სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირებაზე კონტროლს ააქტიურებს

 

სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს. უწყების განმარტებით, სავალდებულოა, ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტებისა და საკვები დანამატების შესახებ. ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ პურის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სავალდებულოა, ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტებისა და საკვები დანამატების შესახებ“, _ აცხადებენ უწყებაში.

 

ზურაბ ჩეკურაშვილი _ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი:

„მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა სააგენტოს პრიორიტეტებია. შესაბამისად, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მათ პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია უვნებლობის სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებზე. პარალელურად, მომხმარებლის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. ყოველწლიურად ტარდება ბიზნესოპერატორების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება და მონიტორინგი (ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა).

2015-2016 წლებში დოკუმენტურად შემოწმდა 219 ბიზნესოპერატორი (მ.შ. 28 _ 2015 წელს, 191 _ 2016 წელს). ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 19 ბიზნესოპერატორი.

პურის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, პურის მწარმოებელთა კავშირის, მეხორბლეთა ასოციაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა „ბომონდ გარდენში“ ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების ბიზნესოპერატორების კონტროლს განაგრძობს და მომხმარებელს მოუწოდებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 15-01.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი, მადონა კოიძე:

_ არსებობს მითქმა-მოთქმა ჭვავის პურის გაყიდვასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერი პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გააზრებული არჩევანი.

რეალურად, ჩვენ გვაქვს პრობლემები და ამის შესახებ საზოგადოება ღიად საუბრობს. პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ადამიანები არჩევანს სწორად ვერ აკეთებენ, აღნიშნული პრობლემა შეიძლება, მომხმარებლის ჯანმრთელობაზეც აისახოს. ანუ იმას ვგულისხმობთ, რომ თუკი ჭვავის პური შეფერილია (თეთრი პურის სახით შეღებილია) და მომხმარებელს საკვებდანამატების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ გააჩნია (ხოლო მისი ჯანმრთელობისთვის სავალდებულო იყოს არა თეთრის, არამედ ჭვავის პურის მიღება), ამ შემთხვევაში შეიძლება, მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს.

აქედან გამომდინარე, სავალდებულოა გავითვალისწინოთ, რომ მომხმარებელი სრულყოფილად ინფორმირებული იყოს და მან გააკეთოს თავისუფალი არჩევანი; მეორე: მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს; და მესამე: მომხმარებელმა არ მიიღოს ეკონომიკური ზარალი.

მოქალაქეს უფლება აქვს იცოდეს, რას ყიდულობს და რისთვის იხდის ფულს, ამიტომ ეტიკეტირების შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს, რათა ადამიანი არ მოტყუვდეს და მიიღოს ის დეკლარირებული ინფორმაცია, რომელიც მის შიგთავსს შეესაბამება, ანუ ყველა ინგრედიენტი, რომელიც პროდუქტში გამოყენებული იქნება, ეტიკეტზე აისახოს.

ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენ ანალოგიური გამოწვევები რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გვქონდა, მაგრამ გატარებული ღონისძიებების შემდეგ ფასები არ შეცვლილა. ამას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ერთ-ერთი არგუმენტით ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ეს შეიძლებოდა ფასნამატზე ასახულიყო, პროდუქცია გაძვირებულიყო და დარგი ვერ განვითარებულიყო, მაგრამ დარგი ჩვეულებრივად განვითარდა… ოღონდ ისეთი ცვლილება მოხდა, რომ დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრმა საწარმომ უარი თქვა მსგავსი პროდუქციის წარმოებაზე. სრულად გადავიდნენ ეტიკეტთან მიმართებით ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაზე და ისინი მომხმარებელს არ ატყუებენ. სადღეისოდ რძის პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შიგთავსს შეესაბამება.

აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სფეროში მომხმარებელი დაცულია. მეორე ეტაპი ის არის, რომ ჩვენ პურთან მიმართებითაც იგივეს გაკეთებას და არსებული ბაზრის დალაგებას ვცდილობთ. შედეგად, მომხმარებელი ამ სფეროშიც დაცული იქნება.

ეტაპობრივად ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით იგივე ხდება და ხორცის ეტიკეტირებაც იგეგმება.

ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც ბიზნესიც და მომხმარებელიც დაცული იქნება, რათა არ მოტყუვდეს არც ბიზნესი და არც მომხმარებელი.

ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობით ორივე მხარე მოგებული იქნება, ამიტომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და, რასაკვირველია, ორივე ხელით მივესალმები და მხარს ვუჭერ.

_ ჭვავის პური ახსენეთ. მაინც, რამდენად ხშირია მისი ამ სახით გასაღება?

_ სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად გავრცელებულა მსგავსი სურათები და კადრები, ამის ინიციატორი თვითონ მომხმარებელი არის ხოლმე. ამიტომ ეტიკეტირების გამკაცრება უკვე საზოგადოების მაღალმა სამომხმარებლო დონემ მოითხოვა.

უფრო სწორად, გამკაცრება ცუდი და შეიძლება შეცდომაში შემყვანი სიტყვაც კი იყოს. რეალურად, ეს არის ეტიკეტირების სრულყოფაში მოყვანა. ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს რომ არ უნდა მოატყუოს, ეს გამკაცრება არ არის, ეს არის ვალდებულება და, ფაქტობრივად, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ბერკეტია.

აქედან გამომდინარე, თუკი იარსებებს ისეთი პროდუქტი, როგორიც დღემდე არსებობდა, ეს უკვე პრობლემას შექმნის, მაგალითად, წერია, 0%-ის, საფუვრის გარეშე პური და ა. შ., ხშირ შემთხვევაში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავი შემთხვევები ნამდვილად არის, მაგრამ ხშირად, ამას, უბრალოდ, სარეკლამოდ გამოიყენებენ ხოლმე.

ან როგორც აღვნიშნეთ, აწერია, რომ ჭვავის პურია და, რეალურად, სხვადასხვა ტიპის საღებავით შეღებილი, თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური და საკვებდანამატებია, რომელიც გემოვნურ თვისებებს ცვლის და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. მომხმარებელს ჰგონია, რომ ყიდულობს ჭვავის პურს და, სინამდვილეში, ჩვეულებრივად შეფერილ, საკვებდნამატებით გაჯერებულ თეთრ პურს ყიდულობს, რის შესახებაც ის ინფორმირებული არ არის.

თან ამ გზით დარგი არ ვითარდება. ქვეყანაში ჭვავის პურის არსებობაც რისკის ქვეშ დგას, რადგან ძალიან ცოტა რაოდენობით შემოდის. ქართველი ადამიანი კი ნამდვილად იმის ღირსია, რომ აქ მრავალფეროვნება არსებობდეს. საუბარია სხვადასხვა გემოვნურ თვისებებზე, რაც ჭვავის პურს აქვს, იგივე თეთრ პურს, სხვადასხვა ხარისხისა და ტექნოლოგიით დამზადებულ პურს, _ აღნიშნული ასორტიმენტი სრულყოფილი უნდა იყოს.

ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს პურის სხვადასხვა ტექნოლოგიითა და ფქვილის გამოყენებით და არა რაღაც საკვებდანამატებისა და მომხმარებლის მოტყუების ხარჯზე. დროა, ეს სფეროც სრულად მოვაწესრიგოთ, ჩვენი მოქალაქეები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

 

გელა მამულაშვილი