საყოველთაო ბოიკოტი და „ოცნებაზე“ გამოჭრილი კონსტიტუცია

სულ მალე საქართველოს „ოცნების“ მიერ დაწერილი, „ოცნების“ ინტერესებზე მორგებული და, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის საოცნებო კონსტიტუცია ექნება. ოთხთვიანი მასკარადი, სახელწოდებით „საკონსტიტუციო კომისია“ დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა, არც ერთი მოსაზრება და შენიშვნა არ გაზიარებულა.

საუბარია, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე. ამ ორ საკითხს, ბუნებრივია, ყველაზე მეტი ვნებათაღელვა ახლდა. ოპოზიცია კომისიის მუშაობის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საარჩევნო სისტემა მთავარი პრიორიტეტია და თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი არ შედგა, მათი მხრიდან კომისიის ბოიკოტირება გარდაუვალი იქნებოდა.

საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ პარტიებს შორის, ერთგვარი, თამაშის წესია, რომელიც ყველა მოთამაშისთვის ერთნაირად სამართლიანი უნდა იყოს. სისტემამ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყოს, ამიტომ ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ყოვლად დაუშვებელია, ასეთი თამაშის წესები ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიმუშაოს. ეს უნდა იყოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის შეთანხმების საგანი, რასაც, საბოლოო ჯამში, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი ჰქვია.

გარდა ამისა, საარჩევნო სისტემა უმნიშვნელოვანესია ამომრჩევლისთვისაც, რადგან სწორედ სამართლიანი საარჩევნო სისტემა აძლევს ადამიანებს იმის განცდას, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით ფორმირდება პარლამენტი. იმ ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველს არ აქვს იმის განცდა, რომ პოლიტიკურ პროცესს არჩევნების მეშვეობით აკონტროლებს, მუდმივი რევოლუციები გარდაუვალია. სამწუხაროდ, ასეთი ქვეყნების რიგს განეკუთვნება საქართველო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰქონდა შანსი, გაერღვია ეს ჩაკეტილი წრე და ერთხელ და სამუდამოდ ისეთი საარჩევნო სისტემა მიეღო, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიან საარჩევნო გარემოს, როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის. ამისთვის საჭირო იყო, რომ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, არჩევნების შემდეგ, პროპორციულად გადანაწილებულიყო ბარიერგადალახულ პარტიებზე, არ შემოეტანათ ეს რაღაც ყურით მოთრეული, ბლოკების შექმნის აკრძალვა, ხოლო იმისთვის, რომ ამომრჩევლის ხმები ნაკლებად დაკარგულიყო, ბარიერი დაეწიათ.

მაგრამ არა, ერთმა კულუარულმა მმართველმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მისი ხათრით პარლამენტში თუ მთავრობაში მოხვედრილმა ოცნებელებმა საარჩევნო სისტემა დაჭრეს და დაჩეხეს ისე, როგორც მხოლოდ მათ პარტიას სჭრდება, შემდეგ კი უტიფრად გამოგვიცხადეს, რომ ყველა გადაუნაწილებელ მანდატს თვითონ წაიღებენ, ანუ მიისაკუთრებენ იმ მანდატებს, რომელიც მათ არ ეკუთვნით და ამომრჩეველს მათთვის არ მიუცია. აუკრძალავენ პარტიებს პოლიტიკური ბლოკების შექმნას, რითაც მოუსპობენ მათ გაძლიერების შანსს და რაც მთავარია, არ დაწევენ ბარიერს. განსაკუთრებული უტიფრობა კი ის გახლავთ, რომ ასეთი დრაკონული კანონების კრებულს პარლამენტის თავმჯდომარემ საუკეთესო და ჯერ არნახული კონსტიტუცია უწოდა.

იგივე ძალადობა განხორციელდა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც. მერე რა, რომ მთელი ქვეყანა ითხოვს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას? ყველას ერთად გადაგვახიეს ეს მოთხოვნა თავზე.

სრულიად საქართველოს ესმის, რომ რეალური დამბალანსებელი ხელისუფლების შტოებს შორის პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ მას მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, ისეთი, რომელსაც მას მხოლოდ ხალხის მიერ არჩევითობა ანიჭებს. ყველა ხვდება, რომ ვერავითარი ამომრჩეველთა კოლეგია ამ ლეგიტიმაციას ვერ უზრუნველყოფს, რადგან რამდენკაციანიც არ უნდა იყოს ეს კოლეგია, უმრავლესობა მასში ყოველთვის ხელისუფლებას ეყოლება. შედეგად, პრეზიდენტი ყოველთვის მთავრობის დანიშნული იქნება. ასეთი პრეზიდენტის დანიშნული მოსამართლეები და სხვადასხვა კომისიის წევრები ხელისუფლების კადრები და მისი კონტროლირებადი ადამიანები იქნებიან. ასე რომ, რისი დამბალანსებელი და რისი არბიტრი იქნება მთავრობის დანიშნული ჯიბის პრეზიდენტი, ადვილი მისახვედრია.

