უპრეცედენტო შემთხვევა _ უძრავი ქონების პრივატიზების საფუძველი კანონთან შეუსაბამობაში მოდის?!

მიწის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ფარის“ წარმომადგენლებმა კვლევის პროცესში სკანდალური საარქივო დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელსაც საზოგადოება „ქრონიკა+“-ის მეშვეობით პირველად გაეცნობა. ეს დოკუმენტი ახლა მთავარ პროკურატურაშიც დევს და შესაძლებელია, გამოძიებამაც დაადასტუროს, რომ, თავის დროზე, მიწების პრივატიზაციის საფუძველი არაკანონიერი იყო. კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც უძრავი ქონების პრივატიზების საფუძველი კანონთან შეუსაბამობაში მოდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი _ ირინე ფხოველიშვილი:

_ 2015 წლის 7 ოქტომბერს „ფერმერ ქალთა ასოციაციამ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩაატარა ძალიან დიდი საერთაშორისო კონფერენცია საკითხზე _ სახელმწიფო მიწა _ ფერმერია, რადგან სახელმწიფო მიწის გარეშე არ შეიძლება და მიწა ფერმერის გარეშე. ამ კონფერენციაზე დავაყენეთ საკითხი მიწების რეგისტრაციის გაადვილებული წესის თაობაზე. სამწუხაროდ, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ თვითონ თეა წულუკიანი გამოვიდა ინიცატივით მიწების რეგისტრაციის გაადვილებასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც ჩვენ მაშინ შევთავაზეთ, ის საკითხები გათვალისწინებული არ არის და, ფაქტობრივად, გაადვილებაზე ლაპარაკი ნაკლებად შეგვიძლია. ისევ ის გარემოებები დარჩა, რაც ხელს უშლის ადამიანს, რომ მიწა დაირეგისტრიროს. გარდა ამისა, ძალიან ბევრ ადგილზე არის კვეთა, მიწა უკვე გასხვისებულია, წამოჭრილია პრობლემები, ეს კიდევ მეორე მხარეა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, უკვე ხმამაღლა დააანონსეს, რომ ყველას აქვს უფლება, იყიდოს ქართული მიწა, მიუხედავად წარმომავლობისა. სამწუხაროდ, ერთი რამ ყველას ავიწყდება, მიწა არ არის ხელწამოსაკრავი ობიექტი, ის არის ეროვნული განძი და მას სულ სხვა მიდგომა სჭირდება, ვიდრე ნებისმიერ უძრავ ქონებას. გაეროს კონვენციის თანახმად, მიწა არის როგორც ტყის რესურსი, ისე სულიერი, კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფენომენი, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა პლანზე უნდა დადგეს სულიერება, კულტურა და ა. შ., ხოლო ბოლოს მისი ეკონომიკური მნიშვნელობა. სამწუხაროდ, დღეს მიწა არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი, რათა ბიუჯეტი შეივსოს. გარდა იმისა, რომ „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვარ, მეორე წელია, უკვე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მიწების მეცნიერული მართვის მუდმივმოქმედი კომისიის წევრიც გახლავართ. ამდენად, ყველა ინფორმაცია, რაც ეხება სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებს, ამ კომისიაში შემოდის, ჩვენთვის უფრო ადვილად დასანახი და ხელშესახებია ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

_ ამ მიმართებით, რა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა?

