სკანდალი POSTV-ის გარშემო: „მალე ყველა ალაპარაკდება“

არეულობა და დიდი ალიაქოთია სამთავრობო მედიაში. კერძოდ, „ქრონიკა+“-ს წყარო უყვება, რომ ტელეკომპანია POSTV-ში თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლება დაიწყო, თან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ტელეკომპანიის ოპერატორები გაიფიცნენ და ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში არ მივიდნენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვდნენ და ორკვირიანი პროტესტის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ სამსახურში, თუმცა ეს არ არის ის ყველაფერი, რაც შემდეგ დაიწყო…

„ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ მოინდომა, რადგან ის დღემდე მუშაობს ტელეკომპანია POSTV-ში. მან გადაწყვიტა მოეყოლა იმ შიდა დაპირისპირების შესახებ, რაც ხდება ხსენებულ კომპანიაში.

მისივე თქმით, არხიდან ცნობილი და ძველი სახეები გაუშვეს, მათ სიაში მოხვდნენ შალვა რამიშვილის მეგობრებიც. „რამიშვილი რომ ერთგულ ადამიანებს არ აფასებს და თვითონაც დიდად არ გამოირჩევა ამ თვისებით, ეს ახალი არ არის, მაგრამ თუ ამ ადამიანებს გაწირავდა, ნამდვილად არ მეგონა“, _ გვითხრა წყარომ.
ყველაზე საოცრება ის ყოფილა, რომ თვით შალვა რამიშვილი და მისი გარემოცვა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თურმე, ფეისბუქ-სტატუსებს. როგორც წყარო გვიყვება, თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, საკუთარი აზრი საჯაროდ გამოხატონ.
„ერთხელ მახსოვს, ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საკუთარი აზრი გამოთქვა, ნამახვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პროდუქტების გაძვირების თემაზე. თქვენ არ იცით, იქ რა მოხდა! _ უმკაცრესი გაფრთხილება მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სამსახურიდან გაუშვებდნენ. შესაბამისად, ყველა დაშინებულია, რომ ამ გაჭირვებულ დროს სამსახური არ დაკარგოს. ფეისბუქ-სტატუსები არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას, პოლიტიკურ ფიგურებს, მაგრამ თუ ოპოზიციას ჩადებ მიწაში, პრობლემა არაა“, _ გვიყვება წყარო.

ანონიმური წყარო:

_არეულობა ტელევიზიაში დიდი ხანია, დაწყებულია. ბევრი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან სრულიად უსამართლოდ. ვინ რატომ დუმს, არ ვიცი, თუმცა ძალიან მალე ყველა ხმამაღლა ალაპარაკდება. ზოგი ისევ უკან დააბრუნეს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი იყო ბაბი კირკიტაძე, რომელმაც POSTV-ის ერთ-ერთ დირექტორ გიორგი შენგელია-გიუნტერზე თქვა, რომ ყ…აო, რასაც მოყვა ძალიან დიდი ჩხუბი, რომელიც ბაბის სამსახურიდან გაშვებით დაგვირგვინდა… გარკვეული პერიოდი ბაბის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ ტელევიზიის ეზოშიც კი შემოედგა ფეხი. სწორედ, ამ ყველაფრის შემდეგ ის ისევ დაბრუნდა ტელევიზიაში, ოღონდ შალვა რამიშვილის მეშვეობით. როგორ მოახერხა ეს, ამას ვერ გეტყვით…
ახლა დადასტურებული ინფორმაციით ვიცი, რომ გადაცემას აკეთებს, თუმცა ბაბი ოფიციალურად და იურიდიულად საბუთებით მაინც არ არის გაფორმებული. ასევე მოხდა რობერტო მავანის შემთხვევაშიც; ლევან კვარაცხელიაც გააგდეს ტელევიზიიდან.

_ თუ ტელევიზიის ფინანსურ დირექტორს შეაგინა და ეს მის ყურამდეც მივიდა, შალვა რამიშვილმა როგორ დააბრუნა ისევ სამსახურში?

_ როგორც ჩანს, შალვასთან ისეთი საიდუმლო აკავშირებს, რომ რამიშვილს ნამდვილად არ აწყობს, მან ხმამაღლა და საჯაროდ დაიწყოს საუბარი. არ აწყობს შალვას, მასზე კომპრომატები გამოაქვეყნოს. მე ასე ვფიქრობ.

_ რა კომპრომატებზეა საუბარი?

_ არ ვიცი, უბრალოდ, ასე ვფიქრობ.

