სტაფილოსფერი ვირთხები, შიშის მინისტრი და ვაშლის ჭამის მინისტრი

ჩვენ ვართ მომსწრე ისტორიული მოვლენისა და თანამედროვე ისტორიული ფიგურის, მაგრამ ჩვენ ისტორია ისტორიაში გვიყვარს და არა ჩვენს თვალწინ _ ახლა და ამ წუთას.

არადა, გაუსწორეთ თვალი რეალობას, იმ სინამდვილეს, რომელიც ხელის გულზე დევს.

პრეზიდენტმა, რომელსაც ბრალს სდებდნენ ავტორიტარიზმში, იხსენიებდნენ დიქტატორად, სისხლისმსმელად, 2012 წელს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დათმო ძალაუფლება და აღიარა არჩევნების შედეგები _ საკუთარი პარტიის მარცხი. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც იგი ოლიგარქის სამიზნე გახდა, საქართველოს გაეცალა. კაცს, რომელსაც მილიარდების მიტაცებას აბრალებდნენ, ბოლოს უპოვეს ერთი ქიშმირის პალტო, რამდენიმე პიჯაკი, გარდა ამისა, საპონსაც მიაკვლიეს _ სტუმარი პრეზიდენტის ტანზე წანასვამს და თაიგულსაც გარდაცვლილი ევროპელი ლიდერის ცხედარზეც. დაიწყეს მისი დევნა. იმთავითვე ცხადი იყო მათი ზეამოცანა, რაც სულ ახლახან რუს სატელეფონო ხულიგნებთან საუბარშიც დადასტურდა _ მათ არ სურდათ სააკაშვილი საქართველოში და ამიტომ ყველაფერი მოიმოქმედეს, რომ მას აქ არ ჩამოესვლებოდეს. მან უკრაინაში გააგრძელა მოღვაწეობა _ ჯერ მრჩევლის რანგში, შემდეგ ოდესის გუბერნატორის რანგში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში. ახლა იქ შეეყარათ მისი შიში და მათ წაართვეს მოქალაქეობა.

წართმევას მოჰყვა შეთავაზება: ჯერ ლიტვამ შესთავაზა მოქალაქეობა, შემდეგ ჰოლანდიამ, ბოლოს ყირგიზეთმა მოხსნა რეკორდი _ ყირგიზეთის ყოფილი ელჩი რუსეთში ვრცლად მიმოიხილავს მიხეილ სააკაშვილის განვლილ გზას, გატარებულ რეფორმებს, იხსენიებს მას უნიკალურ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია საპრეზიდეტო არჩევნების მოგება ყირგიზეთში და ერის გამოღვიძება, რეფორმების გატარება და მაფიის განადგურება… არავის აინტერესებს, უდევს თუ არა მას ჯიბეში საქართველოს, ან უკრაინის პასპორტი.

გაახილეთ თვალი, _ გაგიგიათ, ცივილიზებულ სამყაროში პირი გაუქმებული პასპორტით საზღვარს კვეთდეს? არალეგალურად კი არა, სრულიად ოფიციალურად?  მოქალაქეობაწართმეული, გაუქმებულპასპორტიანი და ყოველგვარ სტატუსსმოკლებული პირი მთელმა მსოფლიომ იხილა პოლონეთში, საზღვარზე „ბაგაჟნიკით“ კი არ გადამძვრალა, ზარზეიმით და პატივით მიიღეს. შემდეგ უნგრეთში…

გაგიგიათ, სადმე ან ხალხს, ან პოლიტიკურ მოღვაწეებს სურდეთ იხილონ სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდნეტი მათ პრეზიდენტად? გაგიგიათ, რომ პოლიტიკოსები ღიად და დაუფარავად ამბობდნენ, როგორც ეს პოლონელმა დეპუტატმა განაცხადა, რომც მოითხოვონ სააკაშვილის გადაცემა, მათი ქვეყანა მას არ გადასცემს მომთხოვნ მხარეს? გაგიგიათ, რომ ადამიანისთვის ყველგან იხსნებოდეს კარი, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ფულის ტომრები მართავენ?