რატომ მიახტა „ოცნება“ პრეზიდენტის არჩევის წესს ასეთი დაჟინებით, დღემდე გაურკვეველია. ვერ გაიგეს ეგ ამბავი ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებმაც. ვის უშლიდა ხელს პრეზიდენტის არჩევითობა, დღემდე პასუხგაუცემელია. გასაგებია, რომ იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და თავდაპირველი გეგმა გაყოყოჩებული მარგველაშვილის დასჯა იყო, მაგრამ როგორც დავინახეთ, 2018 წლისთვის ეგ ამბავი არ შედგ და თუ რატომ _ ეგ კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია. ყოველ შემთხვევაში, მარგველაშვილის საკითხი მოიხსნა. და თუ პიროვნული ფაქტორი აღარ არსებობს, რაღატომ უნდა გავაუქმოთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2023 წლიდან და რატომ უნდა გამოვაცხადოთ ქვეყნის მეთაურად მთავრობის დანიშნული ჯიბის პრეზიდენტი?!! ქვეყანას ხომ ეს არ სჭირდება?!! არ გამოადგება და მეტიც, მუდმივად პრობლემებს შეუქმნის?!!

თუ „ქართული ოცნების“ მიზანი ამომრჩევლებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის პრობლემების შექმნა იყო, გაუგებარია, საერთოდ, რატომ შექმნეს საკონსტიტუციო კომისია? „ოცნებას“ პარლამენტში ისედაც ჰყავს 116 დეპუტატი, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს. ყოველგვარი საკონსტიტუციო კომისიის გარეშე შეეძლოთ მიეღოთ მათთვის სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებები, ისე რომ არავისთვის ეკითხათ აზრი, მათ შორის, არც მოსახლეობისთვის. არავის ეგონოს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო-საჯარო განხილვისას, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, ვინმე რამეს ეკითხება მოსახლეობას. ეგ პროცესი ვიწრო პარტიულ ჩარჩოში ტარდება და სახალხო განხილვაში, ძირითადად, ხელისუფლების პარტიული აქტივისტები მონაწილეობენ. ასე რომ, ვერავინ შეუშლიდა ხელს „ქართულ ოცნებას“, მისთვის სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტშივე „მოეყომარებინა“. მაგრამ მათ მაინც შექმნეს საკონსტიტუციო კომისია და მართალია, კომისიის წევრთა უმრავლესობა თავისთვის გაინაღდეს, მაგრამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების კომისიაში მონაწილეობამ პოლიტიკური პროცესი მაინც აადუღა. ამას გარდა, გაჩნდა მცირე, მაგრამ მაინც იმედი იმისა, რომ ხელისუფლებას მართლაც სურს კონსენსუსი, თუნდაც მცირე, მაგრამ იმ დოზის კონსენსუსი მაინც, „ვენეციის კომისიის“ მოსათაფლად რომ იქნებოდა საკმარისი. საკონსტიტუციო კომისიის შექმნას სხვა არავითარი მიზეზი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. შეგახსენებთ „ოცნების“ ლიდერების რიხიან განცხადებებს: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არ ვაპირებთ მივიღოთ ერთპარტიული გადაწყვეტილებები“; „ჩვენ ვქმნით საკონსტიტუციო კომისიას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ ისეთ კონსტიტუციაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“ და ა. შ. მაგრამ რა მივიღეთ საბოლოო ჯამში?.. _ ხელისუფლებამ იმის ილუზიაც კი ვერ შექმნა, რომ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ხელისუფლება და ოპოზიცია რამეზე მაინც თანხმდება. პირიქით, ყველამ დაინახა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, რომ საქართველოში კონსტიტუცია მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილით და მისი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით იწერება და არვითარი პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს დემოკრატიაც. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უპირებდა ბიძინა ივანიშვილი მთელ ევროპას ქართული დემოკრატიით გაკვირვებას…

როგორც ჩანს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ იმის იმედი ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მყოფი პოლიტიკური პარტიებიდან ვინმე მაინც „გაუპრავებდა“ კონსტიტუციას და თუ არა, ბოლოს და ბოლოს, იყიდიდა მაინც რომელიმეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ეს შეძლო.

