ტრაგიფარსი ორ მოქმედებად

ამ გადასახედიდან უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავხდით მომსწრე საშინელი, თავზარდამცემი ტრაგიფარსის, რომელიც, როგორც აღმოჩდა, გაითამაშეს ორ მოქმედებად, მეტ-ნაკლები, წარმატებით. თუ რატომ მეტ-ნაკლები და არა სრული წარმატებით, გზადაგზა შევეცდები, ავხსნა. თუმცა ერთი რამ ფაქტია: რა წარმატებასაც მიაღწია ამ ტრაგიფარსის რეჟისორმა, მიაღწია, არც მეტი, არც ნაკლები, იმით რომ, სპექტაკლი ორ მოქმედებად გაყო. მათ წარმატებას კი, თავისთავად ცხადია, ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა საზოგადოების ინფანტილურობამ, ყველაფრის უცებ, თათარიახლად დაჯერების შნომ და ნიჭმა.

მეტი რა გინდა, გავარდა ტყვიასავით, ვიღაც გორელმა საპატრულოს უფროსმა აჭარლებს თათრები ეძახა. გავრდა და დიდად არავის გაურკვევია, კონკრეტულად, სად, ვის ეძახა, არც ვიდეომტკიცებულება მოუთხოვია ვინმეს. ისე აზვირთდა საპროტესტო ტალღა ჯერ იქ, ბათუმში და ისე წალეკა ქართულენოვანი ფეისბუკსივრცეც და მთელი ქვეყანაც.

ატყდა სრულიად გაუგონარი ისტერიკა ორი მიმართულებით _ როგორ ეძახეს აჭარლებს თათრები, და გორელს რა უნდა ბათუმში?

როგორც უკვე დღეს გაირკვა, ეს ინფორმაცია გაავრცელა ვინმე მერაბ ღოღობერიძემ. ჯერ გავრცელდა „სქრინები“, საიდანაც ირკვეოდა, ვინ იყო ამ ინფორმაციის გამავრცელებელი. შემდეგ თავადაც აღიარა, როცა უკვე ქალაქი გადაიბუგა.

28 თებერვალს მერაბ ღოღობერიძე წერს (სტილი დაცულია): „სამარცხვინოა როცა აჭარაში შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რომლებიც გორის საპატრულო პოლიციიდან როტაციით გადმოიყვანენ აჭარაში ერთერთ მძღოლს აჭარელო შე თათარო ენა გააჩერე?

პ.ს: პასუხს აგებთ თქვენი უკანონო ქმედებებით“.

7 მარტს იგივე ღოღობერიძე წერს: „გორის პატრული რომ აჭარაში ევროპელობას გვასწავლის ამის შედეგის ნუ გიკვირთ“.

უკვე 9 მარტს კი ომახიანად წერს: „აქცია სახელწოდებით აჭარელი თათარი არ არის! ყველამ ერთად შევძახოდ  საპატრულოს პოლიციის უფროს. დღეს 9 მარტს 12 ს/თ ბათუმში აჭარის საპატრულო პოლიციის შესასვლელთან გაიმართება აქცია აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით“.

აი, ამ ქართულით ავრცელებდა ეს ვინმე ღოღობერიძე თავის შორსგამიზნულ სიცრუეს. ახლა, ამას რომ მე, გორელმა, ქართული გავუსწორო, მერე ამოხტება „ტუფლებიდან“, _ გორელი ქართულს მასწავლისო. არადა, თავად ნახეთ, რა ბერწიცაა მისი ქართული, მაგრამ სწორედ ამ ბერწი ქართულით ნაწერმა მშვენივრად იმაკა და მოწამლა ხალხიც და მთელი ქვეყანაც. უკვე მას შემდეგ, რაც ყველაფერი კატასტროფით დასრულდა, ამ ვაჟბატონმა ღოღობერიძემ, საჯაროდ აღიარა, რომ სწორედ მაშინ დაიწყო გამოსვლები: „იმის გამო, მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის უფროსმა ერთ-ერთ სუფრაზე მან აჭარლები თათრებად მოიხსენია“. ეს აღიარა, მაგრამ არანაირად არ აიღო პასუხისმგებლობა, რაც მის გავრცელებულ ინფორმაციას და გამოსვლებს მოჰყვა, _ ეგ გაბრაზებულმა მოქალქეებმა ქნესო. ე. ი. თვითონ არც ყოფილა გაბრაზებული…

