სკანდალი სუსში

უკანონობა, ნეპოტიზმი, შანტაჟი, კორუფცია ძალოვანი უწყების სინონიმები გახდა. ერთია, როცა ამაზე `ქრონიკა+” წერს, მეორეა როცა განცხადებას სუსის ოფიცერი ავრცელებს.

ამ განცხადებაში მოთხრობილი ამბები და გადმოცემული ფაქტები შეეხება საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი ნათესავების მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონობას, ნეპოტიზმის, სუს-ის ოფიცრების დევნის, შანტაჟის, მუქარისა და სხვა მრავალი კანონდარღვევის ამსახველ ფაქტებს, დევნასა და შურისძიებას სახელმწიფოსა და კანონის სახელით! ადამიანურ ტრაგედიებს, რომელსაც ძალაუფლების მქონე ხალხის ამპარტავნება ასაზრდოებს.

მე ვარ ნინო ნიქაბაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დევნილობაში მყოფი ოფიცერი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2016 წლის ივნისში ვახტანგ გომელაურის პატრონაჟით მუშაობა დავიწყე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. სამსახურში ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილება უშუალოდ მინისტრმა მიიღო, გადაწყვეტილების საფუძველი კი მინისტრის ოჯახთან ჩემი მეუღლის ნათესაური კავშირი გახლდათ. კერძოდ, ჩემი დედამთილის მეორე მეუღლე, დავით კუდუხაშვილი, მინისტრის ცოლისძმაა. იგი ჩემს დედამთილთან, ირმა პატარაიასთან ერთად მინისტრის ოჯახთან ყველაზე დაახლოებული პირია და, შესაბამისად, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებად ითვლება. გომელაურის დახმარებით ორივე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში. მე პირადად არაერთხელ ვყოფილვარ მათი ბიზნესგარჩევების მომსწრე, განსაკუთრებით ეს ეხებოდა სხვადასხვა ტენდერთან დაკავშირებულ გარიგებებს, ასეთი გარიგებების მფარველობასა და პატრონაჟს. ჩემი დასაქმება სუს-ში კი მხოლოდ იმიტომ გადაწყდა, რომ მე უკვე იმ დროისთვის მყარად მქონდა გადაწყვეტილი ჩემს მეუღლესთან, ზურაბ გიორგაძესთან განქორწინება და თუ მე ამისგან თავს შევიკავებდი, სანაცვლოდ პრესტიჟულ სამსახურში დამასაქმებდნენ. ჩემი მეუღლე კი დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა ოჯახურ ძალადობას ჩემზე. იგი არა მხოლოდ ხშირი თრობითა და პათოლოგიური სიმთვრალით გამოირჩეოდა, არამედ გახლდათ ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელიც. მეტიც, ჩვენი საძინებელი ოთახის ფანჯრებზე ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა განთავსებული _ ახდენდა მათ მოვლასა და კულტივირებას. ამ არაჯანსაღ გარემოსთან კი ჩემს შვილებს ყოველდღიური შეხება ჰქონდათ. მე, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახი შემენარჩუნებინა, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელი იყო და ბავშვებზეც აშკარად ცუდ ზეგავლენას ახდენდა როგორც გამუდმებული ჩხუბი, ასევე ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებებისადმი მისი მიდრეკილება. მაგრამ ჩემი არაერთგზის გადაწყვეტილების მიუხედავად, ვერასდროს გავბედე მიმემართა პოლიციისთვის, ვინაიდან ჩემი დედამთილის მხრიდან მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული და არაერთხელ უთქვამს, თუ ასეთ რამეს ჩავიდენდი: „ზურა (ჩემი მეუღლე) ვახოს (გომელაური) ძალიან უყვარს, პოლიციაც ჩვენ ვართ და უშიშროებაც და მაინც ვერაფერს დააკლებ“. და თუ ამას არ გავითვალისწინებდი, შვილებს წამართმევდნენ და სახლიდანაც გამაგდებდნენ. ამ ნათქვამის სერიოზულობას ჩემთვის ისიც ამყარებდა, რომ ჩემი მეუღლე მართლაც იმ დონეზე იყო დაახლოებული გომელაურის ოჯახთან, რომ მას, მიუხედავად იმისა, უმაღლესი განათლება ბოლომდე არ მიუღია, გომელაურის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გომელაურის მოთხოვნით დიპლომი დაუმზადეს და საქაერონავიგაციაში „სარფიან ადგილას“ დანიშნეს (მოგვიანებით, სუს-ში მხოლოდ იმიტომ ვერ გადაიყვანეს, რომ ნასამართლევი იყო).

სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 2017 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც პირადად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან მივიღე წინადადება, მონაწილეობა მიმეღო სუს-ის ახალ პროექტში, რომელიც არჩევნებისთვის კეთდებოდა. ეს იქნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ ჩართულნი და ნებისმიერი გზით შეეცდებოდნენ ოპონენტების დისკრედიტირებას. მათ შორის საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენების შესაძლებლობაზეც. მე დასაფიქრებლად დრო ვითხოვე და მალევე უარი განვაცხადე, _ კატეგორიულად არ მინდოდა რაიმენაირად დაკავშირებული ვყოფილიყავი პოლიტიკასთან და თან ეს გადაწყვეტილება ჩემს მეგობართან, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელთან, კობა კაპანაძესთან დათათბირებამაც განაპირობა. მან ამიხსნა, რომ შესაძლოა, პროექტში მონაწილეობა ჩემს კომპრომატად ქცეულიყო, ვინაიდან თავად პროექტი აშკარად ეწინააღმდეგებოდა კანონს. უარმა კი, როგორც ჩემმა დედამთილმა გადმომცა, მინისტრიც გააღიზიანა, ვინაიდან მე მათი ნათესავი ვიყავი და ჩემი ეს საქციელი აღიქვეს, როგორც ღალატის ტოლფასი ქმედება. ჩემი მუშაობის პარალელურად, თანდათან მეტად იგრძნობოდა, რომ უფრო და უფრო მიუღებელი ვხდებოდი მინისტრისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის. ამ ყველაფრის პარალელურად კი გრძელდებოდა ჩემი და ჩემი შვილების მიმართ ფსიქოლოგიური და ჩემ მიმართ ფიზიკური ძალადობა ჩემი მეუღლის მხრიდან. პრობლემებს ქმნიდა ის გარემოებაც, რომ ჩემი მშობლები და ჩემი ძმები ზედმეტად ქართულ ტრადიციებზე აღზრდილები არიან და მათი აზროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, მე მათში ვერასდროს ვპოულობდი დასაყრდენს. ართადერთხელ, მეუღლის სახლიდან ბავშვებთან ერთად ფეხშიშველად გამოქცეულსაც კი ისევ მეუღლის სახლში დაბრუნებას მაიძულებდნენ. არაერთხელ მივსულვარ ნაცემიც.

მეუღლის ოჯახის წევრები ხშირად მაფრთხილებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ბევრი ვიცოდი და თანდათან უფრო და უფრო საშიშად ვიქცეოდი. 2017 წლის თებერვალში მინისტრის ცოლისძმამ, დავით კუდუხაშვილმა (ჩემი ყოფილი მეუღლის მამინაცვალი), მინისტრის დანაბარები გადმომცა, _ ვინაიდან მათ ნებას არ ვემორჩილებოდი და სამსახურში დანიშვნის მიუხედავად მაინც არ ვიშლიდი ჩემსას, ჩემი განცხადებითვე წავსულიყავი სამსახურიდან. ამ ყველაფრის ალტერნატივად, უკვე აღარ მთავაზობდნენ შევგუებოდი ჩემი მეუღლის მხრიდნ განხორციელებულ ძალადობას, ღალატსა და ცუდი ცხოვრების წესს _ იმპერატიულად მთხოვდნენ, სამსახურიდან წასვლის განცხადება დამეწერა! მე, ჩემი მხრივ, მაინც მიჭირდა იმის დაშვება, რომ მინისტრი გომელაური შესაძლოა, ამ გზით ჩემ მიმართ განხორციელებული  ოჯახური ძალადობის არაპირდაპირი მონაწილე და სამსახურებრივი დევნისა და შევიწროების ორგანიზატორი გამხდარიყო. თუმცა ეს ილუზია მაშინვე დაიმსხვრა, როცა ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა ჩემსა და კუდუხაშვილს შორის გამართული საუბრიდან მეორე დღესვე დამიბარა და მითხრა, დამეხმარებოდა სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერაში, რაზედაც მე განვუცხდე, რომ გომელაურთან გასაუბრების გარეშე ამას არ გავაკეთებდი. მან მითხრა, რომ დავალება იყო ზემოდან და დღესვე უნდა დამეწერა. მე ამაზე უარი განვაცხადე და სამინისტროს შენობა დავტოვე.