_ ხმამაღლა ვაცხადებთ, ჩვენ არ ვიცით, რას ვფლობთ! ეს აბსოლუტურად რეალურია და ჩვენი ინიციატივა სწორედ გაადვილებული წესით რეგისტრაციას ითვალისწინებდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მაინც დაგვერეგისტრირებინა არსებული მიწა და დაგვენახა, რა გვქონდა დასარეგისტრირებელი. ბევრს კითხვა უჩნდება, რატომ ვამბობ, რომ არ ვიცით, რა რაოდენობის მიწას ვფლობთ. ახლაც საჯარო შეხვედრიდან მოვდივარ და იქაც გაჟღერდა, რომ სსრ კავშირის დაშლამდე რაც მიწები გვქონდა, ფაქტობრივად, 63% წამოვიღეთ. ამის შემდეგ უკვე, ოკუპაციის მეშვეობით, 22%-ზე მეტი მიწა წაგვერთვა, დღეს უკვე, გარდა იმისა, რასაც ვხედავთ და სისხლით ვკარგავთ ამ მიწებს, უსისხლოდ ძალიან ბევრი მიწა გვაქვს დაკარგული, ეს არის საზღვრის უკანონო გადმოწევა არა მარტო რუსების, არამედ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან. მიწების ეროზია, რომელზედაც 10-წლიანი ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა, ახლა დაიწყო მუშაობა ალაზნის მარჯვენა სანაპიროს ზოლის გამაგრებაზე, მაგრამ ეს კიდევ სხვა პრობლემაა, სხვა თემაა და, ამ ეტაპზე, არ ჩავუღრმავდები. არის მთელი რიგი საკითხებისა, რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ ვიცოდეთ, რამდენ მიწას ვფლობთ და პლუს ამას, მათ შორის, რამდენია სასოფლო-სამეურნეო. იმიტომ, რომ 2013 წელს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ ყოველთვის შეიძლება მონახო გამოსავალი და გამოსავალი ნახეს ის, რომ აიკრძალა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე. ერთი განცხადების პრინციპზე ხდებოდა კატეგორიის შეცვლა, სასოფლო-სამეურნეო მიწა გადადიოდა არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიაში და იგი სხვისდებოდა. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, სხვა კვლევის საგანია და ამასაც საბოლოოდ გაგაცნობთ. რადგან ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ამხელა საქმის კეთება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ გავერთიანდით რამდენიმე: „ენერგორესურსების კვლევის ცენტრი“, „თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სწავლების ცენტრი“ და „ფერმერ ქალთა ასოციაცია“. ამ სამმა ორგანიზაცია დავაფუძნეთ კოალიციური გაერთიანება „ფარი“, ესეც სიმბოლურად, რადგან ფარივით უნდა გადავეფაროთ ქართულ მიწას და ძალიან ღრმად დავიწყეთ საკითხის შესწავლა. თქვენი გაზეთის მეშვეობით, საჯაროდ პირველად ვაცხადებთ, რა საოცარი ფაქტი და დოკუმენტები აღმოვაჩინეთ.

_ რა დოკუმენტებზე საუბრობთ?