ხედავთ? 28 თებერვალს წერდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთ მძღოლს უთხრა: „შე თათარო, ენა გააჩერე“, ახლა გაიძახის, რომ პოლიციის უფროსმა სუფრაზე მოიხსენია აჭარლები თათებად.

უკაცრავად, ეს სუფრა ტრასაზე იყო გაშლილი? და უკაცრავად, არ გაინტერესებთ, რას წერს ეს მერაბ ღოღობერიძე ამ მოვლენებამდე ერთი კვრით ადრე? კონკრეტულად 4 მარტს? „საქართველოში ღარიბაშვილის ხელი აკლია, დღეს რომ „ბლატაობენ“ მიყუჩებულები იყვნენ“.

უკვე გასაგებია, ვის მიერაა გავრცელებული და ტირაჟირებული ეს ყველაფერი. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ მას ეს არ მოუგონია, რომ ასეთი რამ მართლაც იყო და მან აღშფოთებულმა გაავრცელა. დავუშვათ, ასეა. მაშინ გასარკვევია, ვინ იყვნენ ის პატრულები, რომლებიც ამას ხალხს ეძახდნენ და სად, ვისი თანდასწრებით მოიხსენია პატრულის უფროსმა აჭარლები თათრებად?

ფეისბუკის ლომებს კი ამ ყველაფრის გარკვევამდე ვურჩევ, ის მაინც გაარკვიონ, რომ აქ ეროვნება „თათარი“ არაფერ შუაშია. საქართველოში ყველა მუსილმს იხსენიებდნენ „თათრად“ და, თავის დროზე, ჩვენდა სავალალოდ, ამას აჭარლების მისამართითაც იყენებდნენ, რასაც ყოველთვის სარფიანად მოიხმარდა რუსული სპეცსამსახურები და ახლა ამის ამოტივტივება სხვა არაფერია, თუ არა წმინდად რუსული ნარატივის დარეფლეშება. ამ ყველაფრის პარალელურად, ამ „სქრინებიდანაც“ დარწმუნდით, რომ მათი აგრესიის სამიზნე პატრულის გორელობა იყო, ანუ ჩასულის.

უკაცრავად, რომც მართლა ვინმეს ეძახა აჭარლებისთვის „თათრები“ და ეს ამ ღოღობერიძის ფანტაზია არ იყოს, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, გორელი უწოდებდა ამას თუ სენაკელი? რას ნიშნავს, გორელს რა უნდა ბათუმში? რაც სრულიად გაუგონარი იყო, ამ ისტერიკას ფეისბუკსივრცეში აწარმოებდნენ ამსტერდამში, პარიზსა და ლონდონში გამოტყლარჭული ქართველებიც კი! როგორც გორში იტყვიან, დედითქვენისამ, თქვენ ამსტერდამში ყრიხართ და გორელს ბათუმში რა უნდა?

რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ არა წამიც და იმის თქმას, აჭარა მარტო აჭარლებისთვის? ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი? იქნებ, ტვინიც გაანძრიოთ, „მაუსთან“ ერთად!

რას ნიშნავს, „გორელი გვასწავლის ევროპელობას“? თუ მოძრაობის წესებს არღვევ და მიგითითებენ, ეს დანაშაულია? და თუ არღვევ და გაჯარიმებენ, ეს დანაშაულია? და, უკაცრავად, ბათუმელმა რომ დაგაჯარიმოს, იაფი გადასახდელი იქნება თუ როგორაა? და გორელი რატომ ვერ გასწავლის ევროპელობას, გორი შუა აზიაა? და ბათუმი მილანიდან ხუთი წუთის სავალზე? დავუბრუნდეთ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობას.

