სული გვძვრება, მაგრამ მაინც, გაუმარჯოს საქართველოს!

იგივენი და ვანო ჯავახიშვილისგან დაჩმორებული პარლამენტი
„მერე მოდექი და ვაი-დედა იძახე!
ეჰ, ჩემო ელისაბედ, დღეს მე ვიძახი ვაი-დედას, მარა ხვალ შეიძლება, სხვამ დაიძახოს!“ (კ. ლორთქიფანიძე, „კოლხეთის ცისკარი“)

როგორც ყველა კვირა, ამ საოცნებო ხელისუფლების ხელში წინა კვირაც ორშაბათს დაიწყო. ეს ერთადერთი რამ არის, რაც „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლების სამემკვიდროდან, ჯერჯერობით, ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

ჩვენში დარჩეს და მძიმე დღე არ გამოდგა, თუ ლარის კურსს არ მივიღებთ მხედველობაში. ლარი ისევე უიმედოდ და სამუდამოდ ჩამორჩა დოლარს, როგორც ჩვენი ტანჯული ქვეყანა ახლო მეზობლებსაც კი. ნამეტანი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ერთი-ორი პატარა ხანძრის მეტი, მაგრამ ეს აღარავის უკვირს, ყველა სლოვენია-სერბიის წინა დღის საკალათბურთო მატჩზე საუბრობდა.
ერთგვარი შტილი (სიმშვიდე, სიწყნარე, უქარობა, _ რედ.) ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დაარღვია _ საპატრიარქოში აგორებულ ახალ სკანდალზე პირველი კომენტარი გააკეთა და შორენა თეთრუაშვილთან ერთად, ამჯერად, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრიაძეს დაუპირისპირდა. იქით, უკრაინაში, ლვოვის სასამართლომ იმის დამდგენი პროცესი, სააკაშვილი შეიჭრა თუ არა ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში უკანონოდ, ოთხი დღით გადადო. თავად მიშამ კი არხეინად გაიარ-გამოიარა მის „პატივსაცემად“ წაყენებული პოლიციურ-სპეცრაზმული კორდონი და უკრაინის სხვა რეგიონებში სტუმრობა დააანონსა. უკრაინა იქით იყოს და „პატრიოტთა“ ბეჭდაუდებელ ბელადს ახალი ზმანება ეწვია: თურმე, დავით თარხან-მოურავის ბაბუის ძმა და ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის დიდი ბებია (დედიმისის!!!) წინა საუკუნის გარიჟრაჟზე ერთად ეფიცხებოდნენ ყირიმის მზეს „დიკი პლაჟზე“ და მე და პუტინს საერთო წინაპარი გვყავდაო, ქე დააფსკვნა ინაშვილის უფროსმა და მოსკოვის „დუმისკენ“ გაიბრიქა მეტად საეჭვო იდეებით გატენილი თავით.
ამასობაში დაღამდა ორშაბათი და გათენდა სამშაბათი: ლარი თავისი ჭკუით მედგრად იდგა, მაგრამ საღამოს 5 საათისკენ ისევ დაეცა. ფონიჭალაში კიდევ ერთი სავარაუდო ნარკორეალიზატორი გასკვანჩეს; მერე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეგვახსენა თავი და გვამცნო, _ დოკუმენტი, რომელზეც მე და ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, „ვენეციის კომისიას“ უნდა გადავუგზავნოო. იქნებ, ამან მაინც უბიძგოს საპარლამენტო უმრავლესობას, თავის პოზიციას გადახედოსო, _ დააყოლა მარგველაშვილმა ცოტა ეჭვნარევად.
ბატონო პრეზიდენტო, ეს უმრავლესობა, ამ ბოლო დროს, ისეა გამოყუმებული, გინდა უბიძგე და გინდა უკბინე, სიცოცხლის ნიშანწყალს არ იძლევა, თუმცა, ამჯერად, ვერ მოითმინეს, პრეზიდენტი ხომ მათთვის ბუაა და ტამარამ, უკაცრავად და თამარ ჩუგოშვილმა მიუგო მონური ხმით: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს და ეს თქვენი შეთანხმება გინდა, ვენეცია-ფლორენციაში გაგიგზავნიათ და გინდა, გაჩაღებულ ბუხარში შეგიგდიათ, ერთნაირ შედეგს მიიღებთო.
