ამ კორპუსის შესახებაც მოვიძიე ინფორმაცია, კორპუსს აბსოლუტურად არ აქვს მოწესრიგებული დოკუმენტაცია. ერთადერთი ამონაწერია რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც გოცაძეს 3000 კვადრატული მეტრი აქვს დარეგისტრირებული. შემდეგ შპს-ში აქვთ შეტანილი და შიდა გაშლები გაკეთებული. პროექტი, ნებართვა მსგავსი საბუთები კი არ არის. კოეფიციენტის ღირებულების შესყიდვაც არ არის. კვ.მ. მანდ 700-800 ათას ლარამდე ჯდება, ამის არგადახდა ბიუჯეტის გაქურდვა არ არის?! რამდენჯერმე გამოვითხოვე ქვითარი. გადახდის ქვითრები არ დევს. ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული კორპუსი ჩაიბარა, ამის მეტი სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება. მთელი რიგი დარღვევებია, როგორც გითხარით. ეს კორპუსი დღესაც არ არის დაკანონებული. ექსპლუატაციაში მიღება გაკეთებული აქვს ზედამხედველობის სამსახურს და ახლა უნდათ დაკანონება.
_ პროტესტის რაიმე ფორმას თუ მიმართეთ?
_ „ნაციონალების დროსაც“ დავდგებოდი ქუჩაში და გავაპროტესტებდი, არ მქონდა პრობლემა, მაგრამ შემეშინდა, ჩემი ბიჭი მოზარდი იყო და ვიფიქრე, ბავშვი არ გამიუბედურონ-მეთქი. დედა ვარ და შემეშინდა, მაშინ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო.
_ თქვენ გოცაძე ახსენეთ, როგორ ფიგურირებს ამ საქმეში, დეტალურად რომ გვითხრათ?
_ ერთი რამ, რაც ამ ამბავში ძალიან უცნაურია და გამაოცა კიდეც: თემურ გოცაძე „ნაციონალების“ დროს ოპოზიციაში დარბოდა. ჩემი ერთ-ერთი ნათესავის გასვენებაში იყო და იქ უთხრეს, _ არ გრცხვენია, მიშას ჯიბეში გაქვს ხელი ჩაყოფილი და თან ოპოზიციაში დარბიხარო?! ეს კაცი არის გარეწარი, პოლიტიკური „პუტანკა“, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ თემურ გოცაძეს მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ნათესავებთან ინვესტორის სახით ექნებოდა ურთიერთობა. მშიერი ვარ, გასახლებაზე მაქვს საბუთები ყველგან, ერთადერთი ეს მიწა დამრჩა, რომელიც ბანკს აქვს გადაფორმებული და ბანკი მეუბნება, გაყიდე და ფული მომეციო. ინვესტორი მყავს და ვერ შემყავს, რადგან მერია უფლებას არ მაძლევს, მაგრამ რომ მომკლა, უცხოელს მიწას არ მივყიდი. ნუთუ, ფული ყველაფერია?! ახლა, როგორც ჩანს, ბიძინა პატრონობს. მისი ცოლი მსახიობი მარინა ჯანაშიაა, მას სიმსივნე აქვს და ივანიშვილი მკურნალობს. გოცაძემ როგორც კი დაინახა, რომ გავაქტიურდი და შესაძლოა, მერიას ჩემი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, მაშინვე გააჩერეს ყველაფერი.
_ 2012 წლამდე თუ მიაღწიეთ რამე კონკრეტულ შედეგს და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა?
_ 2012 წლამდე ვერაფერს გავხდი, ჩემი უფლებები შეილახა, ქონება გამიუფასურეს და, ფაქტობრივად, ამას წართმევა ჰქვია, სხვა არაფერი. მათ წამართვეს უფლება, საკუთარ მიწის ნაკვეთზე ამეშენებინა სახლი.
2012 წელს ბატონ ნარმანიას შევხვდით, რომელმაც გვითხრა, რომ ეს საკითხი კომისიის საბჭოზე შეგვეტანა, რომელსაც თვითონაც ესწრებოდა. საბჭოზე მეც გამომიძახეს და განიხილეს. მეგონა, რომ დადებითად გადაწყდებოდა, თუმცა უარყოფითი პასუხი მომივიდა, სასამართლოს მიმართეთ, ჩვენ ვერ გადავწყვეტთო. 2 წელზე მეტი გაგრძელდა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში, რის შემდეგაც პროცესი მოვიგეთ. სასამართლოში ჩვენ 2008 წელს გამოცემული გენგეგმის ბათილად ცნობა მოვითხოვეთ, სასამართლომ კი დაადგინა, რომ ნამდვილად მეკუთვნოდა საცხოვრებელი ზონა და დამიბრუნეს კიდეც. მოკლედ, სამი თვის მანძილზე ვერ გაერკვნენ, ვის უნდა აღესრულებინა. სტატისტიკურად რაც გამიგია, ადმინისტრაციული დავის მოგების შემდეგ ძალიან ბევრი აღუსრულებელი რჩება. ბევრი ვიაქტიურეთ იმისთვის, რომ აღსრულება მომხდარიყო, ტელევიზიებითაც გავაშუქეთ, 2015 წელს 31 სექტემბერს მერიასთან აქციაც მოვაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი აღსრულება.