აგორდა საპროტესტო ტალღა. ქუჩაში გამოვიდა სრულიად გულწრფელად აღშფოთებული და გაწამებული მოსახლეობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს _ ღოღობერიძემ მოჩმახა ეს თუ ანჯაფარიძემ, მართლა ეძახდნენ თუ არა აჭარლებს „თათრებს“. ხალხს ეს მიეწოდა და აღშფოთდა და ნუ მოვთხოვთ, თავად ბათუმლებს, რატომ არ გამოიჩინეს მეტი სიფხიზლე და რატომ ირწმუნეს ეს. გაითვალისწინეთ, რომ, ჩვენგან განსხვავებით, ეს უშუალოდ მათ ღირსებას, პატრიოტულ, რელიგიურ გრძნობებს ეხებოდა და ბევრად ემოციური იქნებოდა მათი აღქმა. აქეთ, ვისაც არ ეხებოდა, იმათაც კი ხელად ირწმუნეს და იმ ხალხს რას სთხოვთ? ხალხი აღაშფოთა იმ ჯარიმებმაც, და რაც მთავარია, საერთოდ, სიტუაციამ, რაც დღეს ქვეყანაშია. კარგად ეტყობოდა იმ აქციას, რომ ეს ჯარიმები ბოლო წვეთი იყო, ხალხი ბევრმა რამემ მიიყვანა ამ ზომამდე და გარეთ გამოვიდა. როგორც ჩანს და როგორც გაირკვა, ხალხში საპროტესტო მუხტია! აქამდე ოპოზიცია ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ საპროტესტო მუხტი არ იყო! ამ მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს მუხტი საზოგადოებაში არის! და როდესაც საზოგადოებაში საპროტესტო მუხტია და პოლიტიკური ძალები პროტესტის ავანგარდში არ დგებიან, ხდება ის, რაც მოხდა წლების წინათ ბიშკეკში და რაც ხდებოდა ახლა ბათუმში. ქაოსური ბუნტი! და გაიხსენეთ, რა დროს იფეთქა, მაინცდამაინც, ამ ბუნტმა? იმ დღეს, როცა „რუსთავი 2“ მართავდა აქცია-კონცერტს და არა საპროტესტო აქციას! და მოდი, გულახდილად ვთქვათ, რომ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება იყო, ხალხს უნდა აქციები და არ ეკონცერტებოდა! როგორც ჩანს, ეს კარგად გააანალიზეს იმ რუსულ სპეცსამსახურებში და როგორც კი ბათუმში სტიქიურმა პროტესტმა იფეთქა, თავისთავად მოხდა ის, რომ მათ მიმართ სოლიდარული გახდა ყველა, ვისშიც კი პროტესტია ამ ხელისუფლების მიმართ!

ვიმეორებ, როდესაც პროტესტის სათავეში პოლიტიკური ძალები არ დგებიან, პროტესტი იღებს სტიქიურ სახეს და ათასი ჯურის მამაძაღლი ახერხებს ხალხის გაბრიყვებას. როცა არ ეძახი შენ, დაუძახებს ვიღაც მამაძაღლი, გაბრაზებული ადამიანიც გავა ქუჩაში და პროცესი პოლიტიკური ჩარჩოდან გადის! ანდა, სულაც, არავინ დაუძახებს და თავად გავა!

