სოსოს ცოლის ნათესავები

ნეპოტიზმი _ ლათინურად nepos, ნათესაობით ბრუნვაში nepotis _ შვილიშვილი, შთამომავალი: 1. რომის პაპების მიერ შემოსავლიანი თანამდებობების, უმაღლესი სასულიერო წოდებებისა და მიწების ნათესავებისთვის დარიგება, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული მე-15-16 სს-ებში; ამ გზით ამაღლდნენ პაპის სანათესავოდან შემდგომში ძლევამოსილი გვარები (ბორგეზე, ლუდოვიზი, ბორჯია და სხვები). 2. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ნეპოტიზმი გულისხმობს თანამდებობების დაკავებას, უპირატესად, ნათესავების მიერ საერთო და სამართლიანი წესრიგის საწინააღმდეგოდ.

ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის?“ რაზეც ნადირაშვილმა უპასუხა, რომ ეს „კახური სიბრძნეა“ და ის ამ „სიბრძნეს“ იცნობს. ცოტა არამართებულია… რადგან ეს ნამდვილად არათუ კახური, არამედ ქიზიყური სიბრძნეა და, ბუნებრივია, ქიზიყელებში მარადიულად გვხვდება.

დღევანდელი ჩვენი თემაც სწორედ ნათესავები არიან, ოღონდ, სოსოს ცოლის ნათესავები…

შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2006 წლის 21 მარტს 100%-იანი სახელმწიფო წილით დაფუძნდა. კორპორაციის საწესდებო კაპიტალში, რომელიც 166 021 192 ლარს შეადგენს, შევიდა „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“, სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა“ და სს „საქნავთობის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები.

კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ნავთობისა და გაზის რესურსების დაძიება, მათი ათვისება, მოპოვება, ამ სამუშაოთა დაპროექტება, ასევე ნავთობისა და გაზის, მათი პროდუქტების საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების, ტრანზიტის, ექსპორტის, იმპორტის, შენახვის, მომზადების, გადამუშავების, რეალიზაციისა და მარკეტინგის ოპერაციების წარმოება;

საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენების სისტემის, გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია; მათი აღდგენა და ახლით შეცვლა; ახალი მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების დაპროექტება და მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება;

აგრეთვე, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და კომუნალური ობიექტების, საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა; კასპიის ზღვის აუზის, ასევე, სხვა წარმოშობის მქონე ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ყველაზე ძლიერი სახელმწიფო შპს-ა, სადაც სოლიდური ბიუჯეტი და არნახული თანხის ბრუნვაა.

2012 წლის მერე შესამჩნევი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დიდი აქტივისტები და ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრები სწორედ ამ კორპორაციაში იწყებენ მუშაობას, სადაც მათ სოლიდური ხელფასები აქვთ…

თუმცა ირაკლი წარსულს ჩაბარდა, სამაგიეროდ, ქიზიყიდან დაგვრჩა სოსო.

იოსებ-სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი წარსულში სად მუშაობდა, ჩვენთვის უცნობია, თუმცა  მარტყოფლიშვილი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მთავარი სპეციალისტი იყო 2014 წელს, ხოლო 2016 წელს გოგაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედაა მითითებული.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი. როგორც ცნობილია, გოგაშვილს სახელმწიფო შპს-ში მხოლოდ მისი მეუღლე არ დაუსაქმებია, მაგალითად, თეა მარტყოფლიშვილის და – ქეთევანი 2012 წლის მერე სწორედ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლად გვევლინება.

მაგრამ მხოლოდ ცოლის ერთი ნათესავით არ შემოიფარგლება გოგაშვილი _ გიორგი ხელაშვილი იოსებ გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის ვაჟია. წარსულში ხელაშვილი კომპანია „თბილი სახლის“ თანამშრომელი იყო, თუმცა 2014 წლის შემდეგ ის უკვე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში იწყებს მუშაობას.

