სოსო ცინცაძე: „უკვე ანეკდოტად არის ქცეული აბაშიძე-კარასინის ფორმატი!“

sso

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები სრულად ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ ის, რაც უკვე ცნობილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესაჯამებლად საკმარისია.

„ქრონიკა+“-თან პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა:

_ ბატონო სოსო, თქვენ როგორ შეაფასებდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამ დროისათვის ცნობილ შედეგებს? თქვენთვის რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ პარლამენტს გარეთ აღმოჩნენ „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, თუნდაც ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“?

_ ნამდვილად მოულოდნელი იყო. „რესპუბლიკელებზე“, სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, ვინაიდან დამოუკიდებლად, ჯერჯერობით, მათი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, არც ერთი სერიოზული არჩევნები არ მოუგიათ. რაც შეეხება დანარჩენს: ბურჯანაძეს, ალასანიას, ბურჭულაძეს და კიდევ „ლეიბორისტებს“, ეს ჩემთვის ნამდვილად ორმაგად მოულოდენელი იყო. მოულოდნელი იქნებოდა ჩემთვის ის, რომ ეს პარტიები ცოტა ხელის წამოკვროთ გასულიყვნენ, როგორც, მაგალითად, „პატრიოტები“ გავიდნენ, ერთი მეათედი პროცენტით ბოლო დღეს. საკმარისი იყო, რომელიმე უბანზე გაუქმებულიყო შედეგები, რასაც, მაგალითად, ბურჯანაძე ითხოვდა, რომ გადათვლა მომხდარიყო და მორჩა, „პატრიოტები“ საერთოდ ვეღარ იხილავდნენ პარლამენტს. ორმაგად მულოდნელი იყო იმიტომ, რომ საერთოდ პარლამეტს გარეთ დარჩნენ „თავისუფალი დემოკრატები“, ვფიქრობდი, რომ 7-დან 10%-მდე იქნებოდა მათი შედეგი, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემთვის და, ალბათ, თქვენთვისაც მთავარი ის უნდა იყოს, რომ ყველა ევროპელმა დამკვირვებელმა, იმათაც კი, ვინც აღიარეს ლეგიტიმურობა (ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლეგიტიმურობა ყველამ აღიარა და არავის უთხოვია, რომ ხელახლა უნდა ჩატარადეს არჩევნები), აქაც ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ორი დედაბოძი, რაზედაც დგას მსოფლიოს დემოკრატიული არჩევნები, ეს არ იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 24 000 გაუქმებული ბიულეტენი მხოლოდ აჭარაში, ვინ იცის, სხვაგან კიდევ რამდენია და საყოველთაო პრეტენზიები, რასაც ვერავინ უარყოფს ქალბატონ ჟვანიას კანტორის მისამართით. არჩევნებამდეც ღიად ვაცხადებდი, რომ პირადად მე მანამდეც უნდობლობით ვუყურებდი ჟვანიას კანტორას, როცა მან არჩევნებიდან მოხსნა თოფაძის პარტია და მერე სასამართლომ აღადგინა, რაც ქართულ პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა. ეს მეტყველებს ელემენტარულ რამეზე. პოლიტიკოსებს თავი დავანებოთ, მათი პროფესიაა სიჩუმე, გაოცებული ვარ, ჟურნალისტებმა რატომ არ გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ან სასამართლო ტყუოდა და შეცდა, ან ტყუოდა და შეცდა ჟვანიას კანტორა. ხომ არ შეიძლება, ჟვანიასაც სამართლიანად მოეხსნა თოფაძის პარტია და სასამართლოსაც სამართლიანად აღედგინა?! ეს ხომ შეუძლებელია?! ან ერთი შეცდა, ან _ მეორე! ყოველ შემთხვევაში, ჟვანიას კანტორამ ვერ შეძლო დაეცვა თავისი სიმართლე და არ გაასაჩივრა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან აღიარა თავისი შეცდომა. თუ პირველივე ეტაპზე, არჩევნებამდე ასეთ სერიოზულ შეცდომას უშვებს, თოფაძის პარტია ხომ არ არის მემარჯვენე-ცენტრისტები თუ ვიღაცები, რომ გამოჩნდნენ უცებ, ეს ხელწამოსაკრავი პარტია არ არის, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ან წინასწარ გათვლილი სპექტაკლი იყო, რომ ეთამაშათ დემოკრატია და დამოუკიდებლობა, ან კიდევ საშინელი არაპროფესიონალიზმი, მაგრამ შემდეგ უკვე არჩევნების პროცესში ჟვანიას კადრი რა არაპროფესიონალიზმსაც ავლენდა, ზოგან ოქმებზე ხელის მოწერა ავიწყდებოდათ, ელემენტარულად, 24 000 გაუქმებული ბიულეტენი რაზე ლაპარაკობს? _ ჟვანიას კანტორის არაპროფესიონალიზმზე და რისთვის ვუხდით ამოდენა ხელფასს, ვერ გავიგე! მარტო 2015 წელს, პირადად ჟვანიას, როგორც ჟურნალისტები წერდნენ, 200 000 ლარი მხოლოდ პრემიების სახით აქვს მიღებული და ნახევარი მსოფლიო შემოიარა. ამ ყველაფერმა ჩაიარა. მმართველი პარტია გასაგებია, მაგრამ ოპოზიციონერებმა გაატარეს და რაღაც საეჭვო გარემეობა შეიქმნა. ჩემში, მაგალითად, ქალბატონ მოგელაძეს რომ დავესესხო, საფუძვლიან ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ დამარცხებულებიდან მხოლოდ ერთი _ ბურჯანაძე იბრძვის. მიაქციეთ ყურადღება, ცალი ხელით იბრძვიან, ცალყბად გაკეთებული განცხადებები, სად არის, მაგალითად, ნათელაშვილის მჭექარე ხმა, მე არ გამიგია, თქვენ გესმით?

