სკანდალი ლანჩხუთში: ,,ქართული ოცნების“ სახეები სიაში ვერ მოხვდნენ

ლანჩხუთში ბევრჯერ შეიცვალა „ქართული ოცნების“ სია, ათეული, ხუთეული და, თქვენ წარმოიდგინეთ,_ პირველი ნომერი. მეტიც, მოხდა პარადოქსული ფაქტი: მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ხელაძე, არათუ პირველი ნომერი (რაც დაანონსებული იყო), არათუ გამსვლელ სიაში, საერთოდ ვერ მოხვდა 21 კაცში!!!

 

ასეთი რამ ლანჩხუთში თუ მოხდებოდა _ რა თქმა უნდა. ზედმეტი თავის მოტყუება, გვაპატიეთ შედარებისთვის, უსაფუძვლო ბოდიალია. იმით აპელირებ, რომ „ქართული ოცნება“ გა(ნ)ახლება/გაახალგაზრდავებას გეგმავს და „ბებერი“ გოგი ხელაძე ზედმეტი აღმოჩნდა!

თუ პარტია გაახალგაზრდავებას გეგმავს, მაშინ არჩევნებამდე უნდა მოეხდინა ადგილობრივი ორგანიზაციების რეორგანიზაცია და გადახალისება, თორემ სიის მიღმა დატოვო ადგილობრივი ოფისის შეფი და ამის ფონზე, „შინაური“ თუ „გარეული“ ალაპარაკო, სია „ნაციონალებით“ გაავსესო (თუმცა, არც მთლად ასეა საქმე!), მინიმუმ, უხერხულობას ქმნის.

მაინც, ვის უქმნიდა პრობლემას ხელაძე? ალბათ, იმათ, რომელთაც მომავალ საკრებულოში გავლენების მოპოვება სურთ და ფრთხილი/დიპლომატი ჩინოსანი „რაღაცაში“ ხელს შეუშლის. დავანებოთ თავი საკრებულოს თავმჯდომარეობას _ რიგით წევრად არშეყვანა ერთგვარი შეურაცხყოფაა იმისი, ვისაც 10 დღის წინ, თუნდაც, კულუარებში, პირველ  ნომრად/პირად მოიაზრებდი.

„განაწყენებული არა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რაც მოხდა. შთამომავლობით არ მრგებია საკრებულოს თავმჯდომარეობა და არც პრეტენზია მქონია რაიმე თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ რიგით წევრად კი უნდა ვყოფილიყავი“, _ ეს გოგი ხელაძის კომენტარია, ცოტა ხისტი, მაგრამ მაინც დიპლომატიური _ „სამომავლო პერსპექტივის“ იმედით. იმ რანგშია, ალბათ, საარჩევნო მარათონს რომ ისევ „მიჰყვება“.

თქმა არ უნდა, გამოცდილი ხელაძე ხვდება, რომ მისთვის შეთავაზებული „შენ სხვა ფრონტზე გვჭირდები“ იმ დიპლომატიის ენაა, რასაც თავადაც მაღალ დონეზე ფლობს და „კარგად იყავის“ კულტურულ/ადამიანური ვარიანტია!

ყველაზე უკეთ თავად იცის, რატომ და ვის გამო წააგო თითქმის მოგებული რაუნდი. თუ კულუარულ ჭორებს დავუჯერებთ, ნუგზარ ცინცაძემ („ცანცუა“) ღიად დანაპირები, ხოლო ზაზა ურუშაძემ თავისთვის „მიცემული სიტყვა“ შეასრულეს. თუმცა ურუშაძე საგამგებლო-სამერო მარათონს ჩამოშორებულია, ხოლო „ცანცუა“ სიაში ვერ მოხვდა.

ამბობენ, „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი უჭერდა მხარს, მერის კანდიდატურის წარდგენისას მისი გამოჩენა ყველამ ხელაძის მხარდაჭერად(აც) მიიჩნია, მაგრამ…

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ ნინო წილოსანთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ახლა კი მასზეც ნაწყენი იქნება… ჭორებს თუ დავუჯერებთ, საკრებულოს თავკაცს პირად საუბარში უთქვამს, _ რაღაცებში დეპუტატს დავუჯერე და უკან მომიტრიალდაო… ანუ ხელაძე ღიად დაუპირისპირდა თუნდაც ჩამოთვლილ პირებს (ურუშაძე, ცინცაძე) და ბოლოს წილოსანმა ის არ ან ვერ დაიცვა…

თუმცა ამით დეპუტატს არაფერი წაუგია _ ნინო წილოსანი წაუგებელ თამაშს თამაშობს, აქამდე მაინც _ მისთვის ახალი კადრი უკეთესია. მან იცის, არჩევნებს მოიგებს და პიარტექნოლოგიაში კარგად გარკვეულმა ისიც კარგად უწყის, რომ განახლებული ახალგაზრდული გუნდი სამართავად უკეთესია.

თან აუცილებლად დაისმებოდა კითხვა, _ თუ ზაზა ურუშაძე „ცუდი“ იყო, მისი ქმედებების საკანონმდებლო დონეზე „გამპრავებელი“ ხელაძე რატომ არის „კარგი“? ამ კითხვაზე პასუხი ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარს ყოველთვის გაუჭირდებოდა.

„ახლა ამაზე საუბარი უხერხული მგონია, თუმცა გარკვეული მოსაზრებები, რატომ და ვისი გავლენით შეიქმნა ასეთი მდგომარეობა, მეც მაქვს“, _ ესეც გიორგი ხელაძის კომენტარიდანაა და, ფაქტობრივად, ჩვენ მიერ ზემოთქმულის ირიბ დასტურს ნიშნავს.

მხოლოდ გიორგი ხელაძე არ არის, ვინც „მშობლიურმა პარტიამ“ მოიძულა _ სიაში ვერ მოხვდა საკრებულოს მოქმედი კომისიის თავმჯდომარეებიდან ვერც ერთი! აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მერობის კანდიდატია (ალექსანდრე სარიშვილი). არც სიაშია და არც მაჟორიტარად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გამგებელ ზაზა ურუშაძის ძმა _ კახა ურუშაძე და კიდევ ერთი სახელისუფლებო ფრაქციის („მრეწველები“) თავკაცი…

ყველა დროსა და ხელისუფლებაში ხომ პარტიულ სიაში მოხვედრა სანაცნობოზეა დამოკიდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიას კარგი იმიჯის მქონე პერსონები საარჩევნო სახეებად შემოჰყავს პოლიტიკაში. სხვა მხრივ, ვისაც რომელ არჩევნებზე უკეთესი ლობისტი ეყოლება, სიაშიც ის ხვდება.

მათე გურული