_ აღსრულების შემდეგ რა პრობლემების წინაშე დადექით?
_ აღსრულების შემდეგ ახალი პრობლემის წინაშე დავდექი, ვიფიქრე, რადგან ჩემი მიწის ნაკვეთის გვერდით უკანონოდ რეკრეაციულ ზონაში 6000 კვ.მ. კორპუსი იდგა, მეც მომცემდნენ უფლებას, რომ კოეფიციენტი გამეზარდა. როგორც აღმოჩნდა, მე 0.8-ზე მტოვებდნენ, რაც საცხოვრებელ სახლს ითვალისწინებს. 141 000 ლარი დამარიცხეს და მეუბნებიან. 6000 კვ.მ.-ზე ზევით 800 კვ.მ. ააშენეო, სადაც 4-5 მეტრზე მიწა არის გამოსაჭრელი და გამოსატანი, რადგან გზასთან ბეტონის კედელია, მიწა ყრია. ანუ ბეტონის კედელი უნდა დავანგრიო, 4-მეტრიანი სიმაღლის მიწა, სადაც ქვაა, უნდა ვამტვრიო და გამოვიტანო, მთლიანი 900 კვ.მ. მიწა უნდა დავსვა დაბლა. სატრანსპორტო ზოლი გავაგანიერე, იმდენად ვიწრო იყო, უკან მივწიე. ამის გათვალისწინებით ინვესტორი არ გვეკარგება. ახლა ასეთი მოცემულობაა, სასტუმროს აშენების უფლებას გვაძლევენ. თავიდან კერძო სახლზე მქონდა გათვლილი, შემდეგ ვიფიქრე, ინვესტორი საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს და მეც დამაკმაყოფილებს-მეთქი, მაგრამ ასეთი რეალობის წინაშე დავდექით. ამის შემდეგ გამოჩნდა ინვესტორი და ვითხოვდი, რომ 6000 კვ.მ. კორპუსის გვერდით შეგვძლებოდა 2500-2600 კვ.მ. სასტუმროს აშენება. საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველა კლიენტი გამიქციეს, კორექტირება გავაკეთე მიწაზე და დავინახე, რომ ჩემი მიწის თავზე ახალი ნაკვეთებია, ორთოფოტოზე გამოჩნდა და ყურადღება მივაქციე. როგორც გავარკვიეთ, შევარდნაძის დროინდელი ამოღებული გადაწყვეტილებაა, შექმნილია ამხანაგობა, რაც უეჭველი ყალბია ამაში დარმუნებული ვარ. ეს ამხანაგობა 14-კაციანია და თითოზე 420-430 კვ.მ-ა გაწერილი _ მთლიანად 5000 კვ.მ. ეს მიწა ზუსტად ჩემი მიწის ნაკვეთის თავზეა. არ ვიცი, ვისი ინტერესები იმალება ამის უკან. რა ვიფიქრო, უკვე აღარ ვიცი, ან გოცაძე ეუბნება ბიძინას, როგორმე აქ რამე არ ამიშენოსო, ან ვიღაც სხვა დგას ამის უკან, ეს 5000 კვ.მ. უპატრონოდ არ იქნება. ერთადერთი გამოსავალი ინვესტორი იყო, თუმცა მერიას ვერ გავაგებინე. მერიაში ილია ელოშვილსაც შევხვდი, მან მითხრა, რომ გეკუთვნით, რასაც ითხოვთ, კახის დაველაპარაკები და გადავწყვეტთო. მოლაპრაკების შემდეგ დამირეკა და მითხრა, ყველაფერი კანონის მიხედვით იქნებაო, თუმცა თქვენ უკვე კოეფიციენტი 1.5 მონიჭებული გაქვთო. მე და ჩემს მაზლს ერთ ნაკვეთში გვაქვს ნაყიდი, ეს უნდა გაერთიანდეს, ცალ-ცალკე რეესტრში ვართ, თუმცა ნაკვეთი ერთია. როცა ეს ერთიანდება, მონიჭებული 1.5 ავტომატურად უქმდება. ეს რომ ავუხსენი, ურბანული სამსახურის უფროსი და არქიტექტურული სამსახურის იურისტები მოიყვანეს, ამის განხილვისას მაია ბითაძემ მითხრა, ამას ხრიკი ჰქვიაო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი შეურაცხყოფა მომაყენა, _ რადგან გვერდით მეზობელი გყავს, მაგიტომ გინდა შენც, რომ გქონდესო?! _ ეს ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის. ამის შემდეგ ჩემმა არქიტექტორმა უთხრა, _ ადმინისტრაციულად შევთანხმდეთ, რომ ნამდვილად მოგვანიჭებთ 15-მეტრიანი სიმაღლის სასტუმროს აშენების უფლებასო. გავაერთიანებთ ნაკვეთს და ისე შემოვიტანთ პროექტსო. ეს საუბარი ა. წ. აპრილს შედგა. 4 თვის განმავლობაში ველოდებოდი პასუხს, ბანკს ჩემი პრობლემები არ აინტერესებდა, ამასობაში კი გადიოდა დრო და ისევ არ ვიცოდი პასუხი. სულში ჩაფურთხებას იცით, რას ვეძახი, როდესაც ვაპროტესტებდი, ერთ-ერთმა თანაშემწემ მითხრა, მერიის წინ არ დადჯე, პოლიტიკურიაო. არ გავაღიზიანო-მეთქი და გვერდით ხის სკამები რომ აქვთ, იქ მქონდა დასაკეცი საწოლი მიტანილი. 10 დღე-ღამე დასჭირდათ სადისტებს უარის სათქმელად. გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ უარი ჰქონდათ ნათქვამი. უღირს სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, იმისთვის არ მიშრომია 32 წელი ციმბირში, რომ ჩემი შვილები ქუჩაში მათხოვრად დამესვა. 2 მილიონის ქონება მაქვს დაკარგული.
