სახელმძღვანელოების გრიფირების სკანდალი

„ქრონიკა+“ იწყებს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებული ექსკლუზიური მასალების გამოქვეყნებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას შოკში ჩააგდებს. პირველი ის, რომ საკითხი ეხება მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას, მეორე _ ქართველი პედაგოგების ღირსების შელახვას, მესამე _ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანთა სრულ უვიცობას და რაც მთავარია _ იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ა. შ. „პროფუვარგისობას“.

დანარჩენი, იხილეთ აქ! _ მხოლოდ ფაქტები.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტი _ ნათელა მაღლაკელიძე:

_ განათლების სისტემაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შემთხვევითი პიროვნება ამ საქმეში არ ვარ. გახლავართ როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების, ისე უმაღლესი სკოლისთვის განკუთვნილი „ქართული ენის მეთოდიკის“ კურსის ავტორი. პირველი სახელმძღვანელო იყო ჩემი მასწავლებლის, ვალერიან რამიშვილისეული „დედა ენა“, რომელიც გამომცემლობა „განათლების“ თხოვნით 2000 წელს გადავამუშავე. ავტორი 1989 წელს გარდაიცვალა და წიგნი სასწრაფო გადამუშავებასა და განახლებას ითხოვდა. 2005 წელს კონკურსი გამოცხადდა და მე უკვე ჩემი საკუთარი სახელმძღვანელოთი წარვდექი საკონკურსო კომისიის წინაშე. როგორც წესი, კონკურსი მანამდე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ცხადდებოდა. დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებზე პირველი კონკურსი 2005 წელს გამოცხადდა და ვადა გრიფირებულ წიგნებს 2011 წლამდე ჰქონდა. მეორე კონკურსი 2010 წელს გამოცხადდა და სახელმძღვანელოებს 2016 წლამდე ჰქონდა ვადა. ბუნებრივია, ველოდით, რომ შემდეგი კონკურსი 2015 წელს გამოცხადდებოდა და სახელმძღვანელოებს 2016 წელს გრიფი მიენიჭებოდათ, რათა სკოლებს მათი გამოყენება შეძლებოდათ. ალბათ ყველას გახსოვთ განათლების იმდროინდელი მინისტრის განცხადება 2016 წლის მაისში, როდესაც მან თქვა: 2016/2017 სასწავლო წლის სექტემბრიდან ბავშვები სწავლას დაიწყებენ განახლებული სახელმღვანელოებითო. იმ დროისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა ჯერ კიდევ არ იყო განახლებული და ბუნებრივია, არც კონკურსი იყო გამოცხადებული. სახელმძღვანელო კი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე იქმნება. მივხვდით, რომ ეს იყო მინისტრის ფუჭი განცხადება, თუმცა მაინც ყოველდღე ველოდებოდით კონკურსს. მართლაც, 2016 წელი მიიწურა და კონკურსი არ გამოცხადდა. 2017 წელი ასევე კონკურსის მოლოდინში ვიყავით და თითქმის ყოველდღე ვეკითხებოდით განათლების სამინისტროს, როდის იქნებოდა კონკურსი და მათი პასუხი არ გაინტერესებთ? „იქნება, ჩათვალეთ, რომ უკვე გამოცხადებულია!“
_ საბოლოო ჯამში, როდის გამოცხადდა კონკურსი?
_ კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 2017 წლის თებერვალში, ტექნიკური პარამეტრები კი ცნობილი გახდა ივნისის ბოლოს. მე ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თუ ტექნიკური პარამეტრები ცნობილი არ არის, ვერც ერთი გამომცემელი წიგნის გამოცემას ვერ მოჰკიდებს ხელს. სექტემბერში უნდა ჩაგვებარებინა (ქართულ ენასა და ლიტერატურას ვგულისხმობ) დაახლოებით 20 წიგნი. ასე რომ, სახელმძღვანელოების მოსამზადებლად სულ 6 თვე მოგვცეს.