ე. ი. გოგაშვილის მეუღლე, მეუღლის და, და მეუღლის დისშვილი, სწორედ, 2012 წლის შემდეგ გახდნენ კვალიფიციური კადრები, რომელთა მიღებაზეც უარი ვერ თქვა ისეთმა დიდმა კომპანიამ, როგორიც არის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“…

რეალურად კი, როცა ვამბობთ, რა ხდება, რატომ მიდის ქვეყანა უკან, სწორედ უმთავრესი მიზეზი გვავიწყდება… _ პოლიტიკური გავლენა!

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი სტანდარტი!

არაეფექტიანი მართვის პრინციპები!

სწორედ ამ საკითხებიდან გამომდინარე იმართება ქვეყანა, რომელიც სახელმწიფო საწარმოებს განსაკუთრებით აწუხებს.

სახელმწიფო კომპანიები პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არიან, რაც იმით გამოიხატება, რომ ამ კომპანიებში თანამდებობებზე მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებული პირები ინიშნებიან. ამის ნათელი მაგალითი გოგაშვილის ოჯახია. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, თეა მარტყოფლიშვილი, გიორგი ხელაშვილი და ქეთევან მარტყოფლიშვილი ერთსა და იმავე მისამართზე ცხოვრობენ და ერთი ოჯახის წევრები არიან. ფაქტია, გასულ წლებში მათ ამ კომპანიებში არ უმუშავიათ, მათი მუშაობის დაწყება კი გოგაშვილის დაწინაურებას უკავშირდება.

სახელმწიფო კომპანიებში: „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, „საქართველოს რკინიგზა“, _ ეს ის კომპანიებია, სადაც გოგაშვილის მაგვარად ჩინოვნიკების ახლობლები, ნათესავები, ცოლეურები თუ მძახლები „შრომობენ“. რამდენად არის მოსახლეობა ამ კომპანიების მუშაობით კმაყოფილი, ეს თავად განსაჯოს.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მოგების განაწილების წესს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი კომისია ადგენს, რომელშიც 4 სამინისტრო შედის და რომელიც 2013 წლის შემდეგ არ შეკრებილა. ასე რომ, ვინ იგებს _ სახელმწიფო თუ გოგაშვილი? _ ამას მომავალი გვიჩვენებს. გასულ წელს „გამჭვირვალობა საქართველომ“ რეკომენდაციით მიმართა სახელმწიფოს,

არსებობდეს პირდაპირი მიმართება სახელმწიფო საწარმოებსა და პარლამენტს შორის, რომ საწარმოები ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე. უნდა არსებობდეს ერთი მაკოორდინებელი ორგანო,

უნდა გაიწეროს სახელმწიფო საწარმოს ეთიკის კოდექსი

საკანონმდებლო დონეზე, უნდა დარეგულირდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისთვის,

ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრინციპები სრულად უნდა გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოებზე,

სახელმწიფო საწარმოებმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ სოციალური, ეკოლოგიური და სახელფასო პოლიტიკა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოები უნდა დაკომპლექტდეს გამჭვირვალე და მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით.

თუმცა რეკომენდაცია რეკომენდაციად დარჩა.

ჩემი სუსელი მეგობები მეუბნებიან, რომ გოგაშვილის ოჯახის ყველა წევრი: შვილები, რძალი, სიძე, ოთხივე ცოლისდა, ქვისლები და ცოლისძმაც, ანუ სიდედრის გარდა, ყველა სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიაშია გადანაწილებულია სამუშაოდ. რაც შეეხება სოსო გოგაშვილის დას, ის ერთ-ერთ სკოლაში უკვე დიდი ხანია, მასწავლებლად მუშაობს და მას ძმის რეკომენდაცია, როგორც ჩანს, არ დასჭირვებია.

ქიზიყში კი ამბობენ ხოლმე: როგორც რუსთავი _ ქალაქებში, „მოსკვიჩი“ _ მანქანებში, ისე სიძე და რძალი ნათესავებში არ ითვლებიანო…

სოსო ბატონო, როცა სუს-ის უფროსის მოადგილე აღარ იქნებით, მოყვრებზე მერე ვისაუბროთ…

მაკა მოსიაშვილი