სოსო და მისი რაზმი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი კორუფციასთან ბრძოლაა და ამისთვის სწორედ საგანგებო ანტიკორუფციული სააგენტოც არსებობს, ძველი, შევარდნაძისეული მენტალური პრობლემა აქ კვლავ ბობოქრობს. როგორ? რატომ? საიდან?

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა აღნიშნულ სამსახურებში მოღვაწე მისი თანამშრომლების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვითაც თავისუფლად შეიძლება.

პერიფერიებში დასაქმებული სუს-ის მაღალჩინოსნების ქონებაც და საცხოვრებელი სახლების ფასადიც 2014 წლის მერე დღითი დღე იცვლება.

კერძოდ, მათი ოჯახის წევრებს ახალი ბიზნესები უჩნდებათ, მათი ოჯახის ახლობლები მაღალანაზღაურებად სამსახურებში საქმდებიან და ა. შ.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სუს-ის ე. წ. ტიპებს, იმის გარდა, რომ ბიზნესმენებისგან სოლიდური „გრევიც“ მოსდით, ასევე აქვთ ჯიბის ფულისთვის გადადებული შავი საქმეებიც, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის სქემაა.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა კანონით განისაზღვრება. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტებშივე არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მოქალაქეების ჯარში გაწვევას უზრუნველყოფენ. იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელს არ სურს, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადოს, საქართველოს კანონი საშუალებას აძლევს, იგი თანხის ანაზღაურების მიხედვით გადაავადოს. თუმცა ამის გარდა არსებობს ე. წ. გეგმა და მუნიციპალიტეტის ეს სამსახურები ამ გეგმის მიხედვით მუშაობენ. შესაბამისად, შესაძლებელია, ჯარში წაყვანა, უბრალოდ, რაღაც პერიოდით გადასახადის გადახდის გარეშეც გადაიდოს, თუ ამას სამსახური გაითვალისწინებს.

სამწუხაროდ, საქართველოში ცნობილი ფაქტია, რომ ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა (განსაკუთრებით აზერბაიჯანელები), ვერც ქართულ სასაუბრო ენას ფლობს და, შესაბამისად, არც წერა-კითხვა იცის. ამავე სოფლებში სჯერათ, რომ ხელზე ფულის მიცემით ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი. სტატისტიკით დგინდება, რომ კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანულ სოფლებში როგორც არ იციან სახელმწიფო ენა, ასევე არ იციან კანონმდებლობა, მოსახლეობის უმეტესობა კი განსაკუთრებულად უფრთხის ჯარში წაყვანას. ეს მანკიერი მხარე გასული საუკუნის გადმონაშთია, შევარდნაძისეული ეპოქის სამახსოვროდ. აზერბაიჯანელების ცნობიერებაში კორუფცია ისევ ბინადრობს. ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ კორუფციით გატაცებულმა ჩინოვნიკებმა ფულის აღება დაიწყონ.

საქართველოში კორუფცია საგანგებოდ ისჯება და მრავალწლიან პატიმრობას ნიშნავს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიღწევა კორუფციის აღმოფხვრა იყო, რამაც სახელმწიფო მწყობრში მოიყვანა და ქვეყნის ბიუჯეტიც შესაბამისად შეივსო. დღეს დიდი გამოცანა არ სჭირდება, რომ კორუფცია, უბრალოდ, ისევ მოდაშია. მთავარია, იყოს ფული, საიდან და როგორ, ამას გზა უჩვენებს.

 

ახლა კი „ქრონიკა+“-ის ერთ-ერთი რესპონდენტის ამბავს გავიგებთ, სადაც აღმოვაჩენთ, რომ ფულის აღება სახელმწიფო უწყებებისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, არადა, ისინი თავად უნდა დასდევდნენ კორუფციის კერებს და აღკვეთდნენ მას:

_ უკითხავს ვინმეს თქვენთვის კახეთში არსებული სოფლებიდან: ყარაჯალიდან, კაბალიდან, იორმუღანლოს 6 სოფლიდან, ასეთი დიდი დასახლებებიდან, რამდენი ადამიანი მიდის ჯარში, საერთოდ?

_ არა, ჩემთვის არ უკითხავთ.

_ ან ვინ უნდა გკითხოთ? სტატისტიკის დეპარტამენტი ამ თემით არც კი დაინტერესებულა. გასაგებია, რომ კანონით მათ შეუძლიათ გადაავადონ და ა. შ ასევე შეუძლიათ ისწავლონ და ამ პერიოდში ჯარი აღარ მოიხადონ. ხომ იყო ის დრო, ინსტიტუტებში შვილებს იმიტომ აწყობდნენ, რომ ჯარში აღარ წაეყვანათ, სამაგიეროდ, სამხედრო ბილეთი უნდოდათ. ამისთვის კი სამხედრო კათედრა არსებობდა, რომელიც ჯარის მაგივრობას უწევდა. რეალურად ეს ყველაფერი მაშინ ფულით იხარშებოდა და სხვადასხვა ერთეულ ინსტანციაში ნაწილდებოდა. მერე ყველაფერი შეიცვალა და ერთ სივრცეში მოექცა. უფრო კონკრეტულად ის მახინჯი სისტემა გაქრა, სამხედრო კათედრები გაუქმდა. არ გინდა ჯარში წასვლა? ამისთვის დადგენილი თანხა არსებობს რაღაც პერიოდით და იმას გადაიხდი. ახლა, პრაქტიკულად, ყველაფერი მოშლილია. ქეში უფრო ჭრის, ვიდრე ოფიციალური ქვითარი.