პოლიტიკურმა ოპოზიციამ შესაშური ერთსულოვნება გამოიჩინა და ბოიკოტის იდეის ერთგული გამონაკლისის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ექვსი კვალიფიციური ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა: ორი საპარლამენტო, „ნაციონალური მოძრაობა“ შვიდი წევრით და „პატრიოტთა ალიანსი“ ორი წევრით. აქვე შეგახსენებთ, რომ „ნაცები“ ორად გაიყვნენ და მათი შვიდი წევრიდან ექვსი „ბოკერიას ნაციონალებს“ შეხვდათ, ხოლო ერთი წევრი _ სააკაშვილის „ნაციონალებს“. ასევე ოთხი არასაპარლამენტო პარტია: „თავისუფალი დემოკრატები“, „ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა“, ლეიბორისტები და ბურჭულაძის ყოფილი პარტია _ ყველანი თითო-თითო წევრით. სულ ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი იყო 13 წევრით.

აშკარად გამოიკვეთა, რომ, ბოიკოტის სურვილის მიუხედავად, პოლიტიკურ პარტიებს ერთად დგომისა და ერთობლივად მოქმედების კომპლექსები სერიოზულად აწუხებთ. კომისიის მუშაობის დაწყების წინ ყველა დიდი რიხით ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლება თუ კონსენსუსზე უარს იტყვის, პოლიტიკურ ბოიკოტს, თანაც ერთობლივს, წყალი არ გაუვაო. ბოიკოტის ერთობლივად გამოცხადება  ნამდვილად არ შედგა. პირველი ბურჭულაძის ყოფილი პარტია გავიდა, თან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელ პოლიტიკოსებს აშკარად სხვისთვის დასწრების სურვილი და თავის გამოჩენა უფრო ადარდებდათ, ვიდრე კონსტიტუცია. ფალშსტარტის განცდა იმანაც გააჩინა, რომ რამდენიმე დღით ადრე კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ, რომლის წევრი ეს პარტიაც არის, ხელისუფლებას კონსენსუსზე წამოსასვლელად 15 აპრილამდე მისცა დრო, ბურჭულაძის ყოფილი პარტია კი დათქმულ დროს არ დაელოდა და 10 აპრილს დატოვა კომისია. შემდეგი იყო „ნაცმოძრაობა“. სააკაშვილის პარტია საკოორდინაციო საბჭოში არ შედიოდა და, შესაბამისად, არც 15 აპრილამდე მოცდის ვალდებულება ჰქონდა აღებული, ამიტომ როცა მოუნდათ, მაშინ გამოაცხადეს ბოიკოტი. თან „ნაცებს“ შესანიშნავად ესმოდათ, რომ მათთან ერთად განცხადების გაკეთების სურვილი ქართულ პოლიტიკაში არავის აქვს.

მას შემდეგ, რაც 15-მა აპრილმაც ჩაიარა და ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყურიც არ შეიბერტყა, პროცესები დაჩქარდა და პარტიებმაც დაპირების შესრულება ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს. საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სამუშაო ჯგუფის სხდომა 18 აპრილს გაიმართა, სხდომიდან მეორე დღეს „პატრიოტთა ალიანსმა“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“, საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრების თანდასწრებით, კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ამ დღეს ხელისუფლებამ პირველად გაილაშქრა ბოიკოტის წინააღმდეგ და იმის მტკიცება დაიწყო, რომ მუშაობას მოვრჩით და რაღა დროს ბოიკოტიაო? თუმცა ყველას კარგად ესმოდა, რომ კომისია მუშაობას მაშინ დაასრულებდა, როცა საბოლოო კენჭისყრა შედგებოდა და სწორედ კენჭისყრაზე უნდა გამოჩენილიყო, კომისიის მიერ შექმნილი პროდუქტი შეთანხმებისა და კონსენსუსის საგანია, თუ ერთპარტიული და ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგი?

ბოლო წუთამდე საქმის მიყვანამ, ბუნებრივია, ბევრი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გამოცხადდა ბოიკოტი უფრო ადრე?..  თუმცა ოპოზიციამ ამასაც თავისი ახსნა მოუძებნა. მათი თქმით, ბოიკოტი სამუშაო ჯგუფების დასრულებამდე რომ გამოცხადებულიყო, ხელისუფლება აუცილებლად იტყოდა, _ ჩვენ შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმას ვაპირებდით და რომ არა ბოიკოტი, კონსენსუსს მივაღწევდითო. სამუშაო ჯგუფების დასრულების შემდეგ კი შეთანხმების ხყველა რესურსი ამოიწურა და „ოცნებასაც“ სპეკულაციისთვის თემა აღარ დარჩა.