_ 20 წიგნი თითო საგანში?
_ დიახ, ეს იყო კომპლექტი. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში სასწავლო კომპლექტი შედგება სამი წიგნისგან: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული და მასწავლებლის წიგნი. ეს რომ ოთხზე გავამრავლოთ, 12 წიგნი გამოდის. მეხუთე-მეექვსე კლასებში ქართული ლიტერატურა ცალკეა, ქართული ენა _ ცალკე, სავარჯიშოების რვეული ცალკეა და ცალკეა ასევე მასწავლებლის წიგნი. ანუ მეხუთე-მეექვსეში რვა წიგნი უნდა წარმედგინა, რაც საერთო ჯამში, ოცია. ამ 20 წიგნის დასამზადებლად რამდენიმე თვე მოგვცეს. ეჭვებით არ მიყვარს საუბარი, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ, _ როდესაც სამინისტრომ გრიფირების გამოცხადების პროცესი ასე გაწელა, ხომ არ იყო ეს ვიღაცისთვის სასათბურე პირობების შექმნა?!
_ რას გულისხმობთ, დაგვიკონკრეტეთ?
_ რომ ვიღაცას დრო მისცეს ამ ოცი წიგნის შექმნისთვის. სამაგიეროდ, ჩვენ ცაიტნოტში აღმოვჩნდით _ რამდენიმე თვეში როგორ უნდა მოასწრო 20 წიგნის დაწერა?! მაინც გავაკეთეთ! მე პირადად ეს რის ფასად დამიჯდა, არ დავაკონკრეტებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. გამოცხადდა გრიფირება. შემდეგ ეტაპზე ექსპერტთა დასკვნებს ველოდებოდით. ექსპერტის დასკვნები მივიღეთ ექვსი თვის შემდეგ _ 2018 წლის აპრილის ბოლოს. კურიოზი: სახელმღვანელოების დაწერასაც ექვსი თვე და ექსპერტის დასკვნასაც _ ექვსი თვე! ერთგვარი სიახლე აღმოჩნდა ისიც, რომ იგნორირებული იყო პილოტირება. პილოტირებისთვის საკონკურსო წიგნი, სულ მცირე, 50 სკოლაში შედიოდა, მასწავლებლები თავიანთ შეხედულებას გვწერდნენ სახელმძღვანელოს ავ-კარგის შესახებ, რომელთაც შემდეგ ჩვენს მუშაობაში ვითვალისწინებდით. ყველა დამეთანხმება: წიგნი სწავლებაში უნდა გამოიცადოს, ვერანაირი ექსპერტი თავის კაბინეტში მას მასწავლებელზე უკეთესად ვერ შეაფასებს. ამ კუთხით ძალიან კარგი იყო პილოტირება, მაგრამ ამისთვის სამინისტრომ თანხები ვერ მოიძია. შედეგად ჩვენს სახელმძღვანელოებზე პირდაპირ ექსპერტის დასკვნები მივიღეთ. აი, აქ უკვე გამოიკვეთა ერთი ახალი პრობლემა _ ექსპერტთა კვალიფიკაციისა და მათი ობიექტურობის. როდესაც ამ დასკვნებს ვკითხულობდი, მეცინა თუ მეტირა, არ ვიცოდი.
_ რატომ?
_ მაგალითად, ერთ-ერთ გვერდნახევრიან დასკვნაში აღმოვაჩინე შვიდი ორთოგრაფიული და პუნქტუაციურ-სინტაქსური შეცდომა. ვინ წერს ამ დასკვნას? სავარაუდოდ, არაფილოლოგი. ე. ი. ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები არაფილოლოგებს მისცეს წასაკითხად?!
_ მაგალითიც რომ მოგვიყვანოთ?
