უკუღმა წაკითხული „ვენეციის“ დასკვნა და მოკლეფეხება ტყუილი

საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ქვეყანამ წააგო

 

ქართულ პოლიტიკაში ტყუილი დიდი ხანია, არავის უკვირს. თუმცა, როგორც იტყვიან, მჯობნის მჯობი არ დაილევაო და ტყუილის თქმის ხელოვნებაც მუდმივად იხვეწება.

 

ამჯერად უტიფარი ტყუილის „შესანიშნავი“ ნიმუში პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარმოგვიდგინა. „ვენეციის კომისიის“ პირველადი დასკვნის მისეული ინტერპრეტაცია დიდი ტყუილის კატეგორიაში შეიძლებოდა გაგვეყვანა, რომ არა მისი მოკლე ფეხები. მოკლე ფეხები კი ამ ტყუილს იმიტომ აქვს, რომ „ვენეციის კომისიის“ დასკვნის გაცნობის საშუალება კობახიძის განცხადებიდან ორ საათში ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც ერთპარტიული კონსტიტუციის ავტორმა, ღიმილიანი სახით გვამცნო, რომ „ვენეციის კომისია“, თურმე, აღფრთოვანებული ყოფილა „ოცნებისეული“ საკონსტიტუციო ცვლილებებით. თურმე, ყველა ცვლილება კომისიას პოზიტიურად შეუფასებია და რომ არა ჟურნალისტების ჩაკითხვები, კობახიძე საერთოდ არ აპირებდა იმაზე საუბარს, თუ რა პრეტენზიები აქვს „ვენეციის კომისიას“ და რის გამოა ის უკმაყოფილო.

საბოლოო ჯამში, კობახიძეს მაინც მოუწია იმის აღიარება, რომ „ვენეციის კომისიას“ ძალიან არ მოსწონს ის, რომ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ 2024 წლიდან გადადის და არა 2020-დან. „ვენეციის კომისიის“ დასკვნაში ეს ასე წერია:

„პროპორციული საარჩევნო სისტემის ძალაში შესვლის 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად“.

კობახიძემ „ვენეციის კომისიის“ ამ მოთხოვნაზე ირონიული კომენტარი გააკეთა: „მეც კი მინდოდა პროპორციულზე გადასვლა, მაგრამ რა ვქნა, არ გამოვიდაო“. ირონიას უტიფრობა დაამატა და ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ გამოვიდა, უაპელაციოდ ოპოზიციას დააბრალა :)), რაც მთავარია, ამ სიტყვების წარმოთქმისას შუბლზე ძარღვი არ შეტოკებია.

კომისია თავის დასკვნაში კვლავ აკრიტიკებს ე. წ. ბონუსების სისტემას, რომლითაც ხელისუფლება დაუმსახურებელი მანდატების მითვისებას ცდილობს. პირველად დასკვნაში შავით თეთრზე წერია:

„მიუხედავად მცირე გაუმჯობესებისა, ბონუსების სისტემა მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია აქვს. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ“.

„ქართული ოცნების“ პასუხი კომისიის ამ პრეტენზიაზე უკვე ყველასთვის ცნობილია: „შვიდი წლის მერე გამოვასწორებთ“.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგიდანვე გაირკვა, რომ ხელისუფლება „ვენეციის კომისიის“, პრაქტიკულად, არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. მათ შორის, იმ რეკომენდაციების, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებას და მის რეფორმირებას ეხება. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ამონარიდს დასკვნიდან:

„სასამართლო ხელისუფლება:

– საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს;

– იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობას“.