_ მთავარი ამოცანაც ესაა, თუ კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა შევიტანოთ და ისე ავირიდოთ სამხედრო სამსახური, როგორ უნდა გადავიხადოთ ქეში, ეს ვერ გავიგე?!

_ რა თქმა უნდა, ყველა არ იხდის ამ ქეშს, ანუ ფულს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კანონის შესაბამისად იქცევა, მაგრამ არის მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, სადაც განათლების დონე ძალიან დაბალია, საერთოდ არ არსებობს, სადაც სახელმწიფოებრივ წყობას ვერ გრძნობენ და მიაჩნიათ, რომ ჯარი არათუ სახელმწიფო ვალდებულება, არამედ ჯოჯოხეთია. ეს წარმოდგენა მათ, დაახლოებით, 17-20 წლის წინათ ჩამოუყალიბდათ. სამაგიეროდ, მათი აზრით, ასეთი პრობლემის მოგვარება ფულის გადახდით შეიძლება. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და ისინიც ასე ანათებენ და იხდიან.

_ ვის უხდიან?

_ სუს-ის თანამშრომლებს, რომლებსაც სწორედ ასეთი ზონები აქვთ გადანაწილებული, მათთან მოლაპარაკებები აქვთ და უხდიან, მერე ისინი როგორ აგვარებენ, ეს სხვა საკითხია, თუმცა ჯარში ვიღაცები აღარ მიჰყავთ. ეს ხდება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. ამ შემთხვევაში კახეთზეა საუბარი. კახეთის იქით რა ხდება, არ ვიცი.

_ საკმაოდ მძიმე ბრალდებაა.

_ დიახ და ასევე საკმაოდ ცნობილი და გახმაურებული ფაქტიც. იმ სოფლებთან მჭიდრო ურთიერთობა რომ გქონდეთ, ამას ჩვეულებრივად გაიგებდით.

_ სახელმწიფო თუ ერევა კორუფციის აღმოფხვრაში?!

_ სახელმწიფოში ვინც ამას უნდა აწესრიგებდეს, ის სჩადიან დანაშაულს.

 

ჩვენი ეს საუბარი „ქრონიკა+“-სა და ერთ-ერთ საჯარო მოხელეს შორის შედგა. ბუნებრივია, მის კონფიდენციალურობას ვინახავთ.

ახლა კი მეორე უმთავრესი საკითხი, რაზედაც ჩვენი ჩიტი არაერთხელ გვესაუბრა.

სოსო გოგაშვილს შემოდგომიდან სწორედ კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს კურირება ჩამოერთვა. გომელაურის გადაწყვეტილებით ეს მიმართულება სხვა მოადგილეს ჩაბარდა. როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო იუწყებოდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გოგაშვილის მიერ შერჩეული კადრები იყო, რომელთაც თავი ვერ გაართვეს და ანტიკორუფციული მიმართულებით ვერ იმუშავეს. საბოლოოდ კი, როგორც ირკვევა, ძირითადი კამათი სოსოს კადრებს ეხებოდა, რადგან სოსოს კადრები არათუ ხელს უშლიდნენ კორუფციულ სქემებს, არამედ პირიქით, კორუფციას აყვავებდნენ და თავად ითბობდნენ ხელს.

ისმის კითხვა, _ რა ხდება?!

რა ინტერესი აქვს გოგაშვილს ისეთი, რომ მისი რეკომენდაციით მოსული თანამშრომლები უკუღმა მუშაობენ?! უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით იმ პირთა გვარ-სახელებს არ ვასახელებთ, რომლებიც აღნიშნულ გარიგებებში არიან შემჩნეულები… თუმცა ფაქტი ჯიუტია!

გოგაშვილის ჩახსნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ეს გარემოება იყო. მისმა კადრებმა შეძლეს და კახეთში 90-იანი წლების საქართველო გააცოცხლეს.

გომელაურს მივმართავთ, _ გაინტერესებთ, რა ხდება? შექმენით ცალკე, განსაკუთრებული სამუშაო ჯგუფი, ეწვიეთ კახეთს და თქვენთვის ყველაფერი ნათელი იქნება.

კანონი კი უნდა აღასრულოთ!

სამშაბათამდე, სოსო!

 

მაკა მოსიაშვილი