_ ალბათ, ისიც საყურადღებოა, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს ორი პარტია საერთოდ ჩამოიშალა…

_ ჩამოიშალა თუ რა მოხდა, არ ვიცი, აქ რა იყო დაშლის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი?! არც ერთი და არც მეორე პარტია არ იყო უცებ, ძალად შეკოწიწებული, მით უმეტეს, ალასანიას პარტია. პოლიტიკური პარტიისათვის დამარცხება და გამარჯვება ტყუპისცალებივით არის, უცებ დამარცხდა და პატარა ბავშვივით გაიბუტა, აღარ თამაშობდნენ, საბავშვო ბაღში პატარა განაწყენებული ბავშვი სათამაშოებს რომ მიყრის, აღარ თამაშობს და ამისთვის კუთხეში ზის. სოლიდურ პოლიტიკოსებს ეს ღირსებას არ ჰმატებს, ძალიან ბევრი კითხვაა თვითონ ალასანიას მისამართით. მე მაგალითად, ალასანიასთან პირადული მომენტი მაქვს, მისი დემოკრატობა არასოდეს მწამდა, მინისტრად რომ დანიშნეს, ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც შევარდნაძისა და მიშას მინისტრები. პირველივე დღეს 1000 თანამშრომელი გაუშვა იმიტომ, რომ თავისი ხალხი მიეღო. ამას თავი დავანებოთ, მაგრამ რომ იტყვიან, უცებ შეეგუა პოლიტიკურ დამარცხებას, ფარ-ხმალიც დაყარა, ამას მიჰყვნენ თავისი მარჯვენა ხელები, დაწყებული პეტრიაშვილით, დამთავრებული დოლიძით, საოცრება ხდება. თქვენ ახლა ესაუბრებით ადამიანს, რომელიც ნახევარი საუკუნეა, ამ სფეროს სწავლობს თეორიულად, ასეთი რამე არსად შემხვედრია, ჩემი პროფესიაა ეს, დაწყებული აფრიკიდან, ამერიკით დამთავრებული ვსწავლობ მხოლოდ ამ პოლიტიკურ პროცესებს. ვერც აფრიკის ქვეყნების მაგალითს მიხსენებთ და ვერც დემოკრატიული ქვეყნებისას. თითქოს მაზოხისტური სიამოვნებით ტოვებენ პარტიებს, აკეთებენ რაღაც განცხადებებს, თითქოს ყველაფრის კოქტეილია, ამომრჩევლებს ბოდიშს უხდიან, თითქოს საკუთარ თავს აბრალებენ. სხვათა შორის, ისე გაკვრით ახსენებენ გაყალბებებს, არანაირი ფაქტები არ მოჰყავთ ბურჯანაძისგან განსხვავებით. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე დარჩა მხოლოდ ერთი ქალი. არასოდეს ვმალავდი იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში ნინო ბურჯანაძე იყო ერთადერთი მძიმეწონოსანი სერიოზული პოლიტიკოსი წლების მანძილზე, ახლა კიდევ ერთელ გამართლდა და ამაში დავრწმუნდი, რომ ნამდვილი პოლიტიკოსები საქართელოში დღეს, სამწუხაროდ, გვყავს ერთადერთი ადამიანი, ეს არის ნინო ბურჯანაძე, რომელიც თითქოს უიმედო ბრძოლაში, მაგრამ მაინც იბრძვის იმიტომ, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები მაინც დარწმუნდნენ. საქართველოში მაინც არის ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც არ სურს შეეგუოს ამ რეალობას. არ მინდა ვთქვა, რომელიც არ გაიყიდა, თუმცა არც ეს არის გამორიცხული! ახლა მე არ მაქვს კონკრეტული ფაქტები სხვების გაყიდვაზე, ამიტომ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნინოზე შემიძლია ვთქვა, რომ არ გაიყიდა, სხვები გაიყიდნენ თუ არა, ეს მათ სინდისზე იყოს! ეს არჩევნები უნიკალური იყო საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამაზე უარესი გაყალბებებიც გვინახავს, სააკაშვილმა ნამდვილად წააგო საპრეზიდენტო არჩევნები და 