ტარიელ ხეჩიკაშვილის კომფორტის ზონა

რუბრიკა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს მასპინძლობს

1970 წლის 13 თებერვალს დაბადებული ბიზნესმენისა და აწ უკვე მინისტრის კომფორტის ზონა საკმაოდ რთულად საძებნი და მრავალფეროვანიც აღმოჩნდა.

მინისტრს 1997-2002 წლებში სამოქალაქო ინსტიტუტ „კაბადონში“ დაუმთავრებია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

პროფესიულ გამოცდილებას რაც  შეეხება, იგი 1995-1999 წლებში შპს „ტაროს“ დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორია;

1999-2001 წწ.-ებში შპს „იბერმობილის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორია;

2001-2015 წწ.-ებში „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებელი;

2001-2015 წწ.-ებში „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და ავტობაზრობის (ქ. რუსთავი) მფლობელია.

ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი!

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოზიცია კი 2015 წლის 1-ლი მაისიდან უჭირავს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიმოხილვისას ცოტა დაეჭვდებით კიდეც და დაგაინტერესებთ, თუ საიდან აქვს მას მსგავსი სიდიდის შემოსავლები, თუმცა ცნობილია, რომ იგი ადრე ბიზნესმენი გახლდათ და ახლაც არ ამბობს ამ საქმეზე უარს.

მისი 18-გვერდიანი დეკლარაციის კითხვითა და აღწერით დაიღლებით კიდევაც…

მოკლედ, ტარიელ ხეჩიკაშვილი შედის ყველაზე მდიდარ ქართველ მინისტრთა ხუთეულში.

ახლა კი მისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ:

იმ 7 უძრავ ქონებათაგან, რომელიც ხეჩიკაშვილის დეკლარაციაშია მითითებული, მხოლოდ ერთი _ ავტოფარეხია მის სახელზე, დანარჩენს კი მისი მეუღლის, ეკატერინე ინასარიძის სახელზე ვაწყდებით.

2016 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ხეჩიკაშვილი ფლობს 2 ბინას, 2 საცხოვრებელ სახლსა და 2 მიწის ნაკვეთს, პლუს ერთ ავტოფარეხსაც.

ერთი ბინა, რომლის ფართობიც 63.21 კვ.მ-ია, შავი ზღვის ქუჩა #11-ში მდებარეობს, თუმცა ეს იმდენად მცირე  ფართობია, რომ დიდი ოჯახისთვის არასაკმარისია. ამიტომ მათ საკუთრებაშია 1177.51 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთი სოფელ საგურამოში, რომლის ფართობიც 1200.00 კვ.მ-ია, ისევ 1000.00 კვ.მ-ის ფართობი მიწის ნაკვეთი თბილისში დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე;

142.81 კვ.მ. ფართობის ბინა დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე თბილისში, გრიგოლ რობაქიძის 7 ნომერში და აქვეა 18.00 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი.

დაბოლოს, 800.00 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, დაბა ფასანაური, 300 არაგველის 29-ში.

უძრავ ქონებათაგან დეკლარაციაში დაფიქსირებულია მსუბუქი ავტომანქანა ვოლკსწაგენ ტიგუან გამოშვების წელი _ 2011 იბგ009, რომლის 100%-იანი მფლობელიც ეკატერინე ინასარიძეა.

რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ ყვავის, მაინც საგულისხმოა, რომ მინისტრის სახელზე „ს/ს ვივის“ 15.35 ლარის ნომინალური ღირებულების 23340 ცალი ფასიანი ქაღალდი აღირიცხება.

როდესაც გრაფას საბანკო ანგარიშების შესახებ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 8689.52 აშშ დოლარი კრედიტი(+), 2563.48 ლარი კრედიტი(+)   და 3479.02 აშშ დოლარი კრედიტი(+) ჰქონდა.

