სუსის უსაფუძვლო ბრალდებები უკრაინისადმი და ქართველი მებრძოლების პასუხი

მიხეილ ხაჩიძე

საქართველოს მთავრობა ბოლო დროს კვლავ უფრო მჭიდროდ იხრება რუსეთისკენ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველების უმეტესობა ევროპისკენ არის და სუს-ის მორიგი ნარატივის არ სჯერა.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი მაღალჩინოსანი დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლების დამხობის შეთქმულებაში მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებით. უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, ახორციელებდა „დესტაბილიზაციას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიზნით“. ითქვა, რომ თანაშეთქმულთა შორის იყვნენ უკრაინაში რუსული ჯარების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველებიც, მათ შორის, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი.

უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბოლო პერიდოში რადიკალურად დაიძაბა. და ეს ყველაფერი, დასავლელი დიპლომატების თქმით, სწორედ „ოცნების“ პრორუსული მთავრობის დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლებას კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კიევმა ასევე არაერთხელ მოუწოდა თბილისს, გაათავისუფლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტს აქვს უკრაინის მოქალაქეობა და არის უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის მნიშვნელოვანი მრჩეველი. კიევი საქართველოს ხელისუფლებას დაპატიმრებული ავადმყოფი პოლიტიკოსის „მკვლელობაში“ ადანაშაულებს და მის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, რაზედაც საქართველოს მთავრობა დუმს და ამით პუტინის წისქვილზე კიდევ ერთხელ ასახამს წყალს.
ევროკავშირი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას წევრობის შესახებ განაცხადზე.
საქართველო, თავის მხრივ, უკრაინას „დიპლომატიური ურთიერთობების ესკალაციის უკიდურეს ფორმაში“ ადანაშაულებს. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ანტისამთავრობო აქციები დაგეგმილი იყო ოქტომბერსა და დეკემბერში, „როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ“. გადატრიალება მოხდებოდა „უცხო ქვეყნის თანამშრომლობითა და დაფინანსებით“. ევროკავშირმა გასულ წელს აღიარა საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიუღია კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი, რაც სწორედ საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის დამსაუხრებაა.
ამან თბილისში გამოიწვია დიდი დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. მთავრობას ადანაშაულებდნენ დემოკრატიისადმი მისი ვალდებულებების უგულებელყოფასა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძირის გამოთხრაში.
საქართველო წლებია ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ამჟამინდელი მთავრობა გასული წლიდან სულ უფრო მეტად უბრუნდება რუსულ ორბიტას და შორდება ევროპას.
„ქრონიკა+“-მა სუსის ბრალდებებზე ინტერვიუს ჩაწერა მამუკა მამულაშვილსა და მიხეილ ბატურინთან სცადა, თუმცა ინტერვიუ ამ ეტაპისთვის ვერ შედგა. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებები აბსურდულად ჟღერს, ამ თემაზე აჟიოტაჟის შექმნას არც ჩვენ ვუწყობთ ხელს.
მიუხედავად ამისა, აღშნიშნული საკითხის შესახებ მოკლე ინტერვიუ ვანო ნადირაძესთან ჩავწერეთ, რომელიც დღეს უკრაინის უშიშროების თანამშრომელია და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ნადირაძესთან ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის წინსვლებზეც ვისაუბრეთ. იგი ამბობს, რომ კონტრშეტევა წარმატებულად მიმდინარეობს და უკრაინა მტერს უკუაგდებს.