53% დაიწერა. გვინახავს სანაგვეზე გადაყრილი ბიულეტენები, გვინახავს მოტაცებული ყუთები, ყველაფერი გვინახავს, მაგრამ ეს მაინც უნიკალური იყო თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ არც შევარდნაძისგან და არც სააკაშვილისგან, მარტივად რომ ვთქვათ, არავინ ელოდა სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოში კიდევ იყვნენ გულუბრყვილო დონ კიხოტები, ნეტარ მორწმუნენი, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავის პირველ არჩევნებს „ოცნება“ ისე არ ჩაატარებდა, რომ შედეგი ასეთი ყოფილიყო. შეიძლება ეს სამომავლოდ კარგიც იყოს, მე მაგალითად, არავის ვუსურვებ „ოცნების“ ბედს მომავალ 4 წელიწადში, როდესაც უკვე გაივლის ეს ეიფორია, როდესაც ფეხბურთელებით, მოჭიდავეებით, მკლავჭიდელებით, ენდოკრინოლოგებით, სანტექნიკოსებით, ავტომანქანის მრეცხავებით, ყველათი, კანონმდებლების გარდა, შეივსება ჩვენი პარლამენტი, დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტიც, ალბათ, უნდა ველოდოთ სოფლის მეურნეობის ისეთ მინისტრს, მაგალითად, დედალ ძროხებზე რომ დაიწყებს საუბარს და ა. შ. მაგრამ „ოცნებისთვის“ ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყოველდღე მოდის ჭამის დრო და ეს სადილი სულ უფრო და უფრო ნაკლებ მოქალაქეს აქვს. ახლა გამოქვეყნდა პენსიების რაოდენობა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში. ის, რომ საქართველო ჩამორჩება დანიას, ისრაელსა და ა. შ. გასაგებია, მაგრამ ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ის, რომ სომხეთში სამჯერ მეტი პენსიაა, ვიდრე საქართველოში. სომხეთს, რომელსაც ზღვა არ აქვს, პორტი არ აქვს, ჩიხშია, სატრანზიტო ქვეყანა არ არის, სადაც მხოლოდ გარგარი მოდის და ისიც ზაფხულში, მრეწველობა არ აქვს და სამჯერ მეტი პენსია აქვს. ის ვიცოდი, რომ სომხეთში ბენზინი ორჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენთან, მიუხედევად იმისა, რომ ფოთში შემოაქვთ, აქედან გააქვთ და კიდევ იხდიან სატრანზიტო გადასახადს. ისიც ვიცოდი, რომ წამლები ჩვენთან შედარებით 4-5-ჯერ იაფია იქ. შარშან მეგობარი კოლეგები მყავდა სტუმრად სომხეთიდან, ერთ-ერთი ავად გახდა და წამალი რომ იყიდა, გაოცებულმა მითხრა, _ რა გჭირთ, იგივე წამალი ჩვენთან 4-ჯერ უფრო იაფიაო. ეს ვიცოდი, მაგრამ პენსიების ამბავი ნამდვილად ახლა გავიგე. პირდაპირ საოცარია, რა გვჭირს, ვერ გავიგე, ამ 4 წელიწადში „ოცნებას“ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ასე რომ, არჩევნების შედეგები ჯერ არ დამდგარა. შედეგი იქნება მომავალი 4 წელიწადი, როდესაც დადგება ჯანდაცვის მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მედიკამენტებზე უნდა გავრცელდეს. როგორ გავრცელდება, როდესაც დადგება პენსიების მატების საკითხი, როდესაც დადგება სამუშაო ადგილების საკითხი, ფასების მატება სურსათზე, ლარის კურსი. ხომ ხედავთ, არჩევნების მეორე დღესვე ლარმა უკვე აიწყვიტა, სადამდე გააჭენებს ლარი და როდის ამოდებენ აღვირს, ეს კიდევ მომავლის საქმეა. ყოველ შემთხვევაში, არც ჩვენ და არც გამარჯვებულ პარტიას თბილი ზამთარი არ ელის, პირდაპირი მნიშვნელობით.