უმრავლესობის რყევა-შეშფოთება სამშაბათს ეკა გიგაურმა მაინც შეძლო. ეკა ხომ იცით, იმხელა სათაურის თანამდებობა აქვს, გაზეთის ნახევარი გვერდი არ ეყოფა. ჰოდა, განაცხადა: პარლამენტის 9 წევრი დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევაო. ამ სიაში მოხვდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც. ბატონმა მამუკამ ქოშები რაღა სახსენებელია და „ტუფლები“ უკუღმა ყარა და გიგაური საზოგადოების თვალის ახვევაში დაადანაშაულა.
მთავარი სანახაობა კი ბანკ „ქართუსთან“ შედგა, სადაც ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის მომხრეები შენობის ფასადზე კალაძისა და ფარცხალაძის გამოსახულებიანი პლაკატების გაკვრას შეეცადნენ, თუმცა ვერც მელიამ და ვერც უდუმაშვილმა ვერ იმიშეს, _ პოლიციამ ისინი ბანკს ახლოსაც არ მიაკარა. რას იზამ, არც ზალიკო და ნიკა არიან მიშა და არც ქართული პოლიცია ჰგავს უკრაინისას.
მთავარი მიშა კი კიევში ტრიუმფით შევიდა, კარგად იმიტინგა და წერეთელივით დაიბარა: 17 ოქტომბერს დავბრუნდებიო. კი, ასე დაიბარა თავის პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევის ცენტრში, ზედ პოროშენკოს ადმინისტრაციის წინ ჩაატარა. მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა კახი კალაძესაც და საკმაოდ შთამბეჭდავი: დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში იმდენი ხალხი დახვდა, „დინამოს“ სტადიონიც ვერ დაიტევდა.
სად არის ამ დროს გუგავა? _ ქალაქში დადის, ხალხს ხვდება და მომხრეებს იძენს. ფრაზა „გუგავა მოვა“, შეიძლება, ხელისუფლებისთვის დიდ თავსატეხად იქცეს. ნუთუ, მართლა მოდის? „მოდის და თუ ბიჭი ხარ, წინ დოუდექი!“ _ ასე იტყოდა ცხონებული გედენიკა გვერდელაძე (იხ. ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“).
პირველი გაჩერება _ წერის პროცესი ძალიან ჰგავს მეწისქვილის შრომას, ორივეს დიდი ფიქრი უნდა. ჰოდა, ამ ფიქრმა მიმიყვანა შემდეგ დასკვნამდე: ყველა ქვეყანაში არიან მდიდრები, ღარიბები და საშუალო ფენა. ჩვენთან: ჩაქცეულები, დაქცეულები, წაქცეულები და ყველაზე მრავალრიცხოვანი _ გაქცეულები!.. ჰოდა, დავფიქრდი, „ქრონიკა+“ რომ გადაშალე არხეინად და აქამდე რომ მოხვედი, შენ რომელ სიაში წერიხარ?.. თუ ჩაქცეული ხარ, მაშინ ქე გქონია საქმე, ერთი შეხედვით, „დამკაში“, მარა ერთი დღეც მოვა და დაქცეულ-წაქცეულ-გაქცეული რომ მოგადგება, რომელ მუხლუხებიან ტრაქტორში დურთავ თავს?!. თუ ჩაქცეულებში არ წერიხარ და დანარჩენი სამიდან ერთ-ერთი ხარ, მაშინ რა დროს კითხვაა, კაცო, ადე, გაიარ-გამოიარე და რამე შეცვალე ირგვლივ!
ამ ფიქრებში ქე დამათენდა ოთხშაბათი, კაი მზიანი, გრილი დღე… მაგრამ რად გინდა? ვიღაც დედისგან დაწყევლილმა კინაღამ გმირთა მოედანი გადაწვა. როგორც ვარაუდობენ, სიგარეტის ჩაუმქრალი ნამწვი მოისროლა და… მეხანძრეებმა ცეცხლი სწრაფად ალაგმეს. ბორჯომის გამგებელი კი ამჯერად ხახამშრალი დაგვრჩა, აბა, თბილისში ხანძრის ჩაქრობაში პრემიას ხომ ვერ გამოიწერდა?!.
