სახელისუფლებო აქციები ქუთაისში

ქუთაისის მშვიდი პოლიტიკური ამინდის მყუდროება ოქტომბრის ბოლოს ხმაურიანმა აქციამ დაარღვია. 30 ოქტომბერსა და პირველ დეკემბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია მოუწყვეს.

ცოცხები, წითელი საღებავი, კვერცხების სროლა და პლაკატები _ ხმაურიანი აქცია თეთრ ხიდზე დაიწყო და ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი თევდორაძის ოფისთან გადაინაცვლა. შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია, მომიტინგეებმა წითელი საღებავები ესროლეს.

აკაკი საღინაძე _ სამოქალაქო აქტივისტი:
„ყველა აქცია მისაღებია, რომელიც არ სცდება კანონიერების ფარგლებს, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუნდაც სამთავრობო გუნდისგან იყოს ორგანიზებული ან ოპოზიციისგან. თუმცა კონკრეტულად ბოლო დროინდელი სამთავრობო აქტივობები ქუთაისში, პირველ რიგში, პროტესტის გამოხატვის ჯანსაღ ფორმებს სცდებოდა. უკანონოა შენობებზე, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებზე, პოლიტიკური განსხვავების მოტივით, საღებავების, კვერცხებისა და მძიმე საგნების სროლა. რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაცია და ქმედება ქვეყანაში ქაოსისა და დაბნეულობის კიდევ უფრო მეტად შესაქმნელად. მიუღებელია მსგავსი იდეით აქციის წარმართვა ქალაქში, სადაც პოლიტიკური მგრძნობელობა ისედაც მაღალია. ყველაზე ნეგატიური კი ის არის, რომ ადგილზე გამოყვანილი ჰყავდათ პარტიის აქტივის გარდა ხალხი, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობს. ამ ადამიანებს ჩვენ ვუხდით ხელფასს, ისინი კი იმ დონის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც კი ვერ ითავისებენ, რომ მსგავსი ფორმით ხელოვნური აგრესია არ გამოხატონ“.

ორდღიან აქციას გაემიჯნა „რუსეთი ოკუპანტიას“ ქუთაისის ორგანიზაცია. სამოქალაქო მოძრაობის წევრები ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლებამ აქციები მოუწყო, სოლიდარობას უცხადებენ.
აქციებს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევენ სახელისუფლებო გუნდში.

გიორგი ჭეიშვილი _ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, უმრავლესობის წევრი:
„მოვლენების პროვოცირება ოპოზიციამ გამოიწვია. ჩვენმა მხარდამჭერებმა იმასთან დაკავშირებით გამოთქვეს პროტესტი, რომ ის ადამიანები, რომელებიც ცხრა წლის მანძილზე ხალხის გამწარების მეტს არაფერს აკეთებდნენ, ისევ იღებენ ხმას. ოპოზიცია ყელში ამოუვიდა ააიპ-ის ხელმძღვანელსაც, რიგით მოქალაქესაც და საკრებულოს წვერსაც“.

ორდღიან სახელისუფლებო აქციას გამოეხმაურნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

თემურ ცამციშვილი _ „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი:
„პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმამ და მათივე დაპირებების უკან წაღებამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს პროცესი შეთანხმებული და მართული იყო. ის მაჟორიტარები, რომლებიც სამი თვის წინ პროპორციული არჩევნების სიკეთეებზე საუბრობდნენ, დღეს ამ სისტემის წინააღმდეგ წავიდნენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი პოლიტიკური ლაქა იქნება მმართველი პარტიისთვის.
რაც შეეხება ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს, წაგებულ პოზიციაში მყოფმა „ოცნებამ“ ვერ გაუძლო ცდუნებას და თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. აქციების მიზანია შიდა პარტიული ქულების დაწერა და ვიღაცებისთვის იმის ჩვენება, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს ქუთაისში ოპოზიციის გააქტიურებას.
ქუთაისი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები ჩვენთან განსაკუთრებით იგრძნობა. მმართველ პარტიას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ნაწილობრივ მაინც უპასუხოს ამ გამოწვევებს, რისი მაგალითი სწორედ მსგავსი აქციებია და ის ხაზი, რომელსაც მმართველი პარტია წლებია, ატარებს _ რომ ყველაფერში დამნაშავე ოპოზიციაა.
აქცია თავიდანვე მართული იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ. საჯარო მოხელეები საქართველოში ინიშნებიან პარტიული კუთვნილების მიხედვით და, შესაბამისად, აქციებზე მათი გამოჩენა არავის უკვირს. შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი ფუნქციაც ესაა. რაც შეეხება იყვნენ თუ არა აქციაზე გულწრფელი მოქალაქეები, _ გამიჭირდება ამის თქმა… მაგრამ რიგით ადამიანებს ისევ „ოცნება“ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“.

გოგი წულაია _ „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
„არსებობს ასეთი ქართული ანდაზა: ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკისო. მე ამ სიტყვებს ვეუბნებოდი „ნაციონალურ მოძრაობასაც“. მათაც ეგონათ, რომ შეუცვლელები იყვნენ. იგივე დაემართება ხელისუფლებასაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციამ მომხდარ ინცინდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს უკვე მიმართა.

გია თევდორაძე _ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი:
„ვნახეთ, რა სცენარით მიმდინარეობდა მოვლენები. 30 ოქტომბრის აქციაზე ხელმძღვანელი პირები იყვნენ გამოსული. პედაგოგებიც დაიბარეს და ამას რამდენიმე აქტივისტი ედგა სათავეში“.

„ნაციონალებს დრო გაუვიდათ! დროა, გავაგდოთ!“ _ სკანდირებდნენ აქციაზე. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ გაერთანებულ ოპოზიციასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხმის ამოღებისა და პოლიტიკური აქტიურობის უფლება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ჟურნალისტებსა და ოპოზიციურ პარტიას 7 ნოემბრის გახსენება ურჩიეს.
აქციების მონაწილეების ხელოვნურად დარაზმვაზე საუბრობენ რიგითი მოქალაქეებიც.

ეკატერინე თოფურია _ მოქალაქე:
„ალბათ ქუთაისელები აქციაზე იცნობდნენ ადამიანებს, რომელთა სახელებსა და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ და რომელთაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ. ეს ადამიანები ფსიქიატრიულში აღრიცხვაზე არიან და მედიკამენტურ მკურნალობას გადიან. ასეთი პირების გამოყვანა აქციაზე არაეთიკურია“.

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისის დაზიანების ფაქტზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოკვლევა აწარმოა. მერიაში განაცხადეს, რომ ფაქტი ზედამხედველობის სამსახურმა შეისწავლა და ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გადააგზავნა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება არამესაკუთრის მიერ გაფრთხილებასა და ჯარიმას ითვალისწინებს.

შორენა ლაღაძე