_ ლევან კვარაცხელია (რობერტო მავანი) რა მიზეზით გაუშვეს სამსახურიდან?

_ რობერტო მავანისაც ჩხუბი მოუვიდა და ძალიან შეურაცხმყოფელი საუბარი ჰქონდათ.

_ ვის და ვის მოუვიდათ ჩხუბი?

_ შალვა რამიშვილსა და ლევან კვარაცხელიას. სამსახურიდან გაგდების შემდეგ ისევ დააბრუნეს, მაგრამ, როგორც ვიცი, მას უკვე აღარ უღირდა იქ ყოფნა და წამოვიდა.

_ ჩხუბი რაზე მოუვიდათ? როგორც ვიცი, მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და საკმაოდ კარგადაც უგებდნენ ერთმანეთს. რაზე ვერ შეთანხმდნენ, ხომ არ იცით?

_ ახალი გადაცემა გააკეთა, რომელიც აღარ უნდოდათ და ასევე ხელფასებზე იყო საუბარი, თუმცა დეტალები არ ვიცი. ფაქტი რაც იყო, ის მოგიყევით. ანუ შალვა რამიშვილს მარტო ის უნდა, რომ გახვიდე ქუჩაში, აიღო მიკროფონი და ადამიანებმა დაგაბულინგონ, დაგცინონ და ამით დადოს რეიტინგი. ამ ყველაფრით ის კმაყოფილია. გადაცემა დაუხურეს სალომე კაპანაძეს, რომელსაც მიჰყავდა „სალომეს ბომბები“. შალვამ პირდაპირ უთხრა: წადი, კაცებს მოუტ…ნი კარგის ტ…კი და ისე იშოვე სამსახურიო.

_ ხელფასებს აგვიანებენ?

_ ხელფასებს ნამდვილად არ აგვიანებენ. იგივე მოხდა მერიკო კარტოზიაზეც.

_ მერიკო ხომ მუშაობს და მიჰყავს საავტორო გადაცემა?

_ დიახ, მუშაობს, თუმცა ის იყო „ნოეს შოუს“, „გიორგი გაბუნიას შოუს“, გადაცემების „ჯიმი არა ჩუს“ და „მეგობრობის დღიურის“, ნინო ადამაშვილის პროდიუსერი, მაგრამ ზვიო ბლიაძესთან დაპირისპირების შემდეგ მერიკო კარტოზია ჩახსნეს ყველა პროექტიდან და დაუტოვეს მხოლოდ თავისი საავტორო გადაცემა. ვფიქრობ, ისიც იმიტომ, რომ არ გამოსულიყო საჯაროდ და ხმამაღლა არ დაეწყო შიდა სამზარეულოზე საუბარი. მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან ბევრს აქვს უამრავ რაღაცაზე სათქმელი, ზოგი იძულებულია, გაჩუმდეს, რადგან სამსახური არ დაკარგოს, ხოლო ვინც დაკარგა ან მალე დაკარგავს, აუცილებლად ილაპრაკებს ხმამაღლა იქ გამეფებულ უსამართლობაზე.
გადაცემის წამყვანებს ისე ხსნიან და ანაცვლებენ სხვა გადაცემებში, რომ მიზეზსაც არავინ არავის ეუბნება. ჯაბა კილაძე „დილაში“ იჯდა, შემდეგ სრულიად მოულოდნელად სხვა გადაცემაში გადაიყვანეს, წინასწარაც არ გააფრთხილეს, გაგიჟებული იყო. ასევე გაუშვეს კახა შარტავა, დათუნა გელაძე („ჩელე“), თამუნა მუსერიძე საერთოდ მოტეხეს, როგორც ვიცი, ერთი თვის ხელფასიც არ მიუციათ. რავი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.

_ რატომ გაცხრილეს ხალხი ასე მასობრივად, თუნდაც სხვა გადაცემებში რატომ გადაანაწილეს?

_ არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ… ფულს რომ იშოვიან, მერე ავიწყდებათ მეგობრობა, კოლეგიალურობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

_ ნინო ადამაშვილიც ახსენეთ და მას რატომ დაუხურეს გადაცემა? რა მოხდა?