ოთხშაბათს პროკურატურამ მოქმედება განაახლა მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის ციხეში ჩასაყუდებლად. ამან ბევრს გაუჩინა ეჭვი და ვარაუდი, ხომ არ არის ეს ყველაფერი პირადი ანგარიშსწორება? ვნახოთ, აგერ, ფონდი „იავნანა“ და აგერ, ჩვენი მრავალჭირნახული პროკურატურა. როგორ ყურს მოაბამენ ამ საქმეს, ქვეყანამ დაინახოსა. საინტერესო სხვა რამ არის: ბოლოში ვის უმღერებს პაატა ბურჭულაძე „თავო ჩემოს“, საკუთარ თავს თუ ხელისუფლებას?!. (არ გეეგონოთ, თითქოს, არ ვიცოდეთ, რომ „თავო ჩემო“ ტენორის პარტიაა… სიტყვის მასალად მოვიტანეთ).
ამ დღესვე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსებს ისეთივე დღე აყარა, როგორც ბრეჟნევისდროინდელმა დახლიდარმა ხინკლის თეფშს. პირველი პენალტი რუსების მიმართულებით სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ დაარტყა; ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ისე შეუტია რუსებს, რომ მათი წარმომადგენელი დარბაზიდან გაიძურწა. რუსების წინააღმდეგ გამოვიდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ესტონეთის პირველი პირი, ქალბატონი კერსტი კალიულაიდი.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი მთელ მსოფლიოს მოუწოდა, თუ დღესვე არ ვიზრუნებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის, კრიზისი მალე გლობალურ სახეს მიიღებსო. თუმცა რუსული ფილოსოფია ისევ ძველი და შიზოფრენიულია: როგორც კარტოფილს უხდება თოხნა, ისე რუსულ პოლიტიკას წყევლა-გინებაო.
აქვე ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენაც მოხდა: საქართველო პირველად გახდა 75 წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ხელმძღვანელი ქვეყანა. თავმჯდომარეობა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ლემანიელ მაკრონისგან ოფიციალურად გადაიბარა და თუ მისი პრემიერობის დროს იმ 75 ქვეყანაში 50-ე ადგილზე მაინც ავალთ, ბატონი გიორგის სიმსხო სანთელს დავანთებ ქაშუეთის ეკლესიაში. ამ 50-ში ხალხის კეთილდღეობის დონეს ვგულისხმობ, თორემ ბანკის მევალეებით და იპოთეკარებით კაი ხანია, პირველ ათეულში ვართ. ლარი კი დღესაც დაეცა და თუ მის მოსულიერებაზე არავინ იზრუნა, შეიძლება, ხელში ჩაგვაკვდეს კოსტანტინ უსტინის ძე ჩერნენკოსავით (იყო ასეთი სკკპ-ს გენერალური მდივანი).
სამართალდამცველები კი განაგრძობდნენ ფონიჭალის ქრონიკულ სპეცოპერაციებს და დიდი ამბით გვაცნობეს, რომ ორი სავარაუდო ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ჰო, მართლა, ამ პარლამენტმა პირველად „გაგვახარა“, ბატონმა კობახიძემ გამოგვიცხადა, რომ რეგლამენტის მიხედვით არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომები აღარ გაიმართებაო. უჰ, ამოვისუნთქე… წინა პარლამენტში კაი ბლომად კომედიური სახე იყო და მათ ყურებას არაფერი სჯობდა, ახლა კი „პატრიოტების“ ორი და „ქოცების“ ერთი კინკილა ჩაპლინების ამარა დავრჩით. ამ პარლამენტის შემყურე „კომედი არხს“ ათასობით მაყურებელი შეემატა, თუმცა პარლამენტშიც ახალი სანახაობა გველოდება: დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ვანო ჯავახიშვილის შიშით პარლამენტი დაჩმორებული და დაკომპლექსებულია და იუმორისტის ხუმრობების შესწავლა მოითხოვა. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? საღოლ, ვანო!.. შენი შოუს დაწყება და, თურმე, მთელი პარლამენტი ჩმორდება და კომპლექსდება, ვაი, რად გავუჩნდით დედასო!.. მოდით და იყავით ამ პარლამენტის იმედზე, რომელსაც ქვემოთ მუდამ ვანოს დაჩმორებულად მოვიხსენიებ, თქვენის ნებართვით.