_ ამ დოკუმენტებს საზოგადოება პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით იხილავს. მიწის პრივატიზების საფუძვლები არის 1992 წლის 18 იანვრით დათარიღებული მინისტრთა კაბინეტის დადგენილება #48. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანას მართავს სამხედრო საბჭო სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ანუ ქვეყანაში არ არსებობს მინისტრთა კაბინეტი, დოკუმენტი კი გამოცემულია მინისტრთა კაბინეტის სახელით. ხელმომწერი პირები არიან სიგუა და ბერიძე, მაგრამ დოკუმენტზე ხელს არავინ აწერს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიწების, ანუ უძრავი ქონების პრივატიზების საფუძველი არის კანონთან შეუსაბამო. მისი მართებულობის დასადგენად სწორედ 3 თებერვალს მივმართეთ მთავარ პროკურატურას და მოვითხოვეთ გამოძიება. ვიცით, რომ ძიების პროცესში ამას ძალიან ბევრი რამე მოჰყვება, აბურდულ ძაფს რომ გამოხსნი, ისე იქნება და ამიტომ, საჭიროა ძიების მიმდინარეობის პროცესში შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება და ხელშეკრულება მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მძიმე რამ. ისევ გაეროს კვლევებს მოვიშველიებ _ გაერომ ძალიან კარგი სახელმძღვანელო შექმნა, ეს არის სახელმძღვანელო და არა სავალდებულო: თუ ქვეყანას მართავს ეროვნული მთავრობა, მან ამით უნდა იხელმძღვანელოს, ეს არის მიწათსარგებლობის გონივრული პოლიტიკა და მმართველობა. იქ წერია, რომ 2007-2008 წლებში განვითარებად ქვეყნებში იწყება მიწის მიტაცების პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში იმდენად მაღალ დონეზეა მრეწველობა და მიწების ათვისება, მათ გასვლისა და სხვა ტერიტორიების უსისხლოდ ათვისების პროცესი დაუდგათ. სწორედ ამ სქემაშია მოხვედრილი საქართველო, სწორედ ამას ეფუძნებოდა 2008-2009-2010 წლებში შესული ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ პრივატიზაციის კანონში, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის ქართული მიწის მიყიდვის პროცესი გაადვილებულიყო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ თვითონ პრივატიზაციის პროცესი უკანონო დოკუმენტებზე დაყრდნობილია, ამას აყოლილი ყველა შემდგომი დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, ანუ იმ ქონების განიავება, რომელიც მანამდე იყო. სსრ კავშირი ერქვა თუ რა, ეს ქვეყნის ქონებად ითვლებოდა. შედეგად აქამდე მივედით. ხვალ, შეიძლება, ელემენტარულად, დასამარხი მიწა აღარ დაგვრჩეს. 1992 წელს, როდესაც პრივატიზაცია დაიწყო, ყველა სოფელს დაუტოვეს გასადევარი, ეს ტერიტორია იყო როგორც საერთო სარგებლობის საძოვარი, ისე სოფლის განაშენიანებისთვის საჭირო ტერიტორია. დღეს არც ერთ სოფელს მსგავსი ტერიტორია აღარ გააჩნია. ის, რაც იყო სოფლის საკუთრება, დღეს არის ვიღაცის საკუთრება და, სამწუხაროდ, ეს ვიღაც, უმეტეს შემთხვევაში, არის უცხოელი. კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ მარტო საზღვრისპირა რეგიონებში 2500-მეტი ერთეული მიწაა გასხვისებული და აქედან უფრო მეტი _ უცხოელზე. საზღვრისპირა რეგიონებზეა საუბარი! სასაზღვრო ზოლში მოქცეულ მიწებზეა საუბარი! ამდენად ჩვენ დარღვეული გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოება, სამ ქვეყანასთან არ გვაქვს დემარკირებული საზღვარი, ყოველ წუთში ხდება საზღვრის დარღვევა ნებსით თუ უნებლიეთ, გუშინაც მქონდა საუბარი ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ სპეციალისტთან საზღვრის საკითხებში: თუ სასაზღვრო წერტილი აზერბაიჯანთან არის, დაახლოებით, 800-500 მ-ის სიღრმეზე დარჩენილი ტერიტორია ალაზნის გაღმა, ამით ქართველებს რა? ჩვენ, ფაქტობრივად, მიწა აღარ გვაქვს. 300 ჰა მიწაზე მეტი გვაქვს 15-20 წლის განმავლობაში დაკარგული, დღეს, როდესაც არ გაგვაჩნია მიწის კოდექსი, მიწის ბალანსი, არ ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია, განა, შეიძლება ასე ხელაღებით მიწების გასხვისება?! არ მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ ის, ვინც მიწას იყიდის, ინვესტორიაო. არა, ბატონო, ინვესტორმა დარგის განვითარებისთვის, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისთვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის გარკვეული თანხა უნდა ჩადოს. ისე კი არა, რომ ჰექტრობით მიწები აქვთ ნაყიდი, როგორც ალაზნის პირზე, ისე სხვა ტერიტორიებზე. სხვათა შორის, თბილისშიც დიღმის ტერიტორიაზე, უცხოელებს ჰექტარნახევარი მიწა აქვთ ნაყიდი და უპატრონოდ არის მიგდებული, თუმცა ეს მათთვის უძრავი ქონებაა, ჩვენთვის კი უკვე _ უსისხლოდ დაკარგული მიწა. თუ ამ დოკუმენტებს სწორად შეისწავლიან და იმის გამო, რომ ასეც მოხდეს, ჩვენ არ დავჯერდით მთავარ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ. მისი მოვალეობაა, ქვეყნის ტერიტორიების დაცვა, მივმართეთ პრემიერ-მინისტრსაც, რადგან იგი ვალდებულია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, შეწყვიტოს ეს კამპანია, რასაც მიწების ხელაღებით გასხვისება ჰქვია; მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რომ ჩახედოს საფუძვლებს და შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს პარლამენტმა, ასევე მივმართეთ სახალხო დამცველს.

_ ამ უწყებებიდან გამოხმაურება იყო?