ერთი სიტყვით, „ვენეციის კომისია“ უკმაყოფილებას არ მალავს, რომ მისი რეკომენდაცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლასთან დაკავშირებით არ შესრულდა. უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ვერ შედგა ფართო პოლიტიკური კონსენსუსი  და „ოცნებისგან“ განსხვავებით სრულებით არ ადანაშაულებს ამაში ოპოზიციას. კონსენსუსის არარსებობა კი თავისთავად ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ერთპარტიული კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ვენეციის კომისია“ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესში არადემოკრატიულს ვერაფერს ხედავს. კომისიის ეს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო ყველასთვის და მასში არაფერია გასაკვირი. ევროპული დემოკრატიისთვის პრეზიდენტის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი არჩევის წესი ერთნაირად მისაღებია. ეს საკითხი იმის მიხედვით გვარდება, თუ როგორი ტრადიცია არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში. ასევე, როგორ სურთ მოქალაქეებს, რომ აირჩეს პრეზიდენტი და რაც მთავარია, რამდენად მაღალია დემოკრატიის სტანდარტი ქვეყანაში და რამდენად დაბალანსებულია ხელისუფლების შტოები. ყველა ამ კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. შესაბამისი ტრადიციაც არსებობს, _ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას თავად სურს პრეზიდენტის არჩევა და დაბალი დემოკრატიის მქონე საქართველოში ხელისუფლების შტოების დაბალანსებას სწორედაც რომ პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი სჭირდება. ასე რომ, ეჭვი არ შეგეპაროთ, „ვენეციის კომისიისთვის“ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი რომ გადაგვეგზავნა, მასაც დადებითი შეფასება მოჰყვებოდა, როგორც ევროპული დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტს.

ასეთია რეალობა და როგორადაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, შავზე თეთრი თქვას და თვალებში ნაცარი გვაყაროს, მათ მიერ შექმნილ კონსტიტუციაში ჩაბუდებული ჭირი თავს არ დამალავს და ყველა ყველაფერს მაინც გაიგებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების თითქმის ერთწლიანი პროცესი კი დასასრულს უახლოვდება. სამწუხაროდ, ეს დასასრული აღმოჩნდა ყველაზე ცუდი დასასრული, რომელიც კი შეიძლებოდა წარმოგვედგინა. ხელისუფლებამ, რომელსაც ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე აქვს მითვისებული საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება გადაწყვიტა, რომელიც არათუ ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს არ ეფუძნება, ყველაზე პატარა, ერთკაციან პარტიასთანაც კი არ არის შეთანხმებული. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა და ცხრა თვის განმავლობაში საკუთარ სიმართლეში ვერ დაარწმუნა ვერც ერთი ოპოზიციური პარტია და ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. საკონსტიტუციო ცვლილებები იმდენად აშკარადაა მორგებული „ოცნების“ ინტერესებზე, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამთავრობოებიც კი ვერ ბედავენ და თვითლუსტრაციის შიშით, მხარს ვერ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მთელი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ხელისუფლება იმდენად უხერხულ მარტოობაში აღმოჩნდა, რომ სოციალ-დემოკრატებისა და „მწვანთა პარტიის“ დახმარების იმედად დარჩა. „ოცნება“ ცდილობს, ეს პარტიები, რომლებიც დიდი ხანია უკვე შეერწყნენ მმართველ პარტიას, დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტებად წარმოგვიჩინოს და მრავალპარტიულობა გაითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის, ხელისუფლება ჯიუტად არწმუნებს საკუთარ თავს, რომ მართალია და გარშემო ყველაფერი კარგადაა.

ხელისუფლების ბოლო შეჯანჯღარებისა და გამოფხიზლების მცდელობა იყო პრეზიდენტის, ოცი პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობოებისა და თბილისში მყოფი ევროპარლამენტარების ქმედებები და განცხადებები.

მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების უმნიშვნელოვანეს პუნქტებზე შეჯერდა. ყველაზე მთავარი, რაზეც შეთანხმდნენ, ესაა საარჩევნო სისტემა, ანუ ის, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ყველა პოლიტიკური პარტია ზუსტად იმდენ მანდატს უნდა იღებდეს ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, რამდენ პროცენტ მხარაჭერასაც მიიღებს არჩევნებში. მიიღე 10%, 150-კაციან პარლამენტში უნდა გყავდეს 15 დეპუტატი; მიიღე 20%, უნდა გყავდეს 30 დეპუტატი, ხოლო თუ მიიღე 48%, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაშინ უნდა გყავდეს 72 დეპუტატი და არა 116, როგორც დღეს.