კენჭისყრამდე ორი დღით ადრე თავისი გადაწყვეტილება კომისიის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით გაახმოვანეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და გიგა ბოკერიას „ევროპულმა საქართველომ“. როგორც უკვე აღვნიშნე, ბოიკოტის გამოცხადების ქაოსურმა პროცესმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი განცხადებების გაკეთება სერიოზულად უჭირთ. ლიდერები ყველანაირად ერიდებიან ერთად გამოჩენას, ლიბერალებს კონსერვატორები აკომპლექსებთ, პროდასავლელებს _ პრორუსები და ა. შ. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ ერთად განცხადების გაკეთება არ უჭირთ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და ბოკერიას „ნაციონალებს“. ესეც, ერთგვარი, ახალი ინტრიგა დაფიქსირდა ქართულ პოლიტიკაში.

ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ყველაზე მეტად ლეიბორისტებმა ანერვიულეს. მათ ბოლო წუთამდე, უფრო ზუსტად, კენჭისყრამდე მიიყვანეს საქმე. იქამდე ჭიმეს ბოიკოტის გამოცხადება, სანამ ყველას 2008 წელი და პარლამენტში ლეიბორისტების შესვლა-არშესვლის პერიპეტიები არ გაახსენეს, როცა ნათელაშვილმა და მისი პარტიის წევრებმა პარლამენტის მანდატები კი დაჭრეს და ვითომ დეპუტატობაზეც უარი თქვეს, მაგრამ ოთხწელიწადნახევარი პარლამენტარის ხელფასებსაც იღებდნენ და დიპლომატიური პასპორტებითაც სარგებლობდნენ. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ლეიბორისტები, ამჯერად, პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას აპირებდნენ და ბოიკოტი ზედ კენჭისყრის დაწყების წინ გამოაცხადეს. იმ წამიდან საკონსტიტუციო კომისიამ დაკარგა მრავალპარტიულობა და, მასთან ერთად, აზრიც, რადგან კომისიის შექმნას ერადერთი დატვირთვა ის  ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი პოლიტიკური კონსენსუსი შემდგარიყო და ქვეყანას ისეთი კონსტიტუცია მიეღო, რომელზედაც პასუხისმგებლობას ყველა პოლიტიკური პარტია გაიზიარებდა _ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მართალია, ბოიკოტის გამოცხადების პროცესი საკმაოდ ქაოსურად წარიმართა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო პირველი საყოველთაო ბოიკოტი, რომელიც არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ ჩააგდო. ეს კი ქართული პოლიტიკისთვის ნამდვილად კარგი მაგალითია.

პარტიებთან დაკავშირებით რომ ვერაფერიო გააწყვეს, „ოცნებაში“ არასამთავრობოების გადაბირება გადაწყვიტეს. მოიფიქრეს კიდეც გეგმა, რომლის არსიც იყო,  არასამთავრობოების იმ ინიციატივისთვის დაეჭირათ მხარი, რომელსაც კომისიის მუშაობის პირველსავე დღეებში უარი უთხრეს. საუბარია კონსტიტუციურ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროატლანტიკური  სტრუქტურებისკენ უნდა ისწრაფოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კონსტიტუციონალისტი ერთხმად ამბობდა, კონსტიტუცია ასეთი ჩანაწერების ადგილი არაა და კონკრეტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების გეგმა არ შეიძლება ქვეყნის მთავარ კანონში ეწეროსო, „ოცნებისთვის“ კენჭისყრაზე მარტო დარჩენა იმდენად მძიმე პერსპექტივა აღმოჩნდა, რომ აღარც კონსტიტუციონალისტების აზრს დაგიდევდათ და არც იმას, თვითონვე რომ უარი უთხრა ამ ინიციატივას სამი თვის წინათ. ხვათა შორის ამგვარი ჩანაწერის კონსტიტუციაში გაკეთება არასწორად შეაფასა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. „ოცნებას“, რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, მაგრამ არასამთავრობოები კი სერიოზულად შეშფოთდნენ. მათ ხომ ყველა ამ ჩანაწერის მოწინააღმდეგე პრორუსებად ჰყავთ გამოცხადებული და უცებ მარგველაშვილის განცხადებამ ყველა დროშა დაუხიათ. რა, რა და მარგველაშვილს პრორუსად ხომ ვერ მონათლავენ? ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ არასამთავრობოებს კოჭი გაუგორა და მართალია, კონსტიტუციის გარდამავალ მუხლში, მაგრამ მაინც დაჰპრდა „ენჯეოებს“, რომ ნატოში გაწევრიანების სურვილს აუცილებლად ჩავწერო. ამითი კომისიაში მარტო დარჩენილმა ხელისუფლებამ ერთი დღე მოიგო და არასამთავრობოებისგან პირობაც მიიღო, რომ კენჭისყრამდე არსად წავალთო. ამის შემდეგ „ოცნებაში“ მოეშვნენ და იფიქრეს, გადავრჩითო და არათუ დამშვიდდნენ, გაყოყოჩდნენ კიდეც და ბოიკოტის რეჟიმში გადასულ ოპოზიციას სულ „საბოტაჟნიკები“ და სპეკულანტები უწოდეს.