მეორე გაჩერება _ გილოცავთ! 20 სექტემბერს რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, სიმბოლურად განახლებული „ქოლგების ქუჩა“ გაიხსნა. აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდა და 130 სხვადასხვა ფერის ქოლგით გაფორმდა. ამ ქუჩაზე ქოლგების განთავსების ინიციატივა, თურმე, რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს ეკუთვნის (რა სათაურია? გოელეროს გეგმის დროინდელი. აი, ამის მაგვარი: დაეძალეთ ხილის წვენს, იძლევიან ნახშირწყლებს). მივმართავ „ინტრიგნობისკენ“ მიდრეკილ მკვეთრად გადახრილ არასამთავრობოებს: იქნებ, გამოიკვლიოთ, რა დაჯდა ეს ქოლგები და ფული? ე. წ. დანამატებიდან შეაგროვა ამ ხალხმა, თუ ბიუჯეტიდან მოციცქნა?
აქამდე შერბურის ქოლგები ვიცოდით და აწი, რუსთავურიც გვეცოდინება. ამ თემაზე ამდენ ხანს იმიტომ შევჩერდი, რომ ქოცნაცური სიყვარული ჩანს ამ საქმეში. იმ კვერცხების, შლოპანცებისა და ველოსიპედის ძეგლების გაგრძელებად თუ არ მიგაჩნიათ ეს ქოლგები, მაშინ ვცვლი თემას და ხუთშაბათზე გადავდივარ.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შორის, გვიან ღამით, მოსკოვიდან ჩამოასვენეს მსოფლიო ტენორი, დიდი ქართველი, ბატონი ზურაბ სოტკილავა. იგი 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველომ გულში ჩაიკრა კიდევ ერთი ღირსეული შვილი, რომლის სახელი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ქუხდა მსოფლიოში. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში, შაბათს, ასევე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საოპერო მომღერალი, ქართული საოპერო დივა, ქალბატონი ცისანა ტატიშვილი. იგი მღეროდა მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ საოპერო სცენაზე და შესულია მსოფლიო საოპერო ენციკლოპედიაში მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, როგორც რ. შტრაუსის „სალომეს“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი. საქართველო ეთხოვება თავის ეპოქალურ მომღერლებს.
ხუთშაბათს შედგა პოლიტიკური პრემიერა-გამოთხოვება: ნარმანიამ გედის სიმღერა იმღერა სენსანსის მოტივებზე, საზეიმოდ გახსნა პეკინის განახლებული ქუჩა და ამაყად განაცხადა: პეკინის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტიაო. ამ ფრაზამ ცოტა შემაშინა, ეტყობა, ესენი წლეულს მეტის გაკეთებას აღარ აპირებენ, თუ ერთი ქუჩის მეტ-ნაკლები მოწესრიგება წლის ყველაზე ამბიციური პროექტია. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ბატონ დავითს შეიძლება „ფაცი-ფუცში შეეშალა“ და „ჩემი ყველაზე ამბიციური“ პროექტი უნდა ეთქვა.
ვანოს დაჩმორებულების არ იყოს, დიდი შიში იყო საქალაქო სასამართლოშიც. მოსამართლე დავით წერეთელი დარბაზიდან გაიქცა, გუგავა მივიდა იქ და გაიქცეოდა, აბა, რა იქნებოდა!..
