„სხვადასხვა ტიპის შშმ ბავშვს ერთად მოუყარო თავი და ასწავლო _ დანაშაულია!“

განათლების სისტემის განვითარება და მისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით, როცა საუბარია შშმ მოსწავლეებზე _ უსინათლოებზე, ან ნებისმიერი სახის ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ბავშვებზე.

 

დღეს თბილისში არსებულ 202-ე (ყოფილ) უსინათლოთა სკოლას სტატუსი შეცვლილი აქვს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მისი სახელწოდებაა: სსიპ ქალაქ თბილისის #202 საჯარო სკოლა (ახორციელებს განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს). საქმე ისაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს ინკლუზიური განათლებისკენ აქვს გეზი აღებული, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვების სწავლებასა და ინტეგრირებას გულისხმობს მათსავე თანატოლებთან.

თბილისის 202-ე სკოლაში დაარსების დღიდან უსინათლო ბავშვები სწავლობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც სკოლას სტატუსი შეეცვალა, აქ სწავლობენ განვითარების შეფერხების, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე იღებენ. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ მათი კურსდამთავრებული არაერთი უსინათლო მოსწავლე სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, ჰყავდათ ოქროს მედალოსნები, ბავშვები აშშ-სა და ევროპაში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით იყვნენ. თუმცა პროფილის შეცვლამ, შესაძლოა, სწავლის ხარისხზე მოახდინოს გავლენა, რადგან სასწავლო პროცესის დროს დიდი პრობლემა ექმნებათ იმ უსინათლო ბავშვებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ფსიქო-ემოციური დარღვევის მქონე ბავშვებთან ერთად სწავლობენ და მუშაობენ, რადგან ფსიქო-ემოციური პრობლემის მქონე ბავშვებს ხშირად გაკვეთილზე არაადეკვატური ქცევა ახასიათებთ, რაც უსინათლოთათვის, რომლებიც ყველაფერს სმენით აღიქვამენ, ძალიან დიდი სტრესია. გარდა ამისა, გაკვეთილისთვის გამოყოფილი 45 წუთიც აღარ ნაწილდება სათანადოდ, რადგან დანარჩენ ბავშვებს ყურადღების მოკრეფა უჭირთ.

 

თამილა აბაშია _ სკოლის მასწავლებელი, უსინათლო:

_ უსინათლო ადამიანს ნებისმიერი სკოლის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს პირობებში ეს რთულია, რადგან არც რესურსი, არც პედაგოგი თავისი მენტალობით და სპეციფიკური განათლებით არ არის მზად ამისთვის. ისეთ რთულ ფსიქიკასთან მუშაობა, როგორიც უსინათლო ბავშვს აქვს, მარტივი ნამდვილად არ არის. პირადად ვაწყდები პრობლემას ჩემს სკოლაში. ის, რასაც ინკლუზია ჰქვია, აქ არ უნდა ხორციელდებოდეს, რადგან ჩვენს სკოლაში უსინათლო ბავშვები სწავლობენ და, რატომღაც, ინკლუზია ისეა გაგებული, თითქოს კიდევ უფრო დამძიმებული დაავადებების მქონე ბავშვებით უნდა დატვირთონ სკოლა. ეს ინკლუზია აღარ არის, არამედ დარღვევის მქონე ბავშვების ერთად თავმოყრაა. მაპატიეთ, მაგრამ, ასეა!