ასე მოხდა აქაც და მოხდა მეტიც! მათ კინაღამ პოლიტიკური ძალებიც გააბრიყვეს და აიყოლიეს. ლიდერები თუ მაინც ინარჩუნებდნენ წონასწორობას, ცხადია, ეს წონასწორობა ვერ შეინარჩუნა ბევრმა ნაცაქტივისტმა! რაც კარგად გამოიყენეს შემდეგ! ამ პროცესისთვის მეტი დრამატიზმი რომ შეეძინათ და კიდევ უფრო შთამბეჭდავი რომ გამხდარიყო ეს სოლიდარობა, საშინელ ზომას მიმართეს _ ცამოწმენდილზე დაარბიეს მშვიდობიანი აქცია! დიახ, ვხმარობ სიტყვა დარბევას და არა _ კანონსაწინააღმდეგო აქციის დაშლას. ამ აქციის გაზით და რეზინის ტყვიებით დარბევის არანაირი საჭიროება არ იდგა! ამ ფაქტმა კიდევ უფრო აღაშფოთა საზოგადოება, დაიწყეს სოლიდარობის გამოცხადება, აქა-იქ, სოლიდარობის აქციებზეც ითქვა სიტყვა, გაკეთდა ეგზალიტირებული განცხადებები ფეისბუკში და აქ დასრულდა პირველი მოქმედება…

მეორე მოქმედება კი იყო ის კოშმარი, რაც დატრიალდა: ქალაქში გამოენთო კრიმინალური შპანა ჯაჭვებით, მოლოტოვის კოქტეილებით, რკინის ნაჭრებით და დაიწყო ბათუმის რბევა აღა-მაჰმად ხანის სისასტიკით. როგორც უკვე გათენებულზე მედიაში გაჩნდა ცნობები, 10 და 11 მარტს, ბათუმის სხვადასხვა უბანში, ახალგაზრდობის ორგანიზებას ახდენდნენ ქურდული სამყაროს წევრები… ქალაქში გაუგონარი სისასტიკით დათარეშობდნენ, წვავდნენ, აფეთქებდნენ, ლეწავდნენ და ამ დროს სად იყო სპეცრაზმი, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდი მონდომებით შლიდა მშვიდობიან აქციას? _ არსად! კარგა ხანს არ ჩანდა არც ხელისუფლება! პროცესები მიუშვეს. რატომ? უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო განადგურებული ბათუმი?!

და მაშინ, როცა უკვე ყველაფერი თავისით ჩაცხრა, მაშინ გამოვიდნენ ფინალში არტისტული სპეცნაზელები ღრიალით „არ ცემოთ“. ვინღა იყო საცემი და რატომ არ იყვნენ ვითომ საცემები? ნიკა გვარამიას თქმის არ იყოს, მართლა რა მნიშვნელობა აქვს, ძალას არაადეკვატურად და არაპროპორციულად როგორ გამოიყენებ _ გადამეტებით თუ არასათანადო რეაგირებით? ქალაქს წვავენ, ბუგავენ, ლეწავენ და სადაა სპეცრაზმი? რაზე იყო გათვლილი ეს სპექტაკლი მთლიანად? იმისთვის, რომ „ნაციონალები“ ამ მახეში შეეტყუებინათ და შემდეგ ვანდალიზმზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ. უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უფრო აქტივისტები, თავიდან მართლაც არ მალავდნენ სოლიდარობას, მაგრამ როგორც კი მეორე მოქმედება დაიწყო, პარტიის ლიდერშიპი დროულად გაემიჯნა ამ ვანდალიზმს და გასაგები გახდა, რასთან ჰქონდათ საქმე. ცალკეულმა აქტივისტებმა, რა თქმა უნდა, ეს ზომიერება ვერ შეინარჩუნეს და ინერციით განაგრძეს სოლიდარულობა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის! ისინი იყვნენ იმ სპექტაკლის მაყურებლები, რომელიც ხელისუფლებამ დადგა. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეს მათი ძველი და ახალი ელიტის ჯახია, თუ რაიმე სხვა შორსმიმავალი მიზნებისთვის განკუთვნილი, იმავდროულად!