_ კი ბატონო. სხვათა შორის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასეთ შეცდომაზე ქულას აკლებენ და შეიძლება, ბარიერიც ვერ გადალახოს აბიტურიენტმა. მაგალითად, დასკვნაში მოყვანილ ფრაზაში: „სასურველი იყო მათი დროში დაშორება ან სხვა პოზიტიური ქცევის ამსახველი შინაარსით ჩანაცვლება, რადგან პირველკლასელი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს წიგნი“ _ „რადგან“ და „რათა“ კავშირებს ექსპერტი ვერ არჩევს… ამას სკოლაში ვასწავლით! „რათა“ გამოიყენება მიზნის გარემოებით, „რადგან“ _ მიზეზის გარემოებით დამოკიდებულ წინადადებაში. მეორე მაგალითსაც დაგისახელებთ: „ფარული მესიჯები, რომელიც“… და არა: „ფარული მესიჯები, რომლებიც…“.
განსაკუთრებული რისხვა დაიმსახურა ჩემმა პირველმა კლასმა. მე, რა თქმა უნდა, იაკობ გოგებაშვილის მეთოდიკას მივდევ, თუმცა ეს მეთოდიკა განახლებულია და თანამედროვეობასთან ადაპტირებული. რატომ არის განახლებული, გეტყვით: თვითონ იაკობ გოგებაშვილი სისტემატურად აახლებდა თავის წიგნებს, მიაჩნდა, რომ სახელმძღვანელო ფეხდაფეხ უნდა მისდევდეს დროის მოთხოვნებს. ამიტომაც მან 1876 წლიდან 1912 წლამდე 21-ჯერ განაახლა თავისი სახელმძღვანელო, აქედან ხუთი იყო აბსოლუტურად განსხვავებული წიგნი. იაკობ გოგებაშვილი 1912 წელს გარდაიცვალა. მისი წიგნი სასწავლო დანიშნულებით აღარ გამოსულა 1921 წლის შემდგომ. 1944 წლიდან მისი საქმე მისმა მიმდევრებმა განაგრძეს. ერთ-ერთი ვარ მეც. დღეს განათლების სამინისტროს მესვეურთ იაკობ გოგებაშვილი არ მოსწონთ და განგიმარტავთ, რატომ: „21-ე საუკუნის განათლება, პედაგოგიური პრინციპები და ხედვა, თაობათა მოთხოვნები და ინტერესები განსხვავდება იმ ეპოქის მეთოდიკისგან…“, გოგებაშვილის მეთოდიკაზეა საუბარი. ითხოვენ, რომ ამოიღეთ გოგებაშვილის მთელი რიგი მოთხრობებიო, თუმცა ისინი ჩვენ მიერ უკვე ადაპტირებულია დღეევანდელი მოთხოვნების გათვალისწინებით. მოგიყვანთ ასევე მე-4 კლასის სახელმძღვანელოს მათეულ შეფასებას: „მეოთხე კლასის მოსწავლეს სათავაზობენ ისეთ ტექსტებს, როგორიც არის იაკობ გოგებაშვილის „შოთა რუსთაველი“, სვიმონ გამსახურდიას „საიდან ვიცით ჩვენი ისტორია“. ეს ტექსტები ამოსაღებია“. ანდა „ამოსაღებია ილია ჭავჭავაძის „მზიანი დღე“, გურამ მაისურაძის „თავგადასავალი დავით გურამიშვილისა“ და ა. შ. განსაკუთრებით არ მოსწონთ გოგლა ლეონიძის ლექსი „სიყვარული მაშ გაქვს ვისი“. ეს არის პატრიოტული ლექსი. ამ ლექსში საქართველოს ყველა კუთხეა აღწერილი, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან აღიზიანებთ პატრიოტული თემატიკა. სწორედ ასეთი პატრიოტული ხასიათის ნაწარმოებებზე მოდის შენიშვნათა უმეტესობა.
_ კიდევ რა ამოიღეთო?