_ ერთადერთი გამოხმაურება იყო პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, რომელიც გვწერს, რომ ქვემდებარეობის წესით განცხადება გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას. ამით დამთავრდა ყველაფერი. ასეთი გამოხმაურებების დონეზე არ ვჩერდებით და ყველას მაქსიმალურად მოვუწოდებთ, ვისაც კი გული შესტკივა საკუთარ ქვეყანაზე, მომავალ თაობაზე, ამ პროცესში ჩაერთოს, რადგან მიწა ამოწურვადი რესურსია, რომელსაც ვერაფრით გავამდიდრებთ, ვერაფერს შევძენთ გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ, რაც გადმოგვეცა, ამის თავი მაინც უნდა გვქონდეს. ისევ გაეროს კონვენციას მოვიშველიებ: არ შეიძლება, ამოვიდეთ იმ წერტილიდან, რომ დღეს გლეხს არ უნდა დიდი მიწა, ვერ განვსაზღვრავთ, მის შვილსა და შვილიშვილს რა ენდომება. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ვინ ითვალისწინებს?! ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, _ მაშინ რატომ ყიდიან გლეხები მიწასო? იმიტომ ყიდიან, რომ არჩევანის წინაშე დააყენეს. ახლა სახელმწიფო პროგრამით ბანკში რაღაც პროცენტმა აგროსესხებთან მიმართებით დაიწია, მაგრამ აქამდე 30-დან 38%-მდე იყო, ეს გლეხი თავშივე განწირული გახლდათ, რომელიც ამ კრედიტით იწყებდა მუშაობას, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, არანაირი შეღავათი სტიქიური უბედურების გამო, არანაირი შეღავათი რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოების პროდუქტზე. ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნისგან მიტოვებული გლეხი ბანკის წინაშე რჩება. ბანკმა მას უნდა გაუყიდოს ან სახლი, ან მიწა, რომ ბანკის ვალი დაიფაროს, ამიტომ, უმრავლესობამ, სწორედ ეს გზა არჩია, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ქვეყანა აგრარულია და 18%-ია ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი ჩვენს ბაზარზე იმიტომ, რომ გლეხი არაკომფორტულ მდგომარეობაშია. ბოლო პერიოდია და აღსანიშნავია, რომ რაღაც ძვრები სოფლის მეურნეობაში წავიდა. ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი, რომ ერთადერთი სამინისტრო, რომელიც მართლა რაღაცას აკეთებს, ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ ეს არ კმარა, თუნდაც იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი რომ არის, მას მიწა არ ეკუთვნის, მიწა განკარგვის უფლებით გადაცემული აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რომლისთვისაც მიწა ყიდვა-გაყიდვის ობიექტია. ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ ახლა ვიკვლევთ და გვინდა, რომ რეკომენდაციები მივცეთ მთავრობას. იმედია, მიხვდებიან, რასაც ვეუბნებით. აბსოლუტურ ანალიზს გავაკეთებთ, რა თანხები იხარჯება სხვადასხვა სამინისტროში გაბნეულ მიწათსარგებლობის საკითხებზე მომუშავე უწყებებში, რას აკეთებენ ეს უწყებები და რა გვაქვს შედეგი. ფაქტია, რომ შედეგი ძალიან ცუდი გვაქვს, რადგან, ელემენტარულად, მიწის კოდექსიც კი არ გვაქვს. მერე მივცემთ ძალიან საინტერესო მიწის მმართველობის სტრუქტურას, _ რა იაფი დაჯდება, ერთი ქოლგის ქვეშ თუ იქნება ამ სამსახურების გაერთიანება, როგორც ფინანსური, ისე მოქნილობის კუთხით, რამდენად მომგებიანი იქნება ეს სამსახური. თუ მაუწყებლობას შეიძლება ჰყავდეს მარეგულირებელი კომისია, მიწა ჩვენი არსობისაა, ხომ არ შეიძლება, ეს იყოს ასე დაურეგულირებელი და უგზო-უკვლოდ გაბნეული?! საკუთარი ქვეყანა მეცოდება, როდესაც გავიზარებ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, იმდენად მცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ოდენობა სხვადასხვა ხერხითა და მანიპულაციით, რომ, ფაქტობრივად, აგრარული ქვეყანა კი არა, ქვეყანაც აღარ ვიქნებით! ქვეყნის არსი არის საზღვრებით შემოსაზღვრული ტერიტორია თავისი ენით, კულტურით, სარწმუნოებით და სხვა რეგალიებით, ხელისუფლება და მთავრობა ხალხის არჩეულია და ხალხის დაკვეთას უნდა ასრულებდეს, არ უნდა იყოს ხელისუფლება და მთავრობა ხალხის გაბნევისა და მოსპობის საშუალება! არ ვიცი, ეს უკუღმართობა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და არც არავინაა, ვისაც შეიძლება დაუჯდე და ამ თემაზე ელაპარაკო, ვისაც ხელეწიფება საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ რადგან ასეთი არავინ ჩანს, ისევ საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი, ნუ ამოეფარებიან ევროინტეგრაციას, ნუ ამოეფარებიან ნატოს და გაეროს, ყველა გეუბნება, _ შენი თავის პატრონი თვითონ იყავი! მიხედე შენს ქვეყანას, ისე როგორც მისახედია! მოეშვან სპეკულაციას, რომ ის უცხოელი, ვინც ქართულ მიწას იყიდის, ინვესტორია და სხვა არავინ!

_ თქვენ მიერ აღმოჩენილ დოკუმენტს რომ დავუბრუნდეთ, 1992 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მთავრობა გამოიცვალა. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი შეგნებულად დამალეს?

