სისხლის სამართლებრივი წარმოება, რომელიც, ერთდროულად, „სასაცილო და დამამცირებელია“

ნათქვამია, იურისტები და ექიმები ურთულესი პროფესიის ხალხია, რადგან ადამიანის ბედთან აქვთ პირდაპირი შეხება. სამართალდამცველი და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების მუშაობა ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს, რის გამოც მოქალაქეები უკანონობისა და უპასუხისმგებლობის მორევს წლების განმავლობაში თავს ვერ აღწევენ. ერთ-ერთი ასეთია ქალბატონი მანანა რისბერგი, რომელიც საკუთარ გულის ტკივილზე სასაუბროდ უკვე მეორედ გვესტუმრა რედაქციაში.

 

„ქრონიკა+“ მანანა რისბერგს ესაუბრება:

_ 2007 წლის 31 იანვარს შს მცხეთის რაიონულ სამმართველოს მივმართე. წარვადგინე ორი სასამართლო გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის 2006 და 2007 წლების ამონაწერი ჩემი, როგორც მესაკუთრის რეგისტრაციაზე (ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ. #66, საცხოვრებელი სახლის 2/3 წილი) და კანონშესაბამისად ირმა მრევლიშვილის გამოსახლება მოვითხოვე. როდესაც ამის შესახებ ეცნობა, მან და მისმა მეუღლე ზაზა ზამბახიძემ მილგაყვანილობის, გათბობის, ბატარეების დემონტაჟი მოახდინეს და ჯართში ჩააბარეს.

2007 წლის 26 თებერვალს შს მცხეთის რაიონულ სამმართველოში სს #032070164 საქმეზე, სსკ-ის 187-ე მუხლით წინასწარი გამოძიება დაიწყო. საქმეს აწარმოებდა გამომძიებელი ირაკლი ფერიშვილი, რომელმაც 2007 წლის 04 მარტის დადგენილებით დაზარალებულად მცნო. დაიკითხა ორივე ცოლ-ქმარი. მათ ფაქტი აღიარეს, რის შემდეგ გამოძიებას ჯართის მიმღები პუნქტისგან დასტური უნდა დაედგინა. რატომღაც, გამომძიებელი თბილისში გადაიყვანეს და საქმე ინსპექტორ-გამომძიებელ დავით კაჭიურს გადაეცა.

2007 წლის 01 მარტს სამმართველოს უფროსი გ. სამარღანიშვილი მაცნობებს, რომ შს სამინისტროს კანონში (პოლიციის შესახებ) მე-9 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის აღსრულება დროებით შეჩერებულია. ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა, ანუ სხვაგვარად, _ ხელშეშლისთვის გასატარებელი ღონისძიება.

ყოველივე ამის შემდეგ, ჩემს განცხადებაზე, კანონით გათვალისწინებული რეაგირება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ეს მომხდარა და არც ჩემს ადვოკატ ანზორ ჩოჩიშვილს გახსენებია 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანება, რის საფუძველზეც ირმა მრევლიშვილი უნდა გამოსახლებულიყო. გეკითხებით, ეს ახლა ადვოკატია?

პროკურორი პროკოფი ჭანკოტაძე მაცნობებს, რომ ჩემს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში თვითნებობის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელზეც დაზარალებულად ვარ ცნობილი, მაგრამ საქმეზე საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უფლება არ მაქვს, საქმის მასალები გადავიღო. საეჭვოდ მივიჩნიე, თუ რატომ მიმდინარეობდა გამოძიება სსკ-ის 360-ე მუხლით, რადგან საქმე აღიძრა სსკ-ის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის განადგურებას ითვალისწინებს.

2009 წლის 26 ივნისს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალი ჩარექაშვილი მაცნობებს, რომ საქმე შეწყვეტილია დანაშაულზე გათვალისწინებული საქ. სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით 2008 წლის 21 ნოემბერს კანონით „ამნისტიის შესახებ“, რომელზეც თქვენ მიღებული გაქვთ დადგენილების ასლი 2008 წლის 22 დეკემბერს #28/7-8-4609 წერილით. საქმის გასაცნობად შეგიძლიათ სამმართველოში გამოცხადდეთო.

_ მიხვედით?