მეც უსინათლო ვარ, ჩვენ ხმებზე გვაქვს რეაქცია და სენსორული საშუალებებით აღვიქვამთ ბევრ რამეს. როცა უსინათლო ფსიქო-ემოციური დარღვევის მქონე ბავშვთან ერთად ზის გაკვეთილზე და არაადეკვატური ხმები ესმის (სხვა ბავშვის ყვირილი, კივილი, ხმამაღალი ხარხარი), ის ისტრესება. ეს პრაქტიკითაც დამტკიცებულია. გვყავდა ბავშვი, რომელთანაც კონტაქტში ვერ შეხვიდოდი, იმიტომ რომ ვერბალური კონტაქტით არ რეაგირებდა. არ ვიცი, არ ესმოდა თუ, უბრალოდ, არ რეაგირებდა, მას სხვა სპეციალისტი სჭირდებოდა. ახლა ჩემთან, მე-5 კლასში გადმოვიდა ბავშვი, რომელიც 4 წლის მანძილზე ისეთი დარღვევების მქონეებთან  სწავლობდა, უცებ რომ კიოდნენ, კარადებს აყირავებდნენ, ან ყვიროდნენ და იმდენად დაისტრესა, გადახრა დაეწყო, დაგვიანებული რეაქციები აქვს, სულ მოწყენილია. უსინათლო ბავშვებს სხვა სპეციფიკა აქვთ და მათთან ერთად სხვა დარღვევის მქონე ბავშვების სწავლება _ ეს არ არის ინკლუზია!

არის ორი კატეგორია: ფსიქო-ემოციური აშლილობა და გონებრივი პრობლემა.  არ შეიძლება მათ ისწავლონ უსინათლო ბავშვებთან ერთად. მიმაჩნია და კიდევაც დავამტკიცებ ამას, რომ ეს დანაშაულია! მსგავსი ტიპის სწავლება იმისთვის არის მისაღები, ვინც არ იცის, რას გრძნობს და როგორ აღიქვამს უსინათლო ამ ყველაფერს. სხვადასხვა ტიპის შშმ ბავშვს ერთად მოუყარო თავი და ასე გყავდეს _ ეს არ არის ინკლუზია. ეს დიდი პრობლემაა!

 

კახა გლოველი _ 202-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი:

_ ბუნებრივია, შეკითხვაც არ უნდა, ხმაური არღვევს მოსწავლეთა ყურადღებას და მასწავლებელსაც უშლის ხელს. როცა ეს ერთ წუთს გრძელდება, მაშინ შეიძლება მოთმენა, მაგრამ მუდმივად, ფაქტობრივად, შეუძლებელია, არ გამოვა, რომ ყურადღება არ მიაქციო, როგორ ყვირის ან იცინის გაკვეთილზე ფსიქო-ემოციური აშლილობის მქონე ბავშვი, იმდენად ხმამაღლა ხდება ეს. არადა, აქ ბავშვის ბრალი არაფერია და ვინც ეს მოიფიქრა, ალბათ, თავად უნდა დააყენო მასწავლებლად და თუ შეძლებს მართვას, თვითონ თქვას. თითქმის ყველაში არა, მაგრამ ნახევარ კლასში ასე ხდება, ზოგი ჩუმად არის, საერთოდ ხმას არ იღებს, ზოგი, _ პირიქით. გუშინაც მქონდა ეს შემთხვევა, შემდეგ სხვა მასწავლებელთან ვუშვებთ.

პირდაპირ საზღვარგარეთიდან ამ მოდელის გადმოღება ასე მარტივი არ არის. წელს დირექტორმა პერსონალური ასისტენტები დაგვინიშნა კლასში, რასაც მივესალმები, ანუ ისინი გაკვეთილზე არიან და თუ ბავშვს რაიმე სახის არაადეკვატური გამოვლინება ეწყება, ცალკე უნდა გაიყვანონ, შეუძლებელია ადგილზე მათი გაჩუმება: ყვირიან, ფეხსაცმელს იხდიან და ისვრიან. ასეთი ბავშვები სხვა საჯარო სკოლებში რომ წაიყვანონ, 30 ბავშვს შეუშლიან ხელს, აქ, მაქსიმუმ, 5-6 ბავშვს ეშლება ხელი. ადრე, როცა დამხმარეები არ იყვნენ, ფაქტობრივად, მასწავლებელს უნდა გაეყვანა ეს ერთი ბავშვი, დანარჩენი მიეტოვებინა, ცალკე დაემშვიდებინა იგი. აქ, ფაქტობრივად, გაკვეთილი არ ტარდებოდა. სულ 1 კვირაა, რაც ასისტენტები დანიშნა დირექტორმა და ეს ძალიან კარგია.

