სოსო, არ შევცვლი ჩემს ჩვენებას!

586 წლის წინათ, 1431 წლის 30 მაისს, საფრანგეთში 19 წლის ჟანა დ’არკი კოცონზე დაწვეს. სიკვდილის წინ ჟანა დ’არკმა თქვა: თუნდაც ასო-ასო ამკუწოთ და სული ამომართვათ, მაშინაც არ შევცვლი ჩემს ჩვენებას, რადგან მე რომ სხვა ვთქვა, ყოველთვის იქნება საბაბი დამცირებისა, რომ სიტყვა გადამათქმევინეს.

რატომ დავიწყე დღევანდელი წერილი ჟანა დ’არკით?! მხოლოდ იმიტომ არა, რომ 586 წლის წინათ იგი კოცონზე დაწვეს. არა, იმიტომაც, რომ მის ბოლო სიტყვებს იმაზე მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს შეუძლია ჰქონდეს პრინციპიები.

დასაწყისშივე ვიტყვი:

„არ შევცვლი ჩემს ჩვენებას, რადგან მე რომ სხვა ვთქვა, ყოველთვის იქნება საბაბი დამცირებისა, რომ სიტყვა გადამათქმევინეს“.

დიახ, მე შენზე ვწერ, სოსო, თითქმის ორი წელია, და რამდენმაც არ უნდა წეროს ჩემზე, რა იდეალური გეგმებიც არ უნდა მოგივიდეს თავში, ისევ დავწერ…

სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა. დღეს რომ არ ვთქვა, ხვალ გვიანი იქნება და აღარც შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ გამხილო.

სამი რამ არ უნდა დაკარგოთ: სიმშვიდე, იმედი, ღირსება. დიახ, მე მშვიდად გელოდები და იმედიანად ველოდები იმ დღეს, როცა სახლში წახვალ და ღირსეული მართლმსაჯულება იმსჯელებს შენს „ნაღვაწზე“.

სამი რამ ცხოვრებაში არასდროს არ არის საიმედო: ხელისუფლება, გამართლება, ქონება. ასე რომ, დღეს შენთვის გაისროლა „ავრორამ“, ხვალ აღარც ეს ხელისუფლება იქნება, მეორედ ვეღარ გაგიმართლებს და ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს.

სამი რამ გამოავლენს ადამიანს: შრომა, პატიოსნება, მიღწევები.

შენ შრომას ვერ დაგიკარგავ, ოღონდ არაკეთილსინდისიერს.

შენ შრომობ მხოლოდ იმისთვის, როგორ დაშალო „ქრონიკა+“.

„უმჯობესია, ხალხს შეცდომის ჩადენის ნება მისცე, ვიდრე მათი სიძულვილის საგანი გახდე იმის გამო, რომ, საბოლოო ჯამში, შენ აღმოჩნდი მართალი. ჩვეულებრივ, ხალხი ბევრად უფრო იოლად პატიობს შენს აცილებებს, შეცდომებსა და წარუმატებლობას, ვიდრე შენს წარმატებებსა და მართებულებას. ამავდროულად, საკუთარი შეცდომების დანახვა აუცილებელია, რომ ისევ არ ჩაიდინოთ ისინი.

მეტოქე, რომელიც ეძებს თქვენს შეცდომებს, უფრო სარგებლიანია, ვიდრე მეგობარი, რომელსაც უნდა, დამალოს ისინი“, _ ლეონარდო და ვინჩი.

რაც არ უნდა გავიდეს დრო, არ გინდა აღიარო საკუთარი შეცდომები, რეალურად კი მდგომარეობიდან მაშინ გამოდიხარ, როცა შენს შეცდომებს ასე ხელის გულზე გაჩვენებს ბედი.

„რა სიმაღლეც არ უნდა დაიპყრო, ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რაშიც არცთუ ისე ძლიერი ხარ და ეს რაოდენობრივად ყოველთვის გადააჭარბებს იმას, რაშიც კარგი ხარ. ამიტომ ნუ მისცემთ უფლებას თქვენს ნაკლს, დაგიქვეითოთ თვითშეფასება. დაივიწყეთ მათ შესახებ და განავითარეთ საკუთარი ძლიერი მხარეები“, _ რიჩარდ ბენსონი.

შენი ძლიერი მხარე საკუთარი ავტორიტეტის დანგრევა აღმოჩნდება, სამწუხაროდ.