მერე რა, რომ მის სამშობლოში ოლიგარქის ხელის ბიჭებს ეს ბომჟომბა ჰგონიათ? თვითონ პასპორტიანები და თანამდებობიანები შიშით საკუთარ ხალხთან ვერ გასულან და ბომჟად თვლიან კაცს, რომელსაც უმაღლეს დონეზე იღებენ ცივილიზებულ ქვეყნებში. უპრეცედენტო ფაქტი _ უპასპორტოდ სიარულია ბომჟობა თუ ის, რომ შს მინისტრის პოსტი გიკავია, გირეკავს სატელეფონო ხულიგანი და შს მინისტრს ისიც ვერ გაგირკვევია, ავაკოვი გელაპარაკება, თუ ვოვანი გეღადავება და ფქვავ საიდუმლო შეხვედრის დეტალებს?

ცხადია, ექსპერტიზამდე დაბეჯითებით არავინ წერს და ამბობს, რომ საუბარი ავთენტურია და ყველა „სავარაუდოდ“ საუბარს ამჯობინებს, მაგრამ ეს რომ უფრო იურიდიული ჰოკეია, ვიდრე საფუძვლიანი ეჭვი ნამდვილობაში, ვგონებ, არც ამაში გეპარებათ ეჭვი. მით უფრო, რომ თავად რუსი პრანკერები მზად არიან, მღებრიშვილთან საუბრის ჩანაწერი ნებისმიერ ექსპერტიზას გადასცენ.

არადა, რა ალალი და გულწრფელია ბატონი მღებრიშვილი? რა გულშიჩამწვდომია მისი მუდარა „ავაკოვთან“, _ თუ ეგ გაიძვერა თქვენთან გამოჩნდება, სჯობია, დარჩეს ბომჟად, ვიდრე საქართველოში იჯდეს ციხეშიო. არ გვინდა მისგან გმირის შექმნა, აქ ყველაფერი დასტაბილურდა, დამშვიდდა სიტუაცია, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ ის აქ გამოჩნდება, ვნებათაღელვა დაიწყება და ასე შემდეგო. უკეთესია, თუ გახდება ბომჟი, რომელიც მთელ მსოფლიოში იბოდიალებს, გთხოვთ, თუ გამოჩნდება, არ გადმოგვცეთო.

„მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ“, _ ეს სიტყვები იმდენად ქოცური წარმომავლობისაა, ქოცურგულგამოვლილია, რომ ამ სიტყვების ავთენტურობაში ვერავინ გადამარწმუნებს, მთელი მსოფლიოს ექსპერტებმა რომ მიმტკიცონ საწინააღმდეგო.

კარგად ცხოვრობენ მიშას გარეშე: იღებენ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, ცხოვრობენ ნეტარებაში, განცხრომაში, მაგრამ მათ განცხრომას მაინც აქვს ერთი ნაკლი, _ თავს ადგათ მიშას აჩრდილი და ეს აჩრდილი აშხამებთ მათ ამ ტკბილ (მათთვის ტკბილ) წუთისოფელს.

იმ ბრძენ კაცს ყოველ ცისმარე დღეს და ღამეს, ძილშიც და ღვიძილშიც, სულ სტაფილოსფერი ვირთხები ესიზმრება და მოსვენება აქვს დაკარგული. მისი შს მინისტრი ნაქცევია შიშის მინისტრად, შიშის, რომელსაც ძალიან დიდი თვალები აქვს.

ოფიციალურად, წულუკიანი ვითომ მის საქართველოში გადმოცემას ითხოვს, ამ დროს, მეორე მინისტრი იხვეწება, უკრაინას ეაჯება, _ არ გადმოგვცეთო. ზუსტად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამოჩენა მათთვის საფრთხეა. არ აქვს მნიშვნელობა, ის ციხეში იჯდება თუ ბარიკადებზე იდგება.

და ახლა მე გეკითხებით, უფრო სწორად, გიმეორებთ: არის თუ არა ისტორიული პერსონა ადამიანი, რომლისაც ასე ეშინიათ? ისე რომ, მისი ციხეში ჩასმის პერსპექტივაც კი ზაფრავთ და მუხლებს უკანკალებთ? აღარაფერს ვამბობ, ქვეყანაში მის თავისუფლად ყოფნაზე. ამის რომ მათ არ შინებოდათ და მათთვის რომ ეს სულერთი არ ყოფილიყო, მის კარადაში ქექვას და პიჯაკების პორწიალს არ დაიწყებდნენ მეზობლის წუნკალი ქალებივით. დღესაც დგანან და იხვეწებიან, _ არ გვინდა მისგან გმირის შექმნაო. ეტყობა, ჯეჯელავამ ვაშლი არ აჭამა, თორემ შიშის მინისტრს ეცოდინებოდა, რომ გმირი უკვე შექმნილია. ეგ მომავალი, რომელიც მას აშინებს, უკვე შემდგარია _ აწმყოა.