_ მაგალითად, აკაკი წერეთლის ზღაპარი „მოსწავლე და მასწავლებელი“. ვახდენ ციტირებას: „ამოიღეთ „მოსწავლე და მასწავლებელი“ მესამე კლასში. ამ ზღაპრის მეტაფორული კონსტრუქტის მიხედვით, ბავშვისთვის ცოდნის მიღება ასოცირდება სასკოლო სწავლებასთან“. არადა, აკაკი წერეთლის ზღაპარში ერთი სიტყვაც არ არის სასკოლო სწავლებაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი კლასიკაა _ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი… ასეთი დამოკიდებულება აქვთ მარტივი დარგობრივი ტექსტების მიმართაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეხება. ექსპერტების დასკვნების მიხედვით, ეს საკითხი (ჩვენი ქვეყნის ისტორია) ბავშვებს არ აინტერესებთ, ამიტომ არ უნდათ, სასკოლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. რომელი კვლევის საფუძველზე დაასკვნეს ეს, ვერ გეტყვით. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს ტექსტები სწავლების პროცესშია აპრობირებული და პედაგოგთა აზრი მათ შესახებ აშკარად დადებითია. ხშირად ეს შენიშვნები კურიოზული ხასიათისაა, მაგალითად: ერთ-ერთ ტექსტში ნახსენები მაქვს ფულის ძველი ერთეულები; უფრო სწორად, მე კი არა, ავტორს აქვს ნახსენები (ნოდარ დუმბაძეზეა საუბარი). ახსნილი გვაქვს, რომ მანეთი და კაპიკი არის ფულის ძველი ერთეულები და მანეთში არის 100 კაპიკი. ამაზე ექსპერტი შენიშნავს: „მოხდეს ძველი ფულის ერთეულების თანამედროვე ფულის ერთეულებთან დაკავშირება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მათი რაოდენობრივი ურთიერთმიმართების დამყარება“. აი, ამის კურსი ვინ იცის, ამიხსენით ახლა. გესმით? ძველი საბჭოთა მანეთი რამდენ ლარს უდრისო?!
_ ანუ სავალუტო კურსის განსაზღვრა მოგთხოვეს?
_ დიახ! კურსი აინტერესებთ. თავად როგორ შეძლებენ ამის კონვერტირებას, ეს გამაგებინა! დასაწყისში ვახსენე, რომ ყველაზე დიდი რისხვა დაატყდა პირველ კლასს. პირადად, მე, ველოდი, რომ მეხუთე-მეექვსე კლასთან მიმართებით უფრო იქნებოდა შენიშვნები, მით უმეტეს, რომ ამ წიგნებს პირველ ეტაპზევე უარყოფითი დასკვნა მისცეს, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველაზე მეტად სწორედ პირველი კლასი არ მოეწონათ. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ აქ ყველაზე მეტად ჩანს „დედა ენა“, თუმცა ამის ღიად აფიშირებისგან თავს იკავებენ. ერთგან მაინც წამოსცდათ, რომ თურმე ნუ იტყვით, „გოგებაშვილის მოთხრობები „ერთი და ორი“, „მუქთამჭამელა“ და „მენავეები“ უნდა ამოვიღოთ“. „მენავეები“ არის ოთხსტრიქონიანი მოთხრობა ზუსტად ამ ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი. შინაარსი, ალბათ, ყველას გვახსოვს: მენავეებს შუა მდინარეში ამოუვარდათ ქარიშხალი, გადაყარეს ნიჩბები და დაიწყეს ლოცვა. ნაპირიდან დაუძახეს, ღმერთს ნუ კი ევედრებით, ნიჩბებს მოკიდეთ ხელი და გადარჩებითო. სავარაუდოდ, აქ ექსპერტებს არ მოეწონათ ის ადგილი, სადაც მენავეები ლოცულობენ და პირჯვარს იწერენ. ამიტომ დაწერეს, რომ ამ ასაკის მოსწავლეებისთვის ტექსტი რთულია და სასურველია ისწავლებოდეს