ნაცაქტივისტები და ნაცმხარდამჭრები სენტიმენტალური მაყურებლები აღმოჩდნენ _ ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ოცნებამ“ მოახერხა მათი „აგდება“! ეს არ ეხება ლიდერშიპს. გადაახვიეთ და ნახეთ მათი კომენტარები.

იბადება კითხვა, _ ეს ყველაფერი მხოლოდ „ნაცებზე“ ხელის შესაწმენდად გაკეთდა? მე პირადად არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაცების „წამოსახევად“ დაიგეგმა და განხორციელდა. ჩემი აზრით, ეს იყო ამ ხელისუფლების პასუხი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და ეს, უპირველესად, მიზნად ისახავდა ამ შარში „რუსთავი 2“-ის გახვევას, მაგრამ გეგმა ჩაუვარდათ, მათ ვერ გათვალეს ის, რომ ნიკა გვარამიამ აკრობატის ოსტატობით გაიარა ბეწვის ხიდზე, არ ჩამოვარდა და კოვზი ნაცარში ჩაუგდო „ქოცებს“ _ დღევანდელ პრემიერსაც, წინასაც _ ღარიბაშვილსაც, რომელიც უცებ გამოჩდა და დაგმო ეს ყველაფერი. მერე რა, რომ ეს ყველაფერი მისმა ფანმა ღოღობერიძემ ააგორა…

„რუსთავი 2“ ვერ ჩაითრიეს ამ ინტრიგაში. არადა, იყო ამის მცდელობა! კარგად გაიხსენეთ, რა იწერებოდა იმ ღამით, ყველა წერდა, რომ ის გაავებული, ჯაჭვიანი ბიჭები არ ერჩოდნენ „რუსთავი 2“-ს და ყვიროდნენ, რომ „რუსთავი 2“ მათ მხარესაა. მათი ყვირილი წინასწარ გამიზნული იყო, ისე როგორც სპეცრაზმის ყვირილი „არ სცემოთ“. მაგრამ ჯაჭვიანების ყვირილმა არ უშველა საქმეს _ ეთერში საპირისპირო რამ ხდებოდა და იმათი ყვირილი ყვირილად დარჩა! ის, რაც მოახერხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, ცხადია, ძნელი მოსახერხებელი იყო პარტიის შემთხვევაში. თავიდან იყვნენ სოლიდარულები, მერე გაემიჯნენ ამ ბარბაროსობას, ვიღაცამ ინერციით გააგრძელა და რა მოჰყვა ამ ყველაფერს?

კვირიკაშვილი და ევროსაქართველო ერთ ხმაში და ერთი ჟესტით მიუთითებდნენ „ნაციონალური მოძრაობისკენ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ აგორებული არც ეს აქცია ყოფილა და არც ის, რაც მოჰყვა! მათი შეცდომა ის არის, რომ არ სჯეროდათ ხალხში საპროტესტო მუხტის და თავად არ დადგნენ ამ პროტესტის სათავეში! ანუ მათი შეცდომა იმის არგაკეთებაა, რის გაკეთებასაც მათ ტენიან!

ეს ყველაფერი რომ ლაგდება, მავანს კითხვა უჩდება, _ თქვენ ეს ხელისუფლება ასე ჭკვიანი გგონიათ, რომ ეს დაგეგმოს? არა, ბატონებო, ესენი კი არ გვგონია ასე ჭკვიანები, ისინი არიან ჭკვიანები, ვინც ამ ყველაფერს გეგმავენ ხოლმე… თორემ ამათ მაინც მოუვიდათ იაღლიში _ მოტივებზე, „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“ _ ქურდს რომ მოპარული მამლის ბოლო უჩანს, ისე უჩანთ მერაბ ღოღობერიძე…

ამ ორმოქმედებიანი ტრაგიფარსის შედეგად კი დაგვრჩა გადაბუგული და დალეწილი ბათუმი…

 

რეზო შატაკიშვილი