ამ ხელისუფლებას რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამოჩენის ეშინია და ყველა მის წინააღმდეგ აღძრული საქმე რომ შეთითხნილია, ეს ისედაც ცნობილი იყო და ამ ფაქტმა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაადასტურა. ეს ისაა, რაც ისედაც ვიცოდით და მთელ ამ ამბავში ახალი ის გახლავთ, რომ ქვეყნის შს მინისტრი ისეა შეშინებული და ელდანაკრავი, რომ სატელეფონო ხულიგნების ანკესზე ცალტვინა თევზივით ეგება. მსგავსი რამ რომ კულტურის, ან სოფლის მეურნეობის მინისტრს დამართოდა, კიდევ ჯანდაბას და ქვეყნის შს მინისტრი, რომელიც პასუხს აგებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ამგვარ ანკესებზე რომ ეგება, რაღაზეა საუბარი? რამე უცხო ნომრით ქართლოს ნატროშვილმა რომ დაურეკოს და გაეღლიცინოს, ხომ აზრზე ხართ, რა ამბავი დატრიალდება?

იმ ბრძენ კაცს ელანდება სტაფილოსფერი ვირთხები. მას ჰყავს შიშის მინისტრი. მას ასევე ჰყავს ჭამის მინისტრი. ადრე ეს პოსტი ხადურს ეკავა, რომელიც თავად მიირთმევდა, მიირთმევდა რა, _ მთელ-მთელ ციკანს ყლაპავდა _ შექონდრილს. ახლა ამ პოსტს იკავებს ჯეჯელავა, რომელიც სექტემბრიდან ბავშვებს ვაშლს აჭმევს. ქვეყანა მართლაც სიურეალისტურ სიზმარში ცხოვრობს _ ქვეყნის მმართველ ოლიგარქს სტაფილოსფერი ვირთხები ეზმანება, ბავშვებს სკოლებში ურიგებენ ვაშლებს… ფრიად საინტერესოა, რომელი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ, ან ტვინის რომელ ხვეულში ჩნდება ასეთი იდეები? რატომ, მაინცდამაინც, ვაშლი და არა, ვთქვათ, სხვა ხილი? რატომ, მაინცდამაინც, იმ სკოლის ბავშვებს, სადაც ათასი ბავშვი ან მეტი სწავლობს და არა ყველა სკოლაში?

რატომ ვაშლი, რამე კავშირს ამყარებს „ხე იგი ცნობადისა? კეთილისა და ბოროტისასთან?“ და გველივით აცდუნებს ბავშვებს? თუ იმიტომ, რომ ვაშლი სასარგებლოა და ვიტამინებით სავსე? რატომ კვირაში ერთხელ და არა ყოველდღე? ან იმ სკოლის ბავშვებს ვიტამინები არ სჭირდებათ, სადაც ათას ბავშვზე ნაკლები სწავლობს? პირიქით რომ ეთქვა, სადაც ათას ბავშვზე ნაკლებია, იქ დავარიგებთო, კიდევ რაღაც ლოგიკას იპოვიდი _ ხელმომჭირნეა და სადაც ცოტა ბავშვი სწავლობს, იქ არიგებსო და ახლა? ახლა ეს წუწურაქობის რა ფორმაა, როდესაც იქ არიგებ, სადაც ბევრი სწავლობს და იქ არ არიგებ, სადაც ცოტა სწავლობს? რა, ბავშვების ბრალია, რომ მათ სკოლაში ათას ბავშვზე მეტი არ სწავლობს? თუ ბატონი ჯეჯელვა მოერიდა სოფლელი და ქალაქელი ბავშვების ღიად დახარისხებას და ამგვარ ეშმაკობას მიმართა? ქალაქის სკოლებში ბევრი სწავლობს, სოფლის სკოლა კი იშვიათია, სადაც ათას ბავშვზე მეტი იყოს… ქალაქელ ბავშვებს ვაშლებს ურიგებს მუქთად და სოფლელებს რას სთავაზობს _ ბოსტნების გაშენებას? სოფლელმა ბავშვებმა თოხი იქნიონ და ქალაქელებმა _ ვაშლი ათოხლაონ.

