ტურიზმისა და ფეროშენადნობების ქვეყანა

ბოლი წლებში საქართველოში საყოველთაო ყრუ უკმაყოფილება იგრძნობა, რომელიც გადადის საზოგადოებრივ დეპრესიასა და აპათიაში, უპერსპექტივობისა და უიმედობის შეგრძნებაში.
ეს ეხება არა მხოლოდ იმათ, ვინც დღეს მონაწილეობს საპროტესტო აქციებში რუსთაველზე, არამედ იმათაც, ვინც არანაირ მიტინგებს არასდროს ეკარება. იმათ, ვინც, თითქოს, კმაყოფილია ცხოვრებით და არ უქმნის პრობლემებს ხელისუფლებას უადგილო პიკეტებით და გზის გადაკეტვებით.

ყრუ უკმაყოფილება ქვეყნის განვითარების გზით აქვთ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც კი _ თუ არ ჩავთვლით აქტივისტებს, რომლებისთვისაც ცხოვრებით კმაყოფილება შედის სამსახურებრივ მოვალეობებში.
მოკლედ, დეპრესიამ მოიცვა თითქმის მთელი ქვეყანა.
ერთი შეხედვით, ამის რეალური მიზეზები არ არსებობს. „ქოცების“ არაკომპეტენტურობა მართლაც ეპიკური მასშტაბებისაა, თუმცა წინა ხელისუფლების მიერ აგებული სახელმწიფო აპარატი დღესაც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს.
ერთი შეხედვით, ქვეყანა, ასე თუ ისე, ვითარდება _ ყველგან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ყველგან კეთდება გზები, ხიდები, მაგისტრალები, აქტიურად შენდება დიდი ქალაქები, ხოლო თბილისსა და ბათუმს ემატება არათუ კვარტლები, არამედ ახალი რაიონები.
კი, „ოცნებას“ ძალიან უყვარს თავისი ნათესავები და ახლობლები, რომლებსაც ასაქმებს, ჩუქნის გამარჯვებას ტენდერებსა და ა. შ., თუმცა ვინ შეიძლება გააკვირვო საქართველოში ნეპოტიზმით და ტენდერების გაყიდვით? ეს ხომ სულ ასე იყო და, სავარაუდოდ, სულ ასე იქნება?
მოკლედ, გარეგნულად საქართველო ტოვებს, მეტ-ნაკლებად, ზრდადი და შედარებით მოწესრიგებული ქვეყნის შთაბეჭდილებას.
მაშ, რა ხდება? რატომ არის ჩავარდნილი სოციალურ დეპრესიაში მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელსაც არ უჭირს?
მიზეზი საყოველთაო გაჭირვება არ გახლავთ _ ქვეყანა ამ მდგომარეობაში უკვე ათწლეულებია, ცხოვრობს და არაფერი ახალი აქ არ არის.
საზოგადოებრივი დეპრესიის მიზეზი სულ სხვაა _ და ის უკავშირდება არა დღევანდელ დღეს, არამედ _ მოლოდინებს.
დღევანდელი ხელისუფლების წინასთან შედარებით სუსტი ადგილია _ უძრაობა. ქვეყანაში დახუთული ჰაერია, ისეთი, როგორიც არის ოთახში, რომელიც დიდი ხანია, არ გაუნიავებიათ.
„ქართულ ოცნებას“ აკლია მასშტაბური მიდგომა. თავის დროზე „ნაციონალები“ ისახავდნენ დიდ გეგმებს, გიგანტურ პროექტებს, ცდილობდნენ შეექმნათ ეკონომიკის ახალი დარგები _ მაგალითად, ტურიზმი, რომელიც შეიქმნა არაფრიდან ან საქონლის რეექსპორტის მთელი ინდუსტრია, რომელსაც დღესაც მოაქვს ქვეყნისთვის ასობით მილიონი დოლარი.
ზოგი რამ გამოდიოდა, ზოგი რამ _ არა თუმცა, ქვეყანაში იყო მუდმივი მოძრაობისა და დინამიკის შეგრძნება.
დღეს სწორედ ესაა, რაც ყველაზე მეტად აკლია „ოცნებას“ _ დიდი ამოცანები და რევოლუციური ცვლილებები. ქვეყანაში გაიმარჯვა ვიწრო, ორღობის პროვინციალიზმმა, რომლის მთავარი იდეოლოგიაა _ საკუთარი თავის მუდმივი შეცოდება და დაკნინება: „რა ვქნათ, პატარა ერი ვართ და ბევრი არაფერი შეგვიძლია“…
