სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებით მივიღებთ KГБ-ს „მონსტრ“ სტრუქტურას

„ქართული ოცნების“ ყველაზე გაბედული და რეფორმისტული ცვლილება უკვე მოქმედებს. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ახალი გადაწყვეტილების შესახებ გვამცნო: ამიერიდან ქვეყანას 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო ეყოლება და „დათხოვილი“ 4 სამინისტრო სხვა უწყებებს უერთდება. ეს, თავისთავად, აწ უკვე ყოფილი მინისტრების დათხოვნასა და კადრების შემცირებას გულისხმობს.

გამოჩნდა ორი სრულიად ახალი მინისტრიც და პოზიცია შეიცვალა რამდენიმემ _ ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს ჩაუდგება სათავეში; ეკონომიკის ყოფილი მინისტრი _ გიორგი გახარია კი შს მინისტრი გახდა;
განათლების მინისტრის პოზიციაზე მიხეილ ჩხენკელმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი) ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვალა; მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროში პირდაპირ რკინიგზიდან პარლამენტში ამოყო თავი;
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული გადანაცვლებიდან გახლავთ ის, რომ საგარეო დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთიანდება, ე. ი. ის ცალკე სტრუქტურა აღარ იქნება, რაც გარკვეულ საფრთხეებს წარმოშობს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება თავდაცვის ყოფილი მინისტრი _ დიმიტრი შაშკინი:
_ ცალსახად ცხადია, რაც უფრო ნაკლებად ძვირია მთავრობა და რაც უფრო ნაკლები ხალხი მუშაობს მთავრობაში, იგი უფრო ოპტიმალურია და მეტი შანსია, რომ ფული მოხმარდეს ხალხისა და არა ჩინოვნიკების კეთილდღეობას.
მაგრამ აქ დგას მეორე საკითხიც: როდესაც ამ შეფუთვით (თანხების ოპტიმიზაციის საკითხი) საგარეო დაზვერვა, სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვა ერთ უწყებაში ერთიანდება, ეს არ არის წმინდა მენეჯმენტის, ფინანსების, ან იდეოლოგიის საკითხი, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.
ვისაუბროთ რამდენიმე ფაქტზე:
არც ერთ ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში კონტრდაზვერვა, დაზვერვა და სახელმწიფო უსაფრთხოება ერთ ინსტიტუციაში არ არის. ერთადერთი გამონაკლისია KГБ, რომელიც საბჭოთა კავშირის უწყება იყო და რომელშიც ეს უკვე ხსენებული სამი უწყება ერთიანდებოდა. ვფიქრობ, ყველას გვახსოვს, რა მონსტრიც გახლდათ იგი. მაგალითისთვის აშშ რომ ავიღოთ, იქაც CIA _ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო _ არის განცალკევებით FBI-სგან (ძიების ფედერალური ბიურო) და ცალკეა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. ასე კი იმის გამოა, რომ მსოფლიოში კონსენსუსია ძალოვანი სტრუქტურების ბალანსთან დაკავშირებით. მნიშვნელვანია, რომ ამ ბალანსის კონტროლი არსებობდეს.
არ შეიძლება, რომ ერთ ადამიანთან (როგორი კარგი, ან ცუდიც არ უნდა იყოს იგი) მოიყაროს თავი, კონცენტრირდეს დიდი ძალაუფლება. ამ სამი უწყების გაერთიანებით კი ბალანსიც ირღვევა და საფრთხის წინაშეც ვდგავართ.
ისმის კითხვა, _ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცალ-ცალკე იყოს ეს სტრუქტურები? რატომაა, რომ აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, უკვე რუსეთშიც კი ეს სტრუქტურები ცალ-ცალკეა (რუსეთიც კი მიხვდა, რომ დაზვერვა, კონტრდაზვერვა და სახელმწიფო უსაფრთხოება ერთად არ უნდა იყოს).