_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვრცელი სტატია მიუძღვნა ბრიტანულმა Fინანციალ თიმეს-მა. მასში გამოთქმულია ამგვარი მოსაზრება: „დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდებიან“. თქვენც ვარაუდობთ, რომ ივანიშვილი არ იქნება „ქართული ოცნების“ მთავრობის არაფორმალური ხელმძღვანელი და სააკაშვილი აღარ შეეცდება ქართულ პოლიტიკურ მოედანზე დაბრუნებას და „ნაცმოძრაობას“ ექნება მის გარეშე თავისუფალი სუნთქვის საშუალება?

_ ჩემი ვერსიით, ახლო მომავალში სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში არ ველოდები, თუმცა პოლიტიკურ შემოდგომამდე დიდი დრო დარჩა. როგორც პოლიტიკოსის, მისი შემოდგომა ჯერ კიდევ შორს არის. ის, რომ ივანიშვილი ჩამოშორდება პოლიტიკას, ამას მე, პრინციპში, გამოვრიცხავ. რას ნიშნავს პოლიტიკისაგან ჩამოშორება? მაგალითად, ივანიშვილის გარეშე კვირიკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით დანიშნავს კადრებს? არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება! ამიტომ უცხოელი დიპლომატები საფუძველშივე ცდებიან, ვინაიდან აქ სულ სხვა პრობლემებია. ივანიშვილმა თავიდანვე დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ფორმალურად თუ არაფორმალურად, მაგრამ მან იკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალზე. არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ საქართველოს მომავალზე! ეს ნეოფიტური ნაჩქარევი განცხადება იყო, არაფრთხილი გადაწყვეტილება, ასეთი მძიმე ტვირთის წამოკიდება, როგორიც არის პოსტსაბჭოური საქართველო, დავანებოთ თავი ევროპას, თავისი წმინდა აღმოსავლური მენტალობით, ნეპოტიზმით, კორუფციისადმი ორგანული ლტოლვით, ნებისმიერ ქართველ ჩინოვნიკს ელემენტარულად ხელი ექავება ქრთამის ასაღებად. სააკაშვილის დროს საშუალო რგოლს ამის უფლება არ ეძლეოდა, კორუფცია ძალიან მაღლა იყო, დღეს უკვე ყველას აქვს თავისუფლება. კი, ივანიშვილს ბიზნესში დიდი გამოცდილება ჰქონდა და იფიქრა, რომ ბიზნესის კანონები მოქმედებს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაშიო. მაგრამ არა, ის ამაში შეცდა, ძალიან მძიმე ტვირთი იკისრა და ახლა უკვე მისთვის რთული იქნება, რომ თქვას, მე ხელები დამიბანია პილატესავით, ან როგორც ალექსანდრე პირველმა თქვა, კი ბატონო, გყავდეთ, თუ გინდათ, კუტუზოვი და მე გაგეცლებითო. კუტუზოვმა ომი მოიგო, მაგრამ ის ალექსანდრე იყო და რისკზე წავიდა. ივანიშვილი კი ვერ წავა რისკზე. შეიძლება, ჩვენმა