_ რა თქმა უნდა, გამოვცხადდი და აი, საოცრება ვიხილე, თვალებს არ ვუჯერებდი, სს საქმე სულ რამდენიმე ფურცელი აღმოჩნდა. დადგენილება ჩემი დაზარალებულად ცნობის, ჩემი დაკითხვის ოქმი და ირმა მრევლიშვილის ბინაზე გამოცხადების ორი ოქმი. ერთი ოქმი შედგენილი იყო 2008 წლის 8 აპრილს, რა დროსაც ბინაზე კ. პეტრიაშვილი და დ. კაჭიური გამოცხადდნენ და ირმა მრევლიშვილი სახლში არ დახვდათ; მეორე ოქმი 2008 წლის 13 მაისსაა შედგენილი. ამ დღეს ბინაზე გამოცხადდნენ ნანა ნასყიდაშვილი და დავით კაჭიური, ამ დროსაც ირმა მრევლიშვილი სახლში არ დახვდათ. როგორ დაიჯერებთ ამ ზღაპარს? პოლიციამ, თურმე, მრევლიშვილი ვერ მოძებნა.

საქმიდან როგორ გაქრა ირმა მრევლიშვილისა და მისი ქმრის, ზაზა ზამბახიძის დაკითხვის ოქმები? ასევე მათ მიერ ჩაბარებული ჯართის აღწერა და, ალბათ, სხვა დოკუმენტები, რაც გამომძიებელმა ირაკლი ფერიშვილმა მოიპოვა.

ამნისტია მიღებული რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა? ან 2007 წლის 04 მარტიდან 2008 წლის აპრილ-მაისამდე ერთი წელი გავიდა, მანამდე რას ფიქრობდნენ, ან ნოემბრამდე, სანამ ამნისტიას მიიღებდნენ, ექვსი თვე რას ელოდებოდნენ? ასე იცავს პოლიცია დაზარალებულის უფლებებს? ეს არის მათი უპასუხისმგებლობა, ტყუილი, ცინიზმი და სისხლის სამართლის საქმის შოუ, ირმა მრევლიშვილისა და მისი ქმრის დანაშაულთან დაკავშირებული.

რა უფლებით წარმართეს საქმე თვითნებობის ჩადენის მუხლით, როდესაც სხვის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში თვითნებობაა? არც საჯარო რეესტრის ამონაწერი მიიღეს მხედველობაში.

_ რატომ?

_ მოგახსენებთ მცხეთის პროკურორის, ნაზი მირიანაშვილის 2013 წლის 23 აპრილს ცნობას. იგი განმარტავს, რომ მართალია, მე დავირეგისტრირე ბინის 2/3 ნაწილი, მაგრამ აღნიშნულ სახლს არ ვფლობდი, შესაბამისად, ირმა მრევლიშვილი აგრძელებდა ცხოვრებას და განკარგავდა ქონებასო. ფაქტობრივად, უძრავი ქონება არ იყო გადმოცემული ჩემს სარგებლობაში და არ იყო გამიჯნული, შესაბამისად, გამოძიებით ვერ დადგინდება ირმა მრევლიშვილისა და მისი მეუღლის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი მანანა რისბერგის კუთვნილი ქონების დაზიანებას და დაუფლებასო. ასევე პროკურორის განმარტებით, გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით გამოწვეულ დარღვევას არ გამოუწვევია ჩემი ინტერესების არსებითი დარღვევა, რის გამოც არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი.

მკითხველისთვის გასაგებია, თუ როგორ მიკერძოებით ფარავს პროკურორი დანაშაულს. ნუთუ, მან ადგილზე შეამოწმა, რომ 52 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გამიჯნული არ არის, ან ირმა მრევლიშვილმა ხომ იცოდა, რომ მას არ ეკუთვნოდა ეს ფართი? რადგან იმ პერიოდში საერთოდ არანაირი ფართის მესაკუთრე არ იყო და მის გარდაცვლილ დედაზე ბინის 1/3-ი წილი იყო რიცხული, რომელიც მე საჯარო რეესტრში 2006 წლის 11 აპრილს დავარეგისტრირე. ეს ყველაფერი ადვოკატ ანზორ ჩოჩაშვილისა და მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემკვიდრეობის მოთხოვნით, არასწორად მოხდა.

ეს საცხოვრებელი სახლი მამაჩემს, ზაქარია ხიტალიშვილსა და ჩემს ოჯახს ეკუთვნის. სინამდვილეში, მე და ჩემს დას და არა გარდაცვლილ დეიდებს, მაგრამ უვიცებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ. ისეთ შეცდომაში, რომ შემდეგ მისი აღიარება არ სურთ.