შემდეგ კლასშიო. „ამოიღეთო“, _ თქმა ვერ გაბედეს. არ მოსწონთ ასევე გოგებაშვილის მოთხრობა „ერთი და ორი“. ტექსტის შინაარსაც გეტყვით ბარემ: თვალი ორი გაქვს, პირი _ ერთი. რატომ? იმიტომ, რომ ბევრი დაინახო და ცოტა ილაპარაკო. ხელი ორი გაქვს, იმიტომ რომ ბევრი იმუშაო… როდესაც ამას გოგებაშვილი წერდა, მხედველობაში ჰქონდა არა მხოლოდ კითხვაში გაწაფვა, არამედ იემათემატიკურ სიმრავლეებთანაც პარალელების გავლება. ექსპერტები გვიწერენ: „ამ მოთხრობით ვასწავლით, რა დანიშნულება აქვს ადამიანის ორგანოებს და რისთვის ვიყენებთ მათ. არ არის გათვალისწინებული ამ ტექსტის შეფარული მესიჯები, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული პირველკლასელის მიერ. ფილოსოფიური იდეა, რომელსაც ატარებს ნაწარმოები, ვერ იქნება სწორედ აღქმული პირველკლასელის მიერ. მორცხვი და ნაკლებად აქტიური მოსწავლისთვის ეს პირდაპირი მესიჯია. ის გაიგებს, რომ არ უნდა ილაპარაკოს, არ უნდა ჭამოს და ა. შ.“ რა ფილოსოფიურ აზრს უნდა ატარებდეს პატარებისთვის განკუთვნილი გოგებაშვილის ეს მოთხრობა! აქვე მეთოდურ აპარატში მითითებული გვაქვს, რომ როგორც ენაა ერთი (სამეტყველო ორგანოზე მაქვს საუბარი), ისე დედაენაც ერთია. ტერმინი „დედაენა“ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ენას აქვს. ეს ჩემი აზრი არ არის. პროფესორ გურამ რამიშვილს უწერია „დედაენის თეორიაში“. ამ ტერმინსაც ვერ იტანენ და ნახეთ, რას მიწერენ: „არაკორექტულია ავტორის აზრი, რომ დედაენა ერთია, რადგან არსებობენ ბილინგვური ბავშვები, რომელთათვისაც ორი ენა შეიძლება იყოს მშობლიური“. აღარც ტერმინი „დედაენა“ მოსწონთ. არადა, ტერმინი „დედაენა“ არსებობს და ეს არის პირველი ენა, საბაზისო ენა; ენა, რომლითაც ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს, ის არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის, პირველ რიგში, აზროვნების ენაა. ვიტყოდი, რომ ექსპერტთა ეს განცხადება საკმაოდ თამამია.
ასევე ძალიან არ მოსწონთ რევაზ ინანიშვილის „კრეჭანა“. ეს ზედმეტსახელი ბავშვს შეარქვეს, იმიტომ რომ გან-განზე ამოსული კბილები ჰქონდა და სულ იკრიჭებოდა. ეს მოთხრობა უნდა ამოვიღოთ იმიტომ, რომ „არასტერეოტიპული შეხედულებების ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს ბავშვსო“, ანუ ზედმეტსახელი „კრეჭანა“ ბულინგის გამოხატულებად მიიჩნიეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დასკვნები ფილოლოგის, და მით უფრო მასწავლებლის, დაწერილი არ არის. ფილოლოგი მასწავლებელი ასე ხელაღებით ვერ გააკრიტიკებდა ქართულ საბავშვო ლიტერატურასა და კერძოდ, რევაზ ინანიშვილს. რევაზ ინანიშვილი არ მოეწონათ არც აქ და არც მე-5 კლასში. ისიც უნდა ვთქვა, რომ ერთგვარი შეუსაბამობაა ექსპერტთა დასკვნებში: ერთგან რომ მიწერენ, ძალიან ბევრი აქტივობა გაქვთ და ამას მასწავლებელი ვერ მოასწრებსო, მეორეგან წერენ, რომ გაამდიდრეთ აქტივობებითო. რომელს უნდა დავუჯერო, არ ვიცი! ანუ შენიშვნები ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
_ არც ის იცით, ექსპერტები ვინ არიან?