სწორედ ამიტომ უწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას მთელი მსოფლიო ყველაზე სამართლიანს და ამიტომაც ითხოვს ჩვენგან ევროსაბჭოც და ვენეციის კომისიაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო იმას რაც დღეს გვაქვს _ შერეულ მაჟორიტარულ სისტემას, ყველა მოიხსენიებს, როგორც უსამართლოს, რადგან მისი მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლება, რომელსაც ხალხი მხარს აღარ უჭერს, მაინც დატოვოს ხელისუფლებაში.

პროპორციული საარჩევნო სისტემაც შეიძლება დაამახინჯო და ეს „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გვაჩვენა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ პროექტში პროპორციული სისტემის ისეთი ვარიანტი შემოგვთავაზა, სადაც ყველა გადაუნაწილებელი მანდატი თვითონ უნდა წაეღო. ანუ 30-დან 40-მდე დაუმსახურებელი მანდატი უნდა მიეთვისებინა და მარტივად რომ ვთქვათ, წაგების შემთხვევაში, მაინც უნდა მოეგო.

იმისთვის, რომ ასეთი რამ გამოირიცხოს, ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეჯერებულ პაკეტში ჩაიწერა, რომ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად უნდა გადანაწილდეს ყველა ბარიერგადალახულ პარტიაზე. ანუ აიღე 10%, გადაუნაწილებელი მანდატებიდანაც გერგება 10% და ა. შ.

ასევე პაკეტში მოხვდა ოპოზიციის მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ არ გაუქმდეს ბლოკების შექმნის უფლება და საარჩევნო ბარიერი 5%-დან დაიწიოს 3%-მდე.

ბარიერის დაწევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაკარგული ხმების რაოდენობა შემცირდეს. მაგალითისთვის: გასულ საპარლამენტო არჩევნებზე 5%-ის ქვემოთ აღმოჩნდა 360 ათასი ხმა, რაც ამომრჩეველთა 20% იყო. ბარიერი რომ 3% ყოფილიყო, პარლამენტიც მრავალპარტიული იქნებოდა და დაკარგული ხმებიც 5-6 პროცენტს არ ასცდებოდა, რაც მთელ მსოფლიოში დასაშვები რაოდენობაა.

ბლოკების შექმნის უფლება საჭიროა იმიტომ, რომ პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების საშუალება ჰქონდეთ. ყველა ხელისუფლება საქართველოში ბლოკით მოვიდა, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“. ბლოკების გაუქმებით ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. პირველი ის, რომ მას ეშინია ახალი, დიდი პოლიტიკური ბლოკის, რომელიც ჩამოაშორებს ხელისუფლებას და მეორე, ბლოკის გარეშე გაცილებით მეტი პარტია ვერ გადალახავს ბარიერს, შესაბამისად, მეტი ხმა დაიკარგება და მეტი გადაუნაწილებელი მანდატი დარჩება, რომლის მთლიანად მითვისებასაც „ოცნება“ ცდილობდა.

გარდა საარჩევნო სისტემისა, ოპოზიციამ კიდევ რამდენიმე საკითხზე მოახერხა შეთანხმება. ესენია: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, უშიშროების საბჭოს შენარჩუნება, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაზრდა, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გარეშე დანიშვნა და სამხედრო ძალების გამოყენების საკითხში პრეზიდენტის მნიშვნელოვანი როლის შენარჩუნება.

ყველაზე საგულისხმო ამ შეთანხმებაში არის თავად შეთანხმების ფაქტი. ის, რომ ოცი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკური პარტია ახერხებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეთანხმდეს, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეთი საყოველთაო თანხმობა საქართველოში ეროვნული მოძრაობის შემდეგ არ ყოფილა.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამ თანხმობაში არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ მანკიერი ტრადიცია არ დაარღვია და როგორც მისმა წინამორბედებმა, მხოლოდ  ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებით მოქმედება არჩია.