ამ წლების განმავლობაში მქონია შემთხვევა, უთქვამთ, სანამ ხელს მოაწერდი, ჯერ უნდა წაგეკითხა და შემდეგ ხელი მოგეწერაო, რაც მართალია, მაგრამ ასეთ შენიშვნას ვინმე პროკურორს გაუბედავს? ან ეს კანონი თვით პროკურორმა ხომ იცის? ასე გადაარჩინეს პასუხისმგებლობას ორივე ცოლ-ქმარი მიკერძოებულმა პროკურორებმა.

იმავე 2007 წლის 19 მარტს შს მცხეთის სამმართველოში სასწრაფოდ აღიძრა მეორე სს 032070220 საქმეც პროკურორ ნიკა დგებუაძის მითითებით. მეორე დღეს გამომძიებელმა გიორგი კუჭავამ და პროკურორმა ირაკლი შანიძემ დამკითხეს. როდესაც ვიკითხე, რასთან დაკავშირებით უნდა დამკითხოთ, ან ვინ ჩივის-მეთქი? ამიხსნეს, რომ ჩემს დეიდაშვილს, ირმა მრევლიშვილს, სამმართველოში მიუმართავს, რომელიც განცხადებაში უთითებდა, რომ მე ვძალავდი მის გარდაცვლილ დედაზე, ქალთამზე მრევლიშვილზე რეგისტრირებული ბინის 1/3 ნაწილს, ხოლო ბინის 2/3 წილი იყო ჩემზე რეგისტრირებული 05.09.2006 წლიდან.

რაც მაშინ განვიცადე, არ შეიძლება იმის გადმოცემა. შევეკითხე, _ რა მტკიცებულება წარმოადგინა, რომ თქვენ მე მკითხავთ და საქმე აღძარით-მეთქი?

მითხრეს, მისი „დახასიათება“ რომ არ გეჩვენებინა მისი ქმრისთვის, ზაზა ზამბახიძისთვის, ამის მაგივრად ირმას შენთვის მის დედაზე რეგისტრირებული ბინის 1/3 წილი უნდა მოეცაო. გამეცინა, რადგან უნიჭო პროკურორისგან ჩემთვის ხაფანგი კარგად იყო მომზადებული.

მას შემდეგ არავითარი ცნობა ამ სს საქმეზე არავის უცნობებია. ისევ მე მივაკითხე 2009 წლის 15 ივნისს შს მცხეთის სამმართველოს და განცხადებით საქმის მასალების ქსეროასლები მოვითხოვე. 19 ივნისს დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი უნდილაშვილი მაცნობებს, რომ ვინაიდან მე არ წარმოვადგენ მხარეს, არ მაქვს უფლება, მოვითხოვო საქმის მასალების ქსეროასლები.

2011 წელს ისევ მივმართე პროკურატურას, რის შემდეგაც რაიონული პროკურორი ლევან სალია მაცნობებს, რომ გამოძიება შეწყვეტილია „ამნისტიის“ შესახებ კანონის საფუძველზე, ხოლო სს #032070220 საქმეზე მე ვარ დაკითხული მოწმედ, არ წარმოვადგენ მხარეს და ამ საქმის მასალების გადაღების უფლება არ გამაჩნია.

რა უნდა მექნა? ლოდინის მეტი რაღა დამრჩენოდა? როდესაც ვაკითხავდი, საქმე სხვადასხვა გამომძიებელს გადაეცემოდა: ვერიკო იმერლიშვილს, თეა იაშვილსა და თამთა კობახიძეს, მაგრამ დასასრული არ უჩანდა.

როგორც იქნა, 2013 წლის 31 დეკემბერს, ჩემი განცხადების თანახმად, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მთავრიშვილი მატყობინებს, რომ მცხეთის რაიონულ სამმართველოში წარმოებაშია სს 032070220 საქმე, ირმა მრევლიშვილის მიმართ განხორციელებულ გამოძალვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის I ნაწილით, მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამეხარდა, როგორც იქნა, ამ წლების განმავლობაში ერთი სრულყოფილი პასუხი მივიღე.

2014 წლის 28 მაისს ისევ მივმართე სამმართველოს და მოვითხოვე ჩემი დაკითხვა. საქმე ევალებოდა გამომძიებელ თამთა კობახიძეს, რომელმაც 7 ივნისს დამკითხა მოწმის სახით. რაღაც პერიოდში დაურეკეს ტელეფონით, მე მასთან მაგიდასთან ახლოს ვიჯექი და გავიგონე ლაპარაკი. ეს იყო პროკურორი ნაზი მირიანაშვილი, რომელმაც გამომძიებელს დაავალა, რომ ჩემგან დოკუმენტაცია არ მიეღო. ნამდვილად შემეცოდა თამთა კობახიძე იმ გაგებით, რომ მაშინ ფეხმძიმედ იყო და ნერვიულობისგან ხან გაწითლდა, ხან ფერი დაკარგა, მე რომ მოვისმინე პროკურორის მითითება. ვუთხარი, _ არაფერია, კანცელარიაში ჩავაბარებ, ოღონდ თქვენ ნუ განიცდით, რას იზამთ, პროკურორს ასე ნებავს.

_ ამის შემდეგ რა მოხდა?

_ ჩავედი მცხეთაში და კანცელარიაში ჩავაბარე დოკუმენტები.

პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა მიპასუხა, რომ გამომძიებელ თამთა კობახიძის ქმედება, არის კანონიერი და ირმა მრევლიშვილის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის საქმესთან კავშირში.

ისევ მივმართე სამმართველოს და 2015 წლის 10 თებერვალს სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების განყოფილების უფროსი იოსებ ყოჩაშვილი მაცნობებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. უკვე ცხრა წელი გავიდა, რით ვეღარ დასრულდა გამოძიება?

სწორედ 2007 წლის 19 მარტს პროკურორმა ირაკლი შანიძემ მიიღო დადგენილება სს #032060936 საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ და დაადგინა, რომ ამ საქმეზე ცირა და თამაზ სოხაშვილების მიმართ არ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწნებული ქმედების არარსებობის გამო.

დადგენილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეებსო.

_ ესენი ვინ არიან, და რა კავშირში არიან ან თქვენთან ან მრევლიშვილთან?

_ მოგახსენებთ: ცირა სოხაშვილმა ჩემგან საცხოვრებელი სახლი შეიძინა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში სერიოზული დარღვევებია. ეს ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შესწორებულიყო ჩვენ შორის სასამართლო წესით, რაც მას არ სურდა. როგორც ვიცით, მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ გამყიდველი? ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით დროებით თავს შევიკავებ.

ჩემი განცხადების თანახმად, 2006 წლის 5 სექტემბერს შს მცხეთის სამმართველოში აღიძრა სს #032060936 საქმე, სსკ-ის 180-ე მუხ. I ნაწ., სადაც მითითებულია დანაშაულის ჩადენის თარიღი, 1997 წლის 14 იანვარი, სწორედ ხელშეკრულების შედგენის თარიღი. იმ პერიოდში საქმეს გამომძიებელი კობა ცერცვაძე აწარმოებდა. 2006 წლის 06 სექტემბერს მცხეთის შს სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვ/პოლკოვნიკი ვ. ბადაგაძე მიმართავს პროკურორის მ/შემსრულებელ კობა სირაძეს, რომ საქ. სსსკ-ის 261-ე მუხლის თანახმად გაცნობებთ, რომ 2006 წლის 5 სექტემბერს შს მცხეთის სამმართველოში წინასწარი გამოძიება დაიწყო სს #032060936 საქმეზე 1997 წლის 14 იანვარს ქ. მცხეთაში ღვინჯილიას ქ. #3-ში მცხ. მანანა რისბერგის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ვინაიდან ცოლ-ქმარი ცირა და თამაზ სოხაშვილები თაღლითობის მუხლით მიეცემოდნენ პასუხისგებაში, მათ გადასარჩენად ჩემ მიმართ რაიმე კომპრომატი უნდა მოენახათ. დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირდათ, რადგან იცოდნენ, რომ ჩემსა და ირმას შორის იყო ბინასთან დაკავშირებით დავა და ამიტომ ირმა ამ განზრახვით გამოიყენეს. მაგრამ ამჟამად მათთან მიმართებით აქ შევჩერდები, ხოლო ირმამ სიხარბით (ოღონდ მე ჩამოვცილებულიყავი) ასეთი საქციელი ჩაიდინა. დაუფიქრებლად მიიღო გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ. მე მასზე 29 წლით უფროსი ვარ. ჩემი შვილებიც კი მასზე უფროსები არიან და, თურმე, რა იცი, ვის ეხმარები გაზრდაში.

მე დეიდაჩემი მეცოდება (მას ქმარი არ ჰყავდა), მაგრამ ხომ ფაქტია, დეიდაშვილმა საციხედ გამიმეტა. მე სიბოროტე არავისთვის გამიკეთებია, მაგრამ შეურაცხყოფას, ცილისწამებასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას არავის ვაპატიებ. ამიტომ სწორედ 2007 წლის 19 მარტს მიმართა ირმამ შს მცხეთის სამმართველოს და წარადგინა თავისივე დაწერილი დახასიათება. ცირა სოხაშვილთან და ირმა მრევლიშვილთან მიმართებით, იმავე მისამართზე, ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ. #66-ში გამოძალვის ფაქტი რომ დადგენილიყო, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში მე, მანანა რისბერგი უნდა ვყოფილიყავი.

პოლიციამ გამოძალვაზე საქმე მის სასარგებლოდ აღძრა. იქნებ, ამჟამად დაინტერესდეს გენერალური პროკურატურა, როგორ ცდილობდნენ მათი პროკურორები ამგვარი მასალებისთვის თვალის არიდებას? ნათქვამია, სულელს არ უნდა დაეხმარო, თორემ შენც სულელი იქნებიო.

ბოლოს და ბოლოს, დაგაინტერესებთ, ეს შეთითხნილი საქმე როგორ დამთავრდა. 2016 წლის 03 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატს მივმართე. მათ 2016 წლის 26 თებერვალს მთავარ პროკურატურას მიმართეს შეკითხვით:

  1. რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ხსენებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2015 წელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თარიღები)?
  2. დაწყებულია თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიმართ და მიღებულია თუ არა შემაჯამებელი გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე?

მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 11 მარტს #13/15391 წერილით აცნობა სახალხო დამცველის აპარატს, რომ სს #032070220 საქმეზე 2016 წლის 08 მარტს შეწყდა გამოძიების წარმოება საქ. სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული საფუძვლით. პატივცემულო მკითხველო, ეს მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაული, რის გამოც უნდა შეწყდეს საქმეზე გამოძიება.

ჩემთვის უცობია, რომელ პროკურორს შეეშინდა და 10-წლიანი საქმე ერთ კვირაში შეწყვიტა, _ ნაზი მირიანაშვილს თუ არჩილ ბედუკაძეს? რატომ ტყუოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში? ნუთუ, ამათი დაფარვები არ უნდა შეწყდეს და თავიანთი თანამდებობები ბოროტად არ გამოიყენონ?! ასეთი მეთოდებით ჩემნაირად საქართველოში ბევრი უდანაშაულო ადამიანი დატანჯეს.

მთავარ პროკურატურას ჩემი პოზიცია უნდა გავუზიარო. მთავარი პროკურატურის მისაღებში განთავსდეს დაფა: „ვინ გვარცხვენს, ვინ გვასახელებს“. იქნებ, მათზე ასეთმა მეთოდმა მაინც იმოქმედოს, თორემ ჩვენ ვერც ევროპა გვიშველის და ვერც იქ მიღებული სწავლა-განათლება.

მივმართავ მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას დაიწყოს მოკვლევა. ასევე მივმართავ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას 2016 წლის 08 მარტის სს #032070220 საქმეზე შეწყვეტის დადგენილება ბათილად ცნოს. განახლდეს გამოძიება ირმა მრველიშვილის მიმართ, ვინაიდან ხელოვნურად შექმნა ცრუ ბრალდება ჩემ მიმართ.

ნათქვამია, წინა კაცი უკანას ხიდიაო. ჰოდა, ვისაც ეცნობა ჩემი ამბავი, გაფრთხილდით!

ვიმედოვნებ, დადგა დრო, რომ სიმართლე გამომჟღავნდება. დამიბრუნონ ჩემი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და მეც და ჩემი დაც 2011 წლის 06 დეკემბერს მიღებული სამკვიდრო მოწმობიდან გაგვათავისუფლონ. ჩემმა დეიდაშვილმა, ირმა მრევლიშვილმა, იქნებ შეიგნოს, რომ დანაშაულია სხვისი ქონების მიღება და ცოცხალი ადამიანების გარდაცვლილებთან ერთად სამკვიდრო მოწმობაში დამწყვდევა.

რა უნდა ჩემს გარდაცვლილ მამას, ზაქარია ხიტალიშვილს მისი კუთვნილი საკომლო ჩანაწერით გარდაცვლილი ცოლისდების სამკვიდროში? ამიტომ ეს საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა, რაზეც დროულ რეაგირებას ველოდები.

 

გელა მამულაშვილი