სოსო ცისკარიშვილი: ,,ხელისუფლება გათამამდა და საზოგადოება მისთვის ბალასტია, რაც ქვეყანას არცხვენს!“

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, რადგან არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტური კონტროლი მოიპოვეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებზე და ახლა დარჩენილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევენ, როგორებიცაა: პრეზიდენტი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საგანგაშო მოვლენების წინააღმდეგ გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, „რუსთავი 2“, _ ერთადერთი ძირითადი, მთავრობის მიმართ კრიტიკული, პროდასავლური მედია საქართველოში _ ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მითვისების ზღვარზეა. „რუსთავი 2“ იყო უკანასკნელი დიდი მედია, რომელიც არ კონტროლდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ. 2 მარტს, სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობა მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ივანიშვილთან დაახლოებულ პირს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმას.

„რუსთავი 2“-ზე კონტროლის დამყარებით ივანიშვილი მოიპოვებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სრულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დაგმო ყველაზე სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების უმრავლესობამ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომდევნო დღესვე მიიღეს. ეს გადაწყვეტილება ასევე არის უმძიმესი დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. სამივე ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები და მართლმსაჯულება წარმართა მთავრობის აგრესიული ჩარევის პირობებში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივად დაესაბუთებინა გადაწყვეტილება.

ყველაფერმა ზემოთქმულმა შესაძლოა, შეუქცევადად დააზიანოს საქართველოს დემოკრატიული გზა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროსაბჭოსა და ეუთოს, ხმა აღიმაღლონ მოვლენათა ასეთი საგანგაშო განვითარების წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო ჩარევა იქნება გადამწყვეტი საქართველოში მედია თავისუფლების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესანარჩუნებლად“, _ ნათქვამია განცხადებაში.

 

რა ზიანი შეუძლია მოუტანოს საქართველოს „რუსთავი 2“-ის საქმემ საერთაშორისო ასპარეზზე? რა შეიძლება დაემუქროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?

ამ საკითხზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

 

სოსო ცისკარიშვილი _ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“:

_ უკვე არ არსებობს იმის ეჭვი, (ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ამ საკითხზე, თუ სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს), ჩემი აზრით, პასუხი ერთადერთია, _ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვინდა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის მკვიდრის სახელი, მაგრამ ყველას ნამდვილად _ არა. ამიტომ, როდესაც გარკვეული, მართლაც და, გაოგნებული მუქარები ისმის, საზღვარგარეთის, ჩვენი დამხმარე და მხარდამჭერი საინფორმაციო წყაროებიდან, უნდა ვაღიაროთ, რომ დიახ, ჩვენთან ის ძალებიც არიან, რომლებიც დაინტერესებულნი ბრძანდებიან, რომ არ მოხდეს ვიზალიბერალიზაცია, რომ არ იყოს ცივილიზებულ სივრცეში საქართველოს განვითარების რაიმე შესაძლებლობა. ვინარჩუნებ იმედს, რომ საზღვარგარეთ ჩვენს ყველა პარტნიორს კარგად აქვს გათვლილი, ნებისმიერი სანქცია ხელისუფლებისა თუ სასამართლო სისტემის დანაშაულებრივი ქმედებისა, ვნებს სრულიად მართალ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ქვეყანაში. ერთი პერიოდი, გარკვეული შეღავათი მივიღეთ იმის გამო, რომ უამრავი ხინჯით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ყველამ ლეგიტიმურად ჩაგვითვალა და ჩვენი ქვეყანა საჯაროდ არ შეარცხვინეს. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გათამამდა. იფიქრეს, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესია მისაღები და საზოგადოება მათთვის ბალასტია. მივიღეთ ის რეალობა, რომელიც ქვეყანას არცხვენს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა, რომელიც აკმაყოფილებს სწორედ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების შემქმნელ პირებს. საქართველოში ასეთი ქმედება უპასუხოდ არასოდეს დარჩენილა და ამიტომ, ადრე თუ გვიან, პასუხი სრულიად მკაფიო იქნება. ეს შემარცხვენელი იქნება მათთვის, ვინც დღეს გამარჯვებას ზეიმობს. ადრე თუ გვიან, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ქვეყანა, სადაც ახალბედა პოლიტიკოსი, აღზევებული პარლამენტის თავმჯდომარის სიმაღლემდე, მუქარას წარმოთქვამს ქვეყნის პირველი პირის მიმართ და ამუნათებს არა მხოლოდ მას, არამედ მთელ მოსახლეობას, რომ, თურმე, ის გადაწყვეტს, მისცემს თუ არა ხელისუფლება საშუალებას, რომ მოქალაქეებმა აირჩიონ პრეზიდენტი და არა ერთმა გალაღებულმა დიდმა მოქალაქემ, ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში ასეთ სპიკერს თავად პარლამენტი დაუწყებდა უკვე იმპიჩმენტის გამოყენების სამზადისს.