_ არა, რა თქმა უნდა. ამ გრიფირების პროცესის ერთგვარი სიახლე გახლავთ ისიც, რომ ექსპერტები ჩვენთვის ბოლომდე ინკოგნიტოდ დარჩნენ. ვითომ ანონიმურად ასწორებდნენ, ანონიმურად გვიგზავნიდა სამინისტრო მათ შენიშვნებს. როგორ გვიგზავნიდა და რა სახით, როგორი არეული იყო, როგორ გვიწევდა ავტორებსა და გამომცემლობებს ამის დახარისხება _ ეს კიდევ ცალკე საკითხია. ჩვენ არ გვქონდა ექსპერტებთან შეხვედრის საშუალება, რათა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა და მათი მოგვესმინა. არადა, ადრე ამის საშუალება გვეძლეოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ძველი ექსპერტები შენიშვნებს არ გვაძლევდნენ, ძალიან ცდება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ადრე ექსპერტებთან ჩვენ აზრის გაცვლის და კომუნიკაციის საშუალება გვეძლეოდა. ახლა ეს შესაძლებლობა გამოირიცხა. ექსპერტმა დაგიწერა? კეთილი ინებე და გაითვალისწინე. არ გაითვალისწინებ და შენს თავს დააბრალე. მე დღემდე არ ვიცი, ვინ იყო ჩემი ნაშრომების ექსპერტი, თუმცა წეღანაც მოგახსენეთ, რომ ფილოლოგიურ კომპეტენციებში აშკარად მოიკოჭლებდნენ, რადგანაც არასწორ შენიშვნებს მაძლევდნენ ენაში; მაგალითად: „ვინ და ვინ არიან“, არასწორია, დაწერე „ვინ არიანო“. ნებისმიერი ენათმეცნიერი, რომელიც ა. შანიძის გრამატიკაზეა გაზრდილი, გეტყვით, რომ „ვინ“ ნაცვალსახელს მრავლობითი ფორმა არ აქვს. „ვინ არიან“ გრამატიკულად სწორი ფორმა არ არის (თუმცა გავრცელებულია); ან კიდევ: „წინადადებაში: ერთ დიდ დაბურულ ტყეში ცხოვრობდა დათვის ბელი _ ჩამოთვლასთან მძიმეები დასვითო“. აქ არაერთგვარი განსაზღვრებებია ჩამოთვლილი და მათთან მძიმე არ იწერება. ხომ წვრილმანია ვითომ, მაგრამ ამ შენიშვნებიდან ჩანს მათი ფილოლოგიური კომპეტენციები. ასე და ამრიგად, ჩვენ ექსპერტებთან შეხვედრის სიამოვნება არ გვქონია. მათ გადმოაგზავნეს დასკვნები და ჩვენ ისინი უნდა გაგვეთვალისწინებინა. მორჩა!
_ თუ არ გაითვალისწინებდით?