სოსოს გეგმა

 

გეგმა ღონისძიებათა, მოქმედებათა წინასწარ შემუშავებული სისტემაა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა შესრულების წესს, თანამიმდევრობას, ვადებს. დაგეგმვის პროცესი საწყისი წერტილია. ის მოითხოვს დაგეგმვის შედეგების კონკრეტულ რიცხვებში წარმოდგენას. სტრატეგიული გეგმა გულისხმობს მიზნებისა და მათი მიღწევისათვის საჭირო ქმედებების ჩამოყალიბებას.

 

_ სოსო გოგაშვილის გეგმა მარტივი ამოსახსნელი ამოცანა აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მედიაგამოცემა დაიწყებდა „ქრონიკა+“-ის გუნდზე სტატიების წერას, ეს რედაქციაში ბუნებრივ არეულობას გამოიწვევდა. როგორც ჩემი და სოსოს საერთო ნაცნობი მეუბნება, მთავარი იყო ერთი რამ: მაკა მოსიაშვილის სახელით დაწყებულიყო წერილები, თუმცა ანონსში არ დაკონკრეტებულიყო ელისოს გარდა სხვა არავინ. გეგმა მარტის დასაწყისში დაიწერა. გეგმის მიხედვით, შენი ნებისყოფა ვერ გაუძლებდა შენზე სტატიების გამოქვეყნებას. ამასთან ერთად, სტატიები შენი შვილებისთვისაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

_ კი და ასეც აღმოჩნდა, ანონიმურმა პირმა ის წერილები ჩემს შვილს ჩატში ჩაუყარა, მერე კი ფეისბუქი დაბლოკა და საერთოდ გააუქმა. ვანომ წაიკითხა და მხოლოდ ერთი რამ მითხრა: სოსომ მომაგნო და ნეტა, ის ვერ გაიგო, რომ ხუთ შვილს ერთად გვზრდიო?

_ კი, ეს იყო მთავარი, შეძლებდი თუ არა, რომ შეგეცვალა მიდგომები, ურთიერთობები, ეს ასახულიყო შენს მუშაობაზე და, საბოლოოდ, სამსახური დაგეტოვებინა.

_ და რა მიიღეს?! წააგეს!

_ კი მაგრამ, მარტო ეს არ არის. გეგმის მიხედვით, რედაქციიდან წასულ რამდენიმე ჟურნალისტს, სავარუდოდ, ორს ან სამს, მაქსიმუმ, „ქრონიკა+“-ის მისამართით პრეტენზიები უნდა გამოეთქვა. და მთავარი: მიზანი მიღწეული იქნება მაშინ, როდესაც თქვენ დატოვებთ რედაქციას. და თუ ჟურნალისტები დატოვებენ რედაქციას, მაშინ სოსო თამამად შეუთვლის ბიძინას, _ ბატონო ბიძინა, ხედავთ, მე არაფერ შუაში ვარ, მეფე შიშველია, საკუთარი ჟურნალისტებიც კი გაურბიან კილაძეს. შესაბამისად, ჩემზე შექმნილი მითები მხოლოდ მითებია.

_ მაგრამ ჯერ ხომ რედაქციაში ვარ?..

_ „ქრონიკა+“-ზე წერილი იქნება კიდევ 2, ან 3, მერე კი არასამთავრობო სექტორი დაიძრება, როგორც გითხარი, და ისინი გადაიბარებენ გეგმას.

 

მე კი მაინც მგონია, რომ ხარჩილავამ როგორი სანჩო პანსაც არ უნდა მიწოდოს, ჩემს წერილს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ვახტანგის ეპისტოლეს. „რეპორტიორის“ ყველა წერილი უხმაუროდ დავტოვე, მხოლოდ ერთი ვთქვი, _ მე რომ მომწვდნენ, სიმაღლე არაა საჭირო, სიბრძნეა. ჩემი შეცდომები არასდროს დამიმალავს, არც ხვალ დავმალავ, თუ შევცდები. ჩემი სიმდიდრის _ ჩემი შვილების განმკარგველი მე ვარ. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემს შვილებთან, ბავშვებთან დაიწყებენ საუბარს და ამით მე გამწევენ, შეცდომა იქნება, რადგან მათ ჩემი ყველა წერილი და ყოველი ნაბიჯი იციან.

„ყველა „კარგი პერიოდი“ ყოველთვის არის შედეგი თქვენი დაუღალავი შრომისა და წარსულში მუდმივი თვითგანწირვის. ის, რასაც აკეთებთ დღეს, თქვენს ხვალინდელ ცხოვრებას მოიტანს შედეგად. თუ გსურთ ხვალაც მიიღოთ ნაყოფი, დათესეთ ყოველდღე! თუკი ოდნავ მაინც მოადუნებთ კონცენტრაციას, მაშინვე ჩასრიალდებით უკან“, _ ამბობს დოლანდ ტრამპი.