ახლა სასწაული რომ მოხდეს და ის გუგავა მართლა იქ მივიდეს, სადაც უმიზნებს, გაქცევა მაშინ ნახეთ!.. თუმცა განსხვავება ვანოს დაჩმორებულებსა და გუგავას შეშინებულებს შორის მაინც დიდია. იმან მთელი პარლამენტი დააკომპლექსა, ამან კი მხოლოდ მოსამართლე დავით წერეთელი. ახლა, როგორც აწ განსვენებული ქიშვარდი ბაბილოძე-ვაშაყმაძე ითხოვდა, დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი შეშინებული და ვინ გაათენებს ტყეში კვერნებთან. იმ დღესვე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ 19 სექტემბერს, ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმეზე, თეთრიწყაროელი ე.მ. გაბაწრა, რომელმაც ჩადენილი დანაშაული ცნობისმოყვარეობას დააბრალა. თურმე, იმის დადგენა უნდოდა, როგორი დაცვა ჰქონდა „რუსთავი-2“-ის ვებვერდს ასეთი კიბერშეტევების მიმართ. ისე, ცნობისმოყვარეობა ღუპავს ხალხს! ე.მ.-ს, ეტყობა, ახალგაზრდობით მოუვიდა, 18 წლისაა, თორემ ამაზე ასაკით და თანამდებობით უფროსები კაი ხანია მიხვდნენ, რა მოსდევს „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოჩენილ ნამეტნავ „ცნობისმოყვარეობას“.
ლარი კი აღარ გამახსენოთ, 2.48-ზე ავიდა, თუ დავიდა. ერთი სიტყვით, უფრო მოყანყალდა და მოფამფალდა. ფონიჭალაში, ამჯერად, ერთი ეჭვმიტანილი გასკვანჩეს, საღამოს კი, კახი კალაძემ თბილისის საკრებულოს ასარჩევი დეპუტატების სია წარმოადგინა. დედა, ეს რა ვნახეო, ვერ იტყვი ამ სიაზე, თუმცა, იქნებ, „თხა იყოს, ტყუპი მოიგოს“. სიის სათავეში მყოფმა ქალბატონმა მარიკა დარჩიამ, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის ბოლოს შეაღო თბილისის ლადო კახაძის დროინდელი საკრებულოს კარი. მაშინ იგი ედუარდ დამაქცევარის „მოქკავშირში“ ბრძანდებოდა და ფრაქციის თავმჯდომარედ „ვეზდეხოდი“ გიგი წერეთელი ჰყავდა. ეს ისე, ცნობისთვის… ადამიანები ამ ქვეყანაში როგორც შეუძლიათ, ისე ეწყობიან და იდეებს დიდად არ დაგიდევენ. არც „ნაციონალების“ საარჩევნო სია წყვეტს ციდან ვარსკვლავებს; „ევროპულმა საქართველომ“ კი გოკა გაბაშვილი გაალიდერა; რაც შეეხება ლებორისტებს, არც მათი საკრებულოს წევრების კანდიდატები გამოირჩევიან დიდი ცნობადობით…
რა დროს სიებია, მოუკვდა პატრონი და ქე შემოვარდა, ალეკო ბატონი!.. არველაძის ანეკდოტის არ იყოს, „გენაცვალეთ სკვერებშიო“, სულ ბუღი ადინა „ნაცებს“ და „ქოცებს“ და საკმაოდ კარგად გააზრებული და დაწყობილი ეკოლოგიური გეგმა წარმოადგინა. ვნახოთ, ბატონო, ვნახოთ!.. ბევრი გულანთებული გვინახავს, სანამ, ოკრიბელის არ იყოს, „იქინე მივიდოდა“, მარა, რად გინდა: „იქინე ყველა წახდა!“
ახალგამოჩეკილი ძველი პოლიტიკოსის, უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ ერთ დღეში „ქართული ოცნების“ ხარჯზე გორში აშენდა. 50 „ქოცი“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით ონიაშვილის ბელადობით შენებაში შევიდა. ვნახოთ, რას ააშენებენ, სად და როდის?.. ამასობაში, უსუფაშვილის განაყარი _ სამნიძე და და-ძმანი მისნი, საარჩევნო რგოლით საპატრიარქოს უტევენ, რუსები მართავენო. ამათ მხოლოდ ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და სამნიძის ქალს ვარდისფერი ფაქიზი ყური აუწია. ჩვენს საზოგადოებას რა ვუთხარი, თორემ ვინ შარვლის თათია რესპუბლიკური პარტია და რა მისი დიპლიპიტო თავის საქმეა საპატრიარქოს კრიტიკა.