_ ნინო ადამაშვილი სისტემატურად იყო ბულინგის მსხვერპლი თვითონ ზვიო ბლიაძისგან (პროდიუსერი). მათ შორის რომ დაიძაბა მდგომარეობა, ზვიომ ყველაფერი შალვა რამიშვილს გადააბრალა, _ რაც ხდება, ყველაფერი შალვასგან მომდინარეობსო. ასევე, როგორც ვიცი, ნინოს ხელფასი არ მოუმატეს და გარდა ამისა, მეორე გადაცემის გაკეთებაზე იყო საუბარი, რაზედაც მან უარი მიიღო.
_ ვინ უთხრა უარი?
_ როგორც ზვიომ ნინოს უთხრა, ის დაელაპარაკა შალვას, მიიღო თანხმობა, თუმცა ორ დღეში შალვა ურეკავს და ეუბნება, რომ რამდენჯერაც დავთვრები, იმდენჯერ ახალ გადაცემას ხომ არ დავიწყებო? ზვიადმა ნინოს უთხრა, რომ მან ზევიდან მიიღო დავალება, ანუ შალვამ აუკრძალა ახალი გადაცემის გაკეთება, თუმცა ნინოს ჰპირდებოდა, რომ აუცილებლად გააკეთებ გადაცემასო. ორმაგ თამაშს თამაშობდა.

_ ნინო ადამაშვილი და შალვა რამიშვილი ძალიან ახლო მეგობრები არიან. როგორც ვიცი, ჯერ კიდევ ტელეკომპანია „202-იდან“ ერთად მოდიან და ასე რატომ მოექცეოდა ნინოს?

_ კი, რა თქმა უნდა, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. ყველა იმას ამბობდა შიგნით, რომ ნინო შალვა რამიშვილისთვის ყველაზე ერთგული და ძველი თანამშრომელია, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო იცის მის შესახებო. ნინომაც ბევრჯერ იხსნა შალვა რამიშვილი სხვადასხვა სკანდალისგან. ანუ ბევრჯერ გააჩუმა ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ, რომ ის სკანდალში გაეხვიათ. ამ ყველაფერზე კიდევ POშთV-ში ყველა საუბრობს.

_ მაგალითად, რა საიდუმლოს შეიძლება მალავდეს ნინო ადამაშვილი რამიშვილზე, რომელიც მომავალში გასკდება?

_ არ ვიცი, თუმცა ბევრი საიდუმლო ექნებათ.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა გადაცემა „მეგობრობის დღიურის“ წამყვან ნინო ადამაშვილს:

_ ნინო, გამარჯობა. გავიგეთ, რომ POSTV-იდან გამოგიშვეს. მართალია?

_ ამ ეტაპზე ინფორმაციას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ.

_ ეს რას ნიშნავს? თქვენი გადაცემა აღარ გადის ეთერში და ამას როგორ ახსნით?

_ შემოქმედებითი პაუზა მაქვს და ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება გავაგრძელო, შეიძლება _ არა. მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას.

_ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთ პროდიუსერ ზვიო ბლიაძესთან მოგივიდათ კონფლიქტი, რის გამოც ტელევიზიიდან გამოგიშვეს. ადასტურებთ?

_ არ მსურს ამაზე საუბარი. ნახვამდის.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა POSTV-ის ერთ-ერთ ცნობილ სახეს, ტელეწამყვან ბაბი კირკიტაძეს, რომელსაც მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს გიორგი გაბუნიას „ღამის შოუდან“:

_ ბაბი, გავიგეთ რომ POSTV-იდან გაგიშვეს. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

_POSTV -იდან მასობრივი გაშვების ამბავი ნამდვილად არ ვიცი. მე შარშან ვიყავი დილაში და მერე აღარ გავაგრძელე, რადგან დილის პრობლემა მქონდა. ახლა რა ხდება, არ ვიცი.

_ თქვენ ახლა ისევ მუშაობთ?

_ იდეაში, POSTV-ის პროექტია გაბუნიას „ღამის შოუ“, შესაბამისად, POSTV-ში ვმუშაობთ ჩვენ, ყველანი.

_ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, POSTV-ის ფინანსურ დირექტორ გიორგი შენგელია-გიუნტერს აგინეთ და სწორედ ეგ გახდა ტელევიზიიდან თქვენი გამოშვების მიზეზი, თუმცა შემდეგ ისევ შალვა რამიშვილმა დაგაბრუნათ. ამაზე რას იტყვით?

_ თქვენ საიდან გაქვთ ასეთი ლაღი ინფორმაციები?

_ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადასტურებთ თუ არა?

_ თქვენ საიდან ხართ?

_ „ქრონიკა+“-იდან ვარ.

_ ასე მგონია, ვიღაცა მეღადავება.

_ ნამდვილად არ გეღადავებით, ვმუშაობ ამ თემაზე და ვამოწმებ ინფორმაციას, მეტი არაფერი.

_ მაშინ არ გიდასტურებთ.