„საქართველოს ბანკი“ საკრედიტო 411166.40 აშშ დოლარის დებეტი(-). ასევე, „თი-ბი-სი ბანკი“ მიმდინარე 44602.28 აშშ დოლარი კრედიტი(+), ამავე ბანკში „თი-ბი-სი ბანკი“  საკრედიტო 44215.40 აშშ დოლარის დებეტი(-) და კიდევ „თი-ბი-სი ბანკის“  საკრედიტო ანგარიშზე 277760.00 აშშ დოლარის დებეტი(-).

ასევე, მის მეუღლეს, ეკატერინე ინასარიძეს, იმავე ბანკში ვიზა ინფინიტის ანგარიშზე 22.97 ლარი კრედიტი(+) და 80.80 აშშ დოლარი კრედიტი(+) აღენიშნებოდა.

ისევ ინასარიძის სახელზეა „ვი-თი-ბი ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე  90450.00 აშშ დოლარი კრედიტი(+), კვლავ „ვი-თი-ბი ბანკის“ ანაბარზე 25000.00 აშშ დოლარი კრედიტი(+), „ვი-თი-ბი ბანკის“ ანაბარზე 25000.00 აშშ დოლარი კრედიტი(+).

ისევ ხეჩიკაშვილის მეუღლის „ვი-თი-ბი ბანკის“ ანაბარზე ფიქსირდება 50000.00+50000.00 აშშ დოლარის კრედიტი(+).

ეკატერინე ინასარიძის სახელზეა „რესპუბლიკა ბანკის“ საკრედიტო  ანგარიშზე 14235.46 აშშ დოლარის დებეტი(-), „რესპუბლიკა ბანკში“ მიმდინარე 885.53 ლარი კრედიტი(+), დაბოლოს, ამავე ბანკში მიმდინარე 680.90 აშშ დოლარის კრედიტი(+).

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობაში მის მონაწილეობას (როგორც ზემოთ აღვნიშნე, იგი ბიზნესმენი იყო და სამეწარმეო საქმიანობაში მისი ჩართულობაც არ არის გასაკვირი), იგი 18 შპს-ს პარტნიორი და ერთი შპს-ს აქციონერია, მისი მეუღლე კი, 9 საწარმოს პარტნიორია.

იგი შემდეგი შპს-ების პარტნიორია:

შპს „ავტოსერვის კავკასია“;

შპს „ავტოსტილი“;

შპს „კავკასუს მოტორსი“;

შპს „იბერია ავტო“.

თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლით ადრე ამ შპს-ებიდან წლიური შემოსავალი 0.00 ლარს უტოლდებოდა.

რაც შეეხება შპს „იბერია ავტოცენტრს“, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს, მისი წლიური მოგება 2 647 368.00 ლარს უტოლდებოდა.

იგი ასევე პარტნიორია შპს „იბერია ავტოჰაუსის“, შპს „იბერია ავტოლენდის“, შპს „იბერია სერვისის“, შპს „სენა ავტოს“ _ მათი წლიური შემოსავალიც 0.00 ლარს უტოლდება.

შპს „კია მოტორს ჯორჯიას“ პარტნიორობიდან კი 5 606 250.00 ლარი მიუღია სარგებელი.

ჯამურად, მინისტრის შემოსავალმა 8 398 317.81 ლარი შეადგინა.

შპს „იბერია ბიზნესჯგუფი“, შპს „სითი სპორტი“, შპს „ფეხბურთის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი“, შპს „იბერია კაპიტალ ინვესტი“, შპს „იბერია ინვესტი, საქართველო“, შპს „იტა სერვისი“, შპს „კრეს ავტოჰაუსი“, შპს „სპორტული კლუბი ოლიმპი“, ს/ს „ვივი, საქართველო“, შპს „კავკასიის ავტოცენტრი“, _ მიღებულ შემოსავლად 0.00 ლარი ფიქსირდება.