როგორც საბოლოოდ გაირკვა, გადმოგდებული ძვლის მიუხედავად, არასამთავრობოებს ბოლოს მაინც გაუტყდათ ერთპარტიული კონსტიტუციის „გაპრავება“ და კენჭისყრამდე ორი საათით ადრე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ორი ინიციატივა წარუდგინეს: ერთი სამართლიანი, რომელიც გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილებას გულისხმობს, მეორე კი მაინც უსამართლო, მაგრამ იმაზე ოდნავ სამართლიანი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ამ ვარიანტით ხელისუფლებას ყველა გადაუნაწილებელი მანდატი კი არ მიაქვს, არამედ რამდენი პროცენტიც არ უნდა აიღოს, 80 მანდატამდე მაინც ევსება. ეს ვარიანტი უსამართლოა, რადგან პარტია პირველ ადგილზე 25%-ით რომ გავიდეს (ასეთი რამ 1995 წელს უკვე მოხდა), 40 მადატის დამატება გახდება საჭირო, 80-მდე რომ შეევსოს; ხელისუფლების შემოთავაზებულს კი იმით სჯობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაბალი მხარდაჭერით ვეღარავინ მიიღებს. ხელისუფლებამ „ენჯეოების“ ამ ინიციატივებს ყურადღებაც არ მიაქცია და განხილვის ღირსადაც არ მიიჩნია. ერთი სიტყვით, არასამთავრობოებმა სახელის გატეხას პირობის გატეხა ამჯობინეს და კენჭისყრაში მონაწილეობა კი მიიღეს, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმა არ მიუციათ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კომისიის    43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 8 იყო, მაგრამ ამბავი ამით არ დასრულებულა: როგორც კენჭისყრის შემდეგ გაირკვა,  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის გამო შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ანუ ბოიკოტი გამოუცხადეს. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ამოიღეს 13 წევრი _ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ეს იმის გამო გააკეთეს, რომ მუშაობის ბოლო დღეს, კომისიის შემადგენლობა, 73 წევრის ნაცვლად, განსაზღვრული ყოფილიყო  60 წევრით, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმს საგრძნობლად შეამცირებდა და „ოცნებას“ თავისი ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაუადვილდებოდა.

ბოიკოტი კომისიის წევრის თანამდებობიდან გადგომას არ ნიშნავს, არც ერთ ოპოზიციონერ წევრს არ მიუმართავს კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ასე რომ, 13 ოპოზიციონერისთვის წევრის სტატუსის გაუქმება სრულიად უკანონო გადაწყვეტილებაა. ამდაგვარი რამ, ალბათ, მსოფლიო პრაქტიკას არ ახსოვს. თუმცა ქართულ პოლიტიკაში დღეს ძნელია, რამე გაგიკვირდეს. კენჭისყრის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ განაცხდა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა მივიღეთ, რომელიც ხელისუფლების ინტერესებზე არაა მორგებულიო. ან მთელმა საქართველომ ვერაფერი გავიგეთ და გადაუნაწილებელ მანდატებს ოპოზიციას ჩუქნიან, ანდა კომისიის თავმჯდომარე აშკარად გვატყუებს. საინტერესოა, „ვენეციის კომისია“ თუ დაინახავს ამ ტყუილებს და საარჩევნო გარემოს გაუარესებას? საინტერესოა, დააფიქსირებს თუ არა ღიად თავის დასკვნაში, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება და დაუმსახურებელი მანდატების მოპარვა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია? თუმცა არ დაგვავიწყდეს, „ვენეციის კომისიის“ დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და არა სავალდებულო. ასე რომ, თუ მოინდომეს, მასაც ისე გადაგვახევენ თავზე, როგორც კონსტიტუცია გადაგვახიეს. ქართველები ამტანობით და მოთმინებით რომ გამოვირჩევით, ცნობილია, მაგრამ მაინც საინტერესოა, გაღვიძებას აღარ ვაპირებთ(?!!)…

 

დემნა ვეშაპიძე