სერგო ჩიხლაძე: „ქართულ ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება“
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყარეს კენჭი. ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა სახის ღონისძიების გატარების შესაძლებლობასა და პროცესების წარმართვას უზრუნველყოფს, ანუ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მთავრობა მაშინ შემოიღებს მკაცრ აკრძალვებსა თუ რეგულაციებს, როცა მოუნდება და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ცვლილებებით მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება 2021 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება.
რას ნიშნავს აღნიშნული კანონი? გამოიყენებს თუ არა მთავრობა ცვლილებებს წინასაარჩევნოდ თავის სასიკეთოდ? რამდენად არსებობს არჩევნების გადადების შანსი? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე:
_ ამ კანონის გახანგრძლივება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. 15 ივლისამდე მოქმედებდა და ახლა პირველ იანვრამდე გადაწიეს, რომ მთავარობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება შეეძლება და ეს კეთდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროების საფარქვეშ. პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისეთია, რომ ამ წუთისთვის ამის საფრთხე არ არსებობს. რაც ბატონმა ხუნდაძემ განაცხადა, რომ შეიძლება მეორე ტალღა იყოს და ჩვენ ამიტომ ვიღებთ ამ ზომებსო, მაშინ კითხვა ისმის: პირველი იანვრის შემდეგ არ შეიძლება იყოს მეორე ტალღა? ან ხომ შეიძლება, სულ ასე გაგრძელდეს? ვაქცინაც რომ არსებობდეს ან ეფექტიანი წამალი, რაღაც შემთხვევები ყოველთვის იქნება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსული ან ინფექციური დაავადების დროს. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ რატომ პირველი იანვარი და ბარემ უვადო შემოვიღოთ. წლების განმავლობაში შეიძლება ასე გაგრძელდეს. დღეს შეზღუდვების გახანგრძლივების საჭიროება არ არსებობს. იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც ნამდვილად ჩვენზე მეტად დაზარალდა, 100 ათასობით დაავადებული ჰყავდათ და მათ არ მიუღიათ ასეთი შეზღუდვები, ასე უვადოდ არ გაუხანგრძლივებიათ საგანგებო მდგომარეობა.
_ რა არის მთავრობის მიზანი?
_ ერთადერთი მიზანია, არჩევნების წინა პერიოდში მთავარობას ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის. თუ დაინახავს, რომ კვლევებით ან საზოგადოებრივი განწყობით მისთვის არასახარბიელო პოლიტიკური მდგომარეობა აქვს, მას შეუძლია გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, რაც იმოქმედებს ოპონენტებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსა და ა. შ.
_ უფრო რომ განვმარტოთ, რის ან ვის წინააღმდეგ იქნება ეს შეზღუდვები?
_ ეს შეზღუდვა არის თავისუფალი ნების წინააღმდეგ, თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ და ზოგადად, ადამიანთა უფლებებს არღვევს. ვიმეორებ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს. პირიქით, ვამბობთ, რომ მთავრობამ დააგვიანა შეზღუდვების მოხსნა. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები თვითონვე ამბობენ, ვხედავთ ციფრებს და ასეთი ერთეული შემთხვევები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ისიც იმპორტირებულია.
ყველანაირად გვამზადებენ, რომ თუ დასჭირდათ, შეიძლება ფორმა შეცვალონ, დრო ან ყველანაირი აგიტაციის საშუალება შეგიზღუდონ. მაგალითად, რატომ არ ხსნიან საზღვრებს? ე. წ. პროსამთავრობო უწყებები საუბრობენ, რომ არანაირი საფრთხე არ არის, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, კოვიდ პასპორტს ავამოქმედებთ, ტესტრირებას გავუკეთებთ ან საბუთით შემოვა საზღვარზე ადამიანი და ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დავა. 100%-ით არავინ არის დაზღვეული, კოვიდამდეც შემოდიოდნენ ადამიანები და შეიძლება რაღაც დაავადება ჰქონდათ, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი იმდენად, რომ არანაირი აფეთქება არ გვექნება. 3-4 და 15 შემთხვევა ყოველთვის შეიძლება იყოს. მეტიც: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ნათქვამია, რომ კვირაში 200-მდე ახალი შემთხვევა თუ აღმოჩნდა, ეს უდაბლესი რისკია, რომელიც არანაირ განგაშის საფუძველს არ იძლევა. ცოტა უფრო საშიშია 200-იდან 400-მდე შემთხვევა. ამიტომ აბსურდია ახლა აფეთქებაზე საუბარი. მესმის, რომ ნებისმიერი მთავრობა გამოიყენებდა სათავისოდ იდეალურ სტატისტიკურ ციფრებს, მაგრამ ამის ფონზე, მეორე მხრივ, არჩევნების შიშით მთავრობა აპანიკებს მოსახლეობას, რომ ახლა სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ მეორე ტალღას უნდა ველოდოთო, რაც ასევე ლეგიტიმურ ეჭვს აჩენს, რომ არა მარტო უფლებებს შეგიზღუდავს, არამედ სიტუაციას მანიპულაციისთვის გამოიყენებს არჩევნების წინ. ამ კანონით არ გამოვრიცხავ, რომ კოვიდის სტატისტიკური მაჩვენებელი გაზარდონ.