_ ეს ძიების პროცესში უნდა გამოვლინდეს, მაგრამ რამდენად დაინტერესდება გამოძიება, მეორე მხარეა. თქვენ კარგად იცით ჩემი პოზიცია მიწის დისკრიმინაციულ გადასახადთან დაკავშირებით, ისიც ცნობილია, რომ, ჯერ კიდევ, ივლისში შევიტანე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამდენი ხანია გასული და თვენახევარი რჩება, რომ კანონით დადგენილი წესით განიხილოს სარჩელი სასამართლომ. ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ თემით დაინტერესდა, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მოვიკითხე, რა ხდებოდა ამ საქმეზე. სამაგიეროდ, მარიხუანის ლეგალიზაციაზე თუ მსგავს საქმეებზე უცებ რეაგირებენ. ვერ ვიტყვი, რომ რადგან მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ ეს დოკუმენტი, უცებ ყველაფერს გამოიძიებენ, მაგრამ ჩვენ მოქალაქეობრივი, კანონმორჩილი ადამიანის ვალი უნდა მოგვეხადა და ეს დოკუმენტები მთავარ პროკურატურაში წარგვედგინა. მაქსიმალურად ვცდილობთ, პარტიებთან ამ კუთხით, ამ ეტაპზე, რაიმე კონსულტაცია არ გვქონდეს. ჩვენ გვინდა, ეს ჯერ საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური საკითხი იყოს. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ამ დოკუმენტს სათავისოდ გამოიყენებს, არჩევნები კარზეა მომდგარი. ისე აქვთ განაწილებული არჩევნების გრაფიკი, სამწუხაროდ, ყოველ წელს არჩევნებია.

_ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეს დოკუმენტი არაკანონიერად ცნო და დადგინდა, რომ უძრავი ქონების პრივატიზაცია არაკანონიერად განხორციელდა, შემდეგ რა იქნება? რამდენად რეალური და შესაძლებელია, რომ პროცესი გადაიხედოს?

_ მთავარია, ფაქტი დადასტურდეს, რამდენად კანონიერი იყო მიწების პრივატიზაციის საფუძველი. მერე უკვე ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მე თვითონ ფერმერი ვარ, შეიძლება, მეც დავზარალდე, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი ზარალი სჯობს საერთო ზარალს. თუ ჩვენ მიწებს უკან დავიბრუნებთ, ჩემს მიწასაც ასევე დავაბრუნებ! მე თუ როგორც კეთილსინდისიერმა მოქალაქემ არ ვიბრძოლე, არ ჩავაწყვე საქმე, არ ვიხადე ფული და არ გამოვისყიდე საზღვრისპირა ზოლში მიწები, რომელიც იჯარით მაქვს, სხვას ხომ მიჰყიდის და ის მიწები დღეს ხომ გადაყიდულია უცხოელებზე?! ალაზნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯნის საზღვარზე სულ სამი ფერმერიც აღარ იქნება, არიან თურქები, აზერბაიჯანელები, ინდოელები და ა. შ. მე, ქართველს, რომელსაც ის საზღვარი მაწუხებს, ნუთუ, იმ სხვასაც ისე შეაწუხებს?! ეს ხომ გამორიცხულია! ეს არის ყველაფრის მიმართ სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამ პროცესით სწორედ ეს გვინდა, რომ დღეს რაც მორიგება-გარიგება ხორციელდება, ყველაფერი უნდა შეჩერდეს, უნდა დაიდოს მიწის კოდექსი, ოღონდ ისე კი არა, მიჩუმათებით რომ აკეთებენ და არ ითვალისწინებენ საზოგადოების ინტერესებს, აბსოლუტურად ყველა ის კვალიფიციური კადრი უნდა იყოს ჩართული, რომელსაც საქმე ესმის. ბოლოს და ბოლოს, მკაცრი საუბარი უნდა დაიწყოს საზღვრის დემარკაციაზე მეზობელთან, მეგობართანაც და ნებისმიერთან. რა სახელმწიფო ხარ, როცა საზღვარი არ გაქვს და ნებისმიერი გეტყვის, რომ ეს მიწა ჩემია, შენ კი ვერაფერს ახერხებ. რატომ უნდა გვჯობნიდნენ სხვები, რატომ უნდა აფართოებდნენ თავიანთ ტერიტორიებს ჩვენ ხარჯზე?! რატომ უნდა ვკარგავდეთ ჩვენი უნიათობით ამ ყველაფერს?! რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს შვილებს ამ ყველაფერზე?!

 

თამარ ბატიაშვილი