რა ვითარებაა უკრაინის ფრონტზე? რა პროგნოზები აქვს მებრძოლს და რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში? _ „ქრონიკა+“ ვანო ნადირაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ვანო, სუსის ბრალდებებით დავიწყოთ: როგორ აფასებთ მათ მტკიცებულებას იმაზე, რომ, თითქოს, უკრაინაში მებრძოლი ქართველები და უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ?
_ სუს-მა ააგორა ეს რევოლუციური თემის ტალღა, რომ ვითომ ვიღაც უკრაინიდან რაღაცას აწყობდა და სცადა, ეს ამბავი რეზონანსული გაეხადა. ასეთ შემთხვევაში თემას აიტაცებდნენ ჟურნალისტები, ტელევიზიები, მერე ჩააგდებდნენ რაღაც ჩანაწერებს, ფეისბუკიდან ამონაწერებს, მიწებებულს, მოწებებულს. პირდაპირ გეტყვით, საქართველოში ვინმეს დაიჭერდნენ. სწორი მიმართულება აიღო მედიამ, რომ ამას არ აჰყვა და არ წამოეგო, რეზონანსული არ გახადა თემა. სწორედ მოიქცნენ!
მე ვარ ოფიცერი _ ადამიანი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო უშიშროების სამსაუხრში. ჯერ ერთი, სად გვცალია, რომ საქართველოს რევოლუციურ თემაზე ვიფიქროთ? მეორეც, ჩვენ ვართ ხალხის ის კატეგორია, რომელიც არავის ჭკუაზე არ დადის და ჩვენი აზრი გვაქვს; მესამე: ყოველთვის შევეწინააღმდეგები საქართველოში შეიარაღებულ სისხლისღვრას.
_ რა ვითარებაა ფრონტზე, როგორ მიდის ბრძოლები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ?
_ ამ წუთას ჩემი ფრონტია ყირიმი. ხედავთ, რაც ხდება ევპატორიაში, სიმფეროპოლში. ვამუშავებთ მტრის ობიექტებს, აეროდრომებს, სამხედრო ბაზებს. უკვე გადასულები ვართ დნეპრის იქით სანაპიროზე, ხერსონის მიმართულებით, მაგრამ ვემზადებით უკვე წინ და წინ წასასვლელად, რათა ყირიმი ბლოკადაში მოექცეს და სეიროზული შედეგი დავდოთ.
_ ეს ბოლო დღეები აქტიური გახდა შეტევები ყირიმში რუსულ სამიზნეებზე.
_ დიახ, მეოთხე ღამეა, წესიერად არ მძინებია, ვმუშაობთ, მუშაობენ დრონები, უკრაინული წარმოების რაკეტები, ასე რომ, ველოდებით წარმატებებს. ზაპაროჟიის მიმართულებით, რაც თქვენც კარგად იცით, ზოგიერთი ფიქრობს, რომ კონტრშეტევა შეჩერდა, მაგრამ არა, ეს არის ტაქტიკა და სწორედ ამ ტაქტიკით მიდის უკრაინა წინ. წვიმების სეზეონის დაწყებამდე დაიდება სერიოზული შედეგი.
_ უკრაინულ რაკეტებს იყენებთ ასეთი შორი მანძილის შეტევებისთვის?
_ დიახ, ნეპტუნებს, რომლებსაც უკრაინა ამზადებს, არის ასევე ეს-200-ები, საბჭოთა დროინდელი რაკეტებია, რომელთა მოდერნიზება მოხდა, GPS მოდულები ჩაყენდა, მანძილი გაიზარდა 600-700 კილომეტრზე და თავისუფლად მოქმედებენ ყირიმის ტერიტორიაზე. ასევე ნეპტუნები და, რა თქმა უნდა, უკრაინული წარმოების დრონები.
_ ამ ეტაპზე უკრაინას აქვს პოტენცია და საკმარისი მარაგი? ამერიკული რაკეტების მიწოდებაზე ჯერ თანხმობა ისევ არ გაცემულა.
_ საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს უკრაინული წარმოების „გრომ 2“, რომელსაც 1000 კმ.-ზე მეტი სიშორე აქვს, ნეპტუნი _ 700 კმ. მანძილზე, „ეს 200“, რომელსაც ასევე 700 კმ. მანძილი აქვს და „ბუცეფალი“, უკრაინული წარმოების დრონები, ე. წ. კარდონის დრონები, რომლებმაც მოსკოვზე შეტევა მიიტანეს. ეს არის რადიოტალღების გაუმტარი მასალა, უჭირთ რუსებს მისი აღმოჩენა, ასე რომ, შედეგი გვაქვს. უკრაინას ამჟამად მარაგი და შესაძლებლობა აქვს.
ევპატორიაში აეროდრომის დაბომბვა შემდეგნაირად განხორციელდა: უკრაინის დრონებმა მტრის საჰაერო სივრცე დატვირთეს და ამ მომენტისთვის ჩვენი რაკეტა მათ ვეღარ შეაჩერეს _ აფეთქება მოხდა ევპატორიასთან ახლოს აეროდრომზე.
_ მებძოლებში როგორია განწყობა, მოტივაცია და შემართება?
_ მას შემდეგ, რაც საბრძოლო ინიციატივა ავიღეთ, მოტივაცია პირიქით _ იზრდება. ზამთრის პერიოდში შეჩერებული იყო, ცოტა მოდუნებული, თუმცა კონტრშეტევის დაწყებების შემდეგ ყოველდღიურად იზრდება მოტივაცია. დავალება არის, რომ წვიმების სეზონის დაწყებამდე (კიდევ გვაქვს 30 დღე) შედეგი დავდოთ, მაგალითად, ტოკმაკი და მელიტოპოლი გავათავისუფლოთ, ყირიმის მიმართულებით ჯანკოიმდე ჩავიდეთ, რომ რუსები იძულებულები გახდნენ, პოლიტიკური ნაბიჯებით დაიხიონ უკან.