საქმე ის არის, რომ დაზვერვის ოფიცრები არ არიან შეზღუდულები იმ ნორმებით და კანონებით, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცრები იზღუდებიან. დაზვერვა აბსოლუტურად სხვა მეთოდებით და მიდგომებით მუშაობს, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: დაზვერვის ოფიცერი ჯაშუშია, რომელიც სხვა ქვეყნების საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, ამისთვის ის სრულიად განსხვავებულ მეთოდებს იყენებს, ვიდრე სუს-ი. ის ტექნოლოგიები, რომელსაც დაზვერვის ოფიცერი მოიხმარს, თანამედროვეა და რაც მნიშვნელოვანია, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც დაზვერვის ოფიცერი დავალებებს ახორციელებს და ცდილობს, სხვა ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლო მოიპოვოს, მას ამისთვის საქართველოს სასამართლოს დადგენილების მოსმენის უფლებისთვის, ეს ხომ ბუნებრივი და ლოგიკურია, არა?! ოფიცერი ხომ არ მიმართავს საქართველოს სასამართლოს თხოვნით, რომ მან ნებართვა მისცეს ინფორმაციის მოსაპოვებლად მოსასმენი აპატარურის მეშვეობით?
ამიტომ დგება მარტივი საკითხი: როცა ასეთი დიდი გავლენის მოიერიშე იარაღი იმ უწყებებთან ერთად ხვდება, სადაც მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და ის ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება, რა გარანტია გვაქვს, რომ ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დაზვერვის პოტენციალი და რესურსი არ იქნება გამოყენებული ქვეყნის შიგნით?!
სწორედ ამის გამო აშშ-მ კანონის ძალით აუკრძალა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს თავისი ძირითადი საქმიანობის განხორციელება აშშ-ის ტერიტორიაზე _ ეს ფაქტია. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უფლება არ აქვს, თავისი ძირითადი საქმიანობა აშშ-ის ტერიტორიაზე აწარმოოს. ზუსტად ამის გამო დაზვერვის მუშაობის პრინციპი სხვა არის და ამ სტრუქტურების ერთად მუშაობის დროს ძალიან დიდი საშიშროება ჩნდება, რომ ამ პოტენციალს ქვეყნის შიგნით გამოიყენებენ (ბუნებრივია, თუ ამის პოლიტიკური ნება და ინტერესი იქნება).
განსხვავებით დაზვერვისგან, სუს-ზე (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) კონკრეტული შეზღუდვები მოქმედებს. დღესაც რამდენი საუბარია იმაზე, რომ უკანონო მოსმენები უნდა აიკრძალოს სუს-ის მხრიდან, დაზვერვას კი ამისთვის სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება.
_ მაშინ, რა იდეით გაერთიანდა ეს უწყებები?
_ ამ შემთხვევაში მთავრობის ლოგიკა არ მესმის. შემიძლია ვიმარჩიელო და გითხრათ: უბრალოდ, ერთ ადამიანზე აბამენ, ან ზუსტად ის პოლიტიკური მოტივები დევს, რომ რესურსები ქვეყნის შიგნით გამოიყენონ, მაგრამ რატომ აკეთებენ ამას, ვერ გეტყვით.
_ რა დონის საფრთხე არსებობს, რომ ეს რესურსები გამოიყენონ?
_ საფრთხე ძალიან დიდია. თქვენ თვითონ გინახავთ არაერთი შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად უკანონოდ გამოიყენეს სახელმწიფო რესურსები მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ფაქტია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო რეაქცია ძალიან ნეგატიურია და როგორ შეიძლება, პოზიტიური რეაქცია იყოს მაღალი ხარისხის დემოკრატიის მქონე ქვეყნებისგან, სადაც ეს უწყებები გაყოფილია და შენ ამ ქვეყნებს ეუბნები, _ მე უკეთ ვიცი, ასეთი სტრუქტურა უკეთესი იქნებაო! ამას ეუბნები ქვეყნებს, რომლებსაც საუკუნეებია, დემოკრატია და ბალანსის სისტემა იდეალურად აქვთ აწყობილი. ამ კუთხით ხომ აშკარად დემოკრატიასაც ექმნება საფრთხე.
_ რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, რამდენად სწორად გადანაწილდნენ სტრუქტურულად?
_ დრო გვაჩვენებს, რამდენად ადეკვატური იქნება ეს რეფორმა. საქმე საქმეზე რომ მივა, ამის მერე წარმოიშობა პრობლემები. ვნახოთ, რას გააკეთებენ. თუ სამსახურიდან პროფესიონალებს გაუშვებენ და ნათესავებს დატოვებენ, უშედეგო იქნება და თუ შეამცირებენ თითო მინისტრს, მდივანსა და მძღოლს, ესეც სხვა საკითხია. რამდენად შეძლებენ მენეჯმენტის ოპტიმალურად დალაგებას, საკითხავი ესაა. პირადად, ეჭვი მეპარება, არ მჯერა, რომ ამის უნარი აქვთ, მაგრამ არარსებულ პროდუქტზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იდეა სწორია, მაგრამ ზემოთ რაზეც ვისაუბრეთ, იმ საკითხში, დიდი და მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობის წინაშე ვდგებით.

ნინო ტაბაღუა