 

ხათუნა ჯალაღონია _ სკოლის დირექტორი _ სკოლაში არსებულ პრობლემებს უარყოფს. მისი თქმით, კლასში, მაქსიმუმ, 8 მოსწავლე შეიძლება იყოს და ამათგან 1 _ გადაადგილებაშეზღუდული, მეეტყველების, ან რაიმე სხვა სახის დარღვევის მქონე:

_ ინდივიდუალური გეგმა გვაქვს. 7 სპეციალისტი მყავს სკოლაში, საგაკვეთილო პროცეში ინდივიდუალური გეგმა რომ იწერება, გათვლილია, რამდენ წუთს შეუძლია ბავშვს კლასში გაჩერდეს. გვყოლია ასეთი მოსწავლეები, რომელთაც 5-8 წუთზე მეტხანს არ შეუძლიათ გაჩერება, იმიტომ რომ ბაღი არ გაუვლიათ და ქცევის პრობლემა აქვთ. მათი ქცევის მოგვარება გვიწევს, ამისთვის გაფართოებული, ინდივიდუალური და ალტერნატიული კურიკულუმია. ეს ბავშვები სპეციალისტებს გამოჰყავთ და მათთან მუშაობენ. კლასში პედაგოგთან ერთად რჩებიან ბავშვები, რომლებიც გაკვეთილზე ჩერდებიან, ისინი შეიძლება იყვენენ უსინათლონი, მცირემხედველნი, ან მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვები და გაკვეთილი ჩვეულებრივად გრძელდება. მასწავლებლებს ასისტენტები ეხმარებიან.

ჩვენს ბავშვებს არ სჭირდებათ ინტეგრირება, ინტეგრირებულები არიან. საზოგადოება ვერ იღებს მათ. ეს არის პრობლება.

 

მსგავსი ტიპის გაერთიანებულ კლასებში არსებულ პრობლემაზე საუბრობს 202-ე სკოლის მოსწავლე _ ანა სიხაშვილი, რომელიც ამჟამად FLEX-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში იმყოფება:

_ როდესაც განტოლებას ან რაიმე მაგალითს ვხსნი მათემატიკაში, მეორადი დარღვევა რომელსაც აქვს, ის ბავშვი ყვირის, ან ლაპარაკობს, ვერ გააჩუმებ, იღლება. ის რომ ცალკე იყოს, მეტს ისწავლის, იმას სხვა უნარ-ჩვევების განვითარება სჭირდება და ჩვენ _ სხვა. აქ, ამერიკაში, მეც სპეციალიზებულ სკოლაში ვსწავლობ. სკოლა 4 ნაწილად არის დაყოფილი, მაგრამ კლასების მიხედვით არის 2 ნაწილად. ერთი მხარე იმათთვისაა, ვინც ჩვეულებრივად აკადემიურ მოსწრებაზე ვართ და მეორე მხრეს მეორადი დარღვევის მქონე ბავშვები არიან. როცა გაკვეთილები გვიტარდება, თუ რამე აქტივობა აქვთ, ჩვენგან ხმა არ ისმის, მშვიდად ვართ, მაგრამ თუ არის გაკვეთილი, სადაც შეიძლება ორივე ბავშვი დასვან ერთად, მაგ. სახლის სიტუაციას რომ გვასწავლიან, ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ სამზარეულოში _ ვერთიანდებით, სპორტის გაკვეთილზეც ერთად ვართ. აი, მათემატიკის გაკვეთილზე კი ერთად არავინ დაგვსვამს, რადგან იციან, რომ ისინი მათემატიკას ასე ვერ ისწავლიან. ეს პრობლემა თბილისში მქონდა, როცა ქართულზე ან მათემატიკაზე ვიყავით, ის ბავშვი ლაპარაკობდა ან ყვიროდა. წარმოიდგინეთ, ქართულში შემაჯამებელი ესე რომ გაქვს დასაწერი და ბავშვი რომ ყვირის. ისედაც გონება დაძაბული გვაქვს და ხელს გვიშლის.