კვირის ბოლოს სამუშაო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ბატონი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა. ე, მაშინ ვიფიქრე ჩემდაუნებურად: სული გვძვრება, მაგრამ მაინც, გაუმარჯოს საქართველოს! „მოგმართავთ, როგორც ჩემი ერის მსახური“, _ ასეთი ფრაზა წარმოთქვა პრემიერმა. აქ კი ხელისუფლების დაბალი რგოლების გაკვიზინებული, გაბატონებული გამგებელ-რწმუნებულები გამახსენდა, რომელთაც ხალხის მსახური ხარო რომ უთხრა, კაბინეტიდან ვერ გამოასწრებ. ეჰ, მაგათ თუ მიხედავს პრემიერი, მაშინ მართლაც დავიჯერებ, რომ ჭეშმარიტად ხალხის მსახურია, თორემ ლაპარაკს კაჭკაჭიც კი ახერხებს.
პრემიერს სიტყვა არც კი დაემთავრებინა და ახალრეაბილიტირებული ზაჰესის ხიდი კიდევ ერთხელ ჩაინგრა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლებმა „ჯორჯიან უთერ ენდ ფაუერისკენ“ გაიშვირეს თითი და ყველაფერი ცენტრალური მილის გახეთქვას დააბრალეს. კომპანიამ ბრალდება არ უარყო და აღდგენით სამუშაოებს შეუდგა.
ზალიკო უდუმაშვილი ექიმი აიბოლიტივით მსწრაფლ გაჩნდა ავარიის ადგილას და თქვა: ამათ ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ, ხიდი ჩაინგრა თუ გზაო და მომავალში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განმხორციელებლები არიან ეგენიო?! ნარმანიამ კი, _ ხიდი უსაფრთხოაო, _ უთხრა ჟურნალისტებს, მხოლოდ მასთან მისასვლელი გზა ჩაინგრაო, ანუ უსაფრთხოა, მაგრამ ზედ ვერ გაივლითო!.. ასე რომ, მასე ბანკებიც გამოტენილია ფულით, მარა ხელს არავინ შეგავლებინებს ზედო, _ უპასუხა ტელევიზორთა მჯდომმა, მანანა ებრალიძემ.
როგორც სულმნათი ილია იტყოდა, ხიდი ჩატეხილია. ხიდის იქით ხელისუფლებაა, აქეთ _ ხალხი!.. არც ამ ხალხისა და არც ამ ხიდის გამმთლიანებელი ჩანს ვინმე. ოდესღაც, ალბათ, გამოჩნდება, მაგრამ ვიდრე პავლე მოვიდოდა, პეტრეს ტყავი გააძრესო!..
გაეროდან მუშტების ბრახუნის საპასუხოდ რუსეთმა ყურიც არ შეიბერტყა და სოფელ ერგნეთში ქართველების სახლების ნგრევა და ნანგრევების გაწმენდა დაიწყო. ალბათ, ოდესღაც რუსებზეც მოიძებნება „უპრავა“, მანამდე კი, როგორც ჩვენი ჭკუით გატენილი ექსპერტები ამბობენ, რუსები თავიანთი დანაშაულის კვალს შლიან.
შს მინისტრმა, დიდმა მეხანძრე გიორგი მღებრიშვილმა, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ბრძანება გამოსცა, რომელიც 21 სექტემბერსვე შევიდა ძალაში: თითოეულ რეგიონში იქნება ე.წ. პასუხისმგებელი ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ამ არჩევნებს, როგორც საჭიროა, ანუ ამის მერე ვისაც გინდა, მიეცი ხმა. კაცობრიობის ბელადის არ იყოს, ვინც დაითვლის, ის მოიგებს. აბა, ეს პასუხისმგებელი ჯგუფები ფაფას კი არ შეჭამენ 21 ოქტომბერს ჩვენს ხმებს შეკვრიხავენ.
მესამე ბოლო გაჩერებაა: ბოდიში, აქ ჩავდივარ, მომავალ სამშაბათამდე…

ზაალ ნემსაძე