სამსახურიდან წასვლის პატაკის დაწერაზე უარის თქმიდან მესამე დღეს, ჩემს შვილებთან ერთად, ჩემი ძმის მანქანით, რომლის საჭესთან მე ვიჯექი, მოვყევი ავარიაში. მხოლოდ ღმერთის ნებით გადავრჩით _ მანქანა ჯართად იქცა, მე კი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადამიყვანეს. საგულისხმოა, რომ უკანა მხრიდან მოძრავმა მანქანამ ავარიული სიტუაცია შემიქმნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მართალია, ამის შესახებ პირდაპირ არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ რამდენჯერმე ღიად მიმანიშნეს, რომ თუ ურჩობას გავაგრძელებდი, უარესი მომივიდოდა. საავადმყოფო ფურცლის დახურვისთანავე კვლავ შემახსენეს, რომ სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი. ამჯერად მე მათი „თხოვნა“ შევასრულე, _ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ პატაკი დავწერე! მინისტრის ნათესავებმა მითხრეს, რომ სუს-ის მეშვეობით მისმენდნენ, მითვალთვალებდნენ, ისიც იცოდნენ, რომ სხვადასხვა საკითხის შესახებ, მათ შორის, სამსახურის შენარჩუნების საკითხებზე, დახმარებას მიწევდა და შესაბამის რჩევებს მაძლევდა ჩემი მეგობარი და კოლეგა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი, კობა კაპანაძე. პირადად დავით კუდუხაშვილმა მითხრა: მაგან ეგ  როგორ გაბედა, ვახო ძალიან გაბრაზებულია მაგაზე, სამსახურიდანაც გავაგდებთ და თუ ცოცხალი დავტოვეთ, მაგრადაც ვცემთ, მაგას პირადად ვახო უზრუნველყოფს, ვერ უშველის გოგაშვილი. სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტიც ცვივაო. ასე მოუვა კაპანაძესაც შესაბამის დროსო, _ მითხრა დავით კუდუხაშვილმა. ჩემი ყოფილი მეუღლის ნათესავებისგან, მოგვიანებით, ისიც გავარკვიე, რომ მიუხედავად იმისა, რომ კობა კაპანაძე სუს-ში საკმაოდ მოკრძალებულ ადგილას მუშაობდა, მალე მისი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა იგეგმებოდა და იმის გარდა, რომ იოსებ გოგაშვილის კადრად მიიჩნეოდა, იმიტომაც იყო მათთვის მიუღებელი, რომ შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტიკური კავშირებიც ჰქონოდა, ამიტომაც მათთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ამის შესახებ მე ჩემს მეგობარსა და კოლეგა კობა კაპანაძეს მოვუყევი და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გავაფრთხილე, რაზედაც მან მითხრა, რომ უფრო მეტად ფრთხილად მოიქცეოდა და შემდეგში მეტად კოორდინებულად ვიმოქმედებდით. ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებდა, რომ, თავის დროზე, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მან ჩემგან ამ პროექტის შესახებ რაღაცები შეიტყო, კაპანაძესაც შესთავაზეს ჩემი მეშვეობით სუს-ის ზემოთ ნახსენებ პროექტში მონაწილეობა, რაზედაც მან უარი განაცხადა. მოგვიანებით, ჩემსა და კაპანაძეს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები ჩვენივე პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებისთვისაც გამოიყენეს.

მართალია, მე სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ მაინც ვერ ხერხდებოდა, ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს დავბრუნებოდი. მუდმივად ვგრძნობდი, მომეტებული ყურადღების ქვეშ ვიყავი და ხშირად შემინიშნავს, რომ მითვალთვალებდნენ. როცა ამის შესახებ ჩემს ყოფილ მეუღლეს ვუთხარი, მან მიპასუხა, რომ მე რაღაცები ვიცოდი და თან ნდობაც ვერ გავამართლე, ამიტომ ეს არ უნდა გამკვირვებოდა. ჩემი ყოფილი მეუღლე კი კვლავინდებურად განაგრძობდა ჩვეულ სტილში ცხოვრებას: თრობას, ჩხუბს, ნარკოტიკების მოხმარებას და ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