ეკატერინე ინასარიძე არის პარტნიორი შემდეგ საწარმოებში: შპს „საფეხბურთო კლუბი საბურთალო“, შპს „სპორტინვესტი“, შპს „იბერია სითი“, შპს „ტარო“, შპს „იბერმობილი“, შპს „იბერია სერვისი“, შპს „იბერია ტექავტომოტივი“, შპს „სპორტ სალერ ცენტრი“ _ წლიური სარგებელი 0.00 ლარი.

გრაფას, სადაც საქმე ეხება დეკლარაციის შემვსები პირის, ან მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოს, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, ვხედავთ, რომ ერთი წლის მანძილზე ხეჩიკაშვილს „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტობისას 87816.06 ლარი მიუღია, შპს „ავტო ლიზინგ ჯორჯიას“ ბიზნეს კონსულტანტობისთვის _ 6883.75 ლარი, ხოლო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობისას კი _ 50 000.00 ლარი.

ახლა კი ნასყიდობასა და სესხებს რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრის ოჯახს ოთხ ბანკში 17 ანგარიში ჰქონდა გახსნილი, ერთობლივად კი ანგარიშებზე 1 045 359.36 დოლარი და 3471.98 ლარი ფიქსირდებოდა:

ხეჩიკაშვილის სახელზე ფიქსირდება 800 000.00 ლარის ოდენობის სესხი, იგი დაამოწმა და დაარეგისტრირა შპს „კრეს ავტოჰაუსმა“, ამ სესხიდან გასავალი, ანუ პროცენტი 0.00 ლარს უდრიდა.

კვლავ 250250.00-ლარიანი სესხი შპს „იბერია ინვესტის“ დამოწმებით, რომლის დაფარვის თარიღიც მომავალი წლის 1-ლი იანვარია და საიდანაც გასავალი 559016.00 ლარი ფიქსირდება.

კვლავ 600000.00-ლარიანი სესხი შპს ავტოსტილის რეგისტრაციით, საიდანაც გასავალი 1327896.00 ლარია.

ხეჩიკაშვილის სახელზე 150000.00-ლარიანი სესხი შპს „სენა ავტოს“ დამოწმებით, გასავალი _ 420223.00 ლარი;

ტარიელ ხეჩიკაშვილი _ სესხი 450 000.00 ლარის ოდენობით, ორგანო _  შპს „იბერმობილი“ _ მიღებული მატერიალური შედეგი 326 029.00 ლარი (გასავალი).

კვლავ სესხი 513 000.00 აშს ლარის ოდენობით, ამჯერად „საქართველოს ბანკში“ და გასავალი 81979.55 აშშ დოლარია;

ასევე 838500.00-ლარიანი ნასყიდობა შპს „კავკასიის ავტოცენტრის“ კაპიტალიდან (სპორტინვესტი) 50000.00-ლარიანი წილის ნასყიდობა შპს „იბერია ავტოს“ კაპიტალში; 450000.00-ლარიანი წილის ნასყიდობა შპს „იბერია სერვისის კაპიტალში“.

შეთანხმება ვალდებულების გადაკისრება და ურთიერთმოთხოვნების 1 327 896.00 ლარის გაქვითვა, შპს „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამოწმებით, აქედან მთელი თანხის გასავალია _ 1 327 896.00 ლარი.

ამავე ოდენობის თანხაა დამოწმებული საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ მიერ იგივე პირობებით და ისევ იგივე შპს „სპორტ ინვესტის“ დამოწმებით.

ხეჩიკაშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი ბანკში“ 260 000.00+280 000.00 აშშ დოლარიანი სასესხო ვალდებულება ჰქონდა  აღებული, რომლის გასტუმრების ვადაც 2016 წელს ამოიწურა.

ვალდებულების გადაკისრების 1 049 775.04-ლარიანი ზეპირი შეთანხმება აქვს მიღწეული, ასევე, ანალოგიური მეთოდით 125 400.00 და 152720.96-ლარიანი შეთანხმება.