_ არ გავითვალისწინებდით და ალტერნატივა არ გვქონდა. შემდეგი „სასიამოვნო“ მოულოდნელობა გახლდათ ის, რომ პირველი-მეოთხე კლასების წიგნებზე მაისის ბოლოს მივიღეთ დასკვნები, რომ ისინი ავთენტურია, ველოდებით გრიფირებას და საბოლოო შედეგები 4 აგვისტოს დადეს. მანამდე კი მოგახსენებთ, რა მოხდა სკოლებში. ჯერ კიდევ ივნისში მოსთხოვეს მასწავლებლებს, რომ აირჩიეთ სახელმძღვანელოებიო. არადა, სახელმძღვანელოების ჩამონათვალი არ არსებობდა. პედაგოგებმა რეკვა და გარკვევა დაიწყეს _ სად და რომელ საიტზეა სახელმძღვანელოების ჩამონათვალი, რომ ავირჩიოთო. არადა, არსად არ არის! მასწავლებლებმა სხდომები მოიწვიეს, რა ვქნათ, რა ავირჩიოთო?.. იყო შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებმა ისევ ის წიგნები აარჩიეს, რომლებიც გრიფირების საიტზე ძველ ჩამონათვალში იყო მოცემული (ახალი ჯერ არ იდო). მოკლედ, ეს ყველაფერი კურიოზამდე მივიდა. ამასობაში მასწავლებლები შვებულებაში გავიდნენ, მაგრამ ათ დღეში უკან გამოიწვიეს და უკვე ახალი წიგნების ჩამონათვალი მისცეს, რომელმაც ბარიერი გადალახა. მათ შორის იყო ჩვენი წიგნებიც. მასწავლებელს ამ წიგნების ელექტროვერსიები შესთავაზეს (წიგნები დაბეჭდილი არ ყოფილა), ამ ელექტროვერსიებით მასწავლებელს წიგნის მხოლოდ დანახვა შეეძლო, მაგრამ გაცნობა და ანალიზი _ არა. მოხდა ისე, რომ მასწავლებლების დიდმა ნაწილმა ჩვენი წიგნები აირჩია. გადის რამდენიმე ხანი და ვგებულობთ, რომ განათლების სამინისტრო ჩვენს წიგნებს არ ბეჭდავს. მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა ეს წიგნი აირჩია და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სიაში ის არ არის.
_ თქვენს სახელმძღვანელოებსაც მოუხსნეს გრიფი?
_ არა. პირველი-მეოთხე კლასების წიგნებს გრიფი კი აქვს, მაგრამ საჯარო სკოლებში ვერ შევა.
_ როგორ? ეს კანონსაწინააღმდეგო არ არის?
_ ვერ ყიდულობს მას სახელმწიფო, არ აქვს ფული და ეძახე კანონსაწინააღმდეგო.
_ აბა, ვის წიგნებს ყიდულობს?
_ გამომცემლობის, რომელმაც არარეალურად იაფად შესთავაზა წიგნები. მასწავლებელმა აირჩია ერთი, დახვდა მეორე. ანუ სამინისტროსთვის ფულად ერთეულში გამოხატული წიგნის ღირებულება ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მის შინაარსობრივ-მეთოდურ მხარესთან შედარებით.
_ სასამართლოში გასაჩვრებას აპირებთ?
_ მე ვერ გავასაჩივრებ, თუ გამომცემლები არ გაასაჩივრებენ. ისინი, თავის მხრივ, ძალიან ცუდ დღეში არიან. აქვე გეტყვით, _ სახელწოდება „დედაენა“ ჩემს წიგნს კულტურის სამინისტრომ 2018 წლის აპრილში წაართვა.
_ რა შუაშია კულტურის სამინისტრო?
_ ასე ახსნეს, რომ „დედაენა“ ეს არის გოგებაშვილის კუთვნილება და ამის გამოყენების უფლება არ გაქვთო. მეუხერხულება ამისი თქმა, მაგრამ გამომცემლობა „განათლებასთან“ ერთად, ფაქტობრივად, მე გადავარჩინე გოგებაშვილის მემკვიდრეობა 2000 წელს, როდესაც სრულიად განსხვავებული მეთოდოლოგიით შედგენილი სახელმძღვანელო შედიოდა სკოლებში. დღეს მეუბნებიან, რომ მე გოგებაშვილის სახელწოდების გამოყენების უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ იმას ჰქონდა სადღაც „ცხვარი“, მე მიწერია „მერცხალი“. ის, რომ პრინციპები ერთია, ამას არავინ უყურებს. ჯერ სახელწოდების წართმევა დაიწყეს, მერე გრიფირების პროცესში დამიპირისპირდნენ. ალბათ ყველას ახსოვს ნუგზარ შატაიძის მოთხრობასთან („მოგზაურობა აფრიკაში“) დაკავშირებული სკანდალი. ნუგზარ შატაიძესთან ერთად დაიწყო ჩემი სახელის ტრიალი. არადა, შატაიძის ეს ნაწარმოები ბრწყინვალე ქმნილებაა. თან, სამინისტროს პროგრამაში იყო და უნდა შეგვეტანა. ასევე ნოდარ დუმბაძის ტექსტში ფრაზა „ჩემი ძუძუები გლოცავენ“, შევცვალე _ „ჩემი გული გლოცავს“. აუჰ, ძუძუები შეცვალა გულით და ამ ქალმა არ იცის, ძუძუები გული რომ არ არისო! მე კი ვიტყვი, _ ამ შენიშვნის ავტორმა ის არ იცის, რომ ენაში არსებობს ევფემიზაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი სიტყვის გამოყენებას უნდა მოერიდო და ჩაანცვლო სხვა ლექსიკური ერთეულით. მე ამ სიტყვას მოვერიდე იმის გამო, რომ მე-4 კლასში ეს სიტყვა ბავშვებისთვის ჯერ კიდევ „სასირცხვო სიტყვაა“. თანაც ავტორებს ვინ წაგვართვა სასკოლო ტექსტების ადაპტირების უფლება? ისიც სწავლების ადრეულ საფეხურზე? ამას მოჰყვა ზარი სამინისტროდან, _ სასწრაფოდ ამოიღეთ ნოდარ დუმბაძის ეგ ნაწყვეტი, ხომ ხედავთ, რა ამბავი ატყდაო? მეორე კლასში შეტანილი გვქონდა ცირა ქიტიაშვილის საბავშვო ლექსი „ბიჭობა განა ღონეა“… აქაც ატყდა ერთი ამბავი: ეს ქალი ბიჭებზე წერს მარტოო. ვერ გავაგებინეთ, რომ „ბიჭობა“ ბიჭებს არ გულისხმობს. ამაზეც განმარტებების მიცემა დაგვჭირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტექსტები წლებია, არის სახელმძღვანელოებში და მხოლოდ გრიფირების პროცესში ატყდა ერთი ამბავი! საეჭვოდ მოჩანს, რომ ამ „შავი პიარის“ ავტორებისა და ექსპერტთა დასკვნები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ გვგონია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო გამიზნული _ ჩვენი წიგნები სკოლაში არ უნდა შესულიყო.
_ რატომ არ შეიტანეთ აპელაციაზე განაცხადი?
_ ძალიან მცირე დრო მოგვცეს აპელაციისთვის. უარყოფითი დასკვნა V-VI კლასების წიგნებზე, ფაქტობრივად, წინა დღეს მივიღე. ნათელია, რომ შეგნებულად არ გადმოგვიგზავნეს ეს უარყოფითი დასკვნა უფრო ადრე, რათა პასუხების მომზადება ვერ მოგვესწრო, ამას გარდა, აპელაციაზე რომ შეიტანო განცხადება, რომელ კომპონენტში რამდენი ქულა გიწერია და რას აპროტესტებ, უნდა იცოდე. მე დღესაც არ ვიცი, რომელ კომპონენტში რამდენი ქულა მიწერია. სამინისტრომ მოგვწერა მხოლოდ „ნედლი ქულები“, „სუფთა წონა“ და ა. შ. ეს თურმე ავტორებს უნდა გადაგვეყვანა ფორმულით. მე ინფორმატიკის სპეციალისტი არ ვარ. ეს სამინისტროს უნდა გაეკეთებინა თავად. მან კი ამისთვის თავი არ შეიწუხა.
_ რას აპირებთ?
_ მოვედი თქვენთან _ მეოთხე ხელისუფლებასთან. განათლების სამინისტროში
დიდი საკადრო ცვლილებებია, აუდიტის დასკვნას ელოდებიან, ჩემთვის კი აუდიტის დასკვნის გარეშეც ნათელია, რომ გრიფირების პროცესში იყო ნეპოტიზმი, კორუფცია, რასაც არაპროფესიონალიზმიც ერთვოდა თან.

თამარ როსტიაშვილი