პრემიერმა დანიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი ივანიშვილს ხომ არ უნდა შევეკითხოთ, ჩემი ნებით მინდა გადავწყვიტო, მაგალითად, როგორი იქნება თბილისის ხედიო, ეს გამორიცხულია! ივანიშვილი პოლიტიკიდან განა არ წავა, ვეღარ წავა! გარდა ამისა, მან უკვე შექმნა თავისი გარემოცვა, ძალოვანი მინისტრები, ვიწრო წრე… როდესაც საზოგადოებაში არცთუ მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანი საჯაროდ აცხადებს, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები ბიძინა ივანიშვილის გენიოსობაშიო და ამაზე ივანიშვილს არანაირი პროტესტის გრძნობა არ ებადება, ეს უკვე შორს წამავალ შედეგებზე მეტყველებს.

_ ბატონო სოსო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საგარეო ურთიერთიბებში, რომელ ორბიტაზე იტრიალებს?

_ ივანიშვილს ნამდვილად უნდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, მაგრამ რაღაც შემაფერხებელ ბერკეტებს მაინც უწევს ანგარიშს. ასე არ გამოვა! ხან „ნაციონალების“ წივილ-კივილს ერიდებიან, ევროპელები საჯაროდ გვეუბნებიან, _ რუსეთთან დაამყარეთ ურთიერთობაო და თუ არაოფიციალურად ამბობენ, რუსეთთან არ გაბედოთ ოფიციალური ურთიერთობაო, არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ სანახევროდ ან ისე, ან ასე არ გამოვა! უკვე ანეკდოტად არის ქცეული აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ზურა აბაშიძე ჩემი ნახევარი საუკუნის მეგობარია, ამიტომ მაქვს უფლება, მის მიმართ საყვედური ღიად გამოვთქვა, ისევე როგორც მასაც აქვს უფლება ჩემ მიმართ. ხანდახან ვფიქრობ, _ ნუთუ, ისე შეიცვალა ზურა, რომ თავმოყვარეობა დაკარგა-მეთქი?! უკვე კურიოზად იქცა, 4 წელიწადია გრძელდება ფლირტი სექსის გარეშე, სამ თვეში ერთხელ ჩადის პრაღაში, მერე ჩამოდის… როდესაც თემაზე ხმაური იყო საჭირო, სტანისლავსკიმ ასეთი რამ მოიგონა: როდესაც არაფერია სათქმელი, ყველა ერთდროულად ამაზე ლაპარაკობდა და სცენაზე ისეთი გუგუნი იყო, ვერაფერს გაარკვევდით. ამ დღეშია ზურა, ჩამოდის პრაღიდან და რა თქვას, როდესაც არაფერი აქვს სათქმელი? რომ ვუყურებ, ძალიან მეცოდება, რა თქვას, იგივე იყო სამი თვის წინ, კიდევ სამი წინა თვის წინ, იმის წინ, სულ ერთი და იგივე. რომ ვილაპარაკეთ საჰაერო თემაზე, ვიზების გამარტივებაზე და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, სამზარეულოში სიდედრს რომ ელაპარაკები. ასე არაფერი გამოვა!

 

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი