სერჰი გნეზდილოვი: „პუტინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის უკრაინიზაციაში“

მიხეილ ხაჩიძე

სერჰი გნეზდილოვი არის უკრაინული კულტურული ფესტივალის, „ვიდოლკაფესტის“ დამფუძნებელი, რომელიც პირველად ვილკოვოში 2023 წლის ზაფხულში გაიმართა. 2019 წლიდან იგი მსახურობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, Hრომადსკე-ზე კი მიჰყავს ვიდეოპოდკასტი, აკეთებს ინტერვიუების ციკლს უკრაინელ მებრძოლებთან.

თავად ჯარისკაცი და მეომარი 22 წლისაა, თითქმის სამი წელია, რუსეთ-უკრაინის ომშია. იბრძოდა დონეცკის მიმართულებით. სერჰი გნეზდილოვი   არის რაზმის მეთაური 21-ე ცალკეულ-მოტორიზებულ ქვეით ბატალიონ „სარმატში“.

სერჰი ჯარს 2019 წელს შეუერთდა. მანამდე ის ლვივის პოლიტექნიკურის სტუდენტი იყო. „ომამდე მართლა ძალიან მაგარი ცხოვრება მქონდა, რომელიც მიყვარს და ტკბილად მახსოვს“, – ამბობს ის, _ მე ვიყავი ახალგაზრდულ ორგანიზაცია „სახალხო ლიდერთა საბჭოს“ ხელმძღვანელი“. 

უპირველეს ყოვლისა, ვეკითხები, რატომ გადაწყვიტა მან 2019 წელს ჯარში  წასვლა:

„მაშინ სტუდენტებში ასეთი ტალღა იყო: ჩვენ უნდა შევცვალოთ ისინი, ვინც 2014 წლიდან იბრძოდა და გამოფიტულია, რომ ჩვენ ვართ ახალი თაობა, რომელმაც შეიძლება მოიგოს ეს ომი. ანდა ცოტათი მაინც  დავეხმაროთ ქვეყანას. ასეთი ტენდენცია იყო პროუკრაინელ ახალგაზრდებში. ვგულისხმობ უკრაინულზე ორიენტირებულ სტუდენტურ ორგანიზაციებს, რომლებიც, როგორც მაშინ, ისე ახლა ნამდვილად ზრუნავენ უკრაინაზე. ასე მოვაწერე კონტრაქტს ხელი და ჩავები სამხედრო სამსაუხრში“.

სწორედ ფრონტმა მისცა მას უამრავი შესანიშნავი მეგობარი. მართალია, მოგვიანებით მან ბევრი მათგანიც წაართვა, თუმცა ამ განსაკუთრებული წინა ხაზის საზოგადოების წყალობით სერგიიმ სრულად გააცნობიერა,

რას ნიშნავს თავგანწირვა და რისთვის:

„ფრონტმა გამაცნო იმ ადამიანების წრე, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს თავგანწირვა რა რისთვის, გამაცნო ადამიანები, რომლებმაც დრო წაართვეს ოჯახებს _ რადგან მომენტი ამას ითხოვდა, ასე უნდა მომხდარიყო.

მეც სულ ახლახან მივხვდი, რომ ალბათ მეც გავწირე ჩემი კარგი ცხოვრება, ახალგაზრდობა. იმიტომ, რომ მე სამხედრო გავხდი… მე ვხვდები, რომ შევწირე ჩემი ურთიერთობები, რომლებიც არასდროს მქონია ნორმალური, იმის გამო, რომ მე უბრალოდ არ ვარსებობ სამოქალაქო ცხოვრებაში. და ძალიან რთულია ურთიერთობის შენარჩუნება, როცა ადამიანი წელიწად-ნახევარია სახლში არ არის“.

მას ყველაზე მეტად დონეცკის ოლქში მოუწია ბრძოლა – პისკი, ავდიივკა მარინკა, კრასნოჰორივკა, ზოლოტა ნივა. მერე იყო ზაპორიჟჟია _ გულიაიპოლე.

უკრაინელი მეომარი ფიქრობს, რომ პუტინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის უკრაინიზაციაში:

„ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 93%-ს არ სურს რუსეთში წასვლა, არ სურს რუსეთთან რაიმე კავშირი. ჩვენ საბოლოოდ მივაღწიეთ ერთიანობას. ყველა უკრაინელი ხელმწიფე ამას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, მაგრამ პუტინმა ეს შეძლო და უკრაინიზაცია მოახდინა“.

სერჰი ვარაუდობს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება. ამასთან, ის ურჩევს ყველა სამოქალაქო პირს, ისწავლოს, ომისთვის საჭირო უნარები და მხარი დაუჭიროს არმიას:

„რაც ნაკლებად ფიქრობთ ჯარზე დღეს და რაც უფრო მეტად უგულებელყოფთ მის პრობლემებს, მით უფრო მალე აღმოჩნდებით იქ. ყველა, ყველა ყოველთვის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ იარაღით ხელში მოუწევს საკუთარი თავისა და ამ ქვეყნის დაცვა. ჩემი აზრით, უკრაინელების გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია ომი“.

მეომარი ახლა რომანზე მუშაობს, ოცნებობს, მალე დაასრულოს წიგნი „ომი მშვიდობის ქუჩაზე“:

„100%-ით დავასრულებ. მგონი, კიდევ ერთი წელი დამჭირდება. ერთ დღეში ბევრის წერას ვახერხებდი. როცა სულიდან, გულიდან ამოდიოდა სიტყვები, ყველაფერს ვწერდი. ახლა ბევრს ვეღარ ვწერ. უფრო და უფრო მიჭირს სიტყვების პოვნა, მათ ვეძებ. თუმცა დავასრულებ“.

სერჰი გნეზდილოვი დარწმუნებულია, რომ ომმა იგი მხოლოდ ფიზიკურად შეცვალა:

„ზურგზე მაქვს პრობლემები, ზედმეტ კილოგრამს ვერ ვწევ, საშინლად გავმელოტდი… მაგრამ შინაგანად იგივე დავრჩი. ზუსტად იგივე არჩევანს გავაკეთებდი, როგორც მაშინ, 2019 წელს, თუნდაც წინასწარ მცოდნოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ შევძლებდი და არც მინდა“.

„ქრონიკა+“-მა უკრაინელ მეომართან  ინტერვიუ დისტანციური რეჟიმით ჩაწერა:

_ სერჰი, რა გაიფიქრეთ პირველად, როდესაც სრულმასშტაბიანი შეტევის შესახებ შეიტყვეთ?

_ რომ ომი ახალ იმპულსს იკრებს. წინა დღეს ამის შესახებ გარკვეული წინათგრძნობა მქონდა. როცა ძალიან დიდ დროს ატარებ გარკვეულ სამხედრო დისკურსში, გესმის: ომი ან პროგრესირებს ან მთავრდება. და არ არსებობდა მისი დასრულების წინაპირობა. ასე რომ, ჩვენ ყველანი ვისხედით და ველოდით მის პროგრესს. მეორე მხრივ, ცოტა შოკი იყო. სადღაც ქვეცნობიერის დონეზე თითქოს  ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ ველოდი ასეთ მასშტაბებს ერთ ღამეში. მივხვდი: ძალიან დიდხანს მომიწევს ბრძოლა და რომ ყველაფერი ახლა იწყება.

_ რატომ დაიწყო რუსეთმა ასეთი მასშტაბური ომი, რადგან უკრაინაში რუსული აგრესია 2014 წლიდან ისედაც იყო? რისთვის დასჭირდა პუტინს მასობრივი ომის წამოწყება? რას ვარაუდობთ?

_ კიევის მახლობლად რუსული ჯარების შემდეგ ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ: რუსეთმა ეს ომი დაიწყო უკრაინის აბსოლუტური განადგურებისთვის, როგორც „ქვესახელმწიფოსი“. მას სურდა უკრაინელი ხალხის ასიმილაცია და დაშლა, რასაც რუსებმა 300 წლის განმავლობაში ვერ მიაღწიეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის დაპირისპირება რაღაც მიწის ნაკვეთისთვის, არამედ იდეოლოგიების ომია, სადაც სამუდამოდ გაქრება ადამიანი და მასთან ერთად ერი და შესაძლოა, იმპერია.

_ რას უნდა ველოდოთ, პროცესების როგორ განვითარებას პროგნოზირებთ?

_ ზოგადად, ჩემთვის ეს ომი კი არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს, რა თქმა უნდა, არის უკრაინის ომი საკუთარი არსებობისთვის, მისი სრული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. თუმცა, პირველ რიგში, ეს არის ცივილიზაციების შეჯახება _ დასავლური ირჩევს არსებობის უფლებას. ანუ ეს კონფლიქტი გაცილებით დიდი და ღრმაა, ვიდრე სურთ გვიჩვენონ ცალკეულმა პოლიტოლოგებმა თუ სამხედრო ექსპერტებმა. მათი თქმით,  რუსეთს სჭირდება დონბასი. სინამდვილეში, მას ის საერთოდ არ სჭირდება! მე მოგიყვებით ამბავს: ერთი წლის წინ მარიუპოლში ადგილობრივ გოგონას ველაპარაკე. მან მითხრა: „რუსეთი არასოდეს დაესხმება თავს მარიუპოლს, რადგან ეს რუსული ქალაქია. ჩვენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვართ. ისინი არასოდეს დაბომბვენ მას“. ყველამ კარგად ვნახეთ,  რა დაემართა მარიუპოლს.

ჩვენ ვიცით, რომ ტოტალიტარული სისტემისთვის არც ტერიტორიაა მნიშვნელოვანი და არც ხალხი. ის არასოდეს ფიქრობს და ზრუნავს ადამიანებზე. „რუსული ქალაქი მარიუპოლი“ დაბომბეს, გაანადგურეს და ლამის აღგავეს პირისაგან მიწისა, არა იმიტომ, რომ რუსებს სჭირდებათ დონბასი ან მარიუპოლის მოსახლეობა, არამედ იმიტომ, რომ მათ უნდა გაანადგურონ ალტერნატივა _ ანტირუსეთი. ბევრი რუსი პოლიტიკოსი პირდაპირ საუბრობს იმაზე, თუ რატომ დაიწყო ეს ომი ზოგადად 2014 წელს, რატომ გრძელდება დღეს _ იმპერიის ტერიტორიაზე არ შეიძლება იყოს ალტერნატივები, როგორიცაა დემოკრატიული ბელარუსი ან, ღმერთმა მალე ქნას, ევროპული უკრაინა. იმიტომ, რომ ეს არ ჯდება მათ პარადიგმაში. ლენინმაც კი თქვა: თუ ჩვენ დავკარგავთ უკრაინას, არ იქნება რუსეთი. ეს არის მათი მთავარი აზრი: მათი უკრაინა მთლიანად ასიმილირებულია, რადგან ამ „უმცროსი დის“ გარეშე რუსეთის ფედერაცია, როგორც იმპერია, უბრალოდ არ იარსებებს!