_ ხელოვნურად?
_ დიახ, ხელოვნურად ან უბრალოდ გააკეთებ 100 ტესტს, გამოგივლინდება 1 ინფიცირებული, თუნდაც უსიმპტომო, გააკეთებ უცებ 5 ათას ტესტს და ა. შ. ხალხის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებისთვის და პროპაგანდისთვის, ხალხის დასაშინებლად გამოიყენებს მთავრობა.
_ ფრენებზე რას გვეტყვით ან ეს ხუთი ქვეყანა რის მიხედვით შეარჩიეს?
_ ჩეხეთში, პოლონეთში, ავსტრიაში ბევრად უკეთესი მონაცემებია, როგორც აბსოლუტური რიცხვებით, იგივე მილიონ მოსახლე გადათვლით, ვიდრე თუნდაც საფრანგეთში ან გერმანიაში. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, _ იმიტომ არ გიხსნით საზღვრებს, რომ თქვენ არ მიხსნითო. საქართველოს მთავრობამ უპასუხა, მხოლოდ პირველ აგვისტომდე არ გიხსნითო. შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს არის ორმხრივი პროცესი და შენ თუ არ ხსნი, მეც არ გიხსნიო. ახლა საქართველოს მთავრობას ისე უნდა წარმოაჩინოს, რომ ის რატომაც არ მიხსნის, მეც იმიტომ არ გავუხსენიო. არადა, პირიქით იყო. აქაც ტყუის მთავრობა. იგი ცდილობს, რეგულარული ფრენები გადადოს, რადგან დამკვირვებლები არ შემოვიდნენ. ათასობით დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს და ისინი ჩამოდიან 2 თვით ადრე, ამიტომ თუ აგვისტოში არ გაიხსნება ფრენები, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ დამკვირვებლები არ შემოვიდნენ საქართველოში.
_ რა იქნება ამ შემთხვევაში?
_ როცა უნდა და რასაც უნდა, იმას შეზღუდავს მთავრობა. შესაძლოა, პირდაპირ გააყალბონ, ხალხის უფლებები შეზღუდონ, დააშინონ, დააშანტაჟონ და შესაბამისად, დამკვირვებელი თუ არ იქნა, შესაბამისი რეპორტებიც ვერ გაიგზავნება ევროპის ქალაქებში და მეტი შანსი ექნება, ყველანაირი ფასის გარეშე გააყალბოს.
_ ამ კანონპროექტს ეთანხმებიან ის მედიკოსები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან კოვიდეპიდემიის პროცესებში?
_ მედიკოსების ჩართულობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჯანდაცვის კომიტეტის ჩართულობაზე მოგახსენებთ, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ კანონის მიღებაში.
_ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, ერთი კვირის წინ მთავრობის წევრებთან ჰქონდა დისტანციური შეხვედრა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონიც სწორედ მის სურვილზეა მორგებული?
_ შეიძლება, ფიზიკურად არ გახლდათ და იმიტომაც ჩაერთო დისტანციურად, თუმცა კითხვები დაისვა, რომ სამი თვის განმავლობაში ოლიგარქი არ ჩანდა და სწორედ ახლა გამოჩნდა. ეს პირდაპირ სპეკულაციებია და არ მინდა, რომ ამ კუთხით წავიყვანო საუბარი. ბიძინა ივანიშვილი იძულებული იქნება, აქტიურად გამოჩნდეს, რადგან მის „ქართულ ოცნებას“ მეტი ხმა და პოპულარობა სჭირდება, ლიდერის გარეშე კი ეს რთული იქნება თვითონ მათი მხარდაჭერებისთვის.
_ ამ გადმოსახედიდან თქვენი პროგნოზი როგორია? რამდენად მოსალოდნელია არჩევნების გადადება?
_ „ქართული ოცნებისგან“ და მისი მმართველისგან არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება. მართალია, მთავრობა კორონაინფექციის ციფრებით ამაყობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მთლიანად ჩამოიშალა ეკონომიკა. რაც უფრო გადადებს ხელისუფლება არჩევნებს, ეს უარყოფითი განწყობა _ სიღარიბე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება მოსახლეობაში. არ მგონია, რომ ამის გადადება აწყობდეს.
გიორგი საკარული