სოსო ცინცაძე: „აფხაზეთი და „ოსეთი“ უკვე გულივერის ნაბიჯებით გვშორდება!“

ამიერიდან საქართველო ერთი წლით უხელმძღვანელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციას“, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადასცა. ოფიციალური ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია მიმდინარეობს.

 

გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარეობა და წვლილის შეტანა გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლ გლობალურ მოძრაობაში. საქართველოს პრემიერმა ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ასპექტებზე ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასტიკი ბრძოლაა გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ, დაცულია საკუთრების უფლება და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. მანვე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

 

„ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

_ გაეროს სტრუქტურებში შედის გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. გენერალური ასამბლეა არის საკონსულტაციო ორგანო, რომლის რეზოლუციები „ტრამპ თაუერებს“ გაავსებს, მაგრამ აქედან შესრულებული რეზოლუციები შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელი იყოს. სანამ გულუბრყვილო და ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ ვითვლიდი, რამდენი რეზოლუცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე, მაგრამ მანამდე არაფერი გეტკინოთ, სანამ ის რეზოლუციები ცხოვრებაში არ გატარდეს. მეტსაც გეტყვით: არსებობს გაეროს გენერალური ასამბლეის ორი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეთნიკური წმენდა, ეს არის გენოციდი. ჩვენმა დიპლომატიამ, წარმომადგენლობამ გაეროში არათუ გამოიყენა ეს რეზოლუცია, ირაკლი ალასანიამ ისე გაატარა წლები გაეროს წარმომადგენლობაში, წარმოდგენა არ ჰქონდა და არც იცოდა ამ რეზოლუციების არსებობა. როდესაც მე ამის შესახებ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, შემეკამათა, დაიმახსოვრა და როგორც კი მინისტრი გახდა, ჩემი შვილი სამსახურიდან გამოაგდო. ასე რომ, გენერალურ ასამბლეებზე რა ხდება, ეს უკვე ჩემთვის საინტერესო არ არის. უშიშროების საბჭო უკვე სხვა არის და იქ მიღებული რეზოლუციები ცხოვრებაში ტარდება.

_ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

_ რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას, დიდი ხანია, ჩვენი წარმომადგენლების გამოსვლებს აღარ ვკითხულობ და აღარც თვალს ვადევნებ. ჩემთვის საინტერესო იყო დონალდ ტრამპის გამოსვლა. ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველოდები ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლის საპასუხო გამოსვლას. კიმ ჩენ ინმა უკვე გააკეთა საპასუხო განცხადება, სხვათა შორის, ძალიან საშიში _ ამ გამოპრუტუნებულ ბერიკაცს ძალით შევაჩერებ და ჭკუაზე მოვიყვანო, _ ტრამპის მისამართით თქვა. ეს უფრო საინტერესოა! ჩვენ ეს თანამდებობები გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის შედეგიანი მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით ვამბობ სიტყვას _ შედეგიანი, თორემ იცით, რამდენი მხარდაჭერა გვაქვს?! ერთ ბიბლიოთეკას გაავსებს და უკანასკნელი თუ გნებავთ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, პენსის განცხადებებია, რომ ისინი ჩვენ გვერდით დგანან, მაგრამ ჩვენთვის, კვირიკაშვილისა და მთავრობისთვის უფრო საყურადღებო უნდა იყოს ის ფაქტი, რაც ამ დღეებში გახდა ცნობილი _ ვიზალიბერალიზაციის შედეგად ჩვენი რამდენი ათასი მოქალაქე დარჩა ევროპაში, რამდენი ათასი უკან გამოაბრუნეს და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს რეიტინგზე, გავლენაზე, ეს ფაქტი რამდენად გვაშორებს ევროპისგან?! კი არ გვაახლოებს, არამედ, გვაშორებს! ეს უფრო საინტერესოა! კვირიკაშვილი რას ილაპარაკებს იქ ნახევრად ცარიელ დარბაზში, ეს აღარ არის საინტერესო, ისევე როგორც რას ლაპარაკობდნენ ჩვენი წარმომადგენლები „ნაციონალების“ და თუნდაც შევარდნაძის დროს. თუმცა შევარდნაძეს ჭკუა ეყო და ბოიკოტი გამოუცხადა, თვითონ აღარ დადიოდა გენერალურ ასამბლეებზე და საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიდა. სწორი იყო შევარდნაძე, ამიტომ ეს არის კომუფლიაჟური თანამდებობები, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. რასაკვირველია, კვირიკაშვილს უნდა, რომ ბერკეტები ჰქონდეს, რომელსაც ცხოვრებაში გაატარებს, მაგრამ როდესაც ჩვენი მოქალაქე ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, ვერც გაერომ, ვერც ეუთომ იმასაც კი ვერ მიაღწია, რომ მკვლელი, რომელიც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო გადმოსული, დაეპატიმრებინათ და ჩვენთვის გადმოეცათ. დღეს გაერო უკვე კასტრირებულია, ტრამპმა კი შეცვალა თავისი პოზიცია და თქვა, რომ გაეროს დავეხმარებიო, მაგრამ მაინც საყვედურებით აავსო, _ თქვენ დიდ ბიუროკრატიულ აპარატად იქეცითო. გაერო თანდათანობით ემსგავსება ერთა ლიგას, იმპოტენტ ორგანიზაციას, სადაც უშიშროების საბჭო ჩინეთისა და რუსეთის გამო იღებს უსუსურ განცხადებებს, რასაც ვეტოს არ დაადებს არც რუსეთი და არც ჩინეთი. სანამ არსებობს ვეტოს წესი, გაერო რეალურად სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებს. როგორც თავის დროზე ერთა ლიგამ ვერაფერი გააკეთა, როდესაც იტალია შევარდა და ეთიოპია დაიპყრო; როდესაც იაპონიამ მანჯურია დაიპყრო; ასეა დღესაც და გაერო ვერაფერს აკეთებს! რასაკვირველია, ხელისუფლებას აწყობს თქვას, რომ ჩვენ გაეროს მეშვეობით ჟენევის ფორმატი გვაქვს და ვხვდებითო, მაგრამ ისევ ისე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და აფხაზეთი და „ოსეთი“ უკვე გულივერის ნაბიჯებით გვშორდება. მოდის, იზრდება თაობა, რომელიც ერთხელაც არ იქნება თბილისში ნამყოფი, მისთვის საქართველო უცხო ქვეყანა ხდება, რომელიც მათ დაპყრობას ცდილობდა და რუსეთის დახმარებით ვერ დაიპყრო. ასეთია რეალობა და დანარჩენი უკვე დიპლომატიური თამაშებია! ნახევარი საუკუნეა, ამ სფეროს მეცნიერულად ვსწავლობ და ამიტომ, როგორც გითხარით, ეს უკვე ჩემს ინტერესს აღარ წარმოადგენს!

თამარ ბატიაშვილი