_ თქვენ როგორ ხედავთ „რუსთავი 2“-ის შემდგომ ბედს?

_ რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის შემდგომ ბედს, ჩემი აზრით, ყველაზე უმტკივნეულო შედეგი შეგვეძლო მიგვეღო იმ შემთხვევაში, თუ ფსევდომფლობელები ამ მართლაც ნიჭიერ, უმაღლესი ინტერესის მქონე სატელევიზიო სივრცეს დატოვებდნენ და ამ არხის დამფუძნებლებს საშუალებას მისცემდნენ, გარკვეული უფლებებით დაბრუნებული ყოფილიყვნენ, თუმცა არა როგორც მეპატრონენი. არხის ასეთ მფლობელთა რაოდენობა საოცრად დიდია და წლების განმავლობაში არაერთი სუბიექტი იჩემებდა ამ როლს, მათ შორის, სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელთა უმრავლესობა დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონებში, რაც თავისთავად უკვე გარკვეული ხრიკის მიმანიშნებელი იყო. ასეთია „რუსთავი 2“-ის ტრაგიკული ბედი, რადგან მისი ყველაზე აქტიური მარჩენალი დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის და მისი მკვლელობის საქმეც კი არ გამოიძია პროკურატურამ. რასაკვირველია, „რუსთავი 2“ შეიძლება იყოს დაბალანსებული იმ სითბოთი და სიყვარულით, რომელსაც მაყურებლები გამოხატავენ ამ არხის მიმართ, მაგრამ როგორც ყოველთვის, როდესაც ორი დაპირისპირებული ძალა ერთმანეთს არანაირ ლანძღვას არ აკლებს, ჭეშმარიტება ყოველთვის, სადღაც, შუაშია. უნდა ვეცადოთ, რომ ის ნაბიჯები, რომლის გადადგმა შესაძლებელია, არ დავიზაროთ. თუ „რუსთავი 2“-ის დღევანდელი გენერალური დირექტორი საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც ქვეყანაში აღქმულია, როგორც ყოფილი მმართველი გუნდის რუპორი, რასაკვირველია, საკუთარი წარსულის მონანიების ფასად, უპრიანი იქნებოდა, რომ ერთი წლით მაინც განრიდებოდა საკუთარ თანამდებობას, მით უმეტეს, როდესაც იგი ელოდა რა დაპატიმრებას, აცხადებდა, ვინ იქნებოდა მისი შემცვლელი. შემცვლელი ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილად მისაღები პირია, მას არც ერთი ხელისუფლების ლეკვის სახელი არ აქვს, ეს მხოლოდ გაზრდის ინტერესს იმ ტელევიზიის მიმართ, რომელიც 2012 წლამდე მხოლოდ ოპოზიციას აკრიტიკებდა, მას შემდეგ კი მხოლოდ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამიტომ მას ობიექტურს ვერ ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, იქ მყოფი ჟურნალისტები და არხის მთელი შემადგენლობა უაღრესად ნიჭიერი და საინტერესოა ჩვენი საზოგადოებისთვის, ორივე მხარემ უარი უნდა თქვას რაიმე პრეტენზიაზე, რომ ეს არხი იყოს რომელიმე ხელისუფლების ქვეშევრდომი. მხოლოდ ასეთ შემთხევვაში შეიძლება არა მხოლოდ აღდგეს, არამედ გაიფურჩქნოს „რუსთავი 2“ და მართლა საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ საუკეთესო ტელეკომპანიად ჩამოყალიბდეს. ამიტომ შევთავაზებდი ერთგულ მაყურებლებს, რომ მოუწოდონ მათთვის საყვარელ არხს, გაემიჯნონ ნებისმიერ პოლიტიკურ თემას და შეინარჩუნონ ის პატივისცემა, რომელიც ნიჭიერმა ადამიანებმა თავიანთი შრომითა და პროფესიონალიზმით დაიმსახურეს.

 

მამუკა არეშიძე _ „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრი“:

_ „რუსთავი 2“-ის საკითხი ვიზალიბერალიზაციაზე ჯერ ვერ იმოქმედებს, გააჩნია, 8 მარტს რა მოხდება. 8 მარტი იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, როგორ ვერდიქტს გამოიტანენ. ამის მიხედვით შეგვეძლება ვიმსჯელოთ, იქონიებს თუ არა გავლენას ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. ეს ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება რომც მიიღოს და ეს რეკომენდაცია მისცეს ევროპარლამენტს, წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, რეკომენდაცია იყო, რომ ევროპარლამენტმა ან ევროსაბჭომ თავისი პოზიცია გამოთქვას. იმ შემთხვევაშიც კი, სხვა ფაქტორები აუცილებლად იქნება ყურადსაღები. მაგალითად, ნატოს აქტივობა შავ ზღვასა და ფოთის პორტში, სავარაუდოდ, ნატოს ძალების განლაგება. დასავლეთი მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. თუ მათ სჭირდებათ, შეიძლება, უგულებელყონ ყოველგვარი საერთაშორისო დემოკრატიული ფასეულობები. ჩვენი მეზობლების შემთხვევაში ამას არაერთხელ ვაკვირდებით. შუა აზიისა თუ ჩვენი რეგიონის ქვეყნების შემთხვევაში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, მაგრამ დასავლეთი მათთან ურთიერთობას მაინც არ წყვეტდა და ცდილობდა, რომ ეს ურთიერთობა შეენარჩუნებინა და მიდგომები არ შეეცვალა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს საკითხი არის კომპლექსური, ასე მარტივად და ერთი შეხევდით, რომ ევროსასამართლომ რაღაც თქვა და ამის შემდეგ ჩვენ მიმართ მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამას ასე არ ვუყურებ.

_ ზოგადად, „რუსთვი 2“-ის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე რას იტყვით?

_ „რუსთავი 2“ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ასეთი ტელევიზია, ცალსახად იმ პათოსის, როგორიც დღეს არის, ანუ ხელსუფლების მიმართ კრიტიკული, მაგრამ სერიოზული პრეტენზიები მაქვს მენეჯმენტის და კერძოდ, ნიკა გვარამიას მიმართ. ეს არასოდეს დამიმალავს, რადგან რაც კი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, გვარამია ამის ერთ-ერთი ავტორი იყო, მათ შორის, „იმედის“ საქმის, „იბერიაზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ. რაც შეეხება იმას, ხალვაში იქნება თუ სხვა ხელმძღვანელი, რასაკვირველია, ორივე შემთხვევაში ერთნაირად არის, ხელიდან ხელში გადადიოდა, ამიტომ იქ ბევრი რამ აბურდული და არასწორია. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრად უფრო ფაქიზი მიდგომა იყო საჭირო.

ვაჟა ბერიძე _ ექსპერტი:

_ თავისთავად ცხადია, „რუსთავი 2“-ის საქმე რეზონანსულია, მას სხვადასხვა პრიზმაში აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის გარკვეული წრეები _ მმართველი ბიუროკრატია, მედია და სხვ. აქედან გამომდინარე, „რუსთავი 2“-სადმი მიდგომა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თავიდანვე ადეკვატური უნდა ყოფილყო. ვიდრე „რუსთავი 2“-ის ქეისს შევაფასებთ, ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ: 1. მედიის თავისუფლება უპირობოდ ხელშეუხებელია; 2. „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობის საკითხი ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე არასწორად დასვა, თუმცა საზოგადოებას შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია. ვიცით, რომ „რუსთავი 2“, მას შემდეგ, რაც ეროსი კიწმარიშვილმა დააფუძნა, წართმეული საკუთრება გახდა და აქედან გამომდინარე, საკუთრების თაობაზე დავა ცოტა სასაცილოა. მიუხედავად ამ წინაპირობისა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სწორად ვერ შეაფასა პრობლემის არსი და არასწორი მიდგომების რეალიზება დაიწყო ტელევიზიასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პარტიული ტელევიზია, ამ ტელევიზიის გაჩერება არაფრით არ შეიძლება, ეს ტელევიზია უნდა დარჩეს საინფორმაციო სივრცეში იმ მენეჯმენტით, რომელიც დღეს ჰყავს და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომელსაც დღეს ის აწარმოებს. ეს ჩემი მიდგომა ცალსახად არაერთხელ დავაფიქსირე. თუმცა მე ერთი მოქალაქე ვარ და ზეგავლენას ვერც ხელისუფლების პოლიტიკის ფორმირებაზე მოვახდენ. მე კი არა, მთელი საზოგადოება ვერ ახდენს ამ პოლიტიკაზე ზეგავლენას. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ისე აღიქვამენ, რომ მედიის თავისუფლებას ხელყოფენ. „ქართული ოცნების“ მთავრობას არანაირი ბერკეტი და საშუალება არ აქვს საიმისოდ, რომ ამაში დასავლეთი გადაარწმუნოს. ასეც რომ არ იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველა შემთხვევაში ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა, რომ მან ტელევიზიის მესაკუთრის შეცვლა მოინდომა და, აქედან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამ საქმეში ეს არის არსებითი, დანარჩენი უკვე ბელეტრისტიკაა, შეფასებები და იმპროვიზაციები სხვადასხვა მხრიდან. საერთოდ, მიმაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უნარი იმისა, რომ რაიმე პრობლემა გადაწყვიტოს, თუნდაც ეს ეხებოდეს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებას. მოგეხსენებათ, არსებობს ისეთი ცნება, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, მიმართულებები, მათ შორის, პოლიტიკურ-სამხედრო-ეკონომიკური და ა. შ. უსაფრთხოებებთან საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოება არსებობს, რომელიც გარკვეული თვალსაზისით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს სახელმწიფოს არსებობას, ქვეყნის განვითარებას და სხვ. ამ ჭრილშიც რომ დასმულიყო საკითხი, _ რამდენად შესაძლოა განხორციელდეს დივერსიები საინფორმაციო სივრცეში გარკვეული ძალების მიერ?. რა თქმა უნდა, ეს სასურველი არ არის, მიუღებელია, როდესაც შენს საინფორმაციო სივრცეს გარედან სხვა ძალები აკონტროლებენ, თუნდაც ისინი შენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ აქვს იმის უნარი, რომ ასეთი პრობლემები სამართლებრივი გზით გადაწყვიტოს. მოგეხსენებათ, შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემის მიმართ ისედაც არ იყო ხალხში არანაირი ავტორიტეტი, წინა ხელისუფლების დროს ეს გახლდათ პროკურატურის დაკვეთების „გამპრავებელი“ სისტემა, ახლა უფრო ნაკლებია ამ ხელისუფლების მიმართ ნდობა, რომლის გადაწყვეტილებებს თუნდაც იყოს ერთი მოსამართლე, ან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, არ აღიარებს და ეს ავტორიტეტეს სცემს. სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მივიღეთ, რაც ამ ხელისუფლებას სურდა და საერთოდ, ეს ხელისუფლება არის სუსტი იმდენად, რამდენადაც მას არ აქვს კავშირი საზოგადოებასთან, ეს მისთვის საერთოდ აქილევსის ქუსლად იქცა, რადგან როდესაც ქვეყანას მართავ და უკუკავშირი არ არსებობს, ანუ საზოგადოებიდან იმპულსები უკან არ მოდის, ფაქტობრივად, მთელი არასამთავრობო სექტორი, მედია, საექსპერტო საზოგადოება, ანალიტიკოსები არიან შენი წინააღმდეგები და მხარდამჭერი არავინ გყავს, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. მაგალითად, დღეს პრემიერი კვირიკაშვილი ფორმალურად გამოვიდა მედიაომბუდსმენის აპარატის შემოღების ინიციატივით, ეს არის ყოვლად უსუსური და არაფრისმომცემი ინიციატივა. ჩვენ გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც ცალკე სექტორებით აწარმოებს ადამიანის უფლებების დაცვას, გნებავთ საკუთრების უფლებების დაცვას და ასეთ ვითარებაში რაღაც ახალი ინიციატივა, რომ უცხოელები მოვიწვიოთ, რომლებიც აქაურ სიტუაციაში გაერკვევიან, ამ ქვეყანაში ისეთი აბსურდული სიტუაციაა, რომ ჯერ ჩვენი მთავრობა ვერ გარკვეულა და რომელი მოწვეული მედიაექსპერტი გადაგიწყვეტს საკითხს, _ ტელევიზია უნდა იყოს თუ არა? მესაკუთრე კანონიერია თუ არა? გასაგებია ეს ყველაფერი, არაფორმალურია ქვეყანაში მმართველობაც და არაფორმალურია ყველაფერი, ავტორიტეტული ტელევიზიის ფორმაც. ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად არის მისი მენეჯერი და მეორე _ ყველაზე ავტორიტეტულ ტელევიზიას მართავს უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი და მისი მენეჯერი არის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი ნიკა გვარამია.

 

თამარ ბატიაშვილი