რაც შეეხება მის მეუღლეს, საჯარო რეესტრის დამოწმებით, უძრავი ქონების 70500.00 აშშ დოლარიანი ნასყიდობა უფიქსირდებოდა, რომელსაც 2015 წლამდე ჰქონდა ვადა და ამათგან გასავალი 15000.00 აშშ დოლარი იყო, ასევე წილის 225000.00-ლარიანი ნასყიდობა შპს „იბერმობილის“ კაპიტალში, 450000.00-ლარიანი წილის ნასყიდობა შპს „იბერია სერვისის“ კაპიტალში, 374775.04-ლარიანი წილის ნასყიდობა შპს „იბერია ტექავტომოტივის“ კაპიტალში;

1-ლარიანი წილის ნასყიდობა შპს „სპორტ სალერ ცენტრის“ კაპიტალიდან (საინტერესოა, რა იყო?!), 11-ლარიანი წილის ნასყიდობა შპს „ტაროდან“, 24000.00 აშშ დოლარის სესხი „ბანკ რესპუბლიკაში“, საიადანც გასავალი 3393.26 აშშ დოლარი იყო.

დაბოლოს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ქონების გადასახადი 2015 წელს 7120.00 ლარი გადაუხდია, ხოლო ქველმოქმედებაზე მათი გასავალი 60000.00 ლარს+35000.00 ლარია.

ჩვენი 8-მილიონიან შემოსავლიანი მინისტრი მშვენივრად ართმევს თავს თავის „დანიშნულებას“ და მინისტრობასთან ერთად ბიზნესიდანაც სოლიდურ შემოსავალს იღებს.

 

დეკლარაციის გაცნობის შემდეგ, როგორც ყოველთვის, დანიშნულების ადგილისკენ გავემართე.

ცოტათი რთულია, ზუსტი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, როდესაც დეკლარაციაში მითითებული აქვს სახლი ან ბინა, თუმცა ზუსტი მისამართი არა. მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ფართობის გაგება ზუსტ მისამართს არ იძლევა, ამიტომაც, როგორც კი დეკლარაციის სიზუსტე სანდო წყაროებთან გადავამოწმე, დიღმის  სასწავლო-საცდელი მეურნეობისკენ ავიღე გეზი და თან კოორდინაციას ჩემი GPშ სისტემა მიწევდა, თუმცა მთლად ახლაც ვერ გაამართლა და დიდუბის ავტოსადგურში სახელდახელოდ შერჩეულმა ტაქსის მძღოლმა, დიდი მოკრძალება და დახმარების სურვილი რომ გამოიჩინა, სწორედ იმის წყალობით დავადექით სწორ გზას.

ლოგიკა იყო შემდეგი: რადგან ძირითადი საორიენტაციო წერტილი და მიმართულება დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზეა, კონკრეტულად გრიგოლ რობაქიძის #7-ისკენ გავემართე, ეს იმიტომ, რომ ამ ქუჩაზე იგი ავტოფარეხსაც ფლობს, თორემ ამ მისამართზე დაფიქსირებული 142.81 კვ.მ. ფართობის ბინა არც ისე დიდია 9-სულიანი ოჯახისთვის, მით უფრო, როდესაც 1177.51 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობ ამავე ტერიტორიაზე.

დიდუბის ავტოსადგომიდან დიღმის იმ ტერიტორიისკენ ავიღეთ გეზი, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ. ახალი დასახლება ბევრი ისეთი ცნობილი პიროვნებისა და მინისტრის საცხოვრებელ ტერიტორიას წარმოადგენს, ვინც თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი.

ჩვენს მკითხველს ემახსოვრება, მიხეილ ჯანელიძის _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საცხოვრებლის, მისი კომფორტის ზონის კვლევისას, სწორედ ამ ტერიტორიაზე მოვედით. „დიღომი 7“ და „დიღომი 8“-ც სწორედ ამ ახალ დასახლებას წარმოადგენს.