როგორც ზემოთ მოგიყევით, POSTV-იდან ასევე კონფლიქტით წამოვიდა ლევან კვარაცხალია, იგივე რობერტო მავანი. მას წლების მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებდა შალვა რამიშვილთან, თუმცა რა გახდა ტელეკომპანიიდან მისი წამოსვლის რეალური მიზეზი, ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ თავად ლევანს დაუკავშირდა და დეტალების გაგებას შეეცადა:

_ ლევან, გავიგეთ, რომ POSTV-იდან წამოხვედით, მართალია?

_ საიდან გაიგეთ? ახალი ამბავი არაა.

_ ანუ დატოვეთ?

_ იცით, როგორაა? წელიწად-ნახევარია ცალკე სტუდია გვაქვს და „იუთუბ არხზე“ ვაკეთებ გადაცემას.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხუბი მოგივიდათ შალვა რამიშვილთან. ადასტურებთ?

_ POSTV-ის თანამშრომელი დიდი ხანია, არ ვარ, გვაქვს სტუდია, რომელიც სხვადასხვა შეკვეთას იღებს და ასე თანამშრომლობს გადაცემებთან.

_ ანუ კონფლიქტი არ მოგსვლიათ შალვა რამიშვილთან?

_ ჩვეულებრივი საქმიანი თემაა, რა. პრობლემები ყველგან არის. 15 არხზე მაქვს ნამუშევარი და იდეალური სიტუაცია არსად არის. ახლა ვაგროვებ გადაცემებს, რომელიც „იუთუბ არხზე“ გავა და იქ უფრო ვრცლად ვიტყვით ყველაფერს.

_ რა ფორმატის გადაცემის გაკეთებას აპირებთ?

_ ორ გადაცემას ვიწყებთ. ერთი იქნება „მავანის“ ცოტა შეცვლილი ფორმატი და მეორე იქნება სრულიად განსხვავებული, რომელსაც ოთხი ადამიანი წაიყვანს და სხვადასხვა თემას განიხილავს.

_ გმადლობთ და წარმატებებს გისურვებთ.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა POSTV-ის გენერალურ დირექტორ შალვა რამიშვილს, რომელმაც, თავისი ჩვეული ირონიული და ღიმილნარევი ხმით, ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებსა და ინფორმაციებს ჭორები უწოდა:

_ ბატონო შალვა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, POSTV-იდან მასობრივად უშვვებენ თანამშრომლებს და შეგიძლიათ გვითხრათ მიზეზი?

_ მითხარით კონკრეტული ქეისები, რის საფუძველზეც ამას მეუბნებით.

_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ლევან კვარაცხელიასთან, იგივე რობერტო მავანისთან მოგივიდათ კონფლიქტი, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვით…

_ ტყუილია.

_ მეორე ქეისი: ნინო ადამაშვილის გადაცემა აღარ გადის ეთერში და ასევე იყო მეორე გადაცემის გაკეთებაზე საუბარი, რომელიც, რა თქმა უნდა, აღარ გავიდა ეთერში. ნინომაც, როგორც ვიცით, დატოვა არხი. ამის შესახებ რას გვეტყვით?

_ სისულელეა. წლებია, ნინოსთან ვმუშაობ და ერთად ვართ. ყველაფერი კარგადაა და ჩვეულებრივად გრძელდება.

_ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით რას გვეტყვით? თქვენთვის კარგად იქნება ცნობილი ის კონფლიქტი, რაც მასსა და POSTV-ის ფინანსურ დირექტორს შორის მოხდა… თუ ესეც სისულელეა?

_ სისულელეა. ბაბი არ გიდასტურებთ და არც მე. თქვენ რაც გინდათ, ის დაწერეთ.

_ თქვენი თანამშრომლები კულუარებში იმაზე საუბრობენ, თუ როგორ უკონტროლებთ მათ ფეისბუქ-პოსტებს. ეს არხის პოლიტიკაა თუ რაიმე სხვა რეგულაციით სარგებლობთ?

_ ერთი კონკრეტული ფაქტი მითხარით, რომლის მაგალითზეც შეგიძლიათ, რომ ეს დაადასტუროთ.

_ წყაროს გაუთქმელობაზე, ალბათ, გსმენიათ.

_ ნუ ჭორაობთ. დამისვით კონკრეტული შეკითხვები.

_ კონკრეტულად გისვამთ შეკითხვას და სხვა კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. თქვენი ნებაა, ამ ყველაფერს ჭორი დაარქვათ ან სხვა რამ.

_ კიდევ ვიმეორებ, ნუ ჭორაობთ.

გიორგი საკარული