 

ამავე პრობლემებზე საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული _ ესმა გუმბერიძე, რომელმაც ასევე 202-ე სკოლა დაამთავრა და გაცვლითი პროგრამებით იყო ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში:

_ ინკლუზიის დანერგვა, რატომღაც, სპეციალურ სკოლაშიც დაიწყეს და ისეთი ბავშვები სწავლობენ აქ, რომელთაც ფსიქო-ემოციური შესაძლებლობის ღრმა შეზღუდვა აქვთ და ძალიან განსხვავებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. იდეაა, რომ ერთად ისწავლონ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მეორადი შეზღუდვა, ამ შემთხვევაში, უფრო პირველადია. როცა მასწავლებელს გაკვეთილისთვის განსაზღვრული აქვს 45 წუთი, მან უნდა ასწავლოს ბავშვებს, ეროვნულისთვის მოამზადოს, ამავდროულად, იმ ბავშვსაც უნდა მიხედოს, რომელსაც შეტევა დაემართა, დაამშვიდოს, წყალი მოუტანოს და ა. შ. რეალურად, ამასობაში ვერც უსინათლო იღებს ცოდნას და ვერც შეზღუდვის მქონე ბავშვი, მასწავლებელს დრო არ ჰყოფნის. ჩვენ ძალიან ცოტა მაგალითი გვაქვს იმისა, რომ არასპეციალიზებული სკოლიდან შეზღუდვის მქონე ბავშვმა ჩააბარა ეროვნული გამოცდები, მოხვდა უნივერსიტეტში, დასაქმდა, ან საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად, როცა, როგორც წესი, ჩვენი სკოლიდან ამ ყველაფერს აღწევენ. ფაქტია, რომ სპეციალური სკოლის მიღმა უსინათლო ბავშვებს უჭირთ აკადემიური წარმატების მიღწევა, მშობლებს კი სათანადოდ უნდა მივაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია.

აშშ-ში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ა. შ. თითქმის ყველგან არის სპეციალური სკოლები. ნორვეგია საკმაოდ იშვიათი მაგალითია, სადაც ეს სისტემა არ არსებობს. ჩვენ ისედაც გვაქვს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ რეალურად მივბაძოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ გვგვანან, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, სადაც ყველგან არის ეს სპეცსკოლები სახელმწიფოს პირდაპირ მართვაში, ან ვაუჩერული სისტემით. ანუ ამ სკოლების არსებობა ინკლუზიას არ გამორიცხავს.

ახლა 202-ე სკოლის სტატუსი შეცვლილია და წერია, რომ იგი სთავაზობს პროგრამებს სენსორული და სხვა დარღვევის მქონე ბავშვებს. სიტყვა უსინათლო იქ უკვე ნახსენები აღარ არის. მულტიდისციპლინური გუნდი მხოლოდ სპეცსაგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს აფასებს, ანუ თუ შშმ ბავშვი არ ხარ, იქ არ მიგიღებენ. ე. ი. არის სპეციალიზებული, მაგრამ არაპროფილური.

ინკლუზიის დანერგვამ, რატომღაც, ტაბუ დაადო სპეცსკოლების არსებობას, არადა, ეს არ არის ასე, ორივე პარალელურად შეიძლება არსებობდეს და ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.

 

ფაქტია, რომ 202-ე სკოლა წარმატებულია და ბევრი განათლებული შვილი გაუზარდა საქართველოს, დირექტორიც ყველა ღონეს მიმართავს, რათა ბავშვებს სწავლის პროცესში რაიმე სახის შეფერხება არ ჰქონდეთ, თუმცა სისტემა, რომელიც შშმ ბავშვებს ერთად უყრის თავს და ინკლუზიურ განათლებას ნერგავს, შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელია.

ნინო ტაბაღუა