მე უკან ჩასრიალებისთვის არ გავჩენილვარ, პირიქით, განსხვავებით სოსოსგან, მეტი ამბიცია და მაღალი ზნეობრივი მიზნები მაქვს.

განსხვავებით სოსოსგან, არასდროს ვაკნინებ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვაწლი აქვთ ჩემ მიმართ. არასდროს ვიცინი მათ „ახირებებზე“. მე არა, მაგრამ, როგორც მითხრეს, წინა კვირას სოსოს უთქვამს, _ ისე დამღალა ბიძინამ, ლამის, მამაჩემის კაკლის ხე ჩემი ხელით ჩამოვუტანოო.

 

_ გოგაშვილის მთავარი მოტივაცია რა არის?

_ სოსო ერთი ჩვეულებრივი წარუმატებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, დაიბოღმოს. გინება ნაკლებად აღელვებს, უფრო მეტად ცინიზმზეა აჭრილი, ასე უხეშად რომ ვთქვათ.

_ ცინიზმი, თუ როცა დასცინიან?

_ კი, თუ დასცინიან. ვერ იტანს თქვენს რედაქციაში თორნიკეს, საკუთარი თვალით ათვალიერებს მის ყველა პოსტს, ყველა კომენტარს და განსაკუთრებულად აღიზიანებს ე. წ. რასელ ჯი ჯი, იგივე თორნიკე. ცუდად იცის დამახსოვრება. როდის რა მოელანდება და მოესურვება, არავინ იცის. სოსოს ბოლო შეხვედრა უჩა მამაცაშვილთან იცით, როგორ დასრულდა?

_ როგორ?

_ ბიძინას კატეგორიული მოთხოვნაა, გოგაშვილის ოჯახის წევრებმა დაუყოვნებლივ დატოვონ გაზისა და ნავთობის კორპორაცია. ამ თემაზე ივანიშვილს თავად კახი კალაძესთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც ივანიშვილმა უმკაცრესად მოითხოვა პასუხები და პირად კონტროლზე აიყვანა ეს თემა. ძალიან მალე უფრო მეტად ცნობილი გახდება კიდევ ერთი თემა.

_ რა თემა?

_ არა მარტო გაზის კორპორაცია, არამედ არსებობს მეორე შემოსავლის წყაროც. ხომ გაქვს მუდამ კითხვა, _ საიდან სოსოს ამდენი ფული? საიდან და ენერგოდისტრიბუციებიდან.

სხვადასხვა რეგიონში საკუთარი კადრები ჰყავს დანიშნული და ყველა რეგიონისა თუ რაიონის ენერგომომსახურების საშემოსავლო სამსახურებიდან მისდის თანხა.

_ რა თანხა, ვერ მივხვდი?

_ „ლევი“ თანხა.

_ როგორ უნდა აიღოს „ლევი“ თანხა?

_ გეტყვი, რაც ზუსტად ვიცი: 98 კილოვატს 16.5 ლარზე უანგარიშებენ  12.8 ნაცვლად, ნაშთი კი ვიღაცებისთვის ნაწილდება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გოგაშვილია.

_ ე. ი. სოსოს „ლევი“ შემოსავალი სწორედ ენერგოდისტრიბუციის წყალობით აქვს.

_ კი, ასე გამოდის და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა გაიგო. გაგიკვირდება და არსებობს ეჭვი, რომ თავად გომელაურმა მიუტანა ამბავი ივანიშვილს.

_ ხელს რაღა უშლით, ვერ ვხვდები?

_ არ ვიცი, ხელს რა უშლით, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ გოგაშვილის თავდაცვაში გადაყვანის დღეები ახლოვდება. მისი ცოლის ნათესავების სამსახურებიდან განთავისუფლებაც მალე დაიწყება. ხო, კიდევ, არჩევნებში, წინა წლებისგან განსხვავებით, სოსოს არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. იცი, შენ, თელავში, მაგალითად, ადგილობრივი არჩევნებისთვის მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი სიძე ჰყავდა გათვალისწინებული, სოსო კევლიშვილი, რეკომენდაციაც გაუწია, მაგრამ სწორედ ბიძინასთან ამ თემებზე საუბრის შემდეგ სოსო კევლიშვილი საერთოდ გაქრა მაჟორიტართა სიიდან. დღეს უკვე სერიოზული ბრძოლებია.

_ ე. ი. გოგაშვილი უკვე „შიშველია“, მისი საქმიანობა ბოლომდე გაშიფრულია.

_ კი, ასეა.

 

მაკა მოსიაშვილი