როდესაც თბილისიდან გასასვლელისკენ მიდიხართ, მრავალი ავტოსერვისი და ბენზინგასამართი სადგური შეგხვდებათ, აქვეა რამდენიმე უნივერსიტეტიც და ხეების ჯარი, რომელიც იმას მიანიშნებს, რომ შედარებით თავისუფალი ზონა და დასახლება იწყება, სადაც მეტად სუფთა ჰაერია, ვიდრე ქალაქის შუაგულში.

ცენტრალური გზიდან მარჯვნივ ჩასახვევია, სადაც უკვე იმ ახალ დასახლებებს მიადგებით, უკვე ერთხელ რომ ვესტუმრეთ საგარეო საქმეთა მინისტრის „კომფორტის ზონის“ აღსაწერად.

აქ დღესაც მოვედით…

მოკლედ, ხსენებულ ტერიტორიაზე მოსვლისთანავე ჯერ რობაქიძის ქუჩას დავუწყეთ ძებნა, მერე კი უშუალოდ ხეჩიკაშვილის შესახებ ვკითხულობდით.

უმრავლესობამ არც კი იცოდა, ვინ იყო ხეჩიკაშვილი და არც ის, რომ სადმე აქ რობაქიძის ქუჩა იყო, თუმცა ბოლოს ერთ-ერთ თავყრილობის ადგილს ჩავუარეთ, სადაც 15-მდე საშუალო ასაკის მამაკაცი ერთმანეთში საუბრობდა და „საჭირბოროტო“ თემებს განიხილავდა. ამათკენ კი ერთმა ქალბატონმა მოგვასწავლა, რომელმაც გვითხრა, რომ იმ შეკრებილ მამაკაცთაგან ვინმეს მაინც ეცოდინებოდა ზუსტი მისამართი. ამ მამაკაცების წინ  შევჩერდით და ვკითხეთ, თუ იცოდნენ გრიგოლ რობაქიძის ქუჩის შესახებ, რაზედაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. მერე ვუთხარით:

_ სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრი ცხოვრობს იმ ქუჩაზე, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხომ არ გაგიგიათ?

_ აჰჰ, ეგ კიი, _ თქვა შუახნის მამაკაცმა.

_ საითაა, ხომ ვერ მიმასწავლით?

_ ცენტრალური გზისკენ უნდა გახვიდეთ, მაგრამ სანამ ტრასაზე ახვალთ, დიდ სარკეებს დაინახავთ, საიდანაც მარცხნივ უნდა შეუხვიოთ.

_ გმადლობთ, _ ვუთხარით და სწორედ იმ მიმართულებით გავაგრძელეთ სვლა, საითაც მიგვითითა.

აქ მართლაც იყო დიდი, მრგვალი სარკეები, რომელთანაც მარცხნივ უნდა შეგვეხვია და ასეც მოვიქეცით, თუმცა შედეგით არცთუ ისე კმყოფილები ვიყავით, რადგან სწორედ ამ ადგილზე, ამ ქუჩაზე არ იყო მინიშნება ქუჩის სახელთან დაკავშირებით და ისიც მშენებარე სახლებით იყო დაკომპლექტებული.

რამდენიმე აქ მომუშავეს კვლავ ვკითხეთ აქაურობისა და ქუჩის შესახებ, მისამართი არავინ იცოდა, თუმცა ხეჩიკაშვილის _ სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრების შესახებ, _ თითქმის ყველამ.

რამდენიმე სავარაუდო სახლს ფოტო გადავუღეთ, თუმცა სანამ მათი ნამდვილობა არ დადასტურდება, მას ვერ შემოგთავაზებთ.

მთავარია, ის გავიგეთ, რომ 8-მილიონიანი შემოსავლით მინისტრი კვლავ რჩება პოსტზე და, პარალელურად, ბიზნესსაც არ ივიწყებს. ეს ყველაფერი რამდენად ლეგალურია, სხვა საკითხია.

 

ნინო ტაბაღუა