გასული კვირის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს მორიგი მცდელობა ჰქონდა, „ოცნებისთვის“ სასურველ ცვლილებებზე ოპოზიციის მხარდაჭერა მოეპოვებინა. მაშინ როცა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს, კობახიძემ გამოაცხადა, რომ შვიდი წლის შემდეგ, ანუ 2024 წელს, ყველა გადაუნაწილებელი მანდატის მითვისებაზე ვიტყვით უარსო, ხოლო 2020-ში ერთჯერადად ბლოკების შექმნის უფლებას დაგიტოვებთო.

პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ ამ განცხადებით ყველას ნათლად დაანახვა, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ ადარდებს ის, თუ რას ითხოვს მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, „ვენეციის კომისია“, ევროპარლამენტარები და ა. შ. მათთვის მთავარია ნებისმიერი საშუალებით ხელისუფლების შენაჩუნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და მორჩა. ესაა მიზანი, რომლის მისაღწევადაც ხელისუფლება მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის, შეეგუოს პოლიტიკური ლეგიტიმაციის დაკარგვასაც.

ბლოკების, როგორც საკენკის გადმოყრა, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებამდე სამი დღით ადრე, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. საერთოდ, თემაა არასერიოზული. ეს იგივეა, ერთმა ადამიანმა მეორეს რამე ნივთი წაართვას და შემდგომ დაბრუნება შესთავაზოს, დიდი მადლობის სანაცვლოდ. ხელისუფლება ზუსტად ასე იქცევა ბლოკებთან დაკავშირებით. ჯერ ადგა და ბლოკების შექმნის უფლება ყველას წაართვა, ახლა კი ეუბნება, დაგიბრუნებთ წართმეულს (ისიც ერთჯერადად) თუ დანარჩენ ცვლილებებზე ტაშს დამიკრავთო. თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ოცნებამ“ ვერც ერთი, თუნდაც, ერთკაციანი პარტია ვერ გადაიბირა, რომ ბლოკების სანაცვლოდ მაჟორიტარული სისტემა „გაეპრავებინა“. მოკლედ, ასეთი არადიპლომატი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს.

ოპოზიციასთან და არასამთავრობოებთან რომ ვერ პოულობს საერთო ენას ხელისუფლება, ეს იმდენად გასაკვირი არაა, რამდენადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროპული სტრუქტურების იგნორირება. გასულ კვირას საქართველოში ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ. ყველა თავის გამოსვლაში ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე კონსტიტუციის მიღება მათთვის მიუღებელია. ერთპარტიული კონსტიტუცია მიუღებელია, გვირჩევენ, პროპორციულ, ერთმანდატიან საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ და ერთხმად მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციები. ხელისუფლება კი, რომელიც არც ერთ ამ რეკომენდაციასა და მოთხოვნას არ ითვალისწინებს და ყველაფერს პირიქით აკეთებს, უტიფრად ირწმუნება, რომ იდეალურ კონსტიტუციას იღებს და თუ რამე ცუდია მასში, მხოლოდ ოპოზიციის ბრალია.

ამ კვირაში „ქართული ოცნება“ თავის დანაპირებს, სავარაუდოდ, შეასრულებს და ერთპარტიულ კონსტიტუციას მესამედ უყრის კენჭს. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს და ამ ვეტოსაც „ოცნება“ უპრობლემოდ დაძლევს, რადგან არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ვეტოს დაძლევის ისეთი აბსურდული წესი, როგორც საქართველოში. ვეტოს დასაძლევად ზუსტად იმდენი დეპუტატის ხმაა საჭირო, რამდენიც კანონის მისაღებად. ნონსენსია, მაგრამ რას ვიზამთ? _ ჩვენი ქვეყანა ასეთი კანონებით ცხოვრობს.

გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან, ქვეყანას დამსგავსებოდა; ჰქონოდა კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია და სამართლიანი საარჩევნო გარემო. ოპოზიციამ ხელისუფლებაზე გამოჭრილი ქვეყნის მთავარი კანონი უკვე გამოაცხადა არალეგიტიმურად, იმუქრება, რომ პროტესტი უფრო მწვავეც იქნება. არჩევნებამდე, ალბათ, არაფერი და მერე ვნახოთ.

დემნა ვეშაპიძე