რატომ არ ეთვლება „ოცნებას“ აქტივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებითაც ის ასე იწონებს თავს?
იმიტომ, რომ დღეს ეს უკვე არაა სიახლე და არავის აღარ უკვირს არც შუქი, არც პატრული, არც დაბალი კორუფცია და არც უსაფრთხო ქუჩები. დღეს ეს უკვე ნორმაა.
თუმცა ხელისუფლების სისუსტე სწორედაც ისაა, რომ მას არ გააჩნია ფანტაზია თავისი ახალი იდეებისთვის და ის მოძრაობს იმ გზით და იმ მოდელის ფარგლებში, რაც „ნაციონალების“ დროს შეიქმნა.
რას წარმოადგენს იმ დროს ჩამოყალიბებული განვითარების მოდელი? გავაუმჯობესებთ საინვესტიციო კლიმატს, დავწევთ გადასახადებს, ავაშენებთ მეტ სასტუმროს და საცხოვრებელ კორპუსს, გავყიდით მეტ მანქანას აზერბაიჯანში, მეტ ფეროშენადნობს, მეტ ღვინოსა და მეტ თხილს.
წლების მანძილზე ეს მოდელი მართლაც მუშაობდა და საკმაოდ კარგ შედეგებს გვაძლევდა _ პირველ რიგში იმიტომ, რომ 2003-2004 წელს ათვლის წერტილი უდაბლესი იყო.
რა ხდება ამ მხრივ დღეს? კარგად რომ დავუკვირდეთ, ეკონომიკური განვითარების მოდელი დღესაც იგივეა, რაც 2012-ში იყო _ უკეთესი ბიზნესკლიმატი, ნაკლები გადასახადები, მეტი კორპუსი საბურთალოსა და ბათუმში, მეტი სასტუმრო, მეტი მანქანა აზერბაიჯანში, და მეტი ფეროშენადნობი ევროპა-ამერიკაში.
არაფერი შეცვლილა: ეკონომიკას არ დაემატა არც ერთი ახალი დარგი, 2012 წლიდან არ გაჩნდა ახალი პროდუქციის არც ერთი დასახელება, რომელიც არ იწარმოებოდა 2012-მდე და იწარმოება დღეს.
საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა არც ერთი მილიმეტრით არ შეცვლილა 8 წლის მანძილზე. რა არის კარგი ექსპორტი? როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობები ძვირდება და სპილენძის კონცენტრატები მეტი რაოდენობით გადის, შემოდის მეტი ფული, ლარი მყარდება, ყველა ბედნიერია.
რატომ არის ცუდი ექსპორტი? ფერო და კონცენტრატები იაფდება, შემოდის ნაკლები ვალუტა, ლარი ეცემა და ყველა უბედურია. სულ ესაა.
„ქოცების“ მთავარი პრობლემა არაა არც სიღატაკე, არც სისასტიკე და არც ნეპოტიზმი. „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთავრობა სააკაშვილის დროინდელი განვითარების მოდელის მიხედვით მოძრაობს, რომელიც უკვე მოძველდა, არ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და, ზოგადად, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში დინამიზმისა და წინსვლის შეგრძნების დაბრუნებას.
ამ მოდელით საქართველო მუდამ დარჩება ფეროსა და ტურისტების იმედად, ქვეყნად, რომლის უმსხვილეს კომპანიათა ათეულში 2 დაკავებულია აზარტული თამაშებით და არც ერთი _ წარმოებით.
სწორედ ეს ყრუ უკმაყოფილება, გაუცნობიერებელი შეგრძნება, რომ ყველაფერი გაჩერდა და გაიყინა, სწორედ ეს ღრმა საზოგადოებრივი დეპრესია არის „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა.

თენგიზ აბლოთია