10 მაისს, მეუღლესთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, საბოლოოდ მივიღე მასთან დაშორების გადაწყვეტილება და გვიან საღამოს, ბავშვებთან ერთად, მშობლების სახლში წავედი. ვიყავი ნაცემი, ფსიქოლოგიურად გატეხილი და აღელვებულმა არაერთხელ ვიფიქრე თვითმკვლელობაზე, რადგან მხოლოდ ეგ რჩებოდა ჩემი ტანჯვისგან თავის დახსნის ერთადერთ გამოსავლად და რომ არა ჩემი შვილები, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად აღვასრულებდი. მშობლებისა და ძმების სახლში ისევ იგივე სიტუაცია დამხვდა: ნაცნობი ტექსტები, რომ ოჯახის გამო ქალმა უნდა მოითმინოს და უარესებიც აიტანოს. თუმცა მათ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ჩემი პრობლემების უკან არა მხოლოდ ოჯახური კონფლიქტები, არამედ მინისტრ გომელაურისა და მისი სანათესავოს ინტრიგებიც იდგა. დაახლოებით ორი კვირა ვიცხოვრე ჩემს ნათესავებთან და შემდეგ საქმეში ისევ ჩემი ყოფილი ქმრის სანათესავო ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ხორციელდებოდა მუქარები ჩემი მისამართით. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბავშვებს წამართმევდნენ, გიჟად გამომაცხადებდნენ, ან პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დამიმონტაჟებდნენ და გამივრცელებდნენ. _ ისედაც გვაქვს რაღაც მასალები, შენი მიმოწერები და ისე დავამონტაჟებთ, ყველაფერს შენ წინააღმდეგ მოვაბრუნებთ, ან ფსიქიატრიულში გამოგკეტავთ და ამ გზით ბავშვებზე უფლებას წაგართმევთო. მე ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც დაჟინებით ვითხოვდი ოფიციალურადაც განვქორწინებულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მე ჩემი მშობლების, ხანდახან კი ძმის სახლში ვიმყოფებოდი, ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს ჩემს ყოფილ მეუღლეს, მომვარდნოდა და შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის. ერთ-ერთი ასეთი მოვარდნის დროს, რომელშიც ჩემი ყოფილი დედამთილიც მონაწილეობდა, ფიზიკურად გამისწორდნენ. ხორციელდებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩემი მისამართით და უფროსი შვილი ძალის გამოყენებით წამართვეს, პატარა კი ხელში ავიყვანე და უმისამართოდ გავრბოდი, ვცდილობდი, თავი დამეღწია საშიში გარემოსგან. ასე მალვაში გავატარე თითქმის ერთი კვირა, ვიცვლიდი ადგილს და, ძირითადად, მეგობრების ოჯახებს ვაფარებდი თავს. საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ჩემი ყველანაირი ბრძოლა ამ ხალხთან იქნებოდა უშედეგო, ვერანაირად ვერ შევძლებდი დავპირისპირებოდი გავლენიანი ოჯახების ნებას, ჩემი განადგურებისა და შვილების წართმევის შესახებ. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, თავი დამეღწია საშიში გარემოსთვის და ქვეყანა დამეტოვებინა. საზღვარზე კი ბავშვებს მამის თანხმობის გარეშე არავინ გამატანდა, ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში კი რა ბედი გველოდა მე და ჩემს შვილებს, ისედაც უკვე ნათქვამი ჰქონდათ. ამიტომაც იმ იმედით, რომ ცოცხალი გადავრჩებოდი და ძალიან მალე ჩემს სიმართლეს ყველას გავაგებინებდი, დროებით იძულებული გავხდი, შვილების გარეშე დამეტოვებინა ქვეყანა. უმცროსი შვილიც, მართალია, არასაიმედო, მაგრამ მაინც მამის მეთვალყურეობის ქვეშ დავტოვე, რაშიც ჩემი კოლეგებიც დამეხმარნენ. ამ ყველაფრის პარალელურად, სანამ ქვეყნიდან წამოვიდოდი, უკვე მიმდინარეობდა მუქარები და ზეწოლები ჩემს მეგობარზე, სუს-ის მეორე ოფიცერზე, კობა კაპანაძეზე _ ისიც აიძულეს, სამსახური დაეტოვებინა. რაღა თქმა უნდა, „პირადი განცხადების საფუძველზე“. გამომგზავრებამდე მე მას დავუკავშირდი და ვთხოვე, ქვეყნიდან გასვლაში დამხმარებოდა, რაზედაც თანხმობა მივიღე. ისიც სიცოცხლისთვის საშიშ და სახიფათო სიტუაციაში იყო. მითხრა, რომ ქვეყნიდან გამგზავრებაში დამეხმარებოდა და მალევე დაბრუნდებოდა საქართველოში, რათა საზოგადოებისთვის სიმართლე საჯაროდ ეთქვა. თუმცა საზღვარზე გადმოსვლიდან მალევე მასაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ქვეყანაში თუ დაბრუნდებოდა, სასტიკად გაუსწორდებოდნენ და გაანადგურებდნენ.  ამჟამად, თითქმის ერთი თვეა, ვიმყოფები უცხოეთში, კვლავ არ წყდება მუქარა საქართველოდან და ყოველი დღე ახალი ცუდი ამბების მოლოდინით თენდება. ეს ადამიანები კვლავინდებურად ცდილობენ, წამართვან შვილები. გრძელდება განადგურების მუქარები და პირადი კონტაქტების მეშვეობით ცდილობენ, ევროპაშიც განახორციელონ ჩვენი დევნა. იტალიის ქალაქ მილანში იყო კობა კაპანაძეზე თავდასხმის მცდელობაც.

ეს მოკლე მონათხრობი რამდენიმე გვერდზე დატეული ერთი ტრაგედიის მოკლე ისტორიაა _ უსამართლობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. მონათხრობს ყოველთვის როდი შეუძლია გადმოსცეს ის მწარე რეალობა, საშინელი განცდები და ენით აუწერელი ტანჯვა, რაც გამუდმებულ დამცირებას, შიშისა და ტანჯვის გარემოში ცხოვრებას ახლავს.

 

ნინო ნიქაბაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი

2017 წლის ივლისი