სოციალურმა აგენტმა ნულები ჩაწერა და ჯამი 70000 გამოვიდა

ლანჩხუთის სოფელ ზემო ჭინათში ზაურ ბოლქვაძის ოჯახის ყოფის შესახებ მუნიციპალიტეტში თითქმის ყველამ იცის. საკმაოდ მიუვალ ადგილზე მცხოვრები ოჯახი უკვე წლებია, სოციალური დახმარების გარეშე ცხოვრობს და მისი შემოსავალი ოჯახის წევრთა პენსიაა, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით.

სახლამდე მისასვლელი გზა ალაგ-ალაგ ისეა დაზიანებული, რომ სასწრაფოს ბრიგადასაც ძალიან უჭირს გამოძახების დროს დანიშნულების ადგილზე მისვლა.

ბატონი ზაურის სახლამდე მეგზურობას სოფელ ჭინათის მკვიდრი, ნუნუკა სულაბერიძე გვიწევს. ის გზადაგზა გვიყვება, თუ როგორი წარმატებული იყო ერთ დროს ზემო ჭინათი, რა შემოსავალი ჰქონდა, დღეს კი მგლების შემოსევა უფრო თვალში საცემია, ვიდრე სასიკეთო რამ.

ქალბატონი ნუნუკა ბოლქვაძეების ოჯახზეც გვესაუბრება: „ძალიან მძიმე ყოფაში არიან. ბავშვი ცერებრული დამბლით არის დაავადებული და წარმოიდგინეთ, ასეთი ავადმყოფის მოვლა რა ენერგიასა და ხარჯებს მოითხოვს. ზაურიც ძალიან ცუდ დღეშია. ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს, ახლაც საავადმყოფოში წევს და ოპერაციის ფულს სთხოვენ“.

ბოლქვაძეების ოჯახში ნანახის გადმოცემა მართლაც ძალიან ძნელია. 17 წლის დავითი დაბადებიდან ცერებრული დამბლით არის დაავადებული და ყველანაირად დედაზეა დამოკიდებული. ვერ საუბრობს, მხოლოდ დედას უღიმის და ასე ატარებს ცხოვრებას.

ანიკო სურმანიძე, დავითის დედა: „ჩვენი ყოფა როგორიც არის, თავადაც ხედავთ. უკვე წლებია, სოციალური მოგვიხსნეს. განცხადება დავწერეთ და 70 ათას ქულაზე მეტი მოგვივიდა. ძალიან მძიმე ყოფაში ვართ. ბავშვი ექიმებთან ჩემი სახსრებით 4-ჯერ წავიყვანე, მეტი ვეღარ შევძელით. რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება ჩვენს ოჯახს ნამდვილად არ გააჩნია. ჩემი მეუღლე წელებზე ფეხს იდგამდა და დღედაღამ შრომობდა. ახლა ისიც მძიმე დღეშია. ჯერ ერთი ფეხი მოკვეთეს, ახლა მეორეც. რა გვეშველება, არ ვიცით. ახლა ბათუმშია, „მედინაში~ გაუკეთეს ოპერაცია. ფულს გვთხოვენ, საიდან გადავიხადოთ, არ ვიცი. არც პოლისი გვაქვს და არც არაფერი. მე-17 ოპერაციაა, რომელიც მას გაუკეთდა. წინა ოპერაციების თანხაც კი ვერ გადავიხადეთ. გვეუბნებიან, გიჩივლებთო. როდესაც სოციალური აგენტი მოვიდა, ყველაფერში ნული ჩაგვიწერა. ძროხა ჩვენ არ გვყავს, ქათამი და ხარ-კამეჩი. მიწის ფართობიც მცირე გვაქვს, სულ 1000 მეტრი იქნება. რა გახდა ეს დახმარების მიღება, არ ვიცი. მეტიც, ჩემი შვილი რომ ინვალიდია, ისიც არსად არის დაფიქსირებული. ამაზეც ბევრი დავა მქონდა წლების განმავლობაში. მხოლოდ გასულ წელს მიანიჭეს პირველი ჯგუფი, მანამდე მეორე ჯგუფი ჰქონდა“.

ქალბატონი ანიკო სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას ითხოვს: „მოვიდნენ, ბავშვთა დაცვის დღე იყო, თუ არ ვცდები და საჩუქარი მოგვიტანეს. ეგ იყო სულ. ერთჯერად დახმარებაზე დამაწერინეს განცხადება, მაგრამ არაფერი ჩანს. ეტლს ვითხოვ ბავშვისა და მეუღლისთვის. ორივე ფეხდაკარგული კაცი უეტლოდ როგორ იქნება? დათოსთვის ეტლი მაქვს, მაგრამ ის უკვე მოძველებულია და, პრაქტიკულად, არც ვარგა. სოფლის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე შესაძლებლობის ფარგლებში გვეხმარება. მისი მადლიერი ვართ, მაგრამ ამ ერთმა ადამიანმა რა უნდა ქნას?“

ქალბატონი ანიკო ეზო-კარს გვათვალიერებინებს, რომელსაც მამაკაცის ხელი აშკარად აკლია. ერთია, რომ შეშა მოუმარაგებიათ. „ესეც კეთილი მეზობლების დამსახურებითაა. ისინი რომ არ მყავდეს, რა გვეშველებოდა, არ ვიცი“.

სოციალური აგენტის მიერ შევსებული ანკეტა გვაჩვენეს, სადაც თითქმის ყველა გრაფაში ნული წერია, მაგრამ ოჯახს არათუ ფულადი დახმარება დაენიშნა, არამედ სამედიცინო პაკეტის გარეშეც დარჩა და ყველაფერში ფულის გადახდა უწევს.

„ქრონიკა+“-თან ლესის თემის მაჟორიტარი საკრებულოში, ელისო ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბოლქვაძეების მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა: „ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და ადგილზე ნახეთ, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ადამიანებს. მინდა, მივმართო ყველას, ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტრო თუ სოციალური მომსახურების სააგენტო _ დავეხმაროთ ამ ოჯახს!“

 

მათე გურული