არა, მაინც, საიდან აიტორღიალა ეს ვაშლი? თან, მაინცდამაინც, ვაშლი? „ჭრიჭინა“ ნახა და მიჩურინის ვაშლი აუტყდა? თუ ბავშვობის ლექსი აეკვიატა, _ წითელი ვაშლი გაგორდა, ჯეჯე სკოლაში გარბოდა? მე მგონი, ისააკ ნიუტონსაც ჯეჯელავას პაპამ გაარტყა თავში ვაშლი…

სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო, _ თქვა გურამიშვილმა. ეს ჯეჯელავა კი კენწეროდან რომ იწყებს და ატკბილ-ავაშლებს, სწავლის ძირი მწარეა და წიწაკა მაინც დაერიგებინა სკოლაში. მით უმეტეს, წიწაკა ბევრად მეტ ვიტამინს შეიცავს და ბევრად მარგებელიცაა ტვინის მუშაობისთვის. მწარე წიწაკა მდიდარია B1, B2, ჩ და P ვიტამინებით, შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს: კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, თრგუნავს კიბოს უჯრედებს, კურნავს წყლულებს, მალამოდ ედება გულის დაავადებებს, და რაც მთავარია, ვიმეორებ, მწარე წიწაკა ტვინს მუშაობაში ეხმარება და ამიტომაც ურჩევენ მეცნიერები მშობლებს, წიწაკა შეიტანონ იმ ბავშვების კვების რაციონში, რომლებსაც გაკვეთილების ათვისება უჭირთ.

ჯეჯელავა სკოლებში ვაშლის დარიგებას იწყებს და თან ურცხვად ამბობს, რომ სკოლის სახელმძღვანელოების დარიგება მომავალი წლისთვის გადაიდო. იმასაც გვამცნობს, რომ სკოლის პროგრამა მარტივდება, ე. ი. რა გამოდის, _ ბავშვებს წიგნების ნაცვლად ვაშლებს ვურიგებთ? ჯამში, მთელი მისი ამ ნოვაციის არსი რაა? რომ ბავშვებს ცოდნის ნაცვლად ვაშლი მივცეთ? ბოლოს ატესტატის ნაცვლად რას ვაძლევთ _ „იაშიკებს“? ისედაც 13 ათასმა ბავშვმა ატესტატი ვერ აიღო და ეს ნოვაციები რას მოიტანს? თუ ცოდნას ის გააღრმავებს, ერთად კლასში 2 პედაგოგი რომ შევა და დუეტში ჩაატარებს? სკოლებში ახალი პედაგოგების შეყვანას წინააღმდეგობა ხვდება, ახალი რომ შეიყვანო, ძველებს საათი უნდა შეუმცირო და ამიტომ ისინი ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებსო. ოდნავ იაზრებენ მაინც, ეს რასაც გამოიწვევს, ცალკე დამწყები პედაგოგისთვის და ცალკე ბავშვებისთვის?

სად რა წუმპეში ვბანაობთ, საერთოდ? იმ დონემდე მივედით, რომ ტვინს სერიოზულად აღქმაც აღარ შეუძლია ამ ყველაფრის და ისევ ირონიით, იუმორითღა ვუმკლავდებით ამ განსაცდელს. ჯეჯელავას ნოვაციის გამჟღავნებიდან მეორე დღეს ეზოში ჩამოვედი და რა მესმის, ერთი ბიჭი მეორეს ეუბნება: „შენ, ბიჭო, ჯეჯელავამ ვაშლი ხო არ გაჭამა?“

წუხელ ვაშლი ჩავკბიჩე თუ არა, ჯეჯელავა გამახსენდა… სალათის ფყრცლებზე _ გუგულა ძალო მახსენდება, სტაფილოზე _ ბიძინა, ვეღარ გაიგებ, მთავრობა გვყავს თუ ხილ-ბოსტნის მაღაზია?..

 

რეზო შატაკიშვილი