_ ახლა რა მოცემულობის წინაშე დგახართ და რა გეგმები გაქვთ?
_ სანამ ამაზე ვისაუბრებ, ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ჩემი ძმა, მეორე ჯგუფის ინვალიდი ცუდად გახდა, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 8 დღეში გადავიხადეთ 11500 ლარი, მაშინ მერიაში „ნაციონალები“ იყვნენ, 2000 ლარი მათ ჩაგვირიცხეს და ათასზე მეტი ლარი ნიკა მელიასთან. ძველ თბილისში განცხადება დავწერეთ და მან ჩაგვირიცხა. ის ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია და დაგვეხმარა კიდეც. დაახლოებით 700 დოლარს კი ვიხდიდით დღეში, ფაქტობრივად, მკვდარი იყო ჩემი ძმა, დედაჩემს სახლი დაუყადაღეს, _ თუ ფულს არ გადაიხდი, არ გაგატანთ ავადმყოფსო. ამის შემდეგ სახლში გადმოვიყვანეთ და ისე ვუვლიდით. სასწრაფოს ექიმები გაოცებულები იყვნენ, ყველანაირი აპარატურა გვქონდა სახლში, მონიტორი და ა. შ. რომელი დედა გამორთავს აპარატიდან შვილს, მე უფლება არ მქონდა, დედას ვერ ვუბედავდი, გამორთე-მეთქი. მეორე ჯგუფის ინვალიდის მკურნალობა 42000 ლარი დამიჯინეს. ჯანდაცვის სამინისტროში რომ მივედი, მიპასუხეს: მერიიდან უნდა გადმობაზირდეს ყველაფერი, ჯერ სტრუქტურა არ მუშაობსო. კაპიკი არ გამოყო სახელმწიფომ დასახმარებლად, ასე მოექცა მეორე ჯგუფის ინვალიდს. ახლა რაც შეეხება ჩემს პრობლემას:. ვიფიქრე, ეს ხელისუფლება მაინც დამეხმარებოდა და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ორშაბათიდან შიმშილს ვიწყებ ბენზინით ხელში. იმდენად შემილახეს ღირსება, რომ დავიღალე. რამეს ვიტყვი „ოცნებაზე“, „ნაცი“ ხარო, პირიქით ვიტყვი და „ქოციო“. მე თუ მკითხავ, ერთმანეთზე უარესები არიან. საერთოდ არ ვერევი პოლიტიკაში, როგორ შეიძლება პოლიტიკაში ჩავერიო, როცა ასე დამაზარალეს. ერთადერთი, შეიძლება ამათ ხმა არ მივცე, რადგან შვილები მყავს და ნამდვილად არ მინდა, კანაფი და უბედურებები. გაოგნებული ვარ, ფაქტობრივად, ღირსება შემილახეს. დღეს 8-სულიანი ოჯახი ქუჩაში ვრჩებით. ესენი მდიდრებს ამათხოვრებენ და აღატაკებენ, მათხოვრები მთავრობაში სხედან და მილიონებს აკეთებენ. ჩემი ნაშრომი და ნაწვალები ამათ რატომ ჩავახუტო, იმიტომ, რომ გოცაძეები და რულოვსის ნათესავებიი კარგად იყვნენ?! და მე ქუჩაში უნდა ვიცხოვრო?! ჩემს ქვეყანაში, სადაც მიხეილ ზანდუკელის სახელობის ქუჩაა, ქაიხოსრო ზანდუკელის ბალნეოლოგიური საავადმყოფო აშენებული და ნიკოლოზ ზანდუკელის ძეგლი დღესაც დგას ვაკეში. ორშაბათიდან ისევ მერიის წინ გავაპროტესტებ